x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134483
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508536
ინკლუზიური განათლება საქართველოში

ბავშვის უფლებების კონვენციის თანახმად, განათლების მიღება ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა. მათ შორის მოიაზრებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, რომელთა უფლებებზე ზრუნვა ბოლო ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. 1994 წელს სალამანკას დეკლარაციამ და სპეციალური საჭიროების მქონე პირთა განათლების სამოქმედო გეგმამ წინ წამოსწია საკითხი, რომ მნიშვნელოვანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების პრინციპების, პოლიტიკის, პრაქტიკის და სამოქმედო გეგმის არსებობა (The Salamanca Statement and Framework for Action on Special Needs Education, 1994). სწორედ ეს დოკუმენტი იყო საწინდარი იმისა, რომ დაიწყო ინკლუზიური განათლების საყოველთაოდ აღიარება. მას შემდეგ მრავალი ნაბიჯი გადაიდგა მსოფლიოში საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების უფლების დასაცავად და ამ მხრივ, მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა საქართველოშიც.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლი აღიარებს იმას, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2004 წლამდე საქართველოს განათლების სისტემა არ იცნობდა ინკლუზიური განათლების პრინციპებს და შესაბამისად, ნებისმიერი სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროების მქონე პირის განათლების მიღების ერთადერთ შესაძლებლობას სპეციალიზირებული სკოლა წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება განათლების მიღების ფორმის არჩევასთან დაკავშირებით სპეცილური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის უგულებელყოფილი იყო. თუმცა, მას შემდეგ რაც თბილისის 10 საჯარო სკოლაში დაინერგა საცდელი სისტემა, მოხდა სასწავლო პროცესში სპეციალური განათლების პედაგოგების ჩართვა, შეიქმნა რესურს ოთახები და მოხდა გარემოს ადაპტირება, საქართველოში დაიწყო ინკლუზიური განათლების, როგორც ახალი სისტემის განვითარების პროცესი. 2006 წლიდან კანონი ზოგადი განათლების შესახებ კი აღიარებს, რომ შშმ მოსწავლეებს აქვთ უფლება მიიღონ განათლება საჯარო სკოლებში. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის თანახმად ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს ინკლუზიური სწავლების დამტკიცება, ხოლო 33-ე მუხლის მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულები ვალდებულებაა, რომ შექმნას პირობები ინკლუზიური სწავლებისათვის.
თუმცა უბრალოდ კანონებზე საუბარი, ბუნდოვანს გახდის იმას, თუ რეალურად რა დანიშნულება აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების უფლებაზე ზრუნვას ან რატომ არის მნიშვნელოვანი ინკლუზიური სწავლება. პირველ რიგში უმჯობესია განვმარტოთ თუ რას გულისხმობს ინკლუზიური განათლება, ან ვინ არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროები მქონე მოსწავლე.
„ინკლუზიური განათლების“ როგორც ტერმინის გადახედვა რამდენჯერმე მოხდა, საბოლოოდ (2018 წლის შემდეგ) კი ის ჩამოყალიბდა როგორც „თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილია ყველა მოსწავლის განათლება ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების და შესაძლებლობის გათვალისწინებით“. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე კი არის მოსწავლე, რომელსაც სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები აქვს, ვერ ასრულებს შესაბამისი კლასისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს ან/და საჭიროებს ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციას/გაფართოებას, გარემოს ადაპტაციას, ალტერნატიულ სასწავლო გეგმას ან/და სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას;“ ორივე განმარტებიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ როდესაც ვსაუბრობთ ინკლუზიურ განათლებაზე, აქ იგულიხსმება სსსმ მოსწავლეების უფლება, განათლება მიიღონ თანატოლებთან ერთად, თანასწორ გარემოში იმგვარად, რომ მაქსიმალურად შეეწყოს ხელი მათი უნარების განვითარებასა და რეალიზებას, მიუხედავად სხვადასხვაგვარი დარღვევის თუ პრობლემისა.
საქართველოში კანონის დონეზე სსსმ მოსწავლის განათლების უფლება დაცული და მკაფიოდ განსაზღვრულია, თუმცა ამის მიუხედავად დღესდღეობით მაინც მრავალი პრობლემა იკვეთება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მათ შორისაა საზოგადოების ნაწილის მიუღებლობა, სკოლის მასწავლებლების არასაკმარისი ცოდნა ან არაპროფესიონალიზმი, სკოლის არასაკმარისი რესურსები, ბევრ სკოლაში არაადაპტირებული გარემო და ა.შ. თუმცა ვინაიდან ამ საკითხებზე სახელმწიფო აქტიურად ზრუნავს და თუნდაც 2006 წლიდან დღემდე ამ მხრივ პრობლემების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული, შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ განათლების უფლება არა მხოლოდ კონსტიტუციით იქნება განსაზღვრული, არამედ რეალურად მოხდება მისი სრული დაცვა და ყოველი მოსწავლის ხელშეწყობა. ამიტომ ვფიქრობ, ამ ეტაპზე პრობლემებში ჩაღრმავებაზე უფრო მნიშვნელოვანი იმის გამოკვეთაა, თუ რეალურად რა დანიშნულება აქვს ინკლუზიურ განათლებას.
ვინაიდან ვსაუბრობთ სსსმ მოსწავლეების განათლების უფლებაზე, ლოგიკურია, პირველ რიგში ხაზი გავუსვათ იმას, რომ განხილული სისტემით ხდება იმის ხელშეწყობა, რომ მიუხედავად სხვადასხვაგვარი სირთულეებისა, მოსწავლეებს მიეწოდოთ და ხელი შეეწყოთ იმ ცოდნის ათვისებაში, რისი უნარიც მათ გააჩნიათ. განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სსსმ მოსწავლის გონებრივი განვითარება ასაკობრივი განვითარების შესაბამისად მიმდინარეობს და მხოლოდ გარემოს ადაპტირებას საჭიროებს იმისათვის, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღოს. გარემოს ადაპრირებაში იგულისხმება მაგალითად პანდუსები (ეტლით მოსარგებლეებისათვის), ბრაილის შრიფტი (უსინათლოებისა და მცირედ მხედველებისათვის), სპეციალისტების ჩართულობა (მაგალითად, სპეციალური პედაგოგის, ფსიქოლოგის და ოკუპაციური თერაპევტის) და მრავალი სხვა რესურსი. გარემოს ადაპტირების გარდა კი ასევე მნიშვნელოვანია მასწავლებლის დამოკიდებულება. ცნობილი ფსიქოლოგის კარლ როჯერსის მიხედვით, ადამიანებს სწავლის ბუნებრივი ნიჭი გააჩნიათ. მასწავლებლის როლი სწორედ ის არის, რომ სწავლების პროცესში შექმნას ისეთი ატმოსფერო, სადაც მოსწავლეს შეეძლება ასეთი ნიჭის გამოვლენა. პედაგოგები ხელს უნდა უწყობდნენ მოსწავლის პიროვნულ ზრდას მათდამი გულწრფელი და გულღია დამოკიდებულებით. ამით ისინი აჩვენებენ, რომ აფასებენ მოსწავლეებს, მათი ნაკლოვანებების მიუხედავად . როჯერსის თეორია შეგვლიძია სრულად მივუსაბამოთ სსსმ მოსწავლეების გავითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორის - მასწავლებლების და ზოგადად გარემოს დამოკიდებულებას მათდამი და მათი განათლების უფლებასთან დაკავშირებით.
თუმცა, ვფიქრობ, ასევე საყურადღებოა ისიც, რომ განათლების უფლება მხოლოდ ცოდნის მიღების უფლებით არ შემოიფარგლება და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ურთიერთობა ჰქონდეთ თანატოლებთან, ჩაერთონ მრავალ აქტივობაში და თავი იგრძნონ საზოგადოების წევრად. ვგილისხმობ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ სსსმ მოსწავლეები სწავლობენ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად და მათ შესაძლებლობებზე დაყრდნობით მიეწოდებათ სასწავლო მასალები და დავალებები, თუნდაც სრული ხელშეწყობის პირობებშიც, შესაძლოა, მინიმალური ცოდნის ათვისებაც კი ძალიან რთული ან შეუძლებელი გახდეს მძიმე გონებრივი დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის. აქედან გამომდინარე, თუ ინკლუზიურ განათლებას განვიხილავთ როგორც მხოლოდ განათლების მიღების საშუალებას, მსგავს შემთხვევებში ის თავის მნიშვნელობას და აზრს დაკარგავს. ამიტომ ვფიქრობ არანაკლებ მნიშვნელოვანია განათლების მიღების უფლების, როგორც სოციუმში ინტეგრაციის საშუალების განხილვა. ამ მხრივ კი ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა ცალსახაა. თუნდაც ის ფაქტი, რომ უახლოეს წარსულში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები სრულიად გარიყულნი იყვნენ საზოგადოებისგან და მათ მიმართ დამოკიდებულება მკაფიოდ განსხვავდებოდა დღევანდელისგან, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ განათლების უფლება საზოგადოებაში ინტეგრაციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ინკლუზიური განათლება ხელს უწყობს შემდგომში ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას და შესაბამისად საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ადამიანების რეალიზაციასა და თვითდამკვიდრებას. ერთმანეთზე ზრუნვა პოზიტიური დისკრიმინაციის გარეშე და თანასწორი გარემოს შექმნა შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით, წარმოუდგენელია განათლების უფლების გარეშე. ამიტომ ვფიქრობ ამ მხრივ გადადგმული ნაბიჯები საქართველოში მართლაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

image

0
113
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ჭელიძე
ანანო ჭელიძე
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0