x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"გუშინ მე-8 დღე იყო და ყველაზე მაღალი სიცხე დაფიქსირდა. ღამე, 39.2, სუნთქვა ცოტა გახშირდა და ხველაც"-ვიკა ბუკიას ქრონიკები საავადმყოფოდან
image"ტვ პირველის" ჟურნალისტის ვიკა ბუკიას ქრონიკები საავადმყოფოდან:


16 სექტემბერი:


გუშინ მთელი დღე ვფეხკდი მომგებიან ბილეთებს. მაგრად გავერთე:) მაგრამ მერე მოდის სიმპტომები და არაფრის თავი არ მაქვს. თქვენ რომ მირეკავთ ვერ გპასუხობთ. სპიკერზე შემიძლია მხოლოდ ლაპარაკი. ტელეფონი დაიფეხვა. ხელოსანს ხომ არ გავუგზავნო? (ეს ხუმრობა იყო).

მაშო მთელი დღეა მიხატავს რაღაცეებს და ხანდახან ტირის. დედა უნდა. მე ავუხსენი, რომ თუ გაიცინებს კორონა ორგანიზმიდან გაიქცევა და თუ მოიწყენს, იქნება ჩემში. გუშინ ძილის წინ გაღიმებული ფოტო გამომიგზავნა. მაგრამ აშკარად ძალით იცინოდა. თან თვალები ქონდა ცრემლიანი.

მე უფრო ამაზე დარდი მახრჩობს, ვიდრე თავად სიმპტომები.


ვეცდები ძალიან მარტივად ჩამოვაყალიბო, ყოველგვარი ლირიული გადახვევების გარეშე. ძაან რომ არ აგხლართოთ, რაც აქ შემოვედი დღემდე გაგვიკეთდა ორივეს ეს კვლევები:

1. კატე
2. სისხლის საერთო
3. კალიუმის ანალიზი, ჩვეულებრივ, სხვა ელექტროლიტების ტესტებთან ერთად კეთდება (მხოლოდ მე, რადგან მქონდა სისუსტე, ნერვების თამაში:)), არითმია)
4. ბიოქიმიური ანალიზი (ღვიძლის ფუნქციის განსაზღვრა, ბილირუბინი)

კატეზე ჩემი ფილტვები რადგან სუფთა იყო, გაიდლაინებით მიწევს განმეორებითი მე-10 დღეს, ანუ ხვალ. თუმცა სანამ ამას იზამენ სისხლით აკონტროლებენ. რადგან სისხლის საერთო ანალიზში აღინიშნება ხოლმე ანთებითი პროცესისთვის დამახასიათებელი ცვლილებები.

ამ ოთხი ლაბორატორიული კვლევის შედეგად ჯერ-ჯერობით დადგინა, რომ მე მაქვს კალიუმი დაბალი. 2 დღეა ამიტომაც მისხამენ კალიუმს. ხოლო ლევანის შემთხვევაში დადგინდა, რომ მცირე ანთება აქვს ერთ ფილტვზე. და რადგან პირველივე კატეზე გამოჩნდა ანთება, კატე გაუმეორეს (ჩემგან განსხვავებით). მდგომარეობა უცვლელი იყო (რაც ცუდი არააო, უფრო კარგიაო). კატე ხვალ უწევს მასაც.

მკურნალობა:

მე: მისხამენ კალიუმს, ტკივილდამაყუჩებლები (ფეხები და თავი მტკივა) და მიკეთებენ ინჰალაციას.

ლევანს: ანტიბიოტიკებს გადასხმის და აბის სახით

ორივეს: 1. სტანდარტული გადასხმა ც ვიტამინით. 2. დამათხელებელი კანქვეშ
3. დექსა (ლევანსაც დაუწყეს) და 4. კუჭ-ნაწლავის წამლები.

ჩვენი მდგომარეობა ბოლო მონაცემებით:
ლევანი კარგადაა. მე დღეს დილით შემამცივნა, 38-მდე ავიდა სიცხე, ასეთ დროს ცოტა უმწეო ვხდები. მაგრამ დავლიე პარაცეტამოლი და მივიღე შხაპი. და ამ ყველაფრის მერე მაინც ამიწია სიცხემ, ოჰ, ეს კორონა. გაჯიუტდა თავიდან, მაგრამ ნელ-ნელა მაინც იკლო სიცხემ, ჩემი კრიზები დადგა მოკლედ. ხველაც მომემატა. ვიცი ამას სათაურად წაიღებენ, მაგრამ მე ვიცი, რომ უნდა ვწერო. თავს მშვივიდად ვგრძნობ და მინდა იმ 196 ადამიანს, ვისაც დღეს უთხრეს, რომ დადებითია, ვუთხრა არ შეგეშინდეთ, ხალხნო, , Get well soon ვაიბებს გიგზავნით:) დავამარცხებთ ამ კორონას"



"ეს ჩემი ზვიგენი ბავშვი მენატრება. ვერ ვურეკავ. ვიდეოში მხედავს და იწყებს ტირილს. მირჩევნია ეს სტრესი არ დავუმატო ბუბისაც და ჩემს თავსაც. მონატრება ნერვიულობაა. ნერვიულობა კი იმუნოდეფიციტია. და იმუნიტეტი ისაა, რაც ახლა მე ძალიან მჭირდება, რომ აქედან მალე გამოვძვრე და ისევ ჩავეხუტო ამათ. დავუბრუნდე ჩვეული ცხოვრების რიტმს და ახალ სამსახურს, რომელსაც მთელი გეგმები ავურიე.

გუშინ ვიფიქრე, მოდი, ერთი რას წერენ ჩემზე ბოტები მეთქი და დავიწყე კითხვა. ზოგადად, არ ვარ ეგეთი “ქუუულ” მეკიდოს ჩემზე ვინმე ცუდს რომ წერს, თუნდაც ბოტი. მაგრამ გუშინ მივხვდი, რომ ამ ფობიის დასაძლევად კარგი თერაპიაა იკითხო ეს ზიზღით, ღვარძლით, ტყუილით სავსე კომენტარები და მოიშინაურო აგრესია. და აშკარად ვგრძობ უკეთესობას და თვითირონიას:) აწი რომ დაწერენ არც წავიკითხავ. ყველა ნეგატიური მესიჯი ერთი შინაარსისაა. ცნობისმოყვარეობაც მოვიკალი.

და აი, რას წერდნენ: ფული აიღე? რატომ იტყუები? ამ კორონას დროს მაკიაჟისთვის გცალია? (სააგენტოებს ფოტოები რომ მიაქვთ გონიათ, რომ აქ ვიღებ). ზოგი ასე წერს: ბოჭორიშვილი სამარცხვინო!!! dacere dampalo ra ghirs?! ზოგიც ასე: tvini hejame!!

ცხადია, უფრო მეტი მგულშემატკივრობს. დიდი მადლობა. ეს ყურადღება მართლა გაძლევს ძალას დაამარცხო უფრო მარტივად ვირუსი. ისე მიყვარხართ, უხ, მაგრამ ახლა ბოტუნიებზე მინდა ვთქვა ორი სიტყვა:)

ვინც წერს, რომ ეს ყველაფერი მოვიგონე ძირითადად ბოტები და ტროლები არიან. ჩავყევი (ბევრი დრო მაქვს აქ) და აღმოვაჩინე ეს ხალხი თეონა ცხომელიძის ქვემოთ, იგივე მესიჯ-ბოქსით. არ მგონია, მთლად უწყინარი განზრახვა ქონდეთ. ასეთი დასკვნა გამოვიტანე: კორონას გარშემო ორი ორგანიზებული კამპანიაა. ერთი იატაკქვეშ მიდის და მიზანია გამოჩნდეს, რომ ვითომ არსებობს ვიღაც ბრიყვი და შეუგნებელი ხალხი (რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანია); და მათ უნდა იხავლონ, რომ კორონა არ არსებობს, რომ უნდა დავიკიდოთ პირბადეები და არ დავიხრჩოთ. ხოლო ამ “ხალხით” შეღონებულმა სახელმწიფომ (რომელსაც ეს სიმულირებული სიჩლუნგე თითქოს მხრებზე აწევს), ისევ ჩვენს უპასუხისმგებლობაზე უნდა ამტვრიოს ჯოხი, რისთვისაც შეგნებულებმა მადლობები უნდა ვუხადოთ. ხუმრობა ამბავია კორონას და სიბნელეს ერთად ებრძოლო?

რასაკვირველია, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კორონას არარსებობა ამ ქვეყანაში მხოლოდ ბოტებს სჯერა, მაგრამ ჩემი, თეონასი და სხვა ინფიცირებულთა შესახებ ნიუსები, რომ უამრავ საეჭვო ფეიჯს ორგანიზებულად აქვს დაშეარებული ერთიანი მესიჯბოქსით ამას მარტივი ლოგიკაც ცხადყოფს.

ერთი რამ ვიცი, ყველას გვინდა რომ სახელმწიფომ ეს ვირუსი დაამარცხოს.
იმიტომ რომ ეს სახელმწიფოა ჩვენია და არა ვიღაც ქალის. ამიტომ ჩასაფრების დრო არაა. კრიტიკა უნდა აღქმულ იქნას, როგორც კრიტიკა და არა როგორც ფეხის მიჭერა მტკივნეულ ადგილას.

უი, კიდევ გავიგე, რომ ჩაქვში ვიყავი; რომ სამსახურში სიცხიანი დავდიოდი; რომ რესტორნებში დავდიოდი და გადავკოცნე 100 კაცი; რომ ვითომ ვიკა კი ვარ, ლიკა ვარ და სინამდვილეში არ ვარ და აშ. ნუ, ეს ჭორები ძალიან ბანალურად მოსალოდნელი იყო. მე და ნიორი ვხუმრობდით, რომ ჩაქვის ვერსია არ მოგვწონს და ეს გვირჩევნია: NY-ში გაგვიშვეს ჩარტერით გადაცემის ტანსაცმელზე. და იქიდან ჩამოვიტანეთ ვირუსი (ეს სათაური იქნება ვატყობ). მაგრამ გიორგი ნიორაძეა უარყოფითი და ეგ ვერსიაც არ გამოგვდის მთლად დამაჯერებელი.

მაგრამ დამაჯერებლობას რა მნიშვნელობა აქვს? თუ ბოტო მოინდომებს, ხომ ვიცით უკვე, რომ ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის
გათხრასაც დაგაბრალებენ"


17 სექტემბერი



გუშინ მე8 დღე იყო და ყველაზე მაღალი სიცხე დაფიქსირდა. ღამე, 39.2, სუნთქვა ცოტა გახშირდა და ხველაც. ჟანგბადი დამიმატეს. თავიდან გაჯიუუტდა ტემპერატურა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩამოიწია. დილით 38-38.5 მაქვს ხოლმე ბოლო 3 დღეა. ასე ცოდნია ვირუსს, რომელიც მესამე დღეა უკვე თავისი ძალის დემონსტრირებას მიჩვენებს. ამას ვწერ იმათთვის, ვინც ამბობს: “ერთი ჩვეულებრივი ვირუსია”.. ბევრი იცით ვირუსი, რომელიც ამდენი დღე უსიმპტომობაში გამყოფებს და 1 კვირის შემდეგ გიტევს. მსგავსი არასდროს არაფერი მქონია. ნუ, კოვიდიც პირველად დამემართა:)) დღეს კატეს გამიკეთებენ. ყველაზე მეტად ეს მაინტერესებს. ლევანი ისევ ისეა, მაგრამ ახლა ამბობს ყელის ტკივილი დამეწყოო, კატე უწევს ლევანსაც. წინასწარ მეუბნებიან, რომ ანთება თუ მექნება პანიკაში არ ჩავვარდე. ასეთი მიმდინარეობის დროს ეს მოსალოდნელიაო. ხანდახან ძალიან მშვიდად ვარ, მაგრამ საღამოობით ცოტა შიში შემეპარება. მერე ლევანი შემომძახებს ხოლმე თავისი ომახიანი ხმით და მოვდივარ აზრზე:) ხანდახან ძალიან მეზარება წერა აქ და კაკუნი. მაგრამ როგორც კი დავაგვიანებ ინბოქსში მწერენ: არიქა, როგორ ხარო. ჰოდა, ასე ვარ. მგონია, რომ რაღაც თამაშია. და უნდა ვითამაშო, სხვა რა გზაა?! დამარტყამს - დავარტყამ მეც. დამარტყამს - დავარტყამ და ერთხელაც ისე ვგლიჯავ გავაფრენ ამერიკაში...

ამერიკას რას ვერჩი, გამოთქმაა ასეთი:))

სხვა ყველაფერი ისევ ისეა. ვწევართ, ვდგებით, ვკითხულობთ, გვჩხლეტენ, ვიცინით, ხან არაფრის თავი არ გვაქვს.

საბოლოო ჯამში, ყველაფერი იქნება აი, ასე"



image




18 სექტემბერი



ორივე ფილტვზე ანთება გვაქვს. და ხანდახსნ 39 მაქვს სიცხე. მაფრთხილებდნენ, რომ ეს მოსალოდნელი იყო, მიუხედავად ამისა, ძალიან გამიჭირდა ამ რეალობის მიღება.
პანიკას მაინც არ ავყვები. თავიდან, პროტესტი მქონდა და უმწეობის განცდა. გამოვრთე ტელეფონი და გავითიშე. ყველაფერმა გამაღიზიანა უცებ. მაგრამ მერე ფიქრს იწყებ სხვებზე. რა დააშავეს ჩემი ოჯახის წევრებმა და იმათმა, ვისაც ცოტა მაინც ვეხმარები. ვიწყებ სიცხესთან ბრძოლას და აქ კაკუნს ერთდროულად. სიგიჟეა.

ვერაფრით ვერ ვმალავ შიშს. 39 რომ ვუყურებ თერმომეტრზე. და თან რატომღაც დარწმუნებული ვიყავი ამსიგრძე გოგოს ვერაფრით ვერ დამაგდებდა ეს ვირუსი. შეიძლება მშობირობის მერე ვერ მოვასწარი იმუნიტეტის აღდგენა და მიზეზიც ესაა. იმედი მაქვს ეს ჩემი პიკია და წავალ უკეთესობისკენ.

ლევანსაც ანთება აქვს, მაგრამ სიცხე უფრო დაბალი. ფრთხილად ვახველებ, თითქოს მეშინია ვინმე არ გავაღვიძო. ეს ჩემი პირველი ფილტვების ანთებაა. მახსოვს, ბებიაჩემს ქონდა ანთება. პატარა ვიყავი მაშინ. 80-ს გადაცილებული იყო და ყურს რომ ვადებდი მის მკერდს მესმოდა ბამბის ნაყინის ხრაშუნის ხმა. ბებიამ მაგის მერე კიდევ დიდხანს იცოცხლა. მამასაც ქონდა. მამას დიაბეტი აქვს და ღვიძლზე მკურნალობს სერიოზულად. ჰოდა, ჰქონდა და გადაიტანა. ირინასაც ქონდა ონაშვილს, სკოლაში რომ ვსწავლობდით. როცა ადგა იმსიგრძე იყო ყველას მოგვინდა ანთება. ჩავთვალე ანთების ბრალი იყო 2მეტრიანი რომ გაიზარდა და არა უშველებელი მამამისის გამო, ამიტომ ვისაც ახლა მოხუცები, ქრონიკულები, ბავშვები გყავთ ინფიცირებული, ძალიან ნუ დაზაფრებით და ნუ ეძახით კორონას “სასიკვდილო ვირუსს”.

რა კარგად თქვა აქ ჩემმა ერთმა ფრენდმა: ეს არის არაჩვეულებრივი ვირუსი, რომელიც უნდა მივიღოთ ჩვენი ცხოვრების ჩვეულებად."

image



19 სექტემბერი


წუხელ სიცხე არ მქონია. დილით ისევ დამაგდო. მაგრამ უსიცხო ღამე (37-ს არ ვთვლი) უკვე დიდი მიღწევაა. ახლა დავლიე დამწევი და ველოდები დაწევას. ხველა ისევ ისეთია. იქნებ ხვალ ვიგრძნო შვება. თავის ჯოჯოხეთური ტკივილები მაქვს. მარჯვენა მხარეს, თვალთან. და მაჩვენება თითქოს კარგად ვერ ვხედავ ხოლმე. რატომღაც მგონია, რომ ესეც საერთო სისუსტის ბრალია. ფეხები მტკივა. მოძებნა კორონამ ჩემი სუსტი წერტილი - ჩემი ვენები.

მშია ხოლმე, არ ვიცი ასეთ მდგომარეობაში ამას როგორ ვახერხებ. ფეხზე ძლივს ვდგები და მაცივარში ვეძებ საჭმელს. ბოლოს შევეწირები ამ ჭამას - თავბრუ ისე დამეხვა მაცივარში ქექვისას, დავბარბაცდი.

სულ წოლა მინდა. სხვა არაფერი. ნეტა იცოდეთ რა ძნელია ხოლმე წერის დაწყება. ყოველ დილით ვამბობ: აღარ შემიძლია, ვერ დავწერ. ზოგს ვიცი არ აინტერესებს გრძელი და სევდიანი სტატუსები. Hejama tvini! ალბათ ისევ წერენ სადღაც, სადაც უკვე აღარც ვიხედები და არასდროს შევიხედები. მაგრამ მერე იცით რა ხდება? ჩემს მშობლებს რომ მაგონებს ისეთი ქალები და კაცები მწერენ: “ვიკა, შვილო, ბოდიში რომ გაწუხებთ, თქვენი პოსტი ვერ ვნახეთ დღეს. ცოტა ავღელდით. როგორ ხართ დღეს?”

ხანდახან ძალიან გულისამაჩუყებელია ეს ცხოველი ცნობისმოყვარეობა და ზრდილობა ერთბაშად რომ გაჩნდება ადამიანში, არა? მეღიმება. როცა ცნობისმოყვარეობა ამარცხებს ზრდილობას და უცნობ ადამიანს წერ დიდი მოწოწიწებით: “ქალბატონო ვიკა, ვიცი ჩემი თავი არ გაქვთ, მაგრამ დღეს უკეთ არ ხართ?”
და გულში ალბათ: “უზრდელო ქალო, დაწერე რამე, რას დაგვზაფრე?”

ლევანი უკეთესადაა. აქ ყოველ წამს გვიკონტროლებენ ყველაფერს, მაგრამ საერთოდ არ ნიშნავს ეს, რომ ყველგან ასეა. მიყვებიან რა ხდება სხვა კლინიკებში. ვიცი, თეონასგანაც. და კიდევ იმ სხვა ინფიცირებულებისგან, რომელთაც არ ვიცი ამაზე ღიად საუბარი სურთ თუ არა.

როგორც ამიხსნეს ჩემი ანთება საშუალო სიმძიმისაა; ცოტა უფრო მარტივია - ლევანის. ჩემი სიცხე მალე იწევს დაბლა და ემორჩილება დამწევს. აი, გუშინ მართლა შემეშინდა. როცა 39 მქონდა და არაფერი არ მოქმედებდა.

მე მგონი, გამოვძვრებით აქედან მალე."


image


შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, ლევან გოგიჩაიშვილს დ ამის მეუღლეს ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ.



ეს პირველი შემთხვევაა, როცა კორონავირუსი პარლამენტის დეპუტატს დაუდასტურდა. გოგიჩაიშვილი პარლამენტში 3 სექტემბერს იმყოფებოდა და პლენარულ სხდომას ესწრებოდა.

კორონავირუსი არ დაუდასტურდათ მათ შვილებს.

image

0
371
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
371
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0