x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ინკლუზიური განათლება და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები
განათლების მიღება ყველა ინდივიდის ფუნდამენტური უფლებაა. შესაბამისად, ყველა სახელმწიფო ვალდებულია, რომ მიუხედავად მოსწავლეების საგანმანათლებლო თუ ფსიქოლოგიური საჭიროებისა, უზრუნველჰყოს მათთვის განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა. მიუხდავად ამისა, სამწუხაროდ, არსებობს შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ფაქტორების გამო, საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობა ნაკლებად ხელმისაწვდომია. რა ფაქტორებმა შეიძლება განაპირობონ განათლების ნაკლები ხელმისაწვდომობა? განვიხილავთ რომელი სტრუქტურების ერთობლივი მოქმედებით ხდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის განათლების ხელშეწყობა და რა როლს ასრულებს სახელმწიფო, საგანმანათლებლო პერსონალი და სოციუმი სათანადო პირობების შექმნაზე, კერძოდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ხელშეწყობაზე. სანამ უშუალოდ აღნიშნული საკითხის განხილვას შევუდგებოდეთ, უპირველესად განვმარტოთ რას ვგულისხმობთ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეზე საუბრისას.

საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს სწავლასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სირთულე აღენიშნება, ამიტომ უჭირს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მინიმალური მოთხოვნების შესრულება. შესაბამისად სასწავლო გარემოში ფუნქციონიების გასაუმჯობესებლად და სწავლის ხარისხის ასამაღლებლად ისინი ისეთი სახის ხელშეწყობას საჭიროებენ, როგორიცაა: გარემოს ადაპტაცია, ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაცია, ფსიქოლოგიური ხელშეწყობა და სხვა. სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეების ხელშეწყობასა და მათ ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად ინკლუზიური სწავლება უზრუნველჰყოფს.

თუ ინკლუზიური განათლების განვითარების ისტორიას გადავხედვთ, პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით 1994 წელს გადაიდგა. ვსაუბრობ სალამანკას დეკლარაციაზე, რომელმაც ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ცვლილებებს მისცა ბიძგი. კერძოდ, სალამანკას დეკლარაციამ და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა სამოქმედო გეგმამ გამოთქვა მოსაზრება, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების სამოქმედო გეგმის არსებობა საჭიროა და ძალიან მნიშვნელოვანია (The Salamanca Statement and Framework for Action on Special Needs Education, 1994). აღნიშნული მოდელის მიხედვით, ყველა ადამიანი, განურჩევლად მისი შესაძლებლობებისა და შეზღუდვებისა, უნდა იღებდეს განათლებას თანატოლებთან ერთად. აღნიშნული ფაქტის შემდგომ თანდათანობით დაიწყო ინკლუზიური განათლების მნიშვნელობის აღიარება როგორც მსოფლიოში, ისე კონკრეტულად საქართველოში. საქართველოში ინკლუზიური განათლება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულ მიმართულებად 2006 წლიდან იქცა, ხოლო 2012 წლიდან საჯარო სკოლებისთვის ინკლუზიური განათლება სავალდებულო გახდა.

მანამდე საქართველოში საზოგადოება ინკლუზური განათლებისა და მისი მნიშვნელოვნების შესახებ გათვითცნობიერებული არ იყო. ინკლუზიური განათლება საქართველოს სკოლებში თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ დაინერგა და ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. იმ ფაქტზე, რომ ამ მიმართულებით ამჟამად საქართველოში უფრო დამაიმედებელი მდგომარეობაა ვიდრე წლების წინ იყო, მეტყველებს ის, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რიცხვი გაიზარდა. რამდენიმე წლის წინ როგორც საზოგადოების ცნობიერება იყო დაბალი ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით და მშობლები თავს არიდებდნენ შვილების სკოლაში მიყვანას, ისე საგანმანათლებლო გარემო არ იყო მზად, რომ მათთვის სრულფასოვანი განათლება მიეცა და ადაპტირებული გარემო შეეთავაზებინა. პოზიტიურია ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებები მზად და აღჭურვილნი არიან, რომ მიიღონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.


რაც შეეხება მოსწავლეთა განათლებისა და განვითარების ხელშეწყობას, საგანმანათლებლო დაწესებულებამ სხვადასხვა კუთხით შეიძლება შეუწყოს ხელი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განვითარებას სასწავლო გარემოში. ეს საკითხი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ, რადგან მხოლოდ სხვადასხვა სისტემების შეთანხმებული ფუნქციონირებით მიიღწევა სასურველი შედეგი. მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ადაპტირებული გარემოს არსებობა, ისე სასწავლო გეგმის ინდივიდუალური შერჩევა, ფსიქოლოგიური და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა. სოციალიზაციის პროცესზე საუბრისას, სსსმ მოსწავლის თანატოლებთან ურთიერთობას და ინტეგრაციას მოვიაზრებთ. ამ საკითხში ვფიქრობ მნიშვნელოვანია მშობლებისა და სასწავლო პერსონალის შეთანხმებული მოქმედება და ბავშვებისთვის იმის სწავლება, რომ ყველა ჩვენგანი თანასწორი და თანაბარუფლებიანი ადამიანია, განურჩევლად სქესის, უნარების, საგანმანათლებლო საჭიროებების და სხვა ასპექტებისა. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც სასწავლო დაწესებულებებში სსსმ მოსწავლეებთან მუშაობენ, ამ მიმართულებით საქართველოში დღეს უკვე არსებობენ სათანადო ცოდნის მქონე ინტერდისციპლინარული გუნდი: სპეც მასწავლებელი, დამრიგებელი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, რომლებიც ზრუნავენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განვითარებაზე, სასწავლო პროცესში ჩართულობასა და თანატოლებთან წარმატებულ ინტეგრაციაზე. აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, სახელმწიფო გამოყოფს სხვა სპეციალისტებსაც.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ინკლუზიური განათლების დანერგვამდე საქართველოში სკოლები ორ კატეგორიად იყოფოდა: სპეციალური სკოლები (სსსმ ბავშვებისთვის) და ჩვეულებრივი საჯარო სკოლები. როგორც უკვე აღვნიშნეთ დღეს საქართველოს საჯარო სკოლები მზად არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიღებისთვის და შესაბამისად მკაცრად დიფერენცირებული სკოლები ამ მიმართულებით ნაკლებად არსებობს. თუ ინკლუზიური განათლების ეფექტებზე ვისაუბრებთ ამ კონკრეტულ ჭრილში და უფრო მეტად განვავრცობთ ზემოთ ხსენებულ სოციალიზაციის პროცესს და თანატოლებთან ურთიერთობას, ვფიქრობ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საგანმანათლებლო პროცესში ჩართვა თანატოლებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია. თანატოლებთან ურთიერთობის პროცესში სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები თანატოლებისგან ადაპტურ ქცევებს მიბაძვით სწავლობენ და შემდგომში, გარკვეული პერიოდის შემდეგ, აღნიშნული ქცევების ინტერნალიზებას ახდენენ. თუ პროცესს პირიქით განვიხილავთ, ტიპური განვითარების ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა რომ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონდე ბავშვებს. აგრეთვე რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწავლობენ ემპათიას, ზრუნვასა და თანადგომას.

განხილულ საკითხებზე დაყრდნობით, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, საქართველოში ინკლუზიური განათლების პროცესი ეტაპობრივად ვითარდება. ამჟამად საქართელოში მნიშვნელოვნად უკეთესი მდგომარეობაა ამ მიმართულებით, რადგან როგორც ვნახეთ, სახელმწიფო ნამდვილად უწყობს ხელს სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ადაპტაციასა და განვითარებას სასწავლო გარემოში. შემდგომი განვითარებისთვის ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, როგორც საკანონმდებლო ბაზის მუდმივი დახვეწა და განვითარება, ისე საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება ამ საკითხთან მიმართებაში. თუკი ინკლუზიური განათლების ზემოთ აღნიშნულ პოზიტიურ ეფექტებს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუკი სასწავლო გეგმა ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და საჭიროებაზე იქნება მორგებული და აგრეთვე, რაც შეეხება სოციალიზაციის პროცესს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები იგრძნობენ, რომ სკოლა მათთვის მხარდამჭრი და მზრუნველი გარემოა, სადაც მათ პატივს სცემენ, აფასებენ და ზუსტად ისევე ეპყრობიან, როგორც მათ სხვა თანატოლებს, მივიღებთ პოზიტიურ და სასურველ შედეგს, კონკრეტულად, განათლებულ, მოტივირებულ, სრულფასოვან და სრულუფლებიან მოქალაქეებს.

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ფილიპია
მარიამ ფილიპია
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0