x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ფულადი სანქცია, როგორც თვითიზოლაციის წესის დარღვევის სიხშირის შემამცირებელი განწყობის თეორიის ჭრილში
მსოფლიო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. ვგულისხმობ COVID-19-ს, რომელიც პირველად ჩინეთში დაფიქსირდა და მოკლე პერიოდში გავრცელების იმგვარ მაჩვენებელს მიაღწია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. იქიდან გამომდინარე, რომ ვირუსის გადაცემა ძალიან მარტივად, ჰაერწვეთოვანი გზით ხდება, ფართომასშტაბიანი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციათაგან ერთ-ერთი თვითიზოლაციის წესის დაცვაა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელოვნების შესახებ მედია წყაროები პერმანენტულად გადმოსცემენ, თვითიზოლაციის წესის დარღვევის შემთხვევები მაინც ფიქსირდება. შესაბამისად, იმისათვის, რომ საზოგადოებას მკაფიოდ მიეთითოს რეკომენდაციის დაცვისკენ, დგება ფულადი სანქციის დაწესების საკითხი. საინტერესოა, ნამდვილად აქვს თუ არა ჯარიმას შემაფერხებელი მოქმედება? ვფიქრობ, ჯარიმა, როგორც დამატებითი შემაფერხებელი, შეიძლება იყოს თვითიზოლაციის წესის დარღვევის სიხშის შემამცირებელი საშუალება. აღნიშნული საკითხის განხილვა სხვადასხვა თეორიაზე დაყრდნობით არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში საკითხს განვიხილავთ განწყობის თეორიის ჭრილში.

მანამ სანამ უშუალოდ საკითხის განხილვას შევუდგებით, ორიოდე სიტყვა ვთქვათ განწყობის არსის შესახებ. განწყობა ფსიქიკის მოდიფიცირებული მდგომარეობაა, რომელშიც ერთიანდება როგორც მოთხოვნილება, ისე მისი დამაკმაყოფილებელი ობიექტი. შედეგად კი ფორმირდება ფსიქოფიზიკური მზაობის მდგომარეობა, რომელიც უზრუნველჰყობს მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელი ქცევის განხორციელებას. რა ფუნქცია აქვს განწყობას? განაწყობის უმთავრესი ფუნქცია ადაპტაციაა, რომელშიც ინდივიდის მოთხოვნილებებისა და გარემოს მოთხოვნების თავსებადობაში მოყვანა შეგვიძლია მოვიაზროთ.

იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ ფინანსური სანქციის, როგორც შემაფერხებლის, გავლენის შესახებ თვითიზოლაციის წესის დაცვაზე უპირველესად მიმოვიხილოთ ობიექტივაციის ცნება. აქტს, რომელიც „ადამიანის მოქმედებათა ჯაჭვში ჩართულ საგანს ან მოვლენას გამოჰყობს, შეაჩერებს და დაკვირვების საგანგებო, დამოუკიდებელ ობიექტად აქცევს“ (უზნაძე, 1977, გვ. 139) ობიექტივაციის აქტი ეწოდება. ანუ, როდესაც განწყობა ვერ უზრუნველჰყობს მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელი ქცევის განხორციელებას და ადგილი აქვს ქცევის შეფერხებას, ობიექტივაცია უზრუნველჰყოფს განწყობის, როგორც ემერჯენტული მთელის დაშლას, მაფორმირებელი ფაქტორების გამოყოფას და იმის დადგენას, რომელი ფაქტორი უშლის ხელს მიზნის მიღწევას. რა მიზანს ემსახურება ობიექტივაცია? ის ინდივიდს ეხმარება, რომ ავტომატური, არაცნობიერი ქმედებიდან გადავიდეს ცნობიერებით გაშუალებულ ქმედებაზე. თუ აღნიშნულს განსახილველ საკითხს დავუკავშირებთ, არაცნობიერ ქმედებად შესაძლებელია ადამიანების ცხოვრების ჩვეული რიტმი, სხვა ადამიანებთან სოციალურ ინტერაქციაში ყოფნა მივიჩნიოთ. რაც შეეხება შემაფერხებლებს, გარემოში მრავალი ფაქტორი არსებობს, რომელმაც პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს ქცევის შეფერხება და სხვა მიმართულებით შეცვალოს ის. ფაქტორები გარემოში სხვადასხვა სახით შეიძლება იყოს მოცემული. კერძოდ, შესაძლებელია შემთხვევითად არსებობდეს გარემოში ან ხელოვნურად იქნას შექმნილი სხვადასხვა ორგანოების მიერ ადამიანების ქცევის შესაცვლელად. თუ გავიხსენებთ საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად ყველაზე ხშირად გამოყენებულ შემაფერხებლებს, ალბათ უმეტესობას ფინანსური სანქცია გაახსენდება. კორონა ვირუსთან ბრძოლაში, ადამიანების ჩვეული ქმედებების შესაცვლელად, კონკრეტულად კი, სოციალური ინტერაქციის შემთხვევების შესაზღუდად, სწორედ ფინანსური სანქცია გვევლინება. თუ რა ფაქტორები განაპირობებენ მის შემაფერხებელ მოქმედებას დეტალურად განვიხილავთ ობიექტივაციის სახეებთან მიმართებაში.

ქცევის შემაფერხებლის რაობის მიხედვით, ნადირაშვილი გამოყოფს ობიექტივაციის სამ სახეს: საგნის, სოციალური ზემოქმედების და მე-ს ობიექტივაცია. საკითხს განვიხილავთ სოციალური ზემოქმედების და მე-ს ობიექტივაციასთან მიმართებაში. ქცევის შემაფერხებლად ორივე შემთხვევაში სოციალური ნორმა გვევლინება. მაშინ საინტერესოა, რა განსხვავებაა მათ შორის? აღნიშნულ განსხვავებებზე საუბრამდე განვმარტოთ ნორმა, ანუ ქცევის მოდელი, რომელშიც სოციალური ადაპტაციის ყველაზე კარგი ვარიანტი მოიაზრება. სოციალური ზეგავლენის ობიექტივაციის დროს ქცევას საზოგადოებრივი ნორმა აფერხებს, ხოლო მე-ს ობიექტივაციის დროს ინდივიდში არსებული ფიქსირებული/დისპოზიციური განწყობები. მაშასადამე, შეგვიძლია ვისაუბროთ ნორმის ინტერნალიზების ხარისხზე და ვთქვათ, რომ პირველ შემთხვევაში ადგილი აქვს ინტერნალიზების დაბალ ხარისხს, ხოლო მეორეში-მაღალს. საზოგადოების იმ ჯგუფის შესახებ, რომელიც მკაფიო რეკომენდაციების გადმოცემის მიუხედავად არღვევს თვითიზოლაციის წესს, შეგვიძლია გამოვთქვათ მოსაზრება, რომ მათ არ აქვთ სოციალური განწყობების შესაბამისი პერსონალური განწყობები, რომლებიც შეაფერხებდნენ არასასურველ ქცევას, ანუ ადგილი ექნებოდა მე-ს ობიექტივაციას. სწორედ ასეთ დროს ენიჭება გარემოში შემუშავებულ შემაფერხებლებს, ამ შემთხვევაში ფინანსურ სანქციას დიდი მნიშვნელობა. იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსური სანქცია საზოგადოებრივი ზეგავლენის იარაღია, განვიხილავთ, როგორც სოციალური ზეგავლენის ობიექტივაციას. საინტერესოა, სოციალური ზეგავლენა როგორ უბიძგებს ადამიანებს რომ ქცევა საპირისპირო მიმართულებით შეცვალონ? ყველა ქცევას საფუძვლად ხომ განწყობა უდევს? შესაძლოა ფინანსური სანქცია იმდენად დიდი მნიშვნელობის მატარებელია, რომ ის არასასურველი ქცევის საფუძვლად მდებარე განწყობის საპირისპირო განწყობის გააქტიურებას იწვევს და სწორედ ეს განწყობა ხდება ახალი, სოციალური ნორმის შესატყვისი ქცევის განხორციელების განმაპირობებელი.


იმისათვის, რომ უფრო ნათლად გამოიკვეთოს სოციალური ზემოქმედების მნიშვნელობა ადამიანების ქცევისთვის მიმართულების მიცემაზე, განვიხილოთ ყველასთვის ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე თვალისაჩინო მაგალითი, როდესაც სოციალურმა ზემოქმედებამ არათუ დრობით შეაფერხა კონკრეტული ქცევა, არამედ საზოგადოებაში არსებული კონკრეტული ნორმა გააქრო და დაამკვიდრა საპირისპირო. ვგულისხმობ ავტომობილებში უსაფრთხოების ღვედების მოხმარების ნორმას. თუკი საქართველოს მაგალითს განვხილავთ, უსაფრთხოების ღვედების მოხმარების აუცილებლობის შესახებ კანონი და მისი თანმხლები ფულადი სანქცია რამოდენიმე წლის წინ ამოქმედდა. მანამდე საზოგადოებას არ ჰქონდა გამომუშავებული უსაფრთხოების ღვედის მოხმარების უნარჩვევა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, აღნიშნული ნორმა ადამიანებს არ ჰქონდათ ინტერნალიზებული და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო სამართლებრივი რეგულაცია. საინტერესოა, ფულადი სანქციის ოდენობას თუ აქვს მნიშვნელობა, იმისთვის რომ მას ქცევის შეფერხების ძალა ჰქონდეს? თუ ისევ საქართველოს მაგალითს დავეყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამართლებრივი კანონის თანმხლები ფულადი სანქციის ოდენობა მართლაც მნიშვნელოვანია. აღნიშნულის დასტურია ის ფაქტი, რომ მას შემდეგ, რაც გაიზარდა უსაფრთხოების ღვედის გამოუყნებელობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა, საგრძნობლად იკლო აღნიშნული კანონის დარღვევის შემთხვევების რაოდენობამ. დღესდღეობით კი შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებაში ახალი ნორმაა დამკვიდრებული უსაფრთხოების ღვედების გამოყენების სახით. ვფიქრობ, რომ თავდაპირველად სასურველი ქცევის აღმძვრელად ფინანსური სანქცია გვევლინებოდა, თუმცა აღნიშნული ნორმა ახლა უკვე საზოგადოებაში იმ ხარისხით არის ინტერნალიზებული, რომ უკვე ადგილი აქვს არა სოციალური ზემოქმედების, არამედ მე-ს ობიექტივაციას. აღნიშნულის და ყველაფერ ზემოხსენებულის გათვალისწინების საფუძველზე ვფიქრობ, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინანსურ სანქციას ნამდვილად აქვს არაადაპტური ქცევის შეფერხებისა და საპირისპიროს გააქტიურების უნარი. შესაბამისად ვფიქობ, მართებული იქნება ვთქვათ, რომ თვითიზოლაციის წესის დარღვევის სიხშირის შესამცირებლად იგი ეფექტური საშუალებაა.image

1
29
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ფილიპია
მარიამ ფილიპია
29
  
2020, 3 სექტემბერი, 17:47
მარიამ საინტერესოდ წერ.... ოღონდ ძალიან რთულად – მაგრამ ფაქტია რომ აზროვნებ და აზრებიც მრავალგვარ დართული გაქვს რაც მიხარია.
0 1 1