x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
რას ამბობენ გეოლოგები დედოფლისწყაროში „ქოჩების ტბის“ დაშრობასთან დაკავშირებით
image


ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ ერთერთი მთავარი დაპირება დედოფლისწყაროში მდებარე ქოჩების ტბის რეაბილიტაცია იყო, რომელიც ამ დრომდე შეუსრულებელია. სხვათაშორის, ტბის აღდგენას მიხეილ სააკაშვილიც აანონსებდა და არჩევნებში დამარცხებამდე ერთი თვით ადრე დიდი პრეზენტაციაც გამართა თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი დაპირებები ტყუილი იყო და ნაციონალურმა მოძრაობამ წინასაარჩევნო პრეზენტაციაზე მხოლოდ ფოტო ესკიზები გამოფინა. რეალურად კი არც დაფინანსება არსებობდა, არც პროექტი და არც ხარჯთაღრიცხვა.


სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი ირაკლი შიოლაშვილი ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე თვეებში დედოფლისწყაროს გამგებლად დაინიშნა. სწორედ მან აღმოაჩინა, რომ სააკაშვილის მიერ დაანონსებული ტბის რეაბილიტაციის პროექტი არსად არ არსებობდა და ტბის მიმდებარედ დაწყებული ფუსფუსიც წინასაარჩევნო სატყუარა იყო. მალევე შიოლაშვილმა ახალი ხელისუფლების ადგილობრივ გუნდთან ერთად რამდენჯერმე გასცა დაპირება, რომ ტბის განვითარებას ქართული ოცნება შეძლებდა, რაც თავის მხრივ ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი იქნებოდა.


22 სექტემბერს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში ირაკლი შიოლაშვილი 4 წლიანი მუშაობის შეჯამების მიზნით ადგილობრივ ჟურნალისტებს შეხვდა. პარლამენტის წევრმა მედიასაშუალებების კითხვებს უპასუხა. შეხვედრას დედოფლისწყაროს ტელევიზიაც ესწრებოდა. ჟურნალისტებმა შიოლაშვილს შეახსენეს, რომ მისი ერთი დაპირება კვლავ შეუსრულებელია. მანამდე ბევრჯერ გაჟღერებულა, რომ ქოჩების ტბას გეოლოგები სწავლობდნენ, თუმცა ამჯერად ირაკლი შიოლაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე რამდენიმე ახალი დეტალი ექსკლუზიურად გააჟღერა.



ირაკლი შიოლაშვილის განმარტებით, მსოფლიო ბანკი მზად იყო „ქოჩების ტბის“ განვითარება 5 მილიონი დოლარით დაეფინანსებინა, თუმცა გეოლოგების პროგნოზი არასაიმედო იყო და პროცესი ამან შეაფერხა.


ირაკლი შიოლაშვილი: „მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები პირადად ჩემი მოწვევით, რამდენიმე წლის წინ, ჩამოვიყვანე, ვაჩვენე ქოჩების ტბა, მისი მიმდებარე ტერიტორია. მათ ავუხსენი, რომ ეს არის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. ისინი მზად იყვნენ 5 მილიონი დოლარი დაეხარჯათ ამ ადგილის განვითარებისა და რეკრეაციული ზონის შესაქმნელად. თავდაპირველად მათი მოთხოვნა იყო, რომ კერძო სექტორსაც იმდენივე თანხა დაეხარჯა, რასაც მსოფლიო ბანკი გამოყოფდა და თავად ბიზნესს განევითარებინა ობიექტები. წამოაყენეს პირობა, რომ ჯერ კერძო სექტორს დაეხარჯა ფული, დაეწყო მშენებლობა და შემდეგ გამოიყოფოდა მათი თანხა. განვუმარტეთ, რომ ბიზნესის მოტივაციისთვის აუცილებელი იყო პირველ ეტაპზე ჯერ მათი თანხა გამოყოფილიყო და ბოლო ეტაპზე ბიზნესი თავად განავითარებდა სავაჭრო ობიექტების ინფრასტრუქტურას. განხილვის მთავარი პირობა იყო გეოლოგების კვლევა. მსოფლიო ბანკი თანხას მას შემდეგ გამოყოფდა, რაც ამ ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა მოხდებოდა, რათა ყოფილიყო გარანტია იმისა, რომ წყლის დონის ცვლილება მასშტაბური რეაბილიტაციის პროცესს და წინასწარ შედგენილ პროექტს არ შეაფერხებდა.


მსოფლიო ბანკის დაფინანსებითვე დაიწყო გეოლოგიური შესწავლა. ჩამოვიდა ჯგუფი, სპეციალური მანქანებითა და აღჭურვილობით, სპეციალისტების დასკვნა დაწვრილებით არ წამიკითხავს, მაგრამ გაირკვა, რომ სამწუხაროდ, გეოლოგებმა მომდევნო წლებში წყლის დონის კიდევ უფრო კლება ივარაუდეს. მათი პროგნოზი გამართლდა და ტბის დონე ყოველწლიურად მცირდება. გულახდილად გეტყვით, მაშინ ამ კვლევებს სკეპტიკურად შევხედეთ, თუმც შემდეგმა წლებმა ყველა დაგვარწმუნა, რომ წყალი უფროდაუფრო იკლებდა. როცა წყლის რესურსი არასტაბილურია, იქ არასწორი იქნება ამდენად მასშტაბური სამუშაოების ჩატარება და დიდი ფულის დახარჯვა. თუმცა, ჩვენი წინაპრებისგან გადმოცემით ვიცით, რომ ტბა პერიოდულად შრებოდა და ისევ იმატებდა. იმედია, მალე შეივსება და გამოცოცხლდება ეს ტერიტორია. კიდევ ერთხელ ვამბობ, განწყობა და მზაობა ყველა მხრიდან იყო, რომ რეაბილიტაცია მოხდეს. არსებობდა დაფინანსების წყარო, სახელმწიფო და კერძო სექტორიც მზად იყო“.

0
918
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
918
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0