x
image
ირინა მ.
შესაძლოა პუშკინის და დანტესის დუელის მიზეზი არა ქალი, არამედ მამაკაცი იყო
image

ალექსანდრე პუშკინისა და ჟორჟ დანტესის დუელი ალბათ ყველაზე ცნობილი კონფლიქტია რუსეთის არისტოკრატიაში. ორი ახალგაზრდის უთანხმოება ლეგენდად იქცა, იგი იდუმალებითაა მოსილი და სხვადასხვანაირად განმარტავენ. რას ამბობენ მეცნიერები, რა იყო სინამდვილეში სასიკვდილო ორთაბრძოლის მიზეზი?

ვერსია 1.

დღეს საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ დუელის მიზეზი გახდა ალექსანდრე პუშკინის ეჭვიანობა თავის მეუღლეზე-ნატალიაზე. მას ეტრფოდა ჟორჟ დანტესი-ფრანგი ოფიცერი, რომელიც რუსი იმპერიის სამსახურში იყო და ნატალიაც პასუხობდა მას. უნდა აღინიშნოს, რომ მე-19 საუკუნის მაღალ საზოგადოებაშიც ეს თვალსაზრისი მუსირებდა.

თანამედროვეთა ცნობით, ნატალია ნიკოლოზის ასულს პეტერბურგში პირველი ლამაზმანის სახელი ჰქონდა. იგი გამოირჩეოდა განუმეორებელი სილამაზით, ჩამოსხმული ტანით და სახის ნაზი ნაკვთებით. ახალგაზრდა ქალბატონს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მათ შორის იყო იმპერატორი ნიკოლოზ პირველიც.



image ნატალია გონჩაროვა


ჟორჟ დანტესიც ლამაზი გარეგნობის ახალგაზრდა გახლდათ, ქალბატონებში პოპულარობით სარგებლობდა და პუშკინის მეგობრის, დანზასის სიტყვებით, ერთი ნახვით მოწონების თანდაყოლილი ნიჭი გააჩნდა.



image

ჟორჟ დანტესი


ასე იყო, თუ ისე, 1836 წლის 4 ნოემბერს პუშკინმა ანონიმური წერილი მიიღო, რომელიც კარიკატურულ ფორმებში იუწყებოდა, რომ მიღებულია "რქიანების ორდენში" (ცოლმა ქმარს უღალატა, ანუ "რქები დაადგა"). საზოგადოებაში ნატალიას ღალატის შესახებ ჭორები გავრცელდა და პოეტმა ვეღარ მოითმინა: მან დანტესის მამობილს, ბარონ ჰეკერენს, შეურაცხმყოფელი წერილი გაუგზავნა, და ასე გამოიწვია ჟორჟ დანტესი.

ამასთან, დანამდვილებით არ არის ცნობილი, ნატალიამ ნამდვილად უღალატა თუ არა მეუღლეს. უცნობი დარჩა იმ წერილის ავტორიც, ვინც პოეტი ასეთი მეტსახელით შეამკო. საკამათო რჩება სასიყვარულო სამკუთხედში დანტესის მონაწილეობის საკითხიც. ნატალიას შესაძლო საყვარლებში თვით მეფეც ირიცხებოდა და სრულიად შესაძლებელია, რომ გასაგები მიზეზების გამო, პუშკინმა გადაწყვიტა თავისი სირცხვილი შედარებით "მიწიერი" ადამიანის სისხლით ჩამოერეცხა.




image


ვერსია 2.

არსებობს სხვა ვერსიაც. საქმე იმაშია, რომ დანტესი და მისი მამობილი, ბარონი ჰეკერენი, არამხოლოდ მეგობრულ, არამედ ჰომოსექსუალურ კავშირშიც იყვნენ. ამაზე პირდაპირ მიუთითებდნენ დანტესის მეგობრები, კერძოდ, თავადი ა.ვ. ტრუბეცკოი.



image ბარონი ჰეკერენი


ჰეკერენმა დანტესი იშვილა მისი მამის, ბარონ ჟოზეფ კონრადის სიცოცხლის პერიოდში (რა თქმა უნდა მისი თანხმობით). ასეთი უცნაური საქციელის მიზეზი მამაკაცებს შორის მეგობრობა იყო. მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ პრუსიაში გაიცნეს, ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც შემთხვევით დაბინავდნენ. შვილად აყვანა კანონის დარღვევით მოხდა-დანტესი უკვე სრულწლოვანი იყო, ჰეკერენი კი ჯერ არ იყო 50 წელს მიღწეული. გარდა ამისა, იმ დროში ეს პროცედურა ერთი წელი მაინც გრძელდებოდა, ჰეკერენმა კი რამდენიმე თვეში მოაგვარა ყველაფერი.

საბოლოოდ დანტესმა მიიღო ჰოლანდიის მოქალაქეობა, ჰოლანდიის დიდგვაროვნის წოდება და ახალი გვარი. მამაკაცები პეტერბურგში ერთ სახლში ცხოვრობდნენ და ძალიან იყვნენ ერთმანეთთან დაახლოებული.

რაც შეეხება პუშკინს, მას ძალიან ცუდი სახელი ჰქონდა. პოეტი ბანქოს თამაშით იყო გატაცებული, ჰქონდა დიდი ვალები, იყო მექალთანე, მეფეს და სხვა დიდგვაროვნებს ცუდად მოიხსენიებდა.


image ალექსანდრე პუშკინი


თავისი სიცოცხლის მანძილზე პუშკინს 20-ჯერ ჰქონდა დუელი სხვადასხვა პიროვნებებთან. დუელის მიზეზი ხშირად პოეტის შეურაცხმყოფელი ხუმრობები გახლდათ. მაგალითად, მან ერთხელ "გაიხუმრა", რომ გრაფ ბორხს და მის ცოლს ერთიდაიგივე ადამიანთან, მეეტლესთან სძინავთ.

მკვლევარებს აოცებთ ის ფაქტი, რომ პუშკინმა შეურაცხმყოფელი წერილი არა დანტესს, არამედ მის მამობილს გაუგზავნა. შესაძლოა, ჰეკერენის მიერ პუშკინის დუელზე გამოძახების მიზეზი იყო არა ქალი, არამედ მამაკაცი. პოეტს კვლავ ზედმეტი მოუვიდა, დანტესმა კი დაიცვა მეგობრის, მამობილის, საყვარლის ღირსება (პუშკინთან დუელზე ჰეკერენმა დანტესი გაგზავნა). ჰეკერენების ოჯახი იმდანად შეურაცხყოფილი იყო, რომ დუელიანტები სასიკვდილო სროლაზე შეთანხმდნენ. როგორც არ უნდა იყოს, ჰეკერენისადმი გაგზავნილი წერილი პუშკინისათვის უკანასკნელი ხუმრობა გამოდგა.

0
896
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
896
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0