x
image
დავითი ჩუთლაშვილი
საქართველო ავტოავარიებში დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით ევროპაში პირველ პოზიციებზეა
საქართველოს გზებზე რომ უმძიმესი სიტუაციაა და ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, ფაქტია და ამას ყველანაირი სტატისტიკა მოწმობს. მსგავსი კატასტროფული ვითარება ძირითადად იმითაა გამოწვეული, რომ საგზაო კანონმდებლობა ჩვენთან მეტისმეტად ლიბერალურია, ავტოსაგზაო შემთხვევების ჩამდენი მძღოლები მკაცრად არ ისჯებიან და თუ მძღოლს “ზურგი” აქვს, იოლად ახერხებს სასჯელის თავიდან აცილებასაც კი. მაგრამ მოდით, მაინც გადავხედოთ ევროპის სხვა ქვეყნებს, რათა ვიცოდეთ, თუ რა ვითარებაა იქ და რამდენად საგანგაშოა სიტუაცია ჩვენთან მათ ფონზე.


როგორც ევროპის პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 2010-2019 წლებში ევროკავშირის ქვეყნებში ავტოსაგზაო შემთხვევათა შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 23 %-ით დაიკლო. ყველაზე საუკეთესო ქვეყნები ამ მხრივ ევროკავშირში შვედეთი და დიდი ბრიტანეთი იყვნენ. აქ 2019 წელს ერთ მილიონ მცხოვრებზე გაანგარიშებით ავტოავარიებში გარდაცვლილთა რიცხვი 30-ზე ნაკლები აღმოჩნდა. ოდნავ უარესი, მაგრამ მაინც სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი ვითარებაა გერმანიაში, დანიაში, ჰოლანდიაში, ირლანდიაში, ფინეთსა და ესტონეთში. აქ შარშანდელი მონაცემების მიხედვით ერთ მილიონ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ავტოავარიებში 30-დან 39-მდე ადამიანი დაიღუპა.


ავსტრიასა და ესპანეთში წლიურად 40-დან 49-მდე ადამიანი იღუპება მილიონ მოსახლეზე. ხოლო ჩეხეთს, სლოვაკეთს, იტალიას, სლოვენიას, საფრანგეთს, ბელგიას და ლუქსემბურგს რაც შეეხება, აქ გარდაცვლილთა რიცხვი ერთ მილიონ მცხოვრებზე 50-59-ს შეადგენს.


გაცილებით უარესი მდგომარეობაა საბერძნეთში, უნგრეთში, კვიპროსზე, ლიტვასა და პორტუგალიაში, სადაც მილიონ მცხოვრებზე გათვლით ავტოკატასტროფებში 60-69 ადამიანი კვდება, მაგრამ ევროკავშირის სრული ანტირეკორდსმენები პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ლატვია და ხორვატია არიან. აღნიშნულ ქვეყნებში ერთ მილიონ სულზე გათვლით შარშან გარდაცვლილთა რიცხვი 70-ზე მეტი იყო.



საქართველოს რაც შეეხება, შარშან ავტოსაგზაო შემთხვევებში ერთ მილიონ სულ მოსახლეზე გათვლით 120 ადამიანზე მეტი დაიღუპა. ეს 500 %-ით და მეტით უფრო უარესი სტატისტიკაა ევროპის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვალება ნამდვილი ნაციონალური მასშტაბის უბედურებაა ჩვენი ქვეყნისთვის.


მაგრამ ყველაზე საგანგაშო რაც არის, ავტოკატასტროფებში გარდაცვლილების რიცხვი ჩვენს ქვეყანაში კი არ მცირდება, არამედ წლიდან წლამდე იზრდება კიდეც და ამას არავითარი დასასრული არ უჩანს.


ავტოკატასტროფა

0
214
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0