x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რას გულისხმობს ურთიერთობის პასიური, აგრესიული და ასერტიული სტილი?
image

თითოეული ადამიანის ცხოვრება და არსებობა ძნელად წარმოსადგენია ურთიერთობების გარეშე. საზოგადოებაში რომ იცხოვროთ და მის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა მიიღოთ, საზოგადოების წევრებთან სისტემატური ურთიერთობა უნდა გქონდეთ. ჯერ კიდევ არისტოტელე ამბობდა, რომ ადამიანი სოციალური ცხოველია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია ცხოვრება სხვა ადამიანებისგან შემდგარი გარემოცვის გარეშე. სწორედ ამიტომ, დღესდღეობით ცოტა თუ მოიძებნება ისეთი სფერო, სადაც ურთიერთობები მნიშვნელოვანი არ არის. პირად ცხოვრებას რომ თავი დავანებოთ, ცოტაა ისეთი სამუშაო, სადაც ადამიანს სხვების გვერდით არ უწევდეს მუშაობა.


ადამიანები ერთმანეთთან სხვადასხვა სახის ურთიერთობას ამყარებენ. ეს შეიძლება იყოს დედა-შვილის, თანამშრომლებს, კლიენტსა და მომსახურების გამწევ პირს შორის ან სხვა ურთიერთობა. ასეთი დამოკიდებულების გარდა, ურთიერთობები ერთმანეთისგან სიღრმის ხარისხითაც განსხვავდებიან. სიღრმის, ანუ პიროვნული ხასიათის მიხედვით, ისინი შეიძლება განვალაგოთ წრფეზე, რომლის ერთ ბოლოზე იქნება ზედაპირული ურთიერთობები (მაგალითად, კლიენტსა და მომსახურების გამწევ პირს შორის), ხოლო მეორე ბოლოზე ღრმა და პიროვნული ურთიერთობები (მაგალითად, ცოლ-ქმრული). საგულისხმოა, რომ ის, რაც მისაღებია ღრმა, პიროვნულ ურთიერთობებში, ზედაპირული ურთიერთობებისას მიუღებელი ხდება. ასევე, ხშირად ურთიერთობისას ერთი ადამიანი მეტადაა დამოკიდებული სხვებზე, ზოგ შემთხვევაში კი - ურთიერთობა უფრო თანასწორია.


ზოგადად, გამოყოფენ ადამიანებს შორის ურთიერთობის სამ სტილს, ესენია: ურთიერთობის პასიური, აგრესიული და ასერტიული სტილი. პასიურად ურთიერთობის დროს ადამიანი პირდაპირ კი არ ავლენს საკუთარ საჭიროებებსა და გრძნობებს, არამედ სურვილს არაპირდაპირი გზით, არავერბალური მანიშნებლების დახმარებით გამოხატავს. ასეთი ურთიერთობის დროს ადამიანი, უმეტეს შემთხვევაში, საკუთარ სურვილს სხვებს უქვემდებარებს ან მათზე მთლიანად ამბობს უარს. თუ ისეთი თხოვნით მიმართავენ, რომლის შესრულებაც არ სურს, უარის ნაცვლად უამრავ ბოდიშს იხდის ან საბოლოოდ ამ თხოვნას მაინც ასრულებს. დისკუსიაში მონაწილეობისას ხშირად საუბარს იწყებს ფრაზით: „ამ სფეროს ექსპერტი არ ვარ“, ან „დარწმუნებული არ ვარ“, „ალბათ, ამას არ უნდა ვამბობდე.“ ურთიერთობის პასიური სტილის დროს, ადამიანი საუბრობს ნაზი და სუსტი ხმით, გაუბედავად და შესვენებებით. ჩვეულებრივ, თვალებით კონტაქტი გაძნელებულია - საუბრისას ცდილობს მოსაუბრეს არ შეხედოს, იყურება ქვემოთ ან განზე, რადგან ხშირად ამბობს იმას, რასაც არ ფიქრობს.



აგრესიული ურთიერთობის დროს ადამიანი საკმაოდ კარგად გამოხატავს საკუთარ საჭიროებებსა და გრძნობებს, მაგრამ, ძირითადად, ამას სხვების უფლებებისა და გრძნობების ხარჯზე აკეთებს. მისთვის დამახასიათებელია სხვების დამცირება, დაცინვა. როგორც წესი, თუ რაღაც ისე არ არის, როგორც მას სურს, იწყებს შეტევაზე გადასვლას, მოვლენებს კი ისე აღწერს, რომ თვითონ მართალი და სხვაზე უკეთესი გამოვიდეს. ამასთანავე, როდესაც ადამიანი ურთიერთობის აგრესიულ სტილს მიმართავს, ის იმდენად დარწმუნებულია თავის სიმართლეში, რომ სხვებს მაშინაც კი არ უსმენს, როცა ისინი დასმულ კითხვაზე პასუხობენ. ხშირად, საუბარს იწყებს მიმართვით „შენ“ და იყენებს ისეთ კატეგორიულ ტერმინებს, როგორიცაა „ყოველთვის“, „არასოდეს“, რადგან ცდილობს გამოავლინოს თავისი უპირატესობა და სიძლიერე. გარდა ამისა, მისი ქცევა შეიძლება გამოიხატოს სამარისებური დუმილით, აგდებული იუმორით ან გააფთრებული ყვირილით.


რაც შეეხება ასერტიულ ურთიერთობას, ამ დროს ადამიანი საჭიროებებსა და გრძნობებს პირდაპირ გამოხატავს, თუმცა, ანგარიშს უწევს სხვების გრძნობებსა და უფლებებს. ყურადღებით უსმენს სხვებს და შესაბამის უკუკავშირს აძლევს მათ. ამავე დროს, შეუძლია პირდაპირ გამოხატოს თხოვნა და სხვის თხოვნასაც პირდაპირ უპასუხოს უარით. ადვილად შეუძლია ქათინაურის თქმა და მიღება, არ უჭირს საუბრის დაწყება და დასრულება. კრიტიკასაც პირდაპირ, მტრული და თავდაცვითი პოზიციის გარეშე იღებს. ამასთანავე, როდესაც ადამიანი ასერტიულად მოქმედებს, ის სიძლიერესა და ემპათიას ავლენს. მისი ხმა მშვიდი, მტკიცე და კარგად რეგულირებულია, თვალებით კონტაქტი კი ღია და გულწრფელი აქვს, ეს კი მეორე მხარეს თვითპატივისცემას უზრდის. საპასუხოდ, ისინი მოსაუბრის მიმართ კეთილგანწყობას ამჟღავნებენ.


საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ურთიერთობის უნარი თანდაყოლილი არ არის, ადამიანები ამით არ იბადებიან და მისი ერთხელ და სამუდამოდ სწავლაც შეუძლებელია. ამ უნარის განვითარება და დახვეწა ჩვენი ცხოვრების თანმდევი პროცესია.

0
48
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ კოტრიკაძე
მარიამ კოტრიკაძე
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0