x
მეტი
  • 30.09.2020
  • სტატია:103638
  • ვიდეო:347818
  • სურათი:468035
აბიტურიენტები, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგები აჩვენეს!

დღეს 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საგნების შედეგები ქართული ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცხადებით დასრულდა! აპლიკანტები ახლა საბოლოო ჩარიცხვებს ელოდებიან, რომელთა შედეგებიც აპელაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. მანამდე კი სიამოვნებით წარმოგიდგენთ აბიტურიენტებს, რომლებმაც ინგლისური ენის გამოცდაში მაქსიმალური - 80 ქულა დააფიქსირეს.

image

პირველ რიგში, 17 წლის იქტორ დათაშვილს წარმოგიდგენთ, რომლისთვისაც გამოცდების ციებ-ცხელება განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო. მან თბილისის 182-ე საჯარო სკოლა დაამთავრა.

---

ვიქტორ, თავდაპირველად გვითხარით, როგორ ემზადებოდით ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რა სირთულეები შეგხვდათ?

''რთული წელი იყო, გამოცდების ახალ მოდელს, სამწუხაროდ, კორონა ვირუსიც დაემთხვა, რამაც ბევრი აბიტურიენტის შედეგზე უარყოფითად იმოქმედა, საბედნიეროდ, მასწავლებლებმა შეძლეს ჩემთვის მოტივაციის მოცემა და გავედით შესანიშნავ შედეგზე''.

თითქმის იმავე ფაქტორებზე საუბრობს ჩვენი შემდეგი რესპოდენტიც, ასევე 80-ქულიანი აბიტურიენტი - ბარბარე ჭყოიძე, რომელმაც ქალაქ ხაშურის #3 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. აღსანიშნავია, რომ 2017-2018 წლებში ბარბარე FLEX-ის გაცვლითი პროგრამით ქალაქ მონტკლერში, ვირჯიის შტატში, აშშ-ში, იმყოფებოდა.

''ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის თავიდანვე ვემზადებოდი, მაგრამ ცოდნის სისტემაში მოსაყვანად განსაკუთრებით ბოლო თვეს ვიმუშავე და სასურველი და მოსალოდნელი შედეგებიც დავდე. წლევანდელი აბიტურიენტების ყველაზე კარგად მესმის. ურთულეს პირობებში მოგვიწია გამოცდებზე გასვლა და ბევრისთვის დარწმუნებული ვარ, დიდი ფსიქოლოგიური სტრესიც იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს შევძელით და ყველა აბიტურიენტს ვულოცავ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას''.

სიამაყით წარმოგიდგენთ კიდევ ერთ ოქროსმედალოსან და 80-ქულიან ახალგაზრდას, რომელმაც ქალაქ გურჯაანის #2 საჯარო სკოლა დაამთავრა. ეს 18 წლის ვაჟა ფურცელაძეა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ჩვეულ რიტმში ემზადებოდა და მასწავლებლის მითითებებთან ერთად აბსოლუტურ კონცენტრაციას ჩასაბარებელ საგნებზე ანაწილებდა. როგორც თავად ამბობს, წლევანდელ გამოცდებზე შეტანილი ცვლილებები მისთვისაც გარკვეულ სირთულეს წარმოადგენდა: ''საგანი, რომლის ჩაბარებაც მსურდა სასურველი მიმართულებით სწავლის გასაგრძელებლად სხვა საგნით ჩანაცვლდა და იძულებული გავხდი, ხელმეორედ განმესაზღვრა პრიორიტეტები''.

---

მიუხედავად იმისა, რომ უცხო ენებში სტატისტიკურად საკმაოდ მაღალი შედეგები ფიქსირდება, უმაღლესი ქულის მიღებას საკმაოდ მძაფრი ემოციები ახლავს თან. რა შეგრძნება დაგეუფლათ, როცა შედეგების ნახვისას თქვენს გრაფაში მაქსიმალური შეფასება დაგხვდათ?

ვიქტორი: ''შედეგების დადების ზუსტი დრო ცნობილი არ იყო, დილის ათ საათზე სრულიად შემთხვევით გადავაწყდი naec-ის პოსტს და შერეული ემოციებით გავხსენი ჩემი შედეგები, ამის შემდეგ, ალბათ, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი''.

ბარბარეც აღტაცებით გვიყვება, რომ, მიუხედავად მაქსიმალური ქულის მოლოდინისა, რასაც მისი ერთწლიანი ამერიკული გამოცდილებაც უწყობდა ხელს, საკუთარი თვალით ნანახმა წუთიერი შოკი მოჰგვარა. აქვე სიხარულით აღვნიშნავთ, რომ ბარბარეს არა მარტო ინგლისურში, არამედ ისტორიაშიც მაქსიმალური ქულა აქვს.

ვაჟა: ''როდესაც გავიგე, რომ ინგლისურში მაქსიმალური შეფასება მივიღე, იმდენად დიდი სიხარულის გრძნობა დამეუფლა, რომ ემოციებს ვეღარ მოვუყარე თავი. მოგვიანებით, გააზრებასთან ერთდ უფრო და უფრო სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა. მოლოდინი მქონდა, რომ მაღალ შეფასებას მივიღებდი, თუმცა, პარალელურად, საკუთრ თავს ფსიქოლოგიურად ვამზადებდი, რომ შეიძლებოდა სასურველ შედეგზე ოდნავ ნაკლები მიმეღო. ეჭვები განსაკუთრებით ქულების მოახლოებასთან ერთდ გამიმძაფრდა, თუმცა მიხარია, რომ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა სრულად შევძელი''.

---

უცხო ენის, მით უმეტეს ინგლისურის, კარგად ცოდნა არა მარტო გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლადაა საჭირო, არამედ შემდეგი განვითარებისთვის, პროფესიული წინსვლისთვის. ენების შესწავლის პროცესში მრავალი ფაქტორი იღებს მონაწილეობს და დაინტერესებული პირები არცთუ ისე მცირე პრობლემებს აწყდებიან ხოლმე. ახალგაზრდებო, როგორ ფიქრობთ, რა წარმოადგენს სირთულეს უცხო ენის შესწავლის პროცესში და როგორ დაძლიეთ თავად?

ვიქტორი: ''ვფიქრობ, უცხო ენის შესწავლაზე რთული მისი გამოყენებაა, გამოცდაზე კი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის, ენის მარტივად ასათვისებლად საუკეთესო ვარიანტი შემდეგია: გამოიყენეთ ნასწავლი სიტყვები მეგობრებთან საუბრის დროს, ალბათ, სასაცილოდ და მწყრალად მოგეჩვენებათ ქართულ წინადადებაში ჩართული ინგლისური სიტყვა, მაგრამ შედეგისთვის ღირს, მენდეთ''.

ვაჟა: ''ვფიქრობ, ძირითად სირთულეს უცხო ენაში ლექსიკა წარმოადგენს, რომლის გაღრმავებისთვისაც 1 წელი არაა საკმარისი. ამ უკანასკნელის დასახვეწად მიმაჩნია, რომ ფუნდამენტური როლი სმენით ადაპტაციასა და ლიტერატურის კითხვას აკისრია. განსაკუთრებით მოსმენაზე გავამახვილებდი ყურადღებას, რადგანაც ვფიქრობ, საუკეთესო გზაა ენის შესასწავლად. ასეთ შესაძლებლობას კი დღევანდელობა, საბედნიეროდ, ფართოდ გვთავაზობს''.

ბარბარე: ''რა თქმა უნდა, უცხო ენის შესწავლა არ არის მარტივი, თანაც ინგლისური ენა მოგეხსენებათ საერთაშორისო ენაა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სულ სხვადასხვანაირად საუბრობენ და აქცენტიც განსხვავებულია. თუმცა როცა პროფესიონალი ხარ, წინააღმდეგობას არაფერი არ უნდა წარმოადგენდეს''.

პირადად მე სირთულეები არ შემხვედრია. დედაჩემი, ელენე ლაბაძე, ასევე ხაშურის #3 საჯარო სკოლის მასწავლებელია. დედამ მასწავლა ინგლისური 1-ლი კლასიდან და ყველა ჩემი წარმატება მის სახელს უკავშირდება. მე-9 კლასში გავედი მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის, FLEX-ის ტესტირებაზე და ფინალისტიც გავხდი. 1 წელი ვისწავლე ამერიკულ სკოლაში და ვცხოვრობდი ამერიკელ მასპინძელ დედასთან. ვმუშაობ ამერიკული საბჭოების ოფისში ქალაქის წარმომადგენლად. რამდენჯერმე ვიყავი უკრაინაში სხვადასხვა ''ვორქშოფებში'' მონაწილეობის მისაღებად. განსაკუთრებით ბანაკების ორგანიზება მიყვარს. ინგლისურენოვან ბანაკებს ვაწყობ ხოლმე. დიდი პატივია ჩემთვის ბავშვებს ის 10 დღე გავულამაზო, გახალისდნენ, მეგობრები შეიძინონ, რაც შეიძლება მეტი ისწავლონ და ჩემი გამოცდილება გავუზიარო''.

როგორც ბარბარესგან მოვისმინეთ, მას ინგლისურენოვანი ბანაკები, სხვადასხვა ''ვორქშოფები'' დაეხმარა წარმატების მიღწევაში, ხოლო ვიქტორი 5 წლიდან ინგლისურად უყურებდა ანიმაციებსა და ფილმებს, შესაბამისად, მხოლოდ გამოცდის სტილის ათვისება დასჭირდა, ვაჟა კი სასურველი შედეგის მიღებას ყოფილი აბიტურიენტებისგან მიღებულ რჩევებსაც უკავშირებს, რის საფუძვლელზეც საკუთარი ტექნიკის დახვეწა შეძლო.

---

ცხადია, ასეთი ქულებით მოხვედრა არცერთ ფაკულტეტზე არ გაგიჭირდებათ, თუმცა მაინც საინტერესოა, რომელ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტს ირჩევენ საქართველოს ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტები, მოგვიყევით თქვენს სამომავლო გეგმებზეც...

როგორც ბარბარე გვეუბნება, ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე განაგრძობს სწავლას, ხოლო ვიქტორი იმავე უნივერსიტეტში ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის საბაკალავრო პროგრამას გაივლის.

''განვითარების დიდ პერსპექტივას ვხედავ ამ სფეროში, გარდა ამისა, აუცილებლად, უნდა ვისწავლო იაპონური ენა და შევქმნა საინტერესო ვიდეოები ჩემი იუთუბ არხისთვის'' - აღნიშნავს დამატებით ვიქტორი.

ვაჟას დიდი იმედი აქვს, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე მოხვდება, თუმცა ალტერნატივებსაც განიხილავს, რადგან თვლის, რომ ''არასასურველი შედეგისთვის მზადყოფნა ყოველთვის აუცილებელია''.

''თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, დიდი სურვილი მაქვს, რომ დამატებითი განათლება საზღვარგარეთ მივიღო სამანქანო ან ინდუსტრიული დიზაინის განხრით, რადგანაც ჩემს ცხოვრებაში დიდი ნაწილი უჭირავს ხელოვნებას და უკვე მაქვს შესაბამისი უნარები, შევქმნა რთული კონსტრუქციები ნებისმიერი მასალითა და სასურველი დიზაინით. ამგვარი კრიტერიუმებით მაქვს აწყობილი რამდენიმე ხომალდისა და მანქანის მოდელი''.

image


ხშირად ვაწყდებით კამათს განათლების დარგის სპეციალისტებს შორის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხზე - შესაძლებელია თუ არა ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება სასკოლო განათლებით? დღეს ძნელად თუ მოიძებნება ისეთი აბიტურიენტი, რომელიც მინიმუმ ერთ საგანში არ ემზადება რეპეტიტორთან. სწორედ ამ საკითხზე ვთხოვეთ საკუთარი აზრის დაფიქსირება ჩვენს ახალგაზრდა რესპონდენტებს.

ვიქტორი: ''ვფიქრობ, სკოლების მცირე რიცხვს აქვს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ თითოეული აბიტურიენტი მაქსიმალურად მოამზადოს გამოცდებისთვის, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მასწავლებელი დაგეხმარება, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ შენზე ვერ იქნება კონცენტრირებული, თუმცა შეუძლებელი არაფერია, აბიტურიენტს დამოუკიდებლადაც შეუძლია მოემზადოს და მსგავსი წარმატებული შემთხვევები წელსაც გვაქვს''.

ვიქტორს კვერს ბარბარეც უკრავს და აღნიშნავს, რომ ''მთავარია სკოლაში მასწავლებელიც და მოსწავლეც მონდომებული იყოს, დიდი შანსით უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ მე მჯერა, რომ, როცა ადამიანი მიზანს ისახავს და იბრძვის ოცნებების ასასრულებლად, შრომა აუცილებლად ფასდება''.

ვაჟას ვიქტორისა და ბარბარესგან მცირედით განსხვავებული მოსაზრება აქვს.

ვაჟა: ''ვფიქრობ, სასკოლო განათლება ნამდვილად იძლევა ეროვნული გამოცდების მისაღებ ქულებზე ჩაბარების პერსპექტივას, თუმცა არა საკმარისს მაქსიმალურ შედეგებთან მისაახლოებლად. რა თქმა უნდა, მოსწავლის მონდომებას დიდი როლი აკისრია, თუმცა, სამწუხაროდ, მხოლოდ ეს არაა საკმარისი''.

---

ემოციური ფონი და მღელვარება თანდათან მომავალ აბიტურიენტებშიც იზრდება, ზოგიერთი მათგანი უკვე შეუდგა მზადებას ეროვნული გამოცდებისათვის. სწორედ ამიტომ მათთვის ყოველი რჩევა საყურადღებო და გასათვალისწინებელია უკვე გამოცდილი აპლიკანტებისგან. ვიქტორ, ბარბარე, ვაჟა, ეროვნულმა გამოცდებმა თქვენ საკმაო გამოცდილება შეგძინათ, ხომ არ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული სათქმელი ან რჩევა 2021 წლის აბიტურიენტებისთვის?

ვიქტორი: ''ჩემი წარმატების უკან ჩემი მასწავლებელი და ჩვენი შრომაა, აუცილებელია, რომ გყავდეთ მასწავლებელი, რომელიც არა მორიგ მოსწავლედ, არამედ პიროვნებად აღგიქვამთ და დაგეხმარებათ განვითარებაში''.

ბარბარე: ''ჩემი რჩევა იქნება თავიანთი მაქსიმუმი გააკეთონ შესაძლებლობების გამოსავლენად და როცა რამე გულით უნდათ და იბრძვიან ამისთვის, სასურველ შედეგსაც მიაღწევენ. რა თქმა უნდა, იღბალი და გამართლებაცაა ცხოვრება ამ ყველაფერთან ერთად''.

ვაჟა: ''მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ არ დარჩნენ მხოლოდ აკადემიური განათლების იმედად და შეძლებისდაგვარად შეეცადონ, დამატებითი საშუალებებით საკუთარი უნარების დახვეწა-განვითარებას. აუცილებელი არაა, სულ წიგნებში გქონდეთ თავი ჩარგული, თუმცა თუ ძალისხმევას არ დაიშურებთ, მერწმუნეთ, თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება''.

----

აი, ასეთია ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტების თვალსაზრისი. გვწამს, რომ მათი რჩევები, რეკომენდციები და გამოცდილება ნამდვილად დაეხმარება მომავალი წლის აბიტურიენტებს. ვიქტორს, ბარბარესა და ვაჟას კი სხვა აბიტურიენტებთან ერთად სასურველ ფაკულტეტზე მოხვედრასა და უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებთ!

3
547
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
547
  
6 სექტემბერი, 16:16
საკითხები,რომელიც უნდა შეხვდეთ გამოცდებზე ცნობილია გამოცდამდე და ისღა დარჩენიათ,გაიზუთხონ,მერე ხელის სისწრაფის ამბავია. მართვის მოწმობის გამოცდისა არ იყოს,არის კონკრეტული საკითხები,რომელსაც იზეპირებენ და ისე აბარებენ,მერე გაიხედავ გზაში და უამრავი ავარია,უამრავი მსხვერპლია. ბევრი რო არ გავაგრძელოთ,სისტემა შესაცვლელი და ეს ეროვნული გამოცდები გასაუქმებელი. სკოლები უნდა გადავიდნენ კერძო მესაკუთრის ხელში,ხოლო უნივერსიტეტში მიღება უნდა ხდებოდეს სკლოლის მოსწრების საფუძველზე.
6 სექტემბერი, 16:10
იმხელა სტატიაა,რომ კაცს ეგონება სასიხარულოდ გვაქვს საქმე. ამ ბავშვებს არაფერს ვერჩი,მაგრამ არაკონკურენტულ გარემოში წარმატების მიღწევა არ გამახარებდა.ვინც შეძლო და ფული ქონდა,მათ უმაღლესი ქულები დადეს,მაგრამ ვისაც არ ქონდა ისინი განწირულები არიან სახელმწიფოს უნიათო უნივერსიტეტსთვის. სკოლაში სწავლა საერთო აღარ მიმდინარეობს და პრაქტიკულად,12 კლასი ტყუილი დროის ხარჯვაა. ჩემმა უბნელმა ბავშვი ლამის სიარულზეც მოამზადა რეპეტიტორთან და 70% გრანტი აიღო. 4 წელი ფული გადაყარა ტიპმა,რათა შემდეგი 4 წელი 1575 ლარი დაეზოგა და მის შვილს გპი ესწავლა. არა,სიამაყით კი ამაყობს,მარა აქვს კი საამაყოდ საქმე? ეს ე.წ. ყველაზე მაგარი შედეგის მქონე აბიტურიენტებიც მსგავს დღეში არიან და სწორედ ეს არის განათლების პრობლემა საქართველოში,ყველას უნდა დიპლომიანი შვილი,ხოლო ცოდნა თუ არ ექნება არავის ადარდებს. მერე დაგვიწყებენ წუწუნს,რატომ ტაქსაობს ჩემი ორ დიპლომიანი შვილია. ესწავლა ის საქმე,რაც მოწონდა და არ დახამებოდა გრანტს,სამარიაჟოდ არ გაეხადა საკუთარი მომავალი და ექნებოდა სამსახური. ხო, სულ დამავიწყდა,ასეთი "განათლებული" თაობა რო გვყავს ყოველ წელს,მაგიტომ ხომ არ ვართ ქაქში? დაგუგვლის გარეშე ვერ გეტყვიან,რამდენი ჯარისკაცი ყავდა დავით დიდგორში და რა შემადგენლობა იყო,ნუ გარჩევაზე ხო ზედმეტია საუბარი.
10 აგვისტო, 19:45
წარმატებები, ბავშვებო
0 1 3