x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ალბერ კამიუ და მისი "უცხო"
Camus

ალბერ კამიუ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე, 1913 წელს დაიბადა და 1960 წელს გარდაიცვალა. ორმოცდაოთხი წლის ასაკში, 1957 წელს ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში. ფართოდ არის ცნობილი მისი რომანები „უცხო“ და „შავი ჭირი“, ფილოსოფიური ტექსტებისა და განაზრებების კრებული „სიზიფეს მითი“. იგი ითვლება მეოცე საუკუნის ფრანგული ეგზისტენციალიზმისა და აბსურდიზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად ჟან-პოლ სარტრთან ერთად. აბსურდის ფილოსოფიის მქადაგებელი, აბსურდულადვე დაიღუპა ავტოკატასტროფაში, 1960 წლის 4 იანვარს, როდესაც მან უარი თქვა პარიზში მატარებლით დაბრუნებაზე და თავის გამომცემელთან ერთად ავტომობილით გამგზავრება არჩია.

შეიძლება ითქვას, რომ არა ფრანც კაფკა, არ იქნებოდა ალბერ კამიუ და რომ არა "პროცესი", არ იქნებოდა "უცხო". "უცხო" მცირე ზომის რომანია, თუმცა მასში, შეიძლება ითქვას, ეპოქაა ჩატეული. აქვე ვიტყვით, რომ "პროცესისგან" განსხვავებით, მასში ნათლად ჩანს ნიცშეს და ფროიდის ნააზრევის გავლენა.

სიუჟეტი მარტივია და პირველ პირში, მთავარი გმირის მიერ არის მოთხრობილი. მერსოს, ოცდაათიოდე წლის მამაკაცს, რომელიც ალჟირში ცხოვრობს, გარდაეცვლება მოხუცი დედა, ვინც თვეებია უკვე არ უნახავს, რადგან მოხუცთა თავშესაფარში ჰყავდა მიბარებული. იგი მიემგზავრება დაკრძალვაზე და ყველას აკვირვებს საკუთარი გულგრილობით პანაშვიდსა და დაკრძალვის ცერემონიალზე. მერსო თითქოს არ განიცდის დედის სიკვდილს. უკან დაბრუნებული უმეგობრდება რემონს, სუტენიორს, რომელიც დელიკატურ და რთულ, უსიამოვნო ამბავში გახვევს. საბოლოოდ, მერსო თითქმის უმიზეზოდ, სურვილის ან საჭიროების გარეშე, შეიძლება ითქვას, მექანიკურად კლავს არაბს, რემონის მტერს, რასაც მოსდევს პატიმრობა, სასამართლო პროცესი და სიკვდილით დასჯა.


ისმის კითხვა: რა არის ამ ნოველაში განსაკუთრებული? პასუხი მარტივია: აქ მთავარი არის თავად გმირი, მერსო, რომელთანაც თანამედროვე ადამიანი უამრავ საერთოს პოულობს. ჩვენი აზრით, თუმცა ოდნავ გადაჭარბებით, ის კითხვაც კი შეიძლება დაისვას, არის თუ არა მერსო საერთოდ ადამიანი ზოგადი გაგებით. მისი უმთავრესი თვისება, ეჭვგარეშეა, არის გულგრილობა. მისი მხრიდან ხშირად ისმის ისეთი შინაარსის ფრაზები, როგორიცაა: სულ ერთია, არ აქვს მნიშვნელობა, და სხვა. მართლაც, მისთვის არაფერია მნიშვნელოვანი: არც დედა, მისი სიკვდილი, საკუთარი ცხოვრება, სიყვარული, ოჯახი, მორალი, წარმატება, ღმერთი, საკუთარი სიკვდილიც კი. მასში არაფერი იცვლება მას შემდეგაც კი, როდესაც სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ.

მერსო სრულიად ზედაპირული არსებაა. რადგან ნაწარმოები პირველ პირშია მოყვანილი, მკითხველი შეიძლება ელოდეს, რომ წინ ელის ღრმააზროვანი მსჯელობები, სუბიექტის სულის სიღრმეების მოხილვა და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად მერსო საკუთარ თავს არ უღრმავდება. იგი მუდამ გარეთ არის მიმართული - ადამიანებისკენ, რომლებიც მისთვის სულ ერთია, ქუჩებისკენ, ოთახისკენ, მზისკენ, ზღვისკენ და სხვა. იგი არ უღრმავდება საკუთარ თავს და გარემოც კი, პეიზაჟები, მოვლენები და ადამიანები, როგორღაც ზედაპირულია მისთვის. მერსო არ მსჯელობს მიზეზებზე და მოტივებზე, რადგან მისთვის ყველაფერი სულ ერთია. მთავარი გმირისთვის თითქოს არც წარსული და მომავალი არსებობს, უაზრო აწმყოშია გამოკიდებული, სადაც არაფერი მნიშვნელობს.

საინტერესოა უკვე საპყრობილეში მისი შეხვედრა სასულიერო და მათ შორის საუბარი, რომლის დროსაც მერსო იმდენად ღიზიანდება, რომ მღვდელს უყვირის და ფიზიკურადაც კი შეურაცხყოფს. იგი არ ნანობს წარსულში ჩადენილ ქმედებებს და მათ შორის არც მკვლელობას. ისე აღიქვამს ამ ქმედებას, როგორც რაღაც უმნიშვნელოს. მისთვის სულ ერთია ადამიანის სიცოცხლეც და მკვლელობის აქტიც. ეს ფაქტი ჯერ კიდევ სასამართლო პროცესის დროს იკვეთება, ხოლო მღვდელთან საუბარი უფრო თეოლოგიურ ხასიათს ატარებს; კერძოდ, ისინი ეხებიან ცოდვისა და ღმერთის ცნებებს. გასაკვირი არ არის, რომ მერსო თავს ცოდვილად არ თვლის, შესაბამისად, არც ცოდვათა გამოსყიდვა სჭირდება. მისთვის არსებობს მხოლოდ დანაშაული და სასჯელი (შეუძლებელია, ამ კონკრეტულ მომენტში პარალელი არ გავავლოთ დოსტოევსკისთან). მერსომ ჩაიდინა დანაშაული (რომელსაც არ ნანობს) და იღებს სასჯელს - პატიმრობას და სიკვდილს, სულ ეს არის, არ არსებობს არავითარი მეტაფიზიკური ბრალი, ცოდვა და საიქიო ცხოვრება, ანდა ცოდვათა გამოსყიდვის აუცილებლობა და შესაძლებლობა, მიტევება. რაც შეეხება ღმერთს, აქ მერსო აგნოსტიკოსსა და ათეისტზე შორს მიდის. იგი არ ამტკიცებს, რომ ღმერთის არსებობის დასაბუთება ან უარყოფა შეუძლებელია, არც გამორიცხავს მის არსებობას, არამედ რადიკალური, აბსოლუტური ნიჰილიზმის პოზიციიდან უდგება საკითხს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მერსო არა მხოლოდ გამორიცხავს ღმერთის არსებობის შესაძლებლობას, არამედ იმასაც კი ამბობს, რომ არსებობს თუ არა ღმერთ, ეს მისთვის სრულიად უმნიშვნელოა. წარმოიდგინეთ, უმაღლესი არსების ნამდვილობის დაშვების შესაძლებლობაც კი, რაც თითოეული ინდივიდის ცხოვრებას და აზროვნებას სრულიად გარდაქმნის, მისთვის სულ ერთია. იგი ცარიელია, ზედაპირული, არაფრის მქონე, არაფრის მსურველი, არ განიცდის, არ ნანობს, არ წუხს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, სადაც ყველაზე მეტად ჩანს კაფკასეული აბსურდის ცნების გავლენა კამიუზე, ის არის, რომ მერსოს სიკვდილით იმის გამო კი არ სჯიან, რომ ადამიანი მოკლა, არამედ უფრო იმიტომ, რომ ამდენად გულგრილი და ცარიელია, იმის გამო, რომ არ განიცადა დედის სიკვდილი, არ უყვარდა იგი, არ დააკლდა, არ ნანობს, არ ახსოვს მისი ასაკი, არ ტირის, მის კუბოსთან სიგარეტს ეწევა და ყავას სვამს.

მერსო ყველა ჩვენგანში ცხოვრობს. ის აბსურდია, დანებება, გულგრილობა. ის სიცარიელეა, რომელიც პიროვნებას აზრს და ფორმას უკარგავს; მერსო მანამდეც კი უკვე მკვდარი იყო, ვიდრე გილიოტინაზე ავიდოდა. ადამიანი ხანდახან სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე წყვეტს სიცოცხლეს. აბსურდი უნდა გადაილახოს და დაიძლიოს, რათა ჩვენ ყველანი არ ვიქცეთ მერსოდ.

0
240
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ცისკარიშვილი
ნიკოლოზ ცისკარიშვილი
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0