x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103593
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467973
მსოფლიოში ყველაზე პატარა ციხეში სულ ორი საკანია
image

დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი, წყნარი და ეკოლოგიურად სუფთა ადგილია კუნძული სარკი, რომელზეც მსოფლიოში ყველაზე პატარა ციხე მდებარეობს.

image

სარკი ძალიან პატარაა, სიგრძეში მხოლოდ ხუთი კილომეტრი. იგი ლა-მანშის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის. პირველად კუნძული ნახსენებია 1040 წელს, როცა ვილჰელმმა იგი მონ-სენ-მიშელის სააბატოს აჩუქა. მე-16 საუკუნეში კუნძული დაიპყრო საფრანგეთმა, მაგრამ ინგლისი შეებრძოლა და საბოლოოდ მაინც მას დარჩა. აქ მე-20 საუკუნის დასაწყისამდე თავს აფარებდნენ კონდრაბანდისტები და მეკობრეები.

კუნძული დიდი ბრიტანეთის ერთადერთი ტერიტორიაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერელებმა დაიპყრეს.

2006 წლამდე სარკზე ფეოდალიზმი მეფობდა, დემოკრატიამ აქ მხოლოდ 14 წლის წინ მოაღწია და საერთო საარჩევნო უფლება შემოიღეს.

სარკის ისტორია მრავალ ინციდენტს ითვლის, რომელიც ამტკიცებს კუნძულის სტუმრების შემოწმების აუცილებლობას. ერთ-ერთი მაგალითი: 1990 წელს, ფიზიკოსი ანდრე გარდე კუნძულზე ნავით მოვიდა, რომელიც დატვირთული ჰქონდა ნახევრად ავტომატური იარაღით. ფრანგმა თავი გამოაცხადა სარკის მმართველად და იმწუთასვე შეუდგა თავისი სარეკლამო ბანერების განთავსებას. დაუპატიჟებელი სტუმრის მეფობა დიდხანს არ გაგრძელებულა, იგი მეორე დღესვე დააპატიმრეს. ამ ინციდენტის შესახებ 2013 წელს ფილმიც კი გადაიღეს სახელწოდებით "ადამიანი, რომელმაც კუნძულის მოპარვა სცადა".

კუნძულზე მდებარეობს თავისუფლების აღკვეთის ყველაზე პატარა შენობა, რომელშიც სულ ორი საკანია. საკნებში დგას საწოლები თხელი ლეიბებით, ფანჯრები არ აქვს. საკნებს შორის ერთი მეტრის სიგრძის დერეფანია, შენობის საერთო ფართი კი 18 კვადრატული მეტრია. ეს ქვის შენობა კასრისებური სახურავით, აშენებული 1856 წელს, ერთი შეხედვით სოფლის სახლს მოგაგონებთ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს რეალობასთან ახლოსაც არ არის!

სარკი ნორმანდიული კუნძულებიდან ერთ-ერთი ულამაზესია. იგი თავისი შთამბეჭდავი ღირშესანიშნაობებით არის ცნობილი. აქ აკრძალულია ავტომობილების გამოყენება და კუნძულის თავზე არც თვითმფრინავები დაფრინავენ. ადგილობრივი მოსახლეობა ტრაქტორებით, ცხენებით და ველოსიპედებით გადაადგილდება.

image


ცხოვრება წყნარი და მშვიდობიანია. მოსახლეობა 500 ადამიანს შეადგენს. აი, ასეთ სამოთხეშიც კი მოიძებნა ადგილი პირქუში შენობისთვის.

მსოფლიოში განთქმული ყველაზე პატარა ციხე ჯერ კიდევ ფუნქციონირებს. იგი მხოლოდ წინასწარი პატიმრობისთვისაა განკუთვნილი. დაპატიმრებულები აქ მხოლოდ რამდენიმე დღეს ატარებენ, შემდეგ გადაჰყავთ მეზობელ კუნძულ ჰერნსზე.

image

უნიკალური ციხის პირველი პატიმარი იყო ახალგაზრდა მოსამსახურე გოგონა, რომელმაც თავის დიასახლისს ცხვირსახოცი მოჰპარა. გოგონას სამი დღის პატიმრობა მიუსაჯეს. მას ძალიან ეშინოდა სიბნელის და ამიტომ საკნის კარი ღია დაუტოვეს. ციხის ზედამხედველების ნაცვლად კი მასთან ადგილობრივი ქალბატონები იყვნენ, რომლებიც გვერდით ესხდნენ, ქსოვდნენ და პატიმართან საუბრობდნენ.

წესრიგს კუნძულზე ორი მოხალისე კონსტებელი იცავს. რადგან სარკზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, აქ ავარიებიც არ ხდება.


image


დღესდღეისობით ამ უნიკალური ციხის პატიმარი შეიძლება გახდეს ალბათ მხოლოდ ნასვამი ტურისტი, თუმცა იშვიათად, მაგრამ აქ ადგილობრივი ნასვამი ფერმერებიც ხვდებიან. კუნძული სარკი სამოთხესავით კუთხეა, თუმცა წესრიგი არ უნდა დაარღვიოთ და კანონები დაიცვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ძალიან მძიმე ღამე გელოდებათ ნამცეცა ციხის სივიწროვეში.

0
265
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0