x
მეტი
  • 27.09.2020
  • სტატია:103593
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467973
Facebook-მა ტრამპი კოვიდ-19-ის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა
Facebook-მა პირველად თავის ისტორიაში დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებული მასალა წაშალა, ხოლო Twitter-მა საერთოდ ჩამოართვა ამერიკის პრეზიდენტის შტაბს უფლება, წარმართოს წინასაარჩევნო კამპანია და განათავსოს ახალი ტვიტები, რისი მიზეზიც, კომპანიის ცნობით, ტრამპის შტაბის მიერ კორონავირუსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გამოქვეყნება გახდა.


უფრო კონკრეტულად აღნიშნული გადაწყვეტილებების მიზეზი გახდა ლინკი, რომელიც შეიცავდა ვიდეოს პრეზიდენტის ინტერვიუდან, რომელიც მან ტელეგადაცემა “Fox & Friends”-ს მისცა და სადაც თავისუფალი სამყაროს ლიდერი ამბობს, რომ განაგრძობს დაჟინებას საიმისოდ, რათა სკოლები გაიხსნას და ამტკიცებს, რომ მისი აზრით ბავშვები კორონავირუსის მიმართ “თითქმის სრული იმუნიტეტის მფლობელები არიან”.


რამდენიმე საათის შემდეგ აღნიშნული მასალა პრეზიდენტის სოციალური ქსელიდან გაქრა, რის შესახებაც მოგვიანებით Facebook-მა განცხადება გაავრცელა, რომ კომპანია ვალდებული იყო, ეს გაეკეთებინა, რადგან “განთავსებული ვიდეო შეიცავდა ცრუ მტკიცებას იმის შესახებ რომ ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას აქვს იმუნიტეტი კორონავირუსის მიმართ”. ანალოგიური შინაარსის განცხადება გაავრცელა Twitter-მაც. Twitter-ის განცხადებით შტაბის გვერდი მანამდე იქნება დაბლოკილი, სანამ ცრუ ინფორმაცია არ წაიშლება.


“ამის დაჯერება ძნელია. მე არ ვიცი, თქვენ ამის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ, მაგრამ ბავშვებს გააჩნიათ ბევრად უფრო ძლიერი იმუნური სისტემა, ვიდრე ჩვენ. განსაკუთრებით ამასთან [კორონავირუსთან - დ. ჩ.] მიმართებით. მათ ამასთან პრობლემა არ აქვთ. მათ უბრალოდ პრობლემა არ აქვთ”, - განაცხადა ტრამპმა პრობლემურ ვიდეოში და გამოთქვა სურვილი, რომ აღდგეს სწავლება.



არადა, როგორც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა მოწმობს, კორონავირუსი უკვე გახდა 157 ათასი ადამიანის სიკვდილის მიზეზი შეერთებულ შტატებში. ამ სტატისტიკაში არსებობენ როგორც ხანდაზმულები, ასევე ახალგაზრდები და ჩვილი ბავშვებიც კი. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზეც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ბავშვებიც, ისევე, როგორც მოზრდილები, კორონავირუსით დაინფიცირების რისკის ქვეშ დგანან. ამიტომ ცენტრი დაჟინებით მოუწოდებს მშობლებს, მაქსიმალურად შეზღუდონ ბავშვების პირდაპირი კონტაქტები თანატოლებთან. ამ ყოველივეს გათვალისწინებით კი ბევრი შტატი, სადაც დემოკრატი გუბერნატორია ხელისუფლების სათავეში, სკოლებში სწავლის გადადებას 2021 წლის იანვრამდეც კი აპირებს.

ტრამპი
0
52
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0