x
image
მანჩო 777
რა ბედი ეწევა ლენინის მუმიას და მავზოლეუმის შენობას?- მავზოლეუმის სტატუსის შეცვლის შესახებ გამოცხადებული კონკურსი სკანდალით დასრულდა
image


2024 წლის 21 იანვარს შესრულდება ზუსტად 100 წელი იმ დღიდან, რაც პროლეტარიატის დიდი ბელადი ვლადიმერ ლენინი იმ ქვეყნად ''გაემგზავრა''. მისი სიკვდილიდან დღემდე ლენინის განსასვენებელი ადგილი მოსვენებას არ აძლევს ბელადის მემკვიდრეებს. ბევრს აწუხებს კითხვა, თუ რა უნდა მოუხერხონ ლენინის მუმიას და მავზოლეუმის შენობას, სადაც პროლეტარიატის ბელადი თითქმის საუკუნეა განისვენებს.



image




ამა წლის 12 სექტემბერს რუსეთის არქიტექტორთა კავშირმა გაავრცელა ინფორმაცია "სრულიად რუსეთის სახალხო კონკურსის" დაწყების შესახებ, რომელიც წითელ მოედანზე, კრემლთან მდებარე ვლადიმერ ილიას ძე ლენინის მავზოლეუმის ახლებურად გამოყენებას ეხებოდა. რუსეთის საზოგადოების ბევრმა წარმომადგენელმა კონკურსში მავზოლეუმიდან ვლადიმერ ლენინის ნეშტის გატანა და თვითონ მავზოლეუმის გაუქმების მცდელობა დაინახა, თუმცა კონკურსის ორგანიზატორებმა თავიდანვე გააკეთეს განცხადება, რომ მავზოლემი უნდა დარჩენილიყო მუზეუმად, ანუ ისევ იმ შენობად, რა დანიშნულებაც მას თავდაპირველად ჰქონდა. ამავე დროს შენობის რეორგანიზაციის და მისი აბსოლუტურად სხვა დანიშნულებით გამოყენების შესახებ იდეაც არ იყო გამორიცხული.





image



კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, ლენინის ამდენი ხნით დასვენება მავზოლეუმში არაქრისტიანული წესია და ზოგადად, უკვე დროა გავაცნობიეროთ ''წარსულის ისტორიული შეცდომები''. თუმცა თუ რა იგულისხმებოდა ამ განცხადებაში, ორგანიზატორები არ აკონკრეტებდნენ. სავარაუდოდ, მათზე გავლენა მოახდინა რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის არაორდინალური და ექსცენტრიული ლიდერის ვლადიმერ ჟირონოვსკის განცხადებამ, რომელშიც გამოთქმული იყო აზრი, რომ რუსებმა ლენინის მუმია უნდა გამოაბრძანონ მავზოლეუმიდან და მიჰყიდონ ჩინეთს, ვიეტნამს, ჩრდილო კორეას ან სულაც ვინმე მდიდარ, გულმხურვალე კომუნისტს.

თუმცა როგორც ჩანს, რუსეთში ისე სულაც არ წვიმს, როგორც ქუხს: არქიტექტორთა კავშირის განცხადებამ მოსკოვში დიდი აჟიოტაჟი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. კონკურსის საორგანიზაციო საბჭოს მიმართ იმდენი ნეგატიური მასალა დაგროვდა, რომ ინიციატორები იძულებულები გახდნენ ნაჩქარევად გამოცხადებული კონკურსის ჩატარებაზე უარი ეთქვათ. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთი შეხედვით სრულად უწყინარი შემოქმედებითი ღონისძიება საჯარო სკანდალში გადაიზარდა. ჩატარდა გამოკითხვაც: რუსეთის მოქალაქეთა 40% თანახმაა, რომ ლენინი მავზოლეუმიდან გამოიტანონ და სასაფლაოზე დაკრძალონ, გამოკითხულთა 22% კი ამის სასტიკი წინააღმდეგია.
საერთოდ, ვლადიმერ ლენინის მავზოლეუმის არსებობა მოსკოვის ცენტრში უკვე დიდი ხანია რუსულ საზოგადოებაში დავას იწვევს. სსსრკ-ის დაშლის და კომუნისტური რეჟიმის გადაგდების შემდეგ თითქმის 30 წელი გავიდა, მაგრამ რუსები არ ჩქარობენ კომუნისტების დიდი ბელადის მავზოლეუმის გაუქმებას.



image



ცოტა რამ ლენინის მავზოლეუმის დაარსების ისტორიიდან: ტერმინი "მავზოლეუმ" ბერძნულიდან წარმოდგება და ნიშნავს მონუმენტურ სამარხ ნაგებობას. პირველი მავზოლეუმი აგებული იქნა ქალაქ ჰალიკარნასში კარიის მეფის მავსოლეს აკლდამისაგან, რომელიც მისმა ცოლმა არტემისიამ ააგო ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეში (როგორც თქვენთვის ცნობილია, ჰალიკარნასის მავზოლეუმი შეტანილია მსოფლიოს შვიდი საოცრების სიაში). მოგვიანებით მავზოლეუმის პრაქტიკა აქტიურად გავრცელდა ძველ რომსა და შუა საუკუნეების აღმოსავლეთში.

რაც შეეხება ლენინის მავზოლეუმს, მისი დაარსების ისტორია ასეთია: როცა 1924 წლის 21 იანვარს დიდ ბელადი გარდაიცვალა, მთავრობის სახელზე უამრავი დეპეშა და წერილი შევიდა: საზოგადოება ითხოვდა დიდი ბელადი არ დაესაფლავებინათ, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი და მისი ნეშტი ბალზამირებული სახით შეენახათ, რათა პროლეტარიატის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონოდათ ეხილათ მათი ბელადი და პატივი მიეგოთ მისთვის. 22 იანვარს ექიმებმა ლენინის სხეული დააბალზამეს. შესაბამისად საჭირო გახდა შენობა, სადა ლენინის მუმია იქნებოდა დასვენებული და ხალხს მისი ნახვის საშუალება ექნებოდა. ამიტომ ცნობილმა რუსმა არქიტექტორმა ალექსეი შუსევმა საბჭოთა მთავრობისაგან სპეციალური დავალება მიიღო - სასწრაფოდ, სამ დღეში უნდა დაეპროექტებინა და აეშენებინა დროებითი მავზოლეუმი ვლადიმერ ლენინისათვის. იმავდროულად შენობა მონუმენტური უნდა ყოფილიყო და კრემლის მოედნის არქიტექტურაში უნდა ჩაწერილიყო. ალექსეი შუსევმა მთელი ღამე იმუშავა და დილისთვის პროექტი უკვე მზად იყო, რომელიც მთავრობამ დაუყოვნებლივ დაამტკიცა. დროებითი მავზოლეუმი ხის მასალისგან უნდა აშენებულიყო. სამუშაოები სწრაფი ტემპით გაჩაღდა, მშენებლობაზე რამდენიმე ასეული ადამიანი მუშაობდა. ყველაზე რთული აღმოჩნდა საძირკვლის გათხრა, რადგან მიწა გაყინული იყო, მაგრამ ორი დღის შემდეგ მავზოლეუმი უკვე მზად იყო. მას მუქი ნაცრისფერი კუბის ფორმა ჰქონდა და ბოლოვდებოდა სამსაფეხურიანი პირამიდით, ხოლო ფასადზე გაკეთებული იყო წარწერა "ლენინი".



image



ლენინის მავზოლეუმთან თავმოყრილ ადამიანებს ნაკლებად აინტერესებდათ არქიტექტორ შჩუსევის კონსტრუქტივისტული პირამიდის დათვალიერება – ხალხს ''უკვდავი ლენინის'' ხილვა უფრო სწყუროდა.

27 იანვარს ვლადიმერ ლენინის ბალზამირებულ ცხედართან საპატიო ყარაულში იდგნენ იოსებ სტალინი, მიხეილ კალინინი და პეტროგრადელი მუშები. 9 საათსა და 20 წუთზე სამგლოვიარო მუსიკით ბელადის კუბო კავშირების სასახლიდან გამოასვენეს, წითელი მოედანზე წაიღეს და მავზოლეუმში შეიტანეს, 16 საათზე კი შაშხანების ზალპითა და ქარხანა-ფაბრიკების საყვირის ფონზე სარკოფაგში ჩაუშვეს. 1924 წლის 26 თებერვალს შეიქმნა სპეციალური კომისია და ლაბორატორია, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევდა ბელადის გვამის მდგომარეობას და მას პერიოდულად ისევ ბალზამირებას გაუკეთებდა.
1924 წლის ზაფხულისთვის გადაწყდა, რომ აკლდამა დახურულიყო, მაგრამ მოგვიანებით დადგინდა, რომ ბალზამირება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და ლენინის ნეშტი ხანგრძლივ შენახვას ექვემდებარებოდა. გარდაცვლილი ბელადის სხეულს ისევ დაასიეს ექიმები, გაუკეთეს ხელახალი ბალზამირება და მავზოლეუმი ისევ გახსნეს მნახველებისათვის.
image


1925 წლის იანვარში საბჭოთა მთავრობამ მიიღო დადგენილება ვლადიმერ ლენინისთვის გრანიტის მავზოლეუმის მშენებლობის თაობაზე. გამოცხადდა კონკურსი, რომლის შედეგად ისევ ალექსეი შუსევის პროექტი მოიწონეს. მავზოლეუმი შავი ლაბრადორის გრანიტით უნდა აგებულიყო, წარწერა "ლენინი" კი წითელი მარმარილოს დიდი ფილებით გაუკეთდებოდა. ახალი, გრანიტის მავზოლეუმის მშენებლობაც საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა: დაწყებიდან - 1929 წლის ივნისიდან 16 თვის მუშაობის შემდეგ, 1930 წლის ოქტომბრისათვის შენობა უკვე მზად იყო. მალე ბელადის ცხედარმა ბინა ახალ შენობაში, გრანიტის სარკოფაგში დაიდო.
image
ლენინის მავზოლეუმი, არქიტექტურის სპეციალისტების აზრით, ყველაზე საინტერესო შენობაა. რქიტექტურის ისტორიას ჯერ არ ახსოვს განსასვენებელი, რომელიც ამავე დროს ტრიბუნის როლს ასრულებდა, თანაც იმ ტრიბუნისა, სადაც სახელმწიფოს პირველი პირები ქვეყნის მთავარ დღესასწაულებზე აღლუმებს იბარებდნენ. მშრომელებს პატაკი უნდა ჩაებარებინათ კომპარტიის ცოცხალი ლიდერებისა და ... ლენინის მუმიისათვის.


საინტერესოა, რომ ლენინის ცხედარმა მხოლოდ ერთხელ დატოვა მავზოლეუმი: ეს მოხდა 1941 წლის 3 ივლისს, საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ: იოსებ სტალინის პირადი საიდუმლო ბრძანებით ქალაქ ტიუმენში მოხდა ლენინის ცხედრის ევაკუაცია. საქმე იმაშია, რომ საბჭოთა დაზვერვის მონაცემების თანახმად, ადოლფ ჰიტლერმა დივერსიული ქვედანაყოფი შექმნა კრემლისა და მავზოლეუმის ასაფეთქებლად, ამიტომ ვლადიმერ ლენინის მუმია უბედურებას აარიდეს: რკინიგზის სპეციალური ამორტიზატორებიანი ვაგონით, მიკროკლიმატის შენარჩუნებით, ფრონტის ხაზიდან მოშორებით ქალაქ ტიუმენში გადაიტანეს და სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის შენობაში განათავსეს (ცხადია, გარკვეული წესების დაცვით). ბელადის ცხედრის ტიუმენში არსებობა ზესაიდუმლო რეჟიმის დაცვით ხდებოდა. 1944 წელს მოსკოვიდან ტიუმენში სპეციალური კომისია ჩავიდა, რომელმაც ცხედრის მდგომარეობა შეამოწმა. დიაგნოზი შემდეგი იყო: გვამი კარგად არის შენახული. ვლადიმერ ილიჩი ისეთივეა, როგორსაც მას საბჭოთა ადამიანები იცნობდნენ.
ვლადიმერ ულიანოვ-ლენინი "გაციმბირებული" იყო 1945 წლამდე - 26 მარტს ბელადი ისევ მოსკოვის მავზოლეუმში დააბრუნეს.

1953 წლის მარტში ლენინს მავზოლეუმში ამ ნეკროფილური არქიტექტურული კომპლექსის სულისჩამდგმელი, იოსებ სტალინი ''მიუწვინეს'', თუმცა ამ განსასვენებელში პროლეტარიატის ბელადების ერთად ყოფნა დიდხანს არ გაგრძელებულა. ხრუშჩოვის მოწოდებით და სსრკ-ის კომპარტიის ცეკას 22-ე ყრილობის დადგენილებით 1961 წლის 1 ნოემბერს სტალინის სხეული მავზოლეუმიდან გამოიტანეს და კრემლის კედელში დაასაფლავეს. ლენინი ისევ მარტო დარჩა. მერე საბჭოთა კავშირიც დაინგრა, მაგრამ ლენინის მავზოლეუმი დღემდე გახსნილი დარჩა მნახველებისათვის.


image


გახსნიდან დღემდე მავზოლეუმი და დიდი ბელადის მუმია მილიონობით ადამიანმა მოინახულა. ხალხი სსსრკ-ის შორეული რაიონებიდანაც კი ჩამოდიოდა მოსკოვში ილიჩის ცხედრის მოსანახულებლად. მავზოლეუმის წინ მრავალკილომეტრიანი რიგები იდგა: სიცხესა და წვიმაში, ქარსა და ყინვაში ადამიანებს საათობით უწევდათ რიგში დგომა, რათა წამით მაინც შეევლოთ თვალი მათი ბელადისათვის.



image



მკაცრი რეჟიმი, რომელიც აკადემიკოსი ზბარსკის მიერ იყო დადგენილი, მოითხოვდა, რომ წელიწადში ერთხელ ბელადის ბალზამირებული სხეული სპეციალური ხსნარის აბაზანაში მოთავსებულიყო. ამ ორიოდე წლის წინ ინტერნეტ-ქსელით გავრცელდა ფოტოსურათები, რომლებზეც აღბეჭდილი იყო, თუ როგორ უვლიან ლენინის მუმიას, თანაც აბსოლუტურად შიშველი ხელებით. სურათები საკმაოდ ამაზრზენი სანახავი იყო, თუმცა მალევე დადასტურდა, რომ ისინი გაყალბებული იყო და საერთო არაფერი ჰქონდა დიდ ბელადთან, მით უმეტეს, რომ ფოტოებზე გამოსახული მამაკაცი საერთოდ არ ჰგავს იმას, რაც მავზოლეუმშია. უფრო მეტიც, რუსეთში ბევრს სჯერა, რომ ბელადის ცხედარი დიდი ხნის წინ მიაბარეს მიწას და მავზოლეუმში განთავსებულ სარკოფაგში ლენინის ცვილის ფიგურა ასვენია.



image



თუ რუსეთის მასმედიის აზრს გავითვალისწინებთ, სავადაუდოდ მავზოლეუმიდან ვლადიმერ ლენინის ცხედრის გატანა არ მოხდება და პროლეტარიატის ბელადი თავისი გარდაცვალების 100 წლისთავს - 2024 წლის 21 იანვარს კვლავ მიწის ზევით-მისი სახელობის მავზოლეუმში შეხვდება.

5
310
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
310
  
2020, 25 სექტემბერი, 22:45
მიჩვევაზეა, მოწყვეტილი მებრძოლის ფეხი ამიღია.
დღესდღეობით ის უპატრონო მართლა მანდ ასვენია სპეციალურ სარკოფაგში, შარშან შეუშვეს დისქოვერის სპეციალური ჯგუფი გადასაღებად და ყველა პროცესს დაასწრეს.
აბაზანაში ბანენ სპეციალური სითხით და ზეთივით სითხეს ასხამენ, მერე წმენდენ და ტანსაცმელს აცვამენ.
სატანა იყო ეს უჯიშო და სატანადვე დარჩა!!!
2020, 25 სექტემბერი, 21:29
მე ნამდვილად ვერ მოვკიდებდი ხელს..ვერც ხელთათმანიანს :)
2020, 25 სექტემბერი, 21:28
რა ვიცი...ამბობენ, ფეიკი ფოტოებიაო
2020, 25 სექტემბერი, 12:08
ისეა ბალზამით გაჟღენთილი საშიში არაფერია.
2020, 25 სექტემბერი, 10:03
ხელთათმანების გარეშე როგორ კიდებს მიცვალებულს ხელს...ვითომ მართლა ცვილისაა?
0 1 5