x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
„ლელოს“ დედოფლისწყაროს კანდიდატს ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ
image


„ლელოს“ დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატს ეკა ქვლივიძეს ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ. დედოფლისწყაროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ კანდიდატმა მისი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა, რითიც ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანა.


ეკა ქვლივიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს სოფელ სამრეკლოს კულტურის სახლის შენობის ფოტოსურათებს და წერს, რომ შტატები გაუქმებულია და აქ კულტურული ცხოვრება დასამარებულია. დედოფლისწყაროს კულტურის ცენტრში კი განმარტავენ, რომ ეს შენობა სარემონტოა, თუმცა მას მუშაობა არასოდეს შეუჩერებია და ახლაც მოქმედებს. სოფლის კულტურის განყოფილების გარდა აქ განთავსებულია სასოფლო ბიბლიოთეკა ორი თანამშრომლით და ანსამბლი.


დედოფლისწყაროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორი ილია მარტყოფლიშვილი სამხედრო მფრინავს მოუწოდებს პატივი სცეს მნიშვნელოვან პრინციპს - ფაქტების სიზუსტეს და მცდარი ინფორმაციის გავრცელებით თავს უხერხულ ვითარებაში ნუ ჩაიყენებს.



„როგორც ჩანს, კანდიდატმა ნაჩქარევი დასკვნა პირველადი შთაბეჭდილებით გააკეთა და ინფორმაციის დაზუსტება არ უცდია. საფუძვლიანად არც შენობა დაუთვალიერებია, თორემ მარტივად აღმოაჩენდა, რომ მიტოვებული არ არის. აშკარაა, ის არც სოფლის მაცხოვრებლებს გასაუბრებია კულტურის სახლის შესახებ, თორემ ეტყოდნენ, რომ ამ დარბაზში ყოველწლიურად ტარდება რამდენიმე საქველმოქმედო კონცერტი, მუდმივად აქ იმართება ბოლო ზარის ცერემონია და თითქმის ყოველდღიურად მუშაობს კულტურის განყოფილება, ბიბლიოთეკა და მომღერალთა ანსამბლი. მოქმედებს გიტარისა და ფანდურის წრე.


სამწუხაროა, რომ ფეიკ-ამბების გავრცელებით დაკავდა „ლელოს“ კანდიდატი. ქალბატონმა ეკატერინემ პრობლემებზე ღიად საუბარი თუ ბოლო ორი კვირაა დაიწყო, მე 20 წელია ამას ვაკეთებ და მის შენიშვნას ნამდვილად არ ვსაჭიროებთ. მითუმეტეს, თუკი ეს შენიშვნაც მცდარი და რეალობას აცდენილია. კანდიდატი შეცდა, რადგან ის არ იცნობს ამ სოფელს. როგორც ჩანს, ასევე არ იცნობს რეგიონებში არსებულ ვითარებას. ამ ქვეყანაში არცერთ ქართულ სოფელს არ აქვს კულტურის სახლის ახალი შენობა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შტატები არ არის და კულტურული ცხოვრება დასამარდა.


სამწუხაროა, რომ მისი დაბალი ცნობადობის ამაღლებას და დედოფლისწყაროელებისთვის თავის გაცნობას ეს კანდიდატი დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს და პოლიტიკური ქულების მოგროვება ნაკლებად გულწრფელი მეთოდით სურს. ამ სიცრუეზე სამართლებრივ რეაგირებას ერთი მარტივი მიზეზით არ ვგეგმავთ, რადგან დარწმუნებული ვარ, ორ თვეში ქალბატონი ქვლივიძე, როგორც საარჩევნო სუბიექტი, ან პოლიტიკოსი, აღარავის ემახსოვრება!, “ - აღნიშნავს ილია მარტყოფლიშვილი.


ეკატერინე ქვლივიძე, პირველი ქართველი სამხედრო მფრინავი ქალი ლელო-საქართველომ #9-ე საგარეჯოს-გურჯაანის-სიღნაღისა და დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.



image

0
339
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0