x
გენერალი აიდიდი და იმედგაცრუებული ამერიკელები
მოჰამედ ფარახ აიდიდი, თავის დროზე, სომალის არმიის გენერალი და შტაბის მეთაური იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც 1991 წელს სომალიში სამოქალაქო შეტაკებების და საყოველთაო არეულობის გამო, ქვეყნის ერთპიროვნული მმართველის სიად ბეირის ხელისუფლება დაამხეს, ქვეყანაში ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი სხვადასხვა მებრძოლთა ჯგუფები ჩამოყალიბდა. ერთ-ერთ ასეთ ჯგუფს კი, თავად გენერალი აიდიდი ხელმძღვანელობდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გენერლის დაჯგუფება მეტად ბრძოლისუნარიანი გახლდათ სხვა მსგავს გაერთიანებებთან შედარებით. ასევე, მის ხელთ იყო რადიოსადგური, რომლის საშუალებითაც, აიდიდს სომალელი ხალხისთვის მიმართვა შეეძლო.

გაეროს უშიშროების საბჭომ, აიდიდის საბრძოლო მოქმედებების ასალაგმად და მშვიდობის დამყარების მიზნით, მისი შეპყრობა გადაწყვიტა, ხოლო ამ ოპერაციის შესასრულებლად, სომალიში სამხედრო საჰაერო ძალები გადაიგზავნა, რომელთაც არაერთი იერიში მიიტანეს აიდიდის დაჯგუფების მიერ კონტროლირებად ობიექტებზე. მათ შორის, შტურმით აიღეს გენერლის შტაბ-ბინა. თუმცა, მოჰამედმა დამალვა მოახერხა და კვლავ ეფექტურად განაგრძო თავისი საქმიანობა.

ვინაიდან, სომალიში საბრძოლო შეტაკებები არ შემწყდარა და აიდიდის მხარდამჭერები კვლავ განაგრძობდნენ სამშვიდობო ძალებზე თავდასხმას, აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ გენერლის დროული შეჩერების მიზნით სომალიში ოპერატიული რაზმი “დელტას", რეინჯერთა და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები გაგზავნა.

გადამწყვეტი ოპერაციის ჩატარება, სომალელი გენერლის და მისი უახლოესი გარემოცვის დაკავების მიზნით 1993 წლის 3 ოქტომბრისთვის მომზადდა. ამერიკელი აგენტების დასაყრდენს, გენერლის მრჩეველი ომარ სალადი წარმოადგენდა, რომელიც ანტიამერიკულ მიტინგს ესწრებოდა. მიტინგის დასრულების შემდეგ, იგი თეთრი სამსართულიანი სახლისკენ გაემართა. ამ შენობის გარშემო, ბინძური კვარტლები იყო განთავსებული. ასევე, ახლოს მდებარეობდა “ბაქარის" ბაზარი. ამ რაიონის მაცხოვრებელთა უმრავლესობა, აიდიდის მხარდამჭერებს წარმოადგენდნენ. შესაბამისად, ეს ტერიტორია სამშვიდობოების მიერ ოპერაციის ჩასატარებლად მყარ ნიადაგს არ ქმნიდა.


აგენტურის ინფორმაციით, სალადი თეთრ სახლში აბდი ჰასან ავალს უნდა შეხვედროდა, რომელსაც აიდიდის ხელისუფლებაში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. ივარაუდებოდა, რომ ამ შეხვედრას თავად გენერალიც უნდა დასწრებოდა. ოპერაციის ჩატარებაში მონაწილეობას ღებულობდა, სამხედრო საჰაერო შვეულმფრენები, ჰამერის ტიპის ჯავშანმანქანები, “დელტას'' სპეციალური ქვედანაყოფის, ასევე რეინჯერთა ქვედანაყოფის მებრძოლები.

თეთრ სახლზე იერიშის მიტანა, მარტივი არ აღმოჩნდა. ვინაიდან, ოპერაციის დაწყებისთანავე ამერიკელებს ცეცხლი გაუხსნეს. მიუხედავად გაწეული წინააღმდეგობისა, სპეცოპერაციის შედეგად სალადი, ავალი და კიდევ 22 პირი დააკავეს. თუმცა, არც ამჯერად გაუმართლათ ამერიკელებს, რადგან აიდიდი იქ არ იყო.

სამწუხაროდ, ამერიკელებისთვის, დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების მცდელობა, მშვიდობიანად არ დასრულებულა. ვინაიდან, ადგილობრივმა მებრძოლებმა ფაქტობრივად ალყაში მოაქციეს ამერიკელები, გაანადგურეს მათი შვეულმფრენები და სხვა სამხედრო ტექნიკა. ბრძოლაში დაიღუპა ამერიკელების 19 სამხედრო და დაიჭრა 79. ერთი შეხედვით, ეს რიცხვები დიდ საბრძოლო დანაკარგს არ წარმოადგენდა. თუმცა, საქმე ეხებოდა ელიტარულ სამხედრო სპეცრაზმს, რომელთა მომზადებაც აშშ-ს თავდაცვის ძალებს იაფი ნამდვილად არ დაჯდომიათ. ამ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, ამერიკელებისთვის მიყენებული ზიანი, ნამდვილად მასშტაბურ დანაკარგს წარმოადგენდა.

ამგვარი კრახით დასრულებული სპეცოპერაციის გამო, იმჟამინდელი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა, ხოლო გენერალ აიდიდთნ, ზავი დაიდო. 1994 წელს აშშ-მ ჯარები სომალიდან გამოიყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ გენერალმა აიდიდმა ამერიკელებთან აშკარა უპირატესობა არაერთხელ მოიპოვა, მისი ძალაუფლება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა.
იგი 1996 წელს სასიკვდილოდ დაიჭრა მოწინააღმდეგე ჯგუფთან შეტაკებისას.

image

0
432
შეფასება არ არის
ავტორი:შეიმეცნე
შეიმეცნე
432
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0