x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
„ცხადია, ჩვენ სხვებისთვის ვწერთ, მაგრამ შემოქმედების პროცესში თავად გარდავიქმნებით“, - გაიცანით ახალი ქართველი ავტორი ნიკოლოზ ცისკარიშვილი
image


ოცდაათამდე მოთხრობა და ორი რომანი, მათ შორის „ცეცხლისწამკიდებელი“, რომელიც სულ მალე გამოიცემა და მკითხველს ახალი ქართველი ავტორის გაცნობის შესაძლებლობა ექნება. ნიკოლოზ ცისკარიშვილი საუბარში აღნიშნავს, რომ მისთვის წერა თვითგამოხატვის ყველაზე უფრო მისაღები ფორმა აღმოჩნდა და 3-4 წელია აქტიურად წერს. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა მისი ნაწარმოებების უმეტესობა, რომანი „ცეცხლისწამკიდებელი“ კი კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის“ გამარჯვებული გახდა.


ნიკოლოზი ჯერ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობდა, მოგვიანებით კი - ფილოსოფიის. ამჟამად, დოქტორანტურის საფეხურზე სწავლობს და ამავდროულად, მუშაობს დროის მეტაფიზიკის თემაზე, რომელიც ეხება აინშტაინის ფარდობითობის სპეციალურ თეორიას და დროის ანრი ბერგსონისეულ კონცეფციას. ფილოსოფიას მის შემოქმედებაში საკმაოდ დიდი როლი და დატვირთვა აქვს.


ზოგადად, თქვენს ცხოვრებაში რა გახდა ინსპირაცია, რომ წერა დაგეწყოთ?



ადამიანი ბუნებით შემოქმედია, მას ამისთვის ინსპირაცია არ სჭირდება. მხოლოდ ის გზებია განსხვავებული, რომლის საშუალებითაც, საკუთარ თავს გამოვხატავთ. და მაინც, შეიძლება გამოვყო რამდენიმე მიზეზი, რის გამოც წერა ჩემთვის თვითგამოხატვის ყველაზე უფრო მისაღები ფორმა აღმოჩნდა. პირველი მიზეზი ლიტერატურის სიყვარულია, ბავშვობიდან შეძლებისდაგვარად ბევრს ვკითხულობ და შესაბამისად, შემოქმედების ეს ფორმა ჩემთვის ასე თუ ისე ნაცნობია. მეორე მიზეზი ფილოსოფიაა. ფილოსოფიური ტექსტების გაცნობის შემდეგ, უფრო აქტიურად დავიწყე ფიქრი ისეთ თემებზე, რომელთა გადმოცემაც მხატვრულ ტექსტში მოვინდომე. ამის გამო, შესაძლოა, ზოგიერთი პასაჟი ჩემი ნაწარმოებიდან ბუნდოვანი ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში არ არსებობს ფილოსოფია და აზროვნება ცხოვრების გარეშე და ნებისმიერი, თუნდაც, ყველაზე რთული ფილოსოფიური პრობლემაც კი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გაცხადდება.


თქვენს რომანს „ცეცხლისწამკიდებელს“, რომელიც მალე გამოიცემა, კონკრეტული ამბავი, ისტორია უდევს საფუძვლად?


საერთოდ, ამბების შესახებ წერა მიჭირს. ეს ფრაზა მწერლისგან უცნაურად ჟღერს, მაგრამ იმას ვგულისხმობ, რომ ჩემი ინსპირაციის ძირითადი წყარო რამე იდეა, აზრი, ფიქრი, განცდა ან პერსონაჟია. ამბავი არის ფორმა, რომელშიც ყოველივე ეს ექცევა, რათა ჩვენამდე მოაღწიოს. ამგვარად, წერის პროცესში შემოქმედმა გაცილებით უფრო მეტი რამ შეიძლება ისწავლოს და აღმოაჩინოს საკუთარი თავის და ნაწარმოების შესახებ, ვიდრე თავდაპირველად წარმოედგინა. ნაწარმოების წერა შემოდგომის ერთ წვიმიან და ქარიან დღეს დავიწყე, მაშინ, როდესაც შვებულების დღეებს ქალაქგარეთ ვატარებდი. სხვა ყველაფერი იმ საღამოს დაწერილის გაგრძელება აღმოჩნდა.


რა ჟანრისაა ნაწარმოები და როგორ მკითხველს დააინტერესებს ის?


ვერ ვიტყვი, რომ ნაწარმოები ერთ რომელიმე ჟანრს განეკუთვნება. მასში გვხვდება სათავგადასავლო ელემენტები, ხშირად ვაწყდებით მთავარი გმირის შინაგან მონოლოგებს და მოგონებებს, ვხდებით მისი აზრების, ფიქრების და ემოციების თანაზიარები და მასთან ერთად ვიტანჯებით, რადგან გარდაქმნის ყოველი პროცესი მტანჯველი და მტკივნეულია. წიგნი არის ბრძოლაზე, სიმამაცეზე, პიროვნების გარდაქმნაზე, შიშზე, მტრობაზე, რწმენაზე, სიკვდილზე, ღმერთის ძიებაზე, გაქცევასა და დევნაზე. ფაქტობრივად, ეს არის ერთი ძალზე დიდი, ტანჯვით სავსე დევნის ამბავი, რომელიც სრულიად მოულოდნელი შედეგით სრულდება.


ცეცხლისწამკიდებელი“ კონკურსის გამარჯვებული გახდა. რატომ გადაწყვიტეთ კონკურსში მონაწილეობა?


ვფიქრობ, ხელოვნების სფეროში განსაკუთრებით რთულია პირველი ნაბიჯების გადადგმა, მით უფრო ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. კონკურსში მონაწილეობის მიღება ორი მიზეზით გადავწყვიტე: პირველი, ალბათ, მჭირდებოდა იმის დასტური, რომ რასაც ვაკეთებდი, მნიშვნელოვანი იყო, ესე იგი, მჭირდებოდა შემფასებელი, რომელიც ჩემი შემოქმედების ხარისხს დაადასტურებდა, რადგან მწერალს ხშირად უჭირს საკუთარი ნაწარმოების შეფასება, მეორე მიზეზი კი ერთგვარი პლატფორმის შექმნის სურვილი იყო. ცხადია, ჩემმა სამეგობრო წრემ იცოდა, რომ ვწერდი, მაგრამ ისევე როგორც ყველა შემოქმედს, მეც მსურდა, ნაშრომები ფართო საზოგადოებისთვის წარმედგინა. ამისთვის, პროექტი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ და გამომცემლობა „პალიტრა L” საუკეთესო საშუალებაა. იმისთვის, რომ ასეთი საშუალება მომეცა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კონკურსის ორგანიზატორებს, ჟიურის წევრებს და გამომცემლობას. რომ არა ეს კონკურსი, ალბათ კიდევ დიდხანს ვერ გავბედავდი ჩემი ნაწარმოების რომელიმე გამომცემლობისთვის შეთავაზებას. ამასთან, კონკურსში მონაწილეობის მიზანი არ ყოფილა მხოლოდ საკონკურსოდ წარდგენილი რომანის გამოქვეყნება, არამედ ისიც, რომ მომავალშიც განვაგრძო წერა და ამ საქმიანობას უფრო მეტი დრო დავუთმო. აქვე, მივმართავ ყველა იმ ადამიანს, ვისაც კონკურსში მონაწილეობა უნდა და რამე მიზეზის გამო ნაბიჯის გადადგმა უჭირს: თუკი წერა გსურთ, წერეთ რაც შეიძლება მეტი და გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომ თქვენი ნაწარმოებები უკეთესი გახდეს, უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს. ეს კონკურსი დამწყები და უკვე შემდგარი მწერლებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა თავის გამოსაჩენად და შემოქმედების ახალ ეტაპზე გადასასვლელად.


კონკურსში გასულ წელსაც მონაწილეობდით, თუმცა გამარჯვებულებს შორის ვერ მოხვდით. რა გამოცდილება მიიღეთ და ეს გამოცდილება წელს თუ დაგეხმარათ?


ნებისმიერი სახის მარცხი და გამარჯვება გამოცდილებაა. ვინც ეს არ იცის, ის, შესაძლოა, დანებდეს. შარშან სრულიად შემთხვევით გავიგე კონკურსის შესახებ და ჩემი ერთ-ერთი რომანიდან ნაწყვეტი გავგზავნე. სამწუხაროდ, გამარჯვება ვერც ხმებით შევძელი და ვერც ჟიურის დახმარებით. მიზეზების შესახებ ვერაფერს ვიტყვი. მომავალ წელს უფრო მომზადებული შევხვდი და შევძელი კონკურსისთვის უფრო შესაფერისი ნაწარმოების შერჩევა, რამაც, საბედნიეროდ, შედეგი მოიტანა და ჟიურის რჩეული გავხდი. მწერალი ყოველი დაწერილი მოთხრობის და ნოველის შემდეგ იზრდება. ცხადია, ჩვენ სხვებისთვის ვწერთ, მაგრამ შემოქმედების პროცესში თავად გარდავიქმნებით. სწორედ ამიტომ, შემოქმედება მუდმივ განვითარებას და თვითშემეცნებას გულისხმობს. ის, ვისაც ეს არ შეუძლია, მხოლოდ ამბებს ყვება, ხოლო მწერალი აღწერს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ ამბავია, იგი სამყაროს და ადამიანის სიღრმეში ცდილობს შეჭრას და ამ მცდელობისას საკუთარ თავს აღმოაჩენს.


ამჯერად, რამდენად ელოდით გამარჯვებას და რას შეცვლის ეს გამარჯვება თქვენს ცხოვრებაში?


სიმართლე რომ ვთქვა, გამარჯვებას არ ველოდი. ცხადია, ბოლო წუთამდე მქონდა მცირე იმედი, მაგრამ გამარჯვებულთა სიაში საკუთარი გვარის ამოკითხვამ გულწრფელად გამაკვირვა. შესაძლებელია, ამ გამარჯვებამ ბევრი რამ შეცვალოს ჩემთვის: შესაძლებლობა მომეცეს, უფრო მეტი დრო დავუთმო ლიტერატურულ საქმიანობას და, რაც მთავარია, მეტი თავდაჯერებით ვწერო. თუნდაც მხოლოდ ის ფაქტი, რომ ერთი უცხო ადამიანი მაინც წაიკითხავს ჩემს ნაწარმოებს, ძალიან ბევრს ნიშნავს. როგორი თვითმყოფადიც არ უნდა იყოს შემოქმედი, ის მაინც შემფასებელზე, ხალხზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ჩემთვის დიდი პატივი და გამოცდაა მასშტაბების ასეთი ზრდა.


რას ეტყვით იმ ადამიანებს, ვინც თქვენი წიგნის წაკითხვას აპირებს?


ნებისმიერი სახის ლიტერატურა საინტერესოა, თუმცა ნამდვილ შემოქმედებას ორი უმთავრესი მიზანი აქვს: შემეცნება და გარდაქმნა. ადამიანი, რომელიც წიგნს იღებს ხელში, საკმარისად მამაცი უნდა იყოს ახალ სამყაროში სამოგზაუროდ და საკუთარი თავის გარდასაქმნელად. არაფერს, თვით უდიდეს ნაწარმოებსაც კი არ შეუძლია ჩვენი შეცვლა, ის მხოლოდ გვიბიძგებს რაღაცისკენ, დანარჩენი კი ჩვენზეა დამოკიდებული: ან შევებრძოლებით შიშებს, კომპლექსებს, ბოროტებას და არასრულყოფილებას, რომელიც გვაბრკოლებს, ან არასდროს დავტოვებთ კომფორტის ზონას და მარად ერთნი დავრჩებით. მწერალს არ შეუძლია თქვას, რამდენად კარგია მისი ნაწარმოები, სამაგიეროდ, მან შეიძლება გვითხრას, თუ რამდენად უკეთესი გახდა მისი შექმნის პროცესში. რადგან ადამიანები ვართ, არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენს შინაგან სამყაროსთან მარტო დარჩენის და არაუშავს, თუ განმარტოვებით მყოფნი იმაზე უფრო საზარელ არსებებს წავაწყდებით, ვიდრე წარმოგვედგინა, რადგან ყოველთვის შეგვიძლია გამოვნახოთ საკუთარ თავში ძალა, რომ ერთი საფეხურით ავმაღლდეთ. როგორც უკვე ვთქვი, ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა ჩვენს შინაგან სამყაროში მიმდინარეობს და მთავარი სწორედ აქ გამარჯვებაა.



0
8
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0