x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
დისპოზიციური განწყობა და პიროვნული ნიშნები

ფსიქოლოგიის მიზნების _ აღწერა, ახსნა, წინასწარმეტყველება და კონტროლი, მისაღწევად ხელსაყრელია ისეთი მახასიათებლების გამოყენება, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევენ ადამიანის ქცევის შესახებ. ასეთი მახასიათებლები უნდა მოიცავდნენ და გავლენას ახდენდნენ ქცევითი რეპერტუარის ფართო სპექტრზე და ცალკეული პიროვნების შესახებ უნდა გვაძლევდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას. პიროვნების ფსიქოლოგიაში მსგავსი ფუნქცია აქვს ნიშნების კონცეფციას. ნიშნები გაგებულია, როგორც დისპოზიციები _ წინასწარი მზაობა (რაც მოიცავს თავის თავში ტენდენციასაც) იმისა, რომ კონკრეტული გზით იფიქროს, იგრძნოს და იმოქმედოს ადამიანმა. შესაბამისად, არის დაშვება, რომ თუ ამ ნიშნების _ დისპოზიციების შესახებ გვეცოდინება, შეგვეძლება ვიწინასწარმეტყველოთ მომავალში ამ კონკრეტული დისპოზიციის მქონე ადამიანი როგორ იმოქმედებს.

აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ, ჩვეულებრივ, მოსახერხებელი და ეკონომიურია, რომ ასეთი ქცევის ამხსნელი ან, შეიძლება ითქვას, მაკონტროლებელი წარმონაქმნები გვქონდეს სასრული რაოდენობით. ამასთან, ისინი უფრო ბევრის მომცველი იქნება საკუთარ თავში, ქცევათა ფართო დიაპაზონს ახნის. ამ მიზნით პიროვნული ნიშნების შესწავლისას გამოიყენებოდა ფაქტორული ანალიზი, რომლის იდეაც არის დიდი რაოდენობით ნიშნების გაერთიანება უფრო მსხვილ კატეგორიებად ერთმანეთთან დაკავშირებულობის საფუძველზე. მიღებული უფრო მსხვილი ნიშნების რაოდენობა, ბუნებრივია, გაცილებით მცირეა და თითოეული ქცევათა დიდი ვარიაციის ახსნის საშუალებას გვაძლევს

შოთა ნადირაშვილის მიხედვით, განწყობის თეორიის მეშვეობით შესაძლებელია როგორც ქცევის აღძვრისა და მიმდინარეობის კანონზომიერებათა დადგენა, ასევე პიროვნების შესწავლაც, რადგან, როგორც ის წერს, პიროვნება სწორედ ქცევის მიმდინარეობის, მოქმედების პროცესში ყალიბდება. აქ, სავარაუდოდ, იგულისხმება ის, რომ ქცევის ახალი, რთული ფორმების ათვისების პარალელურად და მეშვეობით მიმდინარეობს პიროვნების განვითარების პროცესი _ იგი ახალ უნარებს, ცოდნას და მისწრაფებებს იძენს (ეს ყველაფერი განწყობის ფსიქოლოგიის მიხედვით, ფიქსირებული განწყობების _ ფიქსირებული ფსიქიკური წარმონაქმნების მეშვეობითაა მოცემული). ამიტომ, ნადირაშვილის მიხედვით, პიროვნების მახსიათებლებისა და ჩვეული ქცევის გაგებისათვის განწყობის ფსიქოლოგიის ფარგლებში შეიძლება გამოვიყენოთ დისპოზიციური განწყობები. ეს ნიშნავს, რომ დისპოზიციური განწყობები წარმოადგნენ ისეთ ტენდენციებს, რომლებიც გავლენას ახდენენ, აღძრავენ ბევრ სხვადასხვა ქცევას და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევენ პიროვნების შესახებ _ მისთვის დამახასიათებელი ქცევებისა და მისწრაფებების შესახებ.

0
46
შეფასება არ არის
ავტორი:აფციაური მარიამ
აფციაური მარიამ
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0