x
ფსიქოანალიზი
File:Sigmund Freud 1926.jpg - Wikimedia Commons

ფსიქოანალიზმა სრული გადატრიალება მოახდინა ფსიქოლოგიის ისტორიაში და სრულიად ახალი მიმართულება მისცა ფსიქოლოგიის მეცნიერებას. ჩემი განხილვის საგანს სწორედ ფსიქოანალიზის ცნება წარმოადგენს. ის არის პირველი სტრუქტურიზებული ფსიქოდინამიკური თეორია, რომლის ავტორიც გახლავთ ზიგმუნდ ფროიდი. თეორია ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნის მიწურულს და მე-20 საუკუნის დასაწყისში, იგი პიროვნების პირველი თეორიაა. მე-19 საუკუნეში არსებობდა მოსაზრება, რომ ადამიანის მოქმედება მისი ცნობიერების შედეგია, ფსიქოანალიზის გაჩენამ ფსიქოლოგიაში, ეს მოსაზრება უფრო გააღრმავა და გაჩნდა თვალსაზრისი, იმის შესახებ, რომ ინდივიდის მოქმედება მხოლოდ ცნობიერ დონეზე არ ხდება, არამედ შესაძლებელია ადამიანის ქცევის შედეგი იყოს ჩახშობილი მისწრაფებები და სურვილები, რომლებიც არაცნობიერში იმყოფებიან. არაცნობიერი კი ფსიქიკის ნაწილია, რომელშიც განდევნილი სურვილები/მისწრაფებები და პრიმიტიული იმპულსები ინახება. ფროიდისთვის ადამიანის ქცევის ძირითადი დეტერმინანტი არაცნობიერია. იგი ფსიქოანალიზის ცენტრალური ცნებაა. ფროიდის მიხედვით ისაა ფსიქიკის დინამიკური ნაწილი, რომელიც ცნობიერებისთვის მიუწვდომელია. ფროიდისათვის არაცნობიერი უარყოფითი შინაარსების მქონე იდეებით არის სავსე, არაცნობიერი პასიური საცავი არაა, ის უწყვეტია და მუდმივ მოძრაობაშია.

ლაკანის მიხედვით, ფსიქოანალიზის ცნება თეორიასა და პრაქტიკას უპირისპირებს ერთმანეთს, გამომდინარე იქიდან, რომ ფსიქოანალიზში თეორისს პრაქტიკული გამოყენება აღმოჩენასთან და რაიმე ახალთან არის დაკავშირებული, ამიტომ ის პრაქტიკის თეორიაა. ვანიე ამბობს, რომ ფსიქოანალიზური თეორია განუყოფელია ანალიზის პრაქტიკისაგან.

ფსიქოანალიზის ჩამოყალიბების პროცესს დიდი ხნის ისტორია უდევს საფუძვლად. ფროიდი მის ნაშრომში „ფსიქოანალიზის შესახებ“ ფსიქოანალიზის ჩამოყალიბებას ბროიერის დამსახურებად მიიჩნევს. ტექნიკა, რომელიც ფსიქოანალიზის ჩამოყალიბების ერთ-ერთი წინაპირობა გახდა, ბროირეისა და ფროიდის ერთობლივი ნამუშევრის შედეგად იქნა მიღებული; 1895 წელს გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელშიც აღწერილია ანა ო-ს შემთხვევა. პაციენტთან ბროირერი იყენებდა ჰიპნოზის მეთოდს, თუმცა აღმოაჩინა, რომ როდესაც პაციენტი სიმპტომის პირველად გამოვლენის პერიოდს იხსენებს, ეს სიმპტომი სრულიად ქრება. ამ ფაქტმა ბროიერი ახალი ტექნიკის შექმნამდე მიიყვანა და თავად ეს პროცესი აქცია ტექნიკად.


ოქტავ მანონის მიხედვით ფსიქოანალიზი ორ ძირითად საწყისს ეფუძნება: პირველი ეს არის ფროიდის მიერ შეძენილი ცოდნა ლიტერატურაში, ბიოლოგიაში და მედიცინაში და მეორე ეს არის მისი ურთიერთობა ფლისთან. გამოდმინარე აქედან, ფროიდის ურთიერთობა ვილჰელმ ფლისსთან ყურადღების მიღმა არაა დასატოვებელი, ეს ფსიქოანალიზის ძირითადი ასპექტია.

როგორც ვთქვი, ფროიდი იყენებდა ჰიპნოზის ტექნიკას, რომელიც თავდაპირველად შარკოს მეთოდი იყო და აქვე აღსანიშნავია ფროიდის შემოქმედებაზე შარკოს გავლენა, რომელსაც იგი საფრანგეთში შეხვდა. ჰიპნოზის ტექნიკის რეგულარული გამოყენების შემდეგ ეს ტექნიკა ფროიდმა უარყო და ჩაანაცვლა თავისუფალი ასოციაციების მეთოდით.

ფროშის მიხედვით, ფსიქოანალიზის არსებობის ყველაზე ხელშემწყობი ფაქტორია რეფლექსიურობა, ეს არის ინდივიდის უნარი, როცა მას შეუძლია საკუთარი განცდების, რეაქციებისა და მოტივების გააზრება, ასევე საკუთარი ქცევის მიზეზების გაანალიზება და ის თუ როგორ ფიქრობს ის აქტუალურ სიტუაციაში. ფროში ადამიანებს „მნიშვნელობის შემქმნელ მანქანებს“ უწოდებს; ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანები თავად ქმნიან მნიშვნელობებს და მიმართებებს გარემოში, რაც ეხმარება მათ საკუთარი თავის გააზრებასა და გარემოსთან (სხვებთან) ურთიერთობაში. ფროში აღნიშნავს ამ თვისების უნივერსალურ ბუნებას, რადგან ინდივიდმა თავად იცის ვინ არის და როგორ უნდა მოიქცეს სხვებთან ურთიერთობების დამყარებისას. ადამიანები ერთის მხრივ ქმნიან მნიშვნელობებს და მეორეს მხირვ შექმნილი მნიშვნელობების ინტერპრეტაციას ახდენენ, ამ მნიშვნელობების მიხედვით ინდივიდები საკუთარი თავის გააზრებას ახდენენ_ სწორედ ეს არის ადამიანის რეფლექსიური თვისება.

ფროშის მიხედვით ფსიქოანალიზი ფროიდის მიერ აგებულია რამოდენიმე ტერმინით:

არაცნობოერი_ფროშის მიხედვით არაცნობიერი ფსიქოანალიზის „აქსიომატური დაშვებაა, რომ ფსიქიკაში არსებობს იდეები, რომლებიც ხელმისაწვდომი არ არის ცნობიერისთვის და ინტროსპექციისთვის“. არაცნობიერში მოთავსებულ იდეებს აქვთ ძალა და მათ შეუძლიათ მოძრაობა, ისინი ერთ ადგილას არ ჩერდებიან და მოძრაობენ თავისუფლად.

სექსუალობა_ფროიდისათვის ეს ცნება ამხსნელი ცნება იყო, ხოლო იუნგმა და ადლერმა ნაწილობრივ უარყვეს ფროიდის დამოკიდებულება ფსიქოსექსუალობისადმი. დღესდღეობით ამ ცნების ფარგლებში პარტნიორებს შორის ურთიერთობის ხარისხი განიხილება.

ლტოლვების თეორია_ამ თეორიის ფარგლებში არსებობდა მოსაზრება, რომ ადამიანები მართულნი არიან შინაგანი ძალებით და ფსიქოლოგიის ძირითადი დანიშნულებაა განიხილოს და ნახოს ის ეტაპები, რომლითაც ეს ლტოლვები გამოვლინდება ქცევაში და შემდეგ კმაყოფილდება.

განვითარების თეორია_ფროიდმა შემოგვთავაზა განვითარების თეორია დაბადებიდან საფუხერების მიხედვით. თითოეულ სტადიაზე ინდივიდი ახორციელებს ამა თუ იმ ქცევას და ფროიდის აზრით განვითარების მიზანი არის იოდიპოსის კომპლექსის დაძლევა; როგორ უმკლავდებიან ბავშვები აკრძალვებს საზოგადოების მხრიდან.

დაცვის მექანიზმები_გამომდინარე იქიდან, რომ არაცნობიერი დინამიკური ძალაა და ის მუდმივად ცდილობს რომ გამოხატული იყოს განცდასა და ქცევაში, ამიტომ ის სულ მოძრაობაშია. თუმცა არსებობენ ფსიქიკის სტრატეგიები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან არაცნობიერ ძალებს და არ აძლევენ საშუალებას მას ამოსვლას ქცევაში.

ფსიქიკის სტრუქტურა_ფროიდმა განავითარა ფსიქიკის სტრუქტურა_ იდი, ეგო, სუპერეგო. ფსიქიკის სტურქტურამ იმდენად დიდი პოპულარობა ჰპოვა, რომ მათგან გამომდინარე ცალკე ახალი მიმდინარეობებიც კი შეიქმნა.

ფსიქოანალიტიკური ტექნიკა_ფროშის აზრით, დიდი დრო სჭირდება ფსიქოანალიზის ტექნიკის სტანდარტიზირებას. აზრები რამოდენიმე ნაწილად იყოფა; ზოგნი ფიქრობენ რომ პოზიტიური ტრანსფერის არსებობა შეუწყობს ხელს ფსიქოანალიზის ტექნიკის სტადარტიზებას, ზოგი ფიქრობს, რომ განსვლაა ტრანსფერისა და მისი გამოყენების ხერხებზე.

ფსიქოანალიზის 2 ძირითადი დაშვება_1) გაზიარებული რწმენა, იმის შესახებ, რომ არაცნობიერი არსებობს; 2)პრაქტიკა, რომლის მიზანია იკვლიოს არაცნობიერი, არაცნობიერი ძალები და რა ხდება არაცნობიერში, როგორ მიმდინაორებს რაცნობიერი პროცესები.

Psychoanalytic theory,  BY: SIGMUND FREUD

1897 წლის 21 სექტემბერს ფროიდი ფლისს წერს შემდეგი შინაარსის წერილს: „მე აღარ მჯერა ჩემი ნევროტიკების“ და ასახელებს ოთხ ძირითად მიზეზს თუ რა არის ამ უნდობლობის საფუძველი. პირველი მიზეზი ანალიზის პროცესის დაუსრულებლობაა, მეორე მიზეზის არსი შემდეგში მდგომარეობს: ისტერიული პაციენტები ხშირად „იხსენებდნენ“ სექსუალური ცდუნების სცენას, განხორციელებულს საპირისპირო სქესის მშობლის ან ოჯახის წევრის მიერ_ამ შემთხვევაში ხშირად მამა იყო დადანაშაულებული, მესამე მიზეზი ფროიდის უნდობლობისა, არის პაციენტების მიერ მონათხრობაში დაეჭვება; ანუ დგებოდა პრობლება, ანალიტიკოსს განესხვავებინა აფექტურად ინვესტირებული ფიქცია იყო მონაყოლი თუ ობიექტური სინამდვილე, მეოთხე მიზეზი კი დაკავშირებულია ფროიდის კლინიკურ გამოცდილებასთან; ის ფლისთან წერილში ამბობს, რომ ობიექტურ მოვლენასთან დაკავშირებული არაცნობიერი მოგონება ისეთი ცნობერი, არასდროს ხდება, როგორიც მისი პაციენტების მონაყოლში ჩანს. გამომდინარე აქედან, ფროიდის პაციენტებს ისე ღიად არ უნდა მოეყოლათ მათი ბავშვობისდროინდელი ან ახალგაზრდობის მატრამვირებელი გამოცდილება, რადგან არაცნობიერი მოგონება არასდროს გახდებოდა ასეთი სახით ცნობიერი.

ამის შემდეგ ფროიდმა უარყო ჰიპოთეზა ბავშვობისდროინდელი ფსიქიკური ტრავმის შესახებ და ისევ წერს წერილს ფლისს. საბოლოოდ კი ფროიდის აზრით, ის ცდუნების სცენები, რომლებზეც საუბრობდნენ მისი პაციენტები, ფანტაზმური ბუნებისაა. ფროიდი ამბობს, რომ ეს ფანტაზმები „იბადება განცდილ არაცნობიერ გამოცდილებათა და ყურმოკრულ მნიშვნელობათა შერწყმის შედეგად“

ფროიდის აზრით, ფანტაზმი განუყოფელ კავშირშია სურვილთან, რომელიც პირველადი გამოცდილების რეპროდუქციის მცდელობაა, დაიკმაყოფილოს სურვილი, რომელიც მიუწვდომელი და დაკარგულია. ფროიდი მიიჩნევს, რომ ფანტაზმი არის არა მხოლოდ ძველი, განდევნილი სურვილების რეალობაში გადმოტანის მარტივი ფორმა, არამედ აქტუალური სურვილებისა და ლტოლვების ჩარჩოში მოქცევის მცდელობაც, ანუ ეძებს განცდილი სიამოვნების გამეორებას აწმყოში გადანაცვლების წყალობით.

მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოანალიზის შექმნა საუკუნეს ითვლის, თეორიას აქტუალობა დღესაც არ დუკარგავს, რადგან მან უდიდესი გავლენა მოახდინა არამხოლოდ ფსიქოლოგიის განვითარებაზე, არამედ ზოგადად დასავლურ კულტურაზეც კი. ზიგმუნდ ფროიდი ფსიქოანალიზის ცნებით შეეცადა აეხსნა ადამიანის ფსიქიკის სტრუქტურა, დაედგინა ფსიქოლოგიური პროცესების არსი და მნიშვნელობა.

0
66
შეფასება არ არის
ავტორი:დეა დიხამინჯია
დეა დიხამინჯია
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0