x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103593
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467973
როგორ დააარსეს შუასაუკუნეების ფშავლებმა შუაგულ კახეთში ავტონომია


image
დაგპირდით, რომ ქიზიყელთა წარმოშობის ისტორიას გიამბობდით. ქიზიყი, ანუ ისტორიული კამბეჩოვანი - (“ესე ეწოდა კამბეჩთა სიმრავლისთვის“ - ვახუშტი) .
საქართველოს ისტორიული და ძირძველი პროვინციაა. თუმცა, უფრო ადრეულ ხანაში ეს მხარე კამბისენედ იწოდებოდა. ადვილად მიდგომადი მდებარეობის გამო ეს ტერიტორია გადამთიელთა ინტენსიური თარეშის ობიექტი იყო.




ჩვენი მიზანი არ არის სტატიაში ამ მხარის დასაბამისეული ისტორია მოგითხროთ. მხოლოდ უკანასკნელი ხუთი საუკუნის მანძილზე შექმნილ პერიპეტიებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რამაც ქიზიყის გენეტიურ-დემოგრაფიული რუკა ძირეულად შეცვალა.





ბევრმა არ იცის, რომ ქიზიყის დღევანდელი სახით ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი და დომინანტური წვლილი ფშაველთა ქვეეთნოსმა შეიტანა. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია დოკუმენტი, სიგელი -, რომელიც ერთიანი საქართველოს ერთ-ერთ უკანასკნელ მონარქს - ალექსანდრე პირველს ეკუთვნის ( ეს მეფე ხალხმა სააღმშენებლო ღვაწლისთვის ალექსანდრე დიდად შემოუნახა მატიანეს) მეფე ალექსანდრემ უაღრესად მძიმე მემკვიდრეობა მიიღო - ნათემურლენგარი საქართველო.




თუ როგორ შეკრა ამ ხელმწიფემ დაქუცმაცებული და გაპარტახებული ქვეყანა კვლავ ერთ სამეფოდ, ამაზე შეგიძლიათ “ქართლის ცხოვრებაში“ წაიკითხოთ, ჩვენ აქ მის ერთ ღონისძიებაზე შევჩერდებით, რომელმაც ნახევრად მკვდარი საქართველოს მობრუნების საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. კერძოდ, კახეთის მხარე კამბეჩოვანი დაღუპვას რომ გადაარჩინა - იმაზე.





ზემოთნახსენები სიგელით მეფე ალექსანდრე მოუწოდებდა ფშავლებს გადმოსახლებულიყვნენ დღევანდელი ქიზიყის ტერიტორიაზე და გაციებული კერა გაეცოცხლებინათ. მთიელები გამოეხმაურნენ აბსოლუტის თხოვნას და იმავე წელს (1440 წ.) ფშაური მოსახლეობის 1-ლი ნაკადი ბარისკენ დაიძრა. ამ მოახალშენეებმა დაარსეს ახალი სოფლები : საქობო, რაც საქვაბეს ნიშნავს ფშაურად, მაღარო, ( ფშავის უმსხვილესი დასახლების მაღაროს მოსახლე სოფელი. ) ასევე მოგვიანებით ჯუგაანი, რომელიც უკანაფშავიდან წამოსულ ჯუგაშვილებს (ჯუღაშვილებს) დაუფუძნებიათ. საქობოს ძველი სახელი საქვაბე (ქვაბები, გამოქვაბულები) ყოფილა, მაგრამ მთიელთა მოსვლის შემდეგ ფშაური კილოკავის შესაბამისად სახელდებაც გადასხვაფერებულა.





ფშავლები როგორც ჩანს, ქიზიყში შაჰ-აბასის შემოსევის შემდეგაც ჩამოვიდნენ. ეს შესაძლოა იყო მეორე ნაკადი, ან ძველი ჩამოსახლებულების შთამომავლები, რომლებიც მშობლიურ კუთხეს სეფიანთა განუწყვეტელი შემოსევების გამო დაუბრუნდნენ.




განსაკუთრებული ზიანი და ქართველი ხალხის გენოციდი მაინც აბას პირველის ლაშქრობებს მოჰყვა. აღნიშნული ოთხი შემოსევის დროს (1614-1617) კახეთმა უდიდესი და გამოუსწორებელი ზარალი ნახა: თავისი მოსახლეობის ორი მესამედი დაკარგა, დარჩენილმა ნაწილმა „ტყეებსა და ჯაგებს“ შეაფარა თავი. ასი ათასამდე მტერს შეაკვდა, 1614 წლის კახელების სპარსეთში გადასახლების შემდგომ მოვლენებზე, იმაზე, თუ როგორი საქართველო დარჩა ირანის ლომის “სტუმრობის“ მერე, ბერი ეგნატაშვილის “ახალ ქართლის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ:




„რომელნიმე ლეკთა ამოსწყვიტეს და დაატყვევეს და რომელნიმე მორჩეს თუშეთს, ფშავს და ხევსურეთს“. ანუ მცირე ნაწილი აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობისა გაიხიზნა მთიანეთში და ამ გზით გადარჩნენ. მათ შორის უნდა ყოფილიყვნენ ერთ დროს ფშავიდან ქიზიყს ჩამოსულთა შთამომავლობაც. სწორედ ის ხალხი, რომლებიც თავის დროზე მთიდან ჩამოსახლდა."





ქიზიყური კილო - მოსულ ფშაველთა ენისა და დამხვდური კახური დიალექტის შერევის შედეგად უნდა წარმოქმნილიყო. მეტიც, სიღნაღის რაიონის მცხოვრებთა ( აქ არ ვგულისხმობთ ასი წლის წინ დედოფლისწყაროში ვაჟას მიერ ჩამოსახლებულ ფშავლებს) მეტყველება უფრო ფშაურია, ვიდრე კახური, უბრალოდ გურჯაანულად უქცევენ. სპეციფიკურ გრამატიკულ თავისებურებათა და ლექსიკური ერთეულების სიუხვის საფუძველზე ეს განცხადება თამამად შეგვიძლია გავაკეთოთ.





და ბოლოს, ქიზიყელთა ისტორიულ-სოციალური სტატუსის შესახებ. ეს იყო უბატონო ანკლავი, ავტონომია ფეოდალურ კახეთში. კითხვა ყოველთვის ჩნდებოდა, ისტორიული წინაპირობის არმცოდნეთაგან ეს პარადოქსული და უჩვეულო მოვლენა როგორ უნდა ახსნილიყო. პასუხი ისევ ზემომოყვანილ სიგელშია. -უბატონო მთიელებმა, - ფშავლებმა, რომელთაც ბოლო დრომდე მოჰყვათ უღელდაუდგმელი ქედი, უცვლელად გადმოიტანეს მთაში ცხოვრების წესი, ( ან შესაძლოა სოციალური უკრძალველობის შენახვის პირობით დათანხმდნენ ადგილის გამოცვლას, სადაც თავისუფალ მეთემეებად ცხოვრობდნენ. ფშავი, განსხვავებით სხვა მთიანი კუთხეებისგან, ვერც მრისხანე ფეოდალმა ზურაბ ერისთავმა დაიპყრო დიდი სისხლისღვრის მიუხედავად . შესაბამისად არაგვის საერისთაოში არასდროს შედიოდა).





ჩამოსულთა ერთ ნაკადს, შემდეგ რამდენიმე სხვაც მოჰყვა და ბოლოს ეთნიკური თვალსაზრისით დომინანტური წილი ქიზიყში ფშავლებმა დაინამდვილეს.
ბოლო მასშტაბური გადმოსახლება (რასაც ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში ნიკო ბერძენიშვილის მიხედვით მთიელთა ჩამოწოლა ჰქვია) უნდა მომხდარიყო მე-18 საუკუნის 30-40 იან წლებში. ეს ერეკლე მეორის მეფობის ადრეული პერიოდია, ის დრო, როცა ნადირ-შაჰ ავშარის მიერ აღმოსავლეთ საქართველო კიდევ ერთხელ გაპარტახდა.





ბარული ცხოვრების განმაახლებელ ფშაველთა სწორედ ამ მესამე დიდ ტალღას უნდა მოეტანა უკვე მამიშვილობებად დაშლილი ძირგვარ-ქვეგვართა განშტოებები და განაყარი გვარების სისტემა.




გადასვლის პროცესი როგორც ჩანს გვიანობამდე გრძელდებოდა. იმ პერიოდშიც კი, როცა ფშავში ქვეგვარები მამიშვილობებად იშლებოდა. მე-18 საუკუნეში ჩანან გადასულები გოდერძაული ბეროშვილები, ღარიბაშვილები და ხელაშვილები, გოგოჭური ტურაშვილები, ქისტაური ელიზბარაშვილები, უკანაფშაველი კვირიკაშვილები, ჭიჩოელი ნადირაშვილები და კიდევ სხვა განაყარი ფშაური გვარებისა, რომელთაც ბარული ელფერით განაგრძეს ქიზიყში არსებობა.



ეს არის გამოსაცემი წერილის შავი ვარიანტი, რომელიც განვრცობის შემდეგ დაიბეჭდება."


ილია ფხოველი

0
163
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0