x
მეტი
  • 30.09.2020
  • სტატია:103638
  • ვიდეო:347818
  • სურათი:468032
„გიორგის უკრაინაში წასვლის შემდეგ ძალიან გავიზარდე“ - ნინო ჩხეიძე
image


მომღერალი ნინო ჩხეიძე ამბობს, რომ ქმარმა მას თითქმის ყველა ოცნება აუსრულა და გაანებივრა. ამასთან ის გიორგის მის საუკეთესო მეგობარს და მრჩეველს უწოდებს.


ნინომ ჟურნალისტებთან სიყვარულზე, ურთიერთობასა და პროფესიულ ჩვევებზეც ისაუბრა, ასევე, ის მოვლენაც ახსენა, რომელმაც მის ცხოვრებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა იქონია და ის გააძლიერა. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში“ გამოქვეყნებული ინტერვიუდან ამონარიდს:


– პროფესიული ჩვევა...


– იმ დღეს, როცა სცენაზე გამოვდივარ, ვარ ჩუმად, არ ვსაუბრობ. დღის განმავლობაში უნდა ვიყო განმარტოებული, დავიძინო და დავისვენო. ეს აუცილებელი რიტუალი მაქვს. კიდევ, მნიშვნელოვანია ყოველ გამოსვლაზე მეცვას ახალი კაბა – განწყობას მმატებს და მეხმარება იმაში, რომ ყველაფერი კარგად ჩავატარო.

– სიყვარული...

– ერთადერთი ძალაა, რომელიც ღირებულია ამ ქვეყანაზე და რომლისთვისაც ვცხოვრობთ. სიყვარულია ის, რაც ყველაფერს ატრიალებს. ადამიანს რატომღაც ჰგონია, რომ ეს გრძნობა მხოლოდ კონკრეტული ვინმეს მიმართ სიყვარულით შემოიფარგლება. ასე არაა, სიყვარული ყველაფერია და ყველაფერშია. როცა შეყვარებული ხარ, მისი ენერგიით ივსები, ბრწყინავ, ანათებ და წარმატებასაც აღწევ. ეს ენერგია არის ის, რაც ამოძრავებს დედამიწას. ჩემს თავსაც ვეუბნები ხოლმე: ყოველდღე უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენში ეს გრძნობა განვავითაროთ-მეთქი. რაც უფრო მეტი გვექნება სიყვარულისგან გამოწვეული დადებითი ემოცია, ბევრად უფრო კარგად ვიქნებით ჩვენც და ჩვენს გარშემო მყოფებიც.

– დრო და სიყვარული...

– ყველა ურთიერთობაში, გინდ დედაშვილური, გინდ ცოლქმრული, აუცილებელია პატივისცემა. ურთიერთობაში არ მიყვარს დისტანციის დარღვევა, ერთმანეთთან ზღვარგადასული საუბარი. როცა ადამიანები ამ დისტანციას კარგავენ, მერე უფასურდებიან ერთმანეთისთვის, რაც აფუჭებს ნებისმიერ ურთიერთობას. მე ჩემს მეგობრებთანაც მაქვს ზღვარი, რომელსაც არ გადავალ და არც ის მომეწონება, თუ თავად გადმოკვეთენ.

– მეუღლის როლი...

– ძალიან დიდია. ჩემი მშობლები სულ მანებივრებდნენ, მაგრამ ეს გააორმაგა და გააათმაგა გიორგიმ. რაც კი მინდოდა და რაც კი ოცნება მქონდა, ყველაფერში გვერდით დამიდგა. თუნდაც ის, რომ სიმღერა ჩამეწერა და სცენაზე გამოვსულიყავი, გიორგის დამსახურებაა, მან მომცა ამის გამბედაობა და სტიმული. დღემდე ყველანაირად მეხმარება, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაღაც საკითხებზე ვორჭოფობ ხოლმე. გიორგი ყოველთვის კარგი მრჩეველია.

– ვეჭვიანობ...

– კი. მაგრამ წლებთან ერთად ვცდილობ, დავაბალანსო, თუმცა მაინც ეჭვიანი ვარ და ეს თვისება ურთიერთობებში მიშლის ხელს, რადგან ან ისე უნდა იყოს ყველაფერი, როგორც მე მინდა ან – არა. იმდენად ეჭვიანი ვარ, რომ მაწუხებს ხოლმე, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– ალბათ, გიორგის უკრაინაში წასვლამ. მას შემდეგ ძალიან გავიზარდე და ბევრი რამე ავიღე საკუთარ თავზე, მანამდე პატარა გოგო ვიყავი და ყველაფერს ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი.


წყარო: თბილისელები
0
153
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0