x
მედიის გავლენა COVID 19-ის აღქმასა და სტრესის დაძლევაზე
image

21–ე საუკუნეში ინფორმაციის მიღების ერთ–ერთი ყველაზე მძლავრი გზა მედიაა. მედიას დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს იმაზე, თუ რამდენად ინფორმირებულნი ვიქნებით, როგორ აღვიქვამთ ცვლილებებს ჩვენს ირგვლივ და როგორ გავუმკლავდებით მათგან გამოწვეულ სტრესს. წინამდებარე ესეში განხილულია, რა დადებით თუ უარყოფით როლს ასრულებს მედია არსებული პანდემიის – ახალი კორონა ვირუსი – აღქმასა და მისგან გამოწვეული სტრესის დაძლევაზე. ვეცდები, მიმოვიხილო ის ფაქტორები, რომელიც ზემოხსენებულ გავლენას ეხება და მოვიშველიო სხვადასხვა წყარო თუ კვლევა მათ დასადასტურებლად თუ უარსაყოფად. გასათვალისწინებელია, რომ COVID 19 არც ისე დიდი ხანია, რაც პანდემიად გამოცხადდა, შესაბამისად, მწირია კვლევები და, ზოგადად, ემპირიული მასალა, რომელსაც დავეყრდნობოდით.


მიჩიგანის უნივერსიტეტის მედიისა და ინფორმაციის ფაკულტეტის პროფესორი, კეიტ ჰემპტონი, რომელმაც 2015 წელს ჩაატარა კვლევა „ფსიქოლოგიური სტრესი და მედიის გამოყენება“ ამბობს: პანდემიის პირობებში ჩვენ აუცილებლად უნდა მივმართოთ სოციალური დისტანცირებას, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ფიზიკური სივრცის შენარჩუნებას შენსა და სხვა ადამიანს შორის, თუმცა ახლა არ არის დრო სოციალური იზოლაციისთვის. სოციალური მედიის არასწორმა გამოყენებამ სტრესის დონე საგრძნობლად შეიძლება აწიოს. ამის მიზეზად სახელდება ის, რომ ადამიანები უმეტესად იმას აზიარებენ, რაც საგანგაშოა (დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდა, სიკვდილიანობის ზრდა და ა.შ.), პოზიტიური ინფორმაციის (გამოჯანმრთელებულთა რიცხვის ზრდა, დაინფიცირების შემთხვევათა კლება და ა.შ.) გაზიარება კი ავიწყდებათ. კეიტ ჰემპტონი, ასევე, ამბობს, რომ სოციალური მედიის გამოყენებისას დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენადა სანდოა წყარო. მისი აზრით, „სირაქლემას პოზიციაში“ ყოფნა და მედია საშუალებების გამოყენებაზე სრული უარის თქმა სტრესის დონეს ვერ დაარეგულირებს. ჰემპტონის აზრით, სჯობს, მაგალითად, 30 წუთი მაინც დავუთმოთ მედია საშუალებების გამოყენებას იმის გათვალისწინებით, რომ ისინი სანდონი იქნებიან.

მუდმივად ცვალებადი სიტუაცია ადამიანებს მეტად უბიძგებს, რომ ხშირად შეამოწმონ ტელეფონები, მუდმივად თვალი ადევნონ სიახლეებს, რის გამოც ზოგი ადამიანი იმ აზრამდე მიდის, რომ სრულიად უარი თქვას მედია საშუალებების გამოყენებაზე. „შფოთვისა და პანიკისთვის ეს მართლაც რომ იდეალური რეცეპტია, “ ამბობს ლიცენზირებული კლინიკური ფსიქოლოგი დებრა კისენი. თუმცაღა, კისენი ეხმიანება კეიტ ჰამპტონის პოზიციას და ამბობს, რომ შფოთვის რეგულირება შესაძლებელია – სოციალური მედია, თუკი მას სწორად ვიყენებთ, შესაძლოა, პირიქით, ბალანსის პოვნაში დაგვეხმაროს. ის, აგრეთვე, ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელებამ ეჭვი შეიტანა ყოველდღიურობის ძალიან ბევრ დეტალში. მისი აზრით, ადამიანი შფოთავს თავისი მეზობლის ერთ დახველებაზე, მარკეტში ჩასვლისას დაინფიცირების შანსზე და ზოგჯერ ნებისმიერ პატარა შეხებაზეც კი. ამგვარ გაურკველობის განცდაზე საპასუხო რეაქცია კი შფოთვაა.


მედიასაშუალებების არასწორ გამოყენებას რომ პანდემიისგან გამოწვეული სტრესის დონის ამაღლება შეუძლია, მოწმომბს ჟურნალ „ფორბსში“ კორონავირუსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიაც. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სოციალური დისტანცია შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს – საჭიროა მენტალური და ემოციური დისტანციაც. მენტალური დისტანცირება გულისხმობს ვირუსზე ფიქრში დახარჯული დროის შემცირებას, ხოლო ემოციური დისტანცირება საშუალებას გვაძლევს, რომ ამჟამინდელ სიტუაციასთან დაკავშირებული შფოთვა შევამციროთ. COVID 19-სგან გამოწვეული სტრესის დასაძლევად სტატიაში პირველი ხერხი სწორედ მედია საშუალებების გამოყენებისგან პაუზების აღებაა. ავტორი წერს, რომ სტრესის დასაძლევად საჭიროა ყოველდღე ამგვარი „რიტუალი“ შევასრულოთ: დროებით გამოვრთოთ ტელევიზორი, შევწყვიტოთ სოციალური მედიის გამოყენება და აღარ მოვუსმინოთ იმ არაკეთილხმოვანებას, რომელიც მუდმივად კორონა ვისუსის შესახებ საუბრობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ გამოქვეყნებულ პრაქტიკულად ყველა რჩევაში, თუ როგორ უნდა დავძლიოთ პანდემიისგან გამოწვეული სტრესი, მედიის დიდი როლი იკვეთება. რჩევები შემდეგნაირია: თავი აარიდეთ იმგვარი სიახლეების ყურებას, წაკითხვასა თუ მოსმენას, რომელიც თქვენში შფოთვასა და სტრესს იწვევს; ამოირჩიეთ კონკრეტული დრო, როცა თქვენ შეიტყობთ სიახლეებს; განიხილეთ სრულიად შეზღუდვა ან კონკრეტული ლიმიტის დაწესება იმაზე, თუ რას უსმენთ, უყურებთ თუ კითხულობთ.

ამჟამინდელი რთული სიტუაციის აღქმაზე მედიის დიდ გავლენაზე მოწმობს BBC-ს მიერ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებული სტატია კორონავირუსისა და შფოთვის მიმართებაზე. სტატიაში ერთ–ერთი კორესპოდენტი, სემ ჯონსი, ამბობს, რომ მუდმივად ვირუსის შესახებ ინფორმაციის მოსმენამ ის პანიკურ შეტევამდე მიიყვანა. მედიის სანდო წყაროების გამოყენების მნიშვნელობაზე ვკითხულბთ UNICEF-ის გამოქვეყნებულ რჩევებშიც, რომელიც ახალგაზრდებს კორონავირუსისგან გამოწვეული შფოთვის დასარეგულირებლად რჩევებს გულისხმობს. რეკომენდაციებში ვკითხულობთ: „მიუხედავად იმისა, რომ COVID 19-ის ირგვლივ შფოთვა სრულიად გასაგებია, დარწმუნდით, რომ ინფორმაციის მიღების დრო სანდო წყაროებს იყენებთ (ისეთებს, როგორიცაა UNICEF–ი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO)). თუკი ინფორმაციას ნაკლებად სანდო წყაროებიდან იღებთ, აუცილებლად გადაამოწმეთ იგი.“


საგულისხმოა, რომ თავად მედიის წარმომადგენლებისთვისაც კი კორონა ვირუსის შეასახებ მუდმივად ინფორმაციის მოპოვება სტრესის წყაროს წარმოადგენს. პოინტერის მედია სწავლების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ჟურნალისტები ხშირად განიცდიან სტრესს მუდმივად იმის მოსმენაში, თუ როგორ დავიცვათ საკუთარი და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა და რომ ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინაა.


შეჯამების სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედიას საშუალებებს შესაძლოა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს COVID 19-ის აღქმასა და სტრესის დაძლევაზე. საჭიროა, რომ ჩატარდეს კვლევები უშუალოდ ამ პანდემიასთან დაკავშირებით, რათა ემპირიულ მასალაზე დაყრდნობით შევძლოთ, ჩვენი ვარაუდები უარვყოთ ან დავამტკიცოთ. მიუხევადა ამისა, არსებული მონაცემებითაც ცალსახაა, რომ სანდო წყაროების გამოყენებით, თუ შესაბამისი დროის ლიმიტის გათვალისწინებით, სტრესის დონის დარეგულირება მეტნაკლებად შესაძლებელია.

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკოლოზ მარგიანი
ნიკოლოზ მარგიანი
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0