x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში „ფრონტერას“ წინააღმდეგ დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
image

ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ დედოფლისწყაროს საბადოდან დეკემბერში განთავისუფლებული თანამშრომლები დედოფლისწყაროში დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და კომპანიის კუთვნილი, ნედლეულით დატვირთული მანქანა რამდენიმე საათით შეაფერხეს. საპროტესტო აქციები გასულ კვირას მას შემდეგ დაიწყო, რაც „ფრონტერას“ ოპერირების უფლება გაუგრძელდა და მათ საბადოდან ნედლეულის გატანა დაიწყეს.


პერმანენტული პროტესტის მიზეზი ყოფილი თანამშრომლების მიმართ კომპანიის 11 თვიანი სახელფასო დავალიანებაა, რომელსაც 84 ნავთობმომპოვებელი ერთ წელზე მეტია, უშედეგოდ ითხოვს. ნავთობკომპანიასთან შეკრებილების თქმით, სახელფასო დავალიანების გაუსტუმრებლობა ახლახან ერთ-ერთი თანამშრომლის თვითმკვლელობის მიზეზიც კი გახდა.


აქციის მონაწილეებთან იმყოფებოდა „ფრონტერას“ დედოფლისწყაროს საბადოს მენეჯერიც. გიორგი ჯანიაშვილმა დავალიანების გასტუმრების კონკრეტული ვადა ვერ დაასახელა.



„არ ვიცი, ვერ გეტყვით, რა ვადაში შეიძლება დავალიანება დაიფაროს“, – განაცხადა ჯანიაშვილმა.


შეგახსენებთ, საარბიტრაჟო დავა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში საქართველომ „ფრონტერას“ ცოტა ხნის წინ მოუგო. სასამართლომ კომპანიას ძებნა-ძიების ტერიტორიის დაბრუნების, ასევე შესაბამისი თანხების ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა. ფრონტერამ დედოფლისწყაროში მის სარგებლობაში არსებული მიწის მხოლოდ 1% დაიტოვა, დანარჩენი კი სახელმწიფოს დაუბრუნა. აღინიშნა, რომ ტერიტორიის 99%-ს კომპანია წლების მანძილზე არ იყენებდა და მასზე საძიებო სამუშაოებს არ ახორციელებდა.


კომპანია „ფრონტერა“ დედოფლისწყაროში საძიებო სამუშაოებს 1997 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს, თუმცა ამ დრომდე საქართველოს ბიუჯეტში 1 ლარიც არ შეუტანია.


დედოფლისწყაროს ტელევიზიის ინფორმაციით, „ფრონტერას“ 84 თანამშრომლის დავალიანება მილიონ ლარს აღწევს. განთავისუფლებულმა თანამშრომლებმა კომპანიას სასამართლოში შვიდი თვის წინ უჩივლეს. გათავისუფლებული თანამშრომლები საპროტესტო აქციებს პერმამენტულად მართავენ.


რამდენიმე დაღის წინ, საქართველოს მთავრობამ კომპანიის თითოეული გათავისუფლებული თანამშრომლისათვის, ერთჯერადად, 1200 ლარიანი დახმარების გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. დაზარალებულ თანამშრომლებს პერიოდულად დედოფლისწყაროს მერიაც ეხმარება.


* * *

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ 6 აგვისტოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ამერიკულ კომპანია „ფრონტერასთან“ თანამშრომლობის საკითხზე ისაუბრა. გაირკვა, რომ დედოფლისწყაროს საბადოზე დასაქმებული და შემდეგ პროტესტის გამო სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები საქართველოს მთავრობისგან ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ.


თურნავას თქმით, ამჟამად, მთავრობა ფრონტერასთან "საკმაოდ პოზიტიურ და აქტიურ კომუნიკაციაშია და გარკვეული ტექნიკური საკითხების გასავლელად შეხვედრისთვის ემზადებიან." ამავდროულად, თურნავას თქმით, დიდ პრობლემად რჩება იმ 84 თანამშრომლის სახელფასო დავალიანების საკითხი, რომელიც ფრონტერამ გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლა.


"ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ ეს ადამიანები. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ერთჯერადად 1 200 ლარის დახმარება გაუწიოს". – განაცხადა თურნავამ.


ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ მოუწოდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, რადგანაც დღეს მათი საქმიანობის შემაფერხებელი გარემოებები არ არსებობს.


საქართველოს მთავრობა ამერიკულ ენერგომომპოვებელ კომპანია ფრონტერასთან კონტრაქტს არ წყვეტს და კომპანიას უფლებას აძლევს, საქმიანობა აქამდე არსებული ტერიტორიის 1%-ზე გააგრძელოს.


ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზია ის ზიანი, რაც ამ საქმის გამო მიადგა საქართველოს საინვესტიციო იმიჯს, სხვა შემთხვევაში კი კომპანიასთან კონტრაქტის მთლიანად გაუქმება იგეგმებოდა.


შეგახსენებთ, 4-5 აგვისტოს ამერიკული ნავთობკომპანია „ფრონტერას“ წინააღმდეგ დედოფლისწყაროს საბადოდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი 11 თვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას და სამსახურში აღდგენას მოითხოვენ.


0
98
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0