x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ნოდარ ბახტაძე: "სირცხვილი იმ გუთნისდედას, მამა-პაპის საფლავს ხნავდეს.."
image



"სირცხვილი იმ გუთნისდედას, მამა-პაპის საფლავს ხნავდეს"... იცანით მეორე, უახლეს ფოტოზე გამოსახული ძეგლი? დიახ, ეს კვლავ ჩვენი საამაყო, გრემის მთავარანგელოზთა სატაძრო კომპლექსია, ოღონდ ძაძებით მოსილი...




შემოღობილია მასზე აღმოსავლეთიდან მისადგომი მხარე: კერძო პირმა მეღვინეობა-სავაჭრო-კომერციული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ერთდროულად დარღვეულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის კანონმდებლობით გათვალისწინებული რამდენიმე მუხლი.




ვიზუალურ მხარეს თავიც რომ დავანებოთ (ოდესმე, შთამომავლები ხომ დაანგრევენ ამ ხორცმეტს და ტაძარი თვალწარმტაც იერს დაიბრუნებსო), მშენებლობის ნებართვა გაცემულია ზედ გასულ საუკუნეში დიდი ძალისხმევით, არქეოლოგიური გათხრებით, მთელი ქართველი საზოგადოებრიობის სასიხარულოდ გამოვლენილი "სამეფო უბნის" შემადგენელი, მრავალგზის გამოქვეყნებული ძეგლების შემცველ ფართობზე.





ორიოდე თვის წინ, ჩემ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე, სასამართლომ ზედ სატაძრო კომპლექსთან მიმდინარე ეს სამუშაო და მასზე გაცემული ნებართვა უკანონოდ ცნო, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ქართული კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართული განადგურება გაამართლა და მშენებლობა ფართო ფრონტით განახლდა.





უფრო მეტიც: ქართული ხუროთმოძღვრების ღირშესანიშნავი ძეგლების უხვად შემცველი, რეაბილიტაციამდე დროებით შენახული ქალაქ გრემის სამეფო უბნის მთელი ტერიტორიაც უკვე გასხვისებულია კერძო პირებზე, უახლოეს ხანებში კომერციული მიზნებისთვის გამოსაყენებლად. ანუ, ცოტა ხანში ეს უბანი, მე-16 საუკუნის, უცხოელი ელჩების მიერ აღწერილი სასახლე-შადრევნების, "აკადემიის" შენობის, ობსერვატორიის და სხვა უნიკალური ძეგლების ნაშთებით, მალე აღარ იარსებებს.




სადღაც-სადღაც, ახალ არქეოლოგიურ სამუშაოებს ვუფინანსებთ გარკვეულ მეცნიერებს საბიუჯეტო თანხებითო... როგორ დავიჯეროთ სერიოზული სახელმწიფო ინტერესი ასეთი კვლევების მიმართ, როდესაც 60 წლის წინ აღმოჩენილი სწორუპოვარი ძეგლების განადგურებას უწყობენ ხელს ჩვენ თვალწინ... ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?





სანამ გვიან არ არის, ქართველი საზოგადოებრიობა ერთ მუშტად უნდა შევიკრათ: ქართული ეროვნული სიწმინდე და სიამაყე, გრემის მთავარანგელოზთა სწორუპოვარი კომპლექსი ამ დანაშაულებრივად მიშენებული ხორცმეტით არ უნდა შეიბღალოს, ხოლო, არქეოლოგიურად უკვე გამოვლენილ ნაქალაქარ გრემის მთელ ამ უბანს, საჩქაროდ უნდა დაუბრუნდეს სამუზეუმო-საგანმანათლებლო ფუნქცია!"- წერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ბახტაძე.

0
213
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0