x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ჟურნალ "გზასთან" ერთად, იწყება ახალი პროექტი - სერია „ომებსა და ადამიანებზე“
image


1-ლი ოქტომბრიდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, გამოვა წიგნები სერიიდან "ომებსა და ადამიანებზე".


ეს სერია კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს გააცნობს მკითხველს.


კაცობრიობის ისტორია ომების ისტორიაა. ომი არაერთი მწერლის ფიქრის მიზეზად და უამრავი ლიტერატურული შედევრის თემად იქცა. დაიწერა წიგნები ომებსა და ადამიანებზე _ ოცნებებზე, რომლებსაც ომი ანადგურებს, ბედზე, რომელსაც ომი ძირეულად ცვლის, ცხოვრებაზე, რომელიც ომმა ჯოჯოხეთად აქცია... და, ამ ყველაფერთან ერთად, ადამიანის სულის სიმტკიცეზე, მის უნარზე _ უყვარდეს და სწამდეს უკიდურესი სასოწარკვეთის ჟამსაც კი.



სწორედ ასეთ წიგნებს გააერთიანებს სერია "ომებსა და ადამიანებზე". სერია დაიწყება ბუკერის ლაურეატი წიგნით - თომას კენილის "შინდლერის სიით", რომელიც სიკეთის, თავგანწირვისა და უანგარო თანადგომის უანალოგო რეალურ ამბავს ეძღვნება.


სერიის პირველი წიგნი ჟურნალ "გზასთან" ერთად, 1 ოქტომბერს გამოვა და მკითხველი ამ პროექტით გაერთიანებულ ლიტერატურას თვეში ერთხელ მიიღებს.


წიგნის სპეციალური ფასი იქნება 8.00 ლარი, ჟურნალთან ერთად 10.00 ლარი. მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა წიგნი ჟურნალთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში, ნახევარ ფასად შეიძინოს, ერთი კვირის შემდგომ - მისი ღირებულება წიგნის მაღაზიებში უკვე 16.00 ლარი იქნება.


პროექტზე დეტალურად გვესაუბრება გამომცემლობა "პალიტრა L-ის" მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური:


რომ დავფიქრდეთ, კაცობრიობის ისტორიაში ომებისა და სისხლისღვრების წილზე და შემდეგ ამ თვალით გადავხედოთ მსოფლიო ლიტერატურას, აღმოვაჩენთ, რომ სწორედ ომი - ეს უდიდესი ბოროტება - გამხდარა არაერთი მწერლის შთაგონების წყარო. ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტია, რომ ომია „მთავარი პერსონაჟი“ უამრავი ლიტერატურული შედევრისა, ომი - არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, ტყვიებისა და ქვემეხების გრუხუნის, ტანკებისა თუ ბომბების ფონზე, არამედ ყველა თანმდევი მოვლენით: ადამიანური ტრაგედიებით, დანგრეული ოცნებებით, თავგანწირვით, ღალატით, ერთგულებით, სიყვარულით... ეს ყველაფერი ხომ არათუ არ ქრება ომის დროს და ომის გამო, ზოგჯერ კიდევ უფრო მძაფრდება კიდეც და სრულიად წარმოუდგენელ ფორმასა და შინაარსს იძენს.


„ომებსა და ადამიანებზე“ - ასე დავარქვით ჩვენს ახალ პროექტს, რომელშიც შეძლებისდაგვარად გავაერთიანებთ ამგვარი ლიტერატურის ნიმუშებს, წიგნებს, რომელთა გეოგრაფიაც ისევე უსაზღვროა, როგორც თავად ომის საშინელება და სისასტიკე.


რატომ გადაწყდა ამ სერიის გამოცემა?


ეს ძალიან საინტერესო წიგნებია. მათი ნაწილი, რა თქმა უნდა, იცის მკითხველმა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აქტუალობა აღარ აქვთ ან საჭირო აღარ არის გამოცემა. მკითხველთა ახალი თაობა მოდის, განსხვავებული გემოვნებითა და პრიორიტეტებით. ისინი ახალი, აჩქარებული დროის შვილები არიან და, შესაბამისად, ლიტერატურაც მათივე დროისა და მოთხოვნების გათვალისწინებით „შეფუთული“ უნდა შესთავაზო. გარდა ამისა, ძალიან მოხერხებულია სასურველი წიგნის მიგნება, როდესაც ის თემატიკის, ჟანრის ან სხვა ნიშნით არის დაჯგუფებული. ეს - პრაგმატული მოსაზრებით. თუმცა არის კიდევ ერთგვარი ხარისხის ნიშანი - ამ პროექტში თავს მოიყრის გამორჩეული, აღიარებული წიგნები, რომლებიც აგვაღელვებს, თავზარს დაგვცემს, ცრემლსაც მოგვგვრის... მოკლედ, ძალიან ბევრს გვაფიქრებს ომებსა ადამიანებზე.


რამდენი წიგნი შევა სერიაში და როგორ შეირჩა ისინი?


ზუსტი რაოდენობის თქმა გამიჭირდება - სასურველი წიგნების სია საკმაოდ გრძელია. ჩვენს მკითხველთა ნაწილი ზოგ მათგანს უკვე იცნობს - მარკუს ზუზაკის „წიგნის ქურდი“, კრისტინ ჰანას „ბულბული“, ჰიზერ მორისის „აუშვიცის ტატუისტი“, ენტონი დოერის „ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“ და სხვა წიგნები, რომლებმაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უამრავი ადამიანის გული უკვე დაიპყრო. სიახლე იქნება რიდიან ბრუკის „ომის შედეგები“, არტურ გოლდენის „გეიშას დღიური“ და კიდევ რამდენიმე წიგნი. ჯერ კიდევ ვაანალიზებთ ამა თუ იმ წიგნის „ბიოგრაფიას“, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ავტორებთან, გამომცემლებთან. საბოლოოდ, მივიღებთ ყოველმხრივ გამართულ პროექტს, რომლის სიცოცხლისუნარიანობა დიდწილად მკითხველზე იქნება დამოკიდებული.


რა იქნება სერიის პირველი წიგნი და რატომ?


სერიას ვიწყებთ მსოფლიო ლიტერატურაში ომებსა და ადამიანებზე დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი წიგნით - თომას კენილის „შინდლერის სიით“. მიუხედავდ იმისა, რომ წიგნის სიუჟეტი საყოველთაოდ ცნობილია, თუნდაც სტივენ სპილბერგის ამავესათაურიანი დრამის წყალობით, ვფიქრობთ, ეს სწორი დასაწყისია - ერთი მხრივ, ომის სისასტიკისა და, მეორე მხრივ, უანგარობის, თავგანწირვის, სიკეთის, კაცთმოყვარეობის ამბავი, რომელიც რეალურ ისტორიას ეყრდნობა და მილიონობით ადამიანის გულს აფორიაქებს.


ქართველ მკითხველს რამდენად მოსწონს და აინტერესებს მსგავსი წიგნები?


არ ვიტყოდი, რომ ქართველი მკითხველი ამ ინტერესით ან გამოირჩევა, ან სხვებს ჩამოუვარდება. თუმცა ერთი გარემოება მაინც აღსანიშნავია: ქართველ მკითხველს უყვარს წიგნები საქართველოს, ქართველი ერის ისტორიული წარსულის შესახებ. ეს წარსული კი დიდწილად დამპყრობელთა შემოსევებით და მათთან ბრძოლაში მარცხითა თუ ბრწყინვალე გამარჯვებებით არის სავსე. ასევე, ცნობილია მეორე მსოფლიო ომში ქართველთა უზარმაზარი მსხვერპლის შესახებ. არ დაგვავიწყდეს ბრძოლა თვითგამორკვევისათვის, დამოუკიდებლობისათვის, რომელსაც ასევე ეწირებოდა და ეწირება უამრავი სიცოცხლე. ეს ერთგვარად ერის კოლექტიურ მეხსიერებაში დალექილი ინფორმაციაა, რომელიც ყოველი შეხებისას აღვიძებს ტკივილს, სიამაყეს, თანაგრძნობას. ქართველი ავტორების შესანიშნავი წიგნები დაიწერა ამ თემაზე და ჩვენს პროექტში ისინიც აუცილებლად მოხვდებიან.


რომელ ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი ეს სერია?


ნებისმიერი ასაკის მკითხველი, 15-16 წლიდან ზევით, ითვლება ამ სერიის პოტენციურ მკითხველად.

0
32
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0