x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
3 შფოთვითი აშლილობა რომლის შესახებაც შეიძლება არაფერი იცოდეთ
image


თითქმის ყველა ჩვენგანს განუცდია როგორი გრძნობაა შფოთვა და ნერვიულობა. დაჭიმულობა კუნთებში, "პეპლები მუცელში" და გახშირებული გულისცემა გვეუბნება, რომ ჩვენ მშვიდად არ ვართ. ეს სრულიად ნორმალურიცაა, რადგან არსებობს ისეთი სიტუაცებიც, სადაც ბუნებრივია რომ ავღელდეთ, მაგალითად, ბნელ და უკაცრიელ ჩიხში შუაღამით. შეგვეძლებოდა კი გავმკლავებოდით ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს, როგორიცაა ქორწილში სადღეგრძელოს თქმა, რომ არ ვნერვიულობდეთ და არაფერს განვიცდიდეთ? ალბათ არა. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ადამიანებს შფოთვა საგრძნობლად უძლიერდებათ და გარკვეულწილად კონტროლს კარგავენ საკუთარ ყოველდღიურ ფიქრებსა თუ გრძნობებზე. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენ ჯანმრთელობას, ურთიერთობებს, სამსახურს და გართობასაც კი. ალბათ რთული არ არის წარმოვიდგინოთ, თუ რამხელა ტკივილს განიცდის ადამიანი, რომელიც მუდმივად რაღაცაზე წუხს, ან როგორი ჩაკეტილია და მორცხვია ესა თუ ის პიროვნება რომ თავისი გრძნობების გამო ყოველთვის გაურბის პაემნებს, მიუხედავად დიდი სურვილისა. ეს საკმაოდ ნაცნობი სიტუაციებია, მაგრამ შფოთვითი აშლილობა შეიძლება ისეთ სიტუაციებში გამოვლინდეს რომ თავდაპირველად საერთოდაც ვერ მივხვდეთ პრობლემის სრულ არსს.

დიაგნოსტიკის და სტატისტიკის ცნობარის მეხუთე გამოცემა (Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders (DSM–5)) არის ამერიკული ფსიქიატრიული ასოციაციის სია ფსიქოლოგიური დარღვევების შესახებ. ეს უზარმაზარი კრებული დეტალურად ხსნის ყველა აშლილობას და ახდენს მათ კატეგორიზაციას. 2013 წელს ქცევითი აშლილობების სექციაში მოხდა დიდი გადატრიალება და იგი დაიყო რამდენიმე ცალკეულ სექციად, რომლებიც მოიცავს ტრავმასა და სტრესთან დაკავშირებულ აშლილობებს და ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას. ზოგი უფრო ნაკლებად ცნობილი და ხშირი აშლილობა "მიიფანტ-მოიფანტა" და ზოგმაც საერთოდ ახალი სახელი მიიღო, მაგრად ექსპერტები თანხმდებიან, რომ კატეგორიებს შორის დაყოფა ჯერ მკაფიოდ არ არის დასრულებული.

გადავიდეთ შფოთვის იმ სამ აშლილობაზე, რომლებიც ნაკლებად ცნობადი და იშვიათია, მაგრამ საკმაოდ რეალური და შემაწუხებელი პრობლემებია აშლილობის მქონე პიროვნებებისთვის. მოდი ვნახოთ მათი სახელები, არსი და მათი განკურნების მეთოდები.

1. სელექციური მუტიზმი

სელექციური მუტიზმი არის შფოთვითი აშლილობა, რომელიც ჩამოყალიბებას 2 დან 5 წლამდე ასაკში იწყებს და ძირითადად ბავშვებს ახასიათებს. ის გულისხმობს მეტყველების უუნარობას კონკრეტულ სოციალურ სიტუაციებში, მაგალითად, სკოლაში ან საბავშვო ბაღში. ამ აშლილობის მქონე ბავშვები მხოლოდ მაშინ იწყებენ საუბარს, როდესაც თავს დაცულად, მოდუნებულად და კომფორტულად გრძნობენ. ეს საკმაოდ იშვიათი აშლილობაა და ბავშვების მხოლოდ 1% ში გვხვდება. ბავშვები ძირითადად ამარცხებენ ამ აშლილობას, მაგრამ მოზარდები, რომლებსაც პატარა ასაკში სელექციური მუტიზმი ახასიათებდათ, მიდრეკილი არიან სხვა ქცევითი აშლილობების მიმართ. "დიდი აფეთქების თეორიის" ფანებს ალბათ გაგახსენდებათ რაჯი, რომელსაც ახასიათებს სელექციური მუტიზმი, კერძოდ, არ შეუძლია მდედრობითი სქესის ადამიანებთან საუბარი. სერიალისგან განსხვავებით, ეს აშლილობა ზრდასრულ პიროვნებებში უიშვიათესი მოვლენაა.

სელექციური მუტიზმის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდია კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია - სტრუქტურული, პრაქტიკული, და მოკლევადიანი მკურნალობა, რომელიც მიზნად ისახავს ინდივიდის ქცევებისა და ფიქრების შეცვლას. ბავშვებს, ვისაც ეს აშლილობა ახასიათებთ, თერაპევტი ეხმარება, რომ უამრავი წახალისებით და შექებით თავიდან გაიარონ გზა ყველაზე მარტივი სიტუაციიდან - ყველაზე რთულ სიტუაციამდე, სადაც საუბარი უწევთ. ვფიქრობ, ეს მიდგომა რაჯსაც დაეხმარებოდა!


2. სხეულის დისმორფული აშლილობა

სხეულის დისმორფული აშლილობა შფოთვითი აშლილობაა, რომლის დროსაც პიროვნება ნერვიულობს და შფოთავს, რადგან თვლის, რომ მისი გარეგნობის რომელიმე დეტალი არის ნაკლოვანი. შეიძლება სხვები სულ ვერ ამჩნევდნენ ამ "ნაკლს", მაგრამ აშლილობის მქონე ადამიანებს ეს ფაქტი მდგომარეობას არ უმსუბუქებს. აშლილობის მქონე პიროვნება ხარჯავს უამრავ დროს, ფულსა და ენერგიას გარეგნობის შესაცვლელად და"ნაკლის" დასაფარად . ეს სერიოზულ პრობლემებს იწვევს, რადგან ადამიანები ამ პრობლემების გამო თავს არიდებენ სოციალურ ურთიერთობებს და ხდებიან იზოლირებული.

სხეულის დისმორფული აშლილობის მქონე ადამიანები ხშირად იკეთებენ პლასტიკურ ოპერაციებს. 7-15 პროცენტს იმ ადამიანებისა, რომლებიც მიმართავენ პლასტიკურ ქირურგიას, აქვთ სხეულის დისმორფული აშლილობა. სამწუხაროდ, ოპერაცია მათ პრობლემას ვერ ჭრის, ის მხოლოდ დროებითი გამოსავალია, სანამ ახალი "ნაკლოვანება" გამოჩნდება გამოსასწორებელი.

ექსპერტები თვლიან, რომ ცნობილ ამერიკელ მუსიკოსს, მაიკლ ჯექსონს, ჰქონდა სხეულის დისმორფული აშლილობა. მაიკლის მიერ გადატანილი ძალიან დიდი რაოდენობით პლასტიკური ოპერაციები და მისი რადიკალურად შეცვლილი გარეგნობაც ამყარებს ამ თეორიას.

მედიკამენტურ და ფსიქოთერაპიულ მკურნალობას შეუძლია შეამსუბუქოს შფოთვა. მკურნალობის მიზანია პაციენტს დაეხმაროს პრობლემის სათავის იდენტიფიცირებაში და სხეულის "ნაკლის" გამო გამოწვეული მუდმივი შფოთვის დაძლევაში.


3. ტრიქოტილომანია

ტრიქოტილომანია შფოთვითი აშლილობაა, რომლის დროსაც პიროვნებას აქვს სხეულიდან თმის ამოგლეჯვის დაუძლეველი სურვილი, ძირითადად სკალპიდან, წამწამებიდან და წარბებიდან.


ტრიქოტილომანიის მქონე ადამიანები ცდილობენ შეეწინააღმდეგონ ამ დაუოკებელ სურვილს, მაგრამ წინააღმეგობისგან გამოწვეული სტრესი იმდენად ძლიერია, რომ ამას ვერ ახერხებენ, ამიტომ ამ აქტის განხორციელება მათ დიდ შვებასა და სიამოვნებას ანიჭებს. ზოგიერთი თმას უბრალოდ აგდებს, ზოგი კი თამაშობს ან ჭამს და ამ მოქმედებას რიტუალად აღიქვამს. ტრიქოტილომანია იწვევს დიდი რაოდენობით თმის დაკარგვას, მიაქვს ძალიან დიდი დრო და ენერგია და იწვევს სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობას, რაც ხელს უშლის ამ აშლილობის მქონე ადამიანებს ნორმალური ცხოვრების გაგრძელებაში. ძირითადად, ეს აშლილობა 1-3 პროცენტამდე ადამიანებს ახასიათებთ - უმეტესად ქალებს. ის ყალიბდება თინეიჯერობის ასაკში და შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდეს.

შეიძლება გაგიკვირდეთ როდესაც გაიგებთ, რომ ისეთ ცნობილ და მიმზიდველ ადამიანებსაც, როგორებიც ოლივია მუნი, შარლიზ ტერონი და ჯასტინ თიმბერლეიკი არიან, აქვთ ტრიქოტილომანია.

ბიჰევიორალური და მედიკამენტური თერაპია ერთად არის ყველაზე ეფექტური გზა ტრიქოტილომანიის დასამარცხებლად. თერაპიის ეს მეთოდი მოიცავს ყოველკვირეულ სესიებს, სადაც ადამიანები ითვისებენ ახალ უნარებს, თუ როგორ შეიკავონ თავი, გააკონტროლონ ემოციები და შეცვალონ გარემო-პირობები იმგვარად, რომ ვეღარ შეძლონ თმის ამოგლეჯვა, მაგალითად ატარონ ხელთათმანი.

ტრიქოტილომანია არ არის თმის პრობლემა, როგორც სხეულის დისმორფული აშლილობა არ ნიშნავს ულამაზო ცხვირის ქონას ან სელექციური მუტიზმი არ ვითარდება ენის ბარიერის პრობლემის გამო. მნიშველოვანია, ჩავწვდეთ ამ აშლილობების სათავეს, რაც უმეტეს შემთხვევაში ნეგატიური ემოციები და ამ ემოციებთან გამკლავების უუნარობით გამოწვეული სტრესია. ეს ნაკლებად ცნობილი აშლილობები არა მხოლოდ იწვევს შფოთვას, არამედ გვართმევს თავდაჯერებულობას და ძალას, რომ გავუმკლავდეთ უარყოფით ემოციებს.


0
153
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე ჯინჭარაძე
ელენე ჯინჭარაძე
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0