x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
პარტიები საარჩევნო სამართალში

“პარტიები საარჩევნო სამართალში”



ს აქტუალურობა და მნიშვნელობა

დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი საკითხის აქტუალურობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მისი პრობლემური ხასიათი გახლავთ. თავის მხრივ, ყველა პრობლემის პირველწყარო ადამიანებისგან დამოუკიდებელი არარაციონალური პროცესები ან ადამიანურ რესურსებზე აგებული კოგნიტური ელემენტების ნაკლებობაა. მაშასადამე, შემეცნებითი და ანალიტიკური აზროვნების დეფიციტი. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ თანამედროვე საზოგადოებისთვის მთავარი პრიორიტეტი სწორედ მეცნიერული კვლევა - ძიება უნდა იყოს, ვინაიდან, მხოლოდ ამ უკანასკნელს ძალუძს ჩვენს მიერ ზემოთნახსენები ძირითადი ბარიერის დაძლევა.

წინამდებარე ნაშრომი შეეხება იმ გადაკვეთის წერტილებს, რომლებიც არსებობენ პოლიტიკური პარტიების სამართალსა და საარჩევნო სამართალს შორის (საკვანძო საკითხების დონეზე)!.. ეს ორი დარგობრივი სისტემა თავის თავში მოიცავს, როგორც სუფთა პოლიტიკურ, ისე სუფთა იურიდიულ ასპექტებსაც, ამდენად, ჩვენი მსჯელობა ორივე ამ მიმართულებით იქნება სწორხაზოვნად განვითარებული!

საკითხი აქტუალურია იმდენად რამდენადაც, მას აქვს მნიშვნელოვანი ყოფითი და პრაქტიკული დატვირთვა, მითუმეტეს, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით (ვგულისხმობ, ეროვნულ დონეზე შექმნილ წინააღმდეგობრივ პოლიტიკურ კონიუქტურებს)... პირადად, ჩემი გადმოსახედიდან, საქართველოში ამჟამად მიმდინარე პროცესები (საარჩევნო სისტემების ირგვლივ, დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების ფაგრლებში) თავისთავად უბიძგებენ საზოგადოების სხვადასხვა ფენებს, რომ მათი ინტერესი პოლიტიკურ ცხოვრებისადმი უფრო მეტად განმტკიცდეს და ზოგადად, გაიზარდოს მოსახლეობის ცნობიერების დონეც საარჩევნო პოლიტიკის კუთხით. საარჩევნო უფლება - ეს არის ის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც ყოველი უფლებამოსილი მოქალაქე ახერხებს პოლიტიკურ დღის წესრიგში საკუთარი ინდივიდუალური ხედვის შეტანას!.. სწორედ ამავე უფლებაზეა აგებული მთელი თანამედროვე კონცეფცია - ხალხისა და ხელისუფლების ურთიერთკავშირების შესახებ (თუ არ მონარქიულ მმართველობებს)...

აბსენტეიზმი, როგორც პოლიტიკური ცხოვრებისადმი გულგრილი დამოკიდებულება, ძალზედ აზიანებს სახელმწიფოებრივ საწყისებს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის, ასევე, მის ლეგიტიმაციასაც! აღნიშნული ნაშრომი, ერთი მხრივ, სწორედ პასიური დამოკიდებულების გააქტიურობისკენ არის მიმართული, მიმართულია საიმისოდ, რომ ამომრჩევლებმა დაიწყონ საკუთარი მოქალაქეობრივი როლის უკეთ შეცნობა!

და მაინც - პარტიები საარჩევნო სამართალში - ეს საკითხი სხვადასხვა რაკურსიდან უნდა იქნეს შეფასებული, რათა მის ძირითად და კონცეფტუალურ საკითხებს სიღრმისეულად ჩავწვდეთ. მეტად საინტერესოა, როგორ ტრანსფორმაციას განიცდიან პოლიტიკური პარტიები ამა თუ იმ საარჩევნო სისტემის პირობებში;

რტიის ცნება

უპირველეს ყოვლისა, სანამ კონკრეტულ საკანონმდებლო დეფინიციას მიმოვიხილავდეთ, ხაზი უნდა გავუსვათ პოლიტიკური პარტიის ზოგად როლსა და დატვირთვას - პოლიტიკური პარტია თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის აღმოცენების პარალელურად გაჩნდა და ამიტომაც, მკვლევართა უმრავლესობისთვის თანამედროვე დემოკრატიული მმართველობა შეუძლებელია არსებობდეს პარტიების გარეშე. უფრო მეტიც, თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმების აბსოლუტური უმრავლესობა იყენებს პოლიტიკურ პარტიას, როგორც მართვის აუცილებელ მექანიზმს. ეს განპირობებულია პოლიტიკური პარტიის შეუცვლელი როლით თანამედროვე სახელმწიფოში. პარტია პოლიტიკური ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს მეტნაკლებად განვითარებული პოლიტიკური სისტემის არსებობისას), რადგან მხოლოდ მას აქვს საშუალება შეასრულოს მთელი რიგი ფუნქციებისა, რომლებიც თანამედროვე სახელმწიფოს მოქალაქეს უადვილებს საკუთარი ინტერესების ეფექტიან დაცვას.1 ეხლა კი რაც შეეხება უშუალოდ ეროვნულ (ქართულ) კანონმდებლობას: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად: “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება (შემდგომში – პარტია) არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც რეგისტრირებულია ამ კანონით დადგენილი წესით და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში.“

ფართო გაგებით კი, პარტია არის თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნაწილი და იგი არჩევნების მეშვეობით და კანონმდებლობით ნებადართული სხვა საშუალებებით მონაწილეობს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში. აღნიშნული განმტკიცებულია კანონის მეორე მუხლითაც... ამ მუხლის შინაარსიც გვამცნობს, თუ რამდენად მყარად არის დაკავშირებული ერთმანეთთან ეს ორი ინსტიტუტი - პარტიული სისტემა და არჩევნები; ესა

თუ ის საარჩევნო სისტემა გახლავთ ერთგვარი ჯაჭვი პარტიასა და ელექტორატს შორის!.. პარტია, სწორედ საარჩევნო პროცესების საფუძველზე ასრულებს თავის ფუნქციონალურ დატვირთვას.

რას გულისხმობს საარჩევნო სისტემა (რჩევნო სისტემის არსი და მისი ძირითადი სახეები)

საარჩევნო სისტემა ძალზედ მნიშვნელოვანი კონსტიტუციურ-სამართლებრივი მოვლენაა და იგი უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც არჩევნების ორგანიზაციის ნორმატიული და ამასთანავე ფაქტობრივი საშუალება.

თავის მხრივ საარჩევნო სისტემაზე მითითება ნიშნავს იმის აღიარებას, რომ სწორედ საარჩევნო სისტემის საშუალებით ხდება კანდიდატებს შორის მანდატების განაწილება, კენჭისყრის შედეგების შესაბამისად.

ერთი შეხედვით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ამა თუ იმ საარჩევნო სისტემის გამოყენება სუფთა ტექნიკური (პროცედურული) საკითხია და მას არანაირი გავლენა არ აქვს არჩევნების შედეგებზე. მაგრამ არჩევნების ჩატარების მდიდარი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რეალურად საქმე სულ სხვანაირადაა: პირიქით! საარჩევნო სისტემას ყველაზე გამოკვეთილი პოლიტიკური ელფერი აქვს – მას შეუძლია გავლენა მოახდინოს არჩევითი ორგანოს არამარტო დაკომპლექტებაზე, არამედ მისი შემდგომი საქმიანობის პოლიტიკურ მიმართულებასა და ეფექტიანობაზე; მთავრობის და მთელი აღმასრულებელი მექანიზმის სტაბილურობაზე. ზოგიერთი სისტემა ძლიერ პოლიტიკურ პარტიებს აძლევს გადამწყვეტ უპირატესობას და ხელს უწყობს ერთპარტიული ან ორპარტიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას, სხვა

– საშუალო პარტიებს აძლევს წარმომადგენლების გაყვანის საშუალებას, რითაც მრავალპარტიულ სისტემას ამკვიდრებს; ზოგი მოდელი პარტიის ცენტრალიზებასა და განმტკიცებას უწყობს ხელს, ზოგი პირიქით – შიდაპარტიული ბრძოლის სტიმულირებას ახდენს. ამდენად, საარჩევნო სისტემა პოლიტიკურ პროცესში სულაც არ არის ნეიტრალური ფაქტორი საარჩევნო სისტემის არჩევა კანომდებლის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი და ურთულესი ამოცანაა. მაგრამ როგორია „სწორი არჩევანი“, რა ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს არჩეული სისტემა? ზოგადად, საარჩევნო სისტემამ უნდა უზრუნველჰყოს მოსახლეობის სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ჯგუფთა წარმომადგენლობის სამართლიანი არჩევა. სამართლიანად კი მიჩნეულია ისეთი შედეგი, რომლითაც გამარჯვებულად ცხადდება ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს (მაჟორიტარული პრინციპი), ან რომლითაც პარტიის მიერ მოპოვებულ მანდატთა რაოდენობა მის მიღებულ ხმათა რაოდენობის პროპორციულია (პროპორციული პრინციპი). ამის შესაბამისად, საარჩევნო სისტემებიც პირობითად ორ ძირითად ჯგუფად – მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებად – იყოფა. გარდა ამისა ფართოდ გამოიყენება შერეული საარჩევნო სისტემაც, რომელიც აერთიანებს მაჟორიტარული და პროპორციული სისტემების ნიშნებს სხვადასხვა ვარიაციებით. თითოეულ ამ სისტემას (და მათ მრავალრიცხოვან სახესხვაოებებსაც) თავიანთი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია. საარჩევნო სისტემების საკვანძო განმასხვავებელი ნიშნებია: საარჩევნო ოლქების მასშტაბი, ბიულეტენის სტრუქტურა, საარჩევნო ზღურბლი (ბარიერი), პარტიული სიების ტიპი, ასარჩევ დეპუტატთა რაოდენობა და ა.შ. საარჩევნო სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი საარჩევნო ფორმულაა, რომელიც განსაზღვრავს მიღებული ხმების მიხედვით მოპოვებული მანდატების რაოდენობას. (უფრო სწორად საარჩევნო ფორმულა ეს ის პრინციპები და მეთოდებია, რომელთა საფუძველზე ხდება მიღემული ხმების მანდატების რაოდენობაში გადაყვანა

(ტრანსფორმირება).

მაჟორიტარიზმი

ბერძნული პოლისებისა და რომის სახელმწიფოს მაგალითზე შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ მაჟორიტარული ტიპის არჩევნები ბევრად წინ უსწრებდა პარტიების წარმოშობას და შესაბამისად, არჩევნების პროპორციული წესის შემოღებას.

სიტყვა „მაჟორიტარი“ ფრანგული სიტყვაა (majorite), რაც ქართულად უმრავლესობას ნიშნავს. მაჟორიტარული სისტემა ისტორიულად ყველაზე ძველი სისტემაა, ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ მას, დადებითთან ერთად, თანამედროვეობისათვის მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებიც ახასიათებს. ამ სისტემის დროს ამომრჩეველი უშუალოდ დეპუტატობის კანდიდატს აძლევს ხმას, ამდენად მას შესაძლებლობა აქვს სრულად შეაფასოს თავისი მომავალი წარმომადგენლის დადებითი და უარყოფითი თვისებები და შესაბამისად, მაქსიმალურად ნაკლები შეცდომა დაუშვას არჩევანის გაკეთებისას (ეს, ცხადია, პოზიტიური ნიშანი გახლავთ), თუმცა, მეორე მხრივ, მაჟორიტარული სისტემის გამოყენებით შეიძლება მივიღოთ არასამართლიანი შედეგი. კერძოდ: მანდატების უმრავლესობა შეიძლება მიიღოს იმ პარტიამ, რომელსაც უმრავლესობა სულაც არ უჭერს მხარს. ეს გარემოება რა თქმა უნდა ნეგატიურად აისახება პარლამენტის მუშაობის სტაბილურობაზე, მუშაობის უნარზე და სხვა. მაჟორიტარულ სისტემაში განასხვავებენ რამდენიმე სახესხვაობას .

ამ სისტემაში (მაჟორიტარულში ზოგადად) ჩადებულია მძიმე უსამართლობა, რაც ნათლად იკვეთება საარჩევნო ოლქების „ამომრჩეველთა გეოგრაფიის (გეომეტრიის)“ პრინციპით ფორმირებისას. - ამ პრინციპის არსი ისაა, რომ ოლქები, ფორმალური თანასწორობის მიუხედავად, ისე შეიძლება „დაიჭრას და შეკოწიწდეს“, რომ მათ უმეტესობაში უზრუნველყოფილი იყოს რომელიმე ერთი პარტიის უპირატესობა, მაშინ როცა მოწინააღმდეგე პარტიის მომხრეთა უმრავლესობა თავმოყრილი იქნება ორ‐სამ საარჩევნო ოლქში. 3

ჩვენ, ამ შემთხვევაში, ცალ-ცალკე და დეტალურად არ განვიხილავთ მაჟორიტარული სისტემის სახეებს, რადგან, ასეა თუ ისე, ყველა მათგანს მეტნაკლებად ახასიათებს ერთი მთავარი ელემენტი: იმარჯვებს ის ვინც, დანარჩენებთან შედარებით ყველაზე მეტი ხმა მიიღო! -და თანაც, მოცემული ნაშრომისთვის, ყველა სახესახვაობის ინდივიდუალური განხილვა, უბრალოდ არარელევანტური იქნებოდა ჩვენი მხრიდან!

მხედველობაში აუცილებლად მისაღებია ის ფაქტი, რომ იდეალურად ობიექტური საარჩევნო სისტემა არ არსებობს და ნებისმიერი სისტემა მეტ–ნაკლებად უგულვებელყოფს ამომრჩეველთა ნებას, თუმცა ამ უგულვებელყოფის ხარისხი სხვადასხვა მოდელისათვის განსხვავებულია. მაგ., მხოლოდ პროპორციული სისტემის 150-ზე მეტი მოდიფიკაციაა ცნობილი.

პროპორციული საარჩევნო სისტემა და მისი მახასიათებლები

პროპორციული სისტემა პირველად ბელგიაში გამოიყენეს 1889 წელს. ამჟამად იგი 50‐ზე მეტ ქვეყანაში (მათ შორის ისრაელში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში და სხვ.) მოქმედებს.

პროპორციულის სისტემის დადებითი მხარეები მდგომარეობს შემდეგში: 1) სახელდობრ, პარტიის მიერ მიღებულ მანდატთა რაოდენობა მიღებულ ხმათა რაოდენობის პროპორციულია; 2) უზრუნველყოფილია სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მოსახლეობის ჯგუფთა სამართლიანი წარმომადგენლობის არჩევა; 3) ძალიან მცირეა „დაკარგული“ ხმების რაოდენობა; 4) პარტიას შეუძლია პარტიული სიის მეშვეობით უზრუნველყოს სათანადო განათლების, გამოცდილებისა და უნარის მქონე, მაგრამ ამომრჩევლებისთვის ნაკლებად ცნობილი პირის არჩევა; 5) უფრო მეტად კონკურენტულ გარემოს ვიღებთ (პოლიტიკურ ველზე)!..

ჩნდება ლოგიკური კითხვა: რა იგულისხმება ამ “კონკურენციაში“ ? - უბრალოდ ამომრჩეველთა რაოდენობრივი ურთიერთმიმართება, ანუ კონკურენცია რაოდენობაში? - არა. იდეური კონკურენცია, იდეების კონკურენცია, მსოფლმხედველობათა ჭიდილი. როგორც წესი, სადაც ფიგურირებს მეტი პარტია, იქ მეტი იდეური სახესხვაობა გვაქვს. ამავდროულად, ამა თუ იმ შეხედულებისა და იდეის მატარებელი საზოგადოებრივი ჯგუფი, მხარს უჭერს ამავე იდეების გამტარებელ (და საერთოდ თანმხვედრი შეხედულებების მქონე) პოლიტიკურ ორგანიზაციას და რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ მათი ხმა, პოზიცია, შესაბამისი დეპუტატების მიერ იყოს წარმოდგენილი საპარლამენტო ტრიბუნაზე. თუ ეს ასე მოხდა, ანუ ხალხის წარმომადგენლობა, ამომრჩეველთა წარმომადგენლობა, თუ კი განხორციელდა სათანადოდოდ, მაშინ გამოდის, რომ საპარლამენტო სივრცეში თავს იყრის არაერთი განსხვავებულ აზრი, იდეა... და სწორედ ამ იდეებს შორის და მოსაზრებებს შორის კონკურენციასთან გვექნება საქმე. მოგეხსნებათ, განსხვავებული აზრი საბოლოოდ ქმნის უფრო დიდ ჭეშმარიტებას, ამიტომ ეს მისასალმებელი ფაქტი გახლავთ. ამით იმის თქმა მსურს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა ისწავლონ კონსესუსის ენა! კოპრომისებზე წასვლა! თუნდაც დღევანდელი ქართული რეალობის გათვალისწინებით!.. ყოველთვის უმჯობესია არსებობდეს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც პოლიტიკური ძალებისგან მოითოხვს უფრო მეტ მზაობას ურთიერთშეთანხმებული მოქმედებისთვის, მოლაპარაკებისთვის!.. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთთან უნდა შეჯერდნენ არა მხოლოდ კონკურენტი პარტიები თუ მათი წარმომადგენელი პირები, არამედ თავად საზოგადოებრივი ჯგუფები, რადგან პარლამენტი - ეს წარმომადგენლობითი ორგანოა!..

რაც შეეხება პროპორციული სისტემის უარყოფით მხარეებს: 1) ამომრჩევლისთვის რთულია პარტიული სიებით წარდგენილი კანდიდატების ვინაობაში გარკვევა და გადაწყვეტილებას იგი, ჩვეულებრივ, ლიდერთა მიმართ თავისი დამოკიდებულების მიხედვით იღებს. ამის გამო კი, არცთუ იშვიათად, არჩეულ პირთა შორის ისეთებიც ხვდებიან, რომელთა ფუნქციაც, ფაქტობრივად, მხოლოდ კვორუმის შექმნა და კენჭისყრაში მონაწილეობაა (ასეთი მდგომარეობა დამახასიათებელია ე.წ. “ახალი დემოკრატიის“ ქვეყნებისთვის); 2) იმ პირობებში, როდესაც პარტიების შიგა მოწყობა საკმაოდ ხშირად არადემოკრატიულია, პარტიულ სიებს მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელობა (და არა პარტიის წევრები) ადგენს და გამორიცხული არაა, რომ სიები პირადი ერთგულების პრინციპით შეადგინონ (თუმცა, ეს შიდაპარტიული პრობლემაადა დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი რამ იშვიათად ხდება) 3) თუ ქვეყანაში პოლიტიკური სიჭრელეა, წარმომადგენლობითი ორგანოც ძალიან “ჭრელი“ გამოვა, რაც, როგორც წესი, პოლიტიკურ არასტაბილურობას იწვევს. თუმცა, არსებობს მეთოდი, რომლითაც ხდება “სიჭრელის“ თავიდან აცილება. ეს კეთდება ე.წ. საარჩევნო ზღურბლის შემოღებით. ერთის მხრივ, საარჩევნო ზღურბლს აქვს ეს დატვირთვა, - უფრო მეტად უწყობს ხელს ინსტიტუციონალურ სტაბილურობას და იგი ამ მხრივ, ერთგვარი გარანტიც შეიძლება იყოს! მეორე მხრივ, ამან შეიძლება საფუძველი დაუდოს - ერთპარტიულ მმართველობას. ერთი შეხედვით, ორივე ფაქტორი სერიოზული რისკის შემცველია: ერთპარტიულობაც (ანუ პარტიული მონოპოლია) და - არასტაბილური ხელისუფლებაც! (შეგნებულად ვამბობთ, ხელისუფლება და არა მხოლოდ პარლამენტი, იმიტომ, რომ ჭრელი საკანონმდებლო ორგანო, მთლიანობაში, მთავრობის ფომრირებასაც გაართულებს და მეორეც: ძნელი წარმოსადგენია, რომ კოალიციური მთავრობის პირობებში მცირე პარტიებმა შეძლონ რაიმე მნიშვნელოვან სფეროზე პასუხისმგებლობის აღება)!

პოლიტიკური პარტიების განვითარებაზე საარჩევნო სისტემების ზოგადი გავლენის ანალიზი, სამეცნიერო პარადიგმების მიხედვით...

იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც წარმომადგენლობითი დემოკრატიის მმართველობის პირობებში დაგროვდა, დადგინდა რომ რიგ შემთხვევაში, ხალხის ნების სრულფასოვანი გამოხატვა ართულებს მთავრობის მიერ მართვის ეფექტიანად განხორციელებას. ასე მაგალითად, თუ საკანონმდებლო ორგანო პროპორციული წესით აირჩევა მოსახლეობის მრავალფეროვნება უკეთაა წარმოდგენილი და შესაბამისად უფრო მეტი პოლიტიკურ პარტია ახერხებს არჩევნებში გამარჯვებას. ეს ერთის მხრივ, უზრუნველყოფს მოსახლეობის ინტერესების მეტი სრულფასოვნებით წარმოჩენას, თუმცა ამავდროულად ამცირებს ერთპარტიული მთავრობის ჩამოყალიბების შანსს და აქედან გამომდინარე, როგორც წესი, მოითხოვს კოალიციურ მმართველობას). ეს უკანასკნელი კი გაცილებით არამდგრადი

და შინაგანად სუსტი პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც უფრო ნაკლებად ახერხებს ეფექტიანი პოლიტიკის გატარებას. მაჟორიტარული სისტემა კი, როგორც ეს დუვერჟემ დაასკვნა გასული საუკუნის 50-იან წლებში, ხელს უწყობს ორპარტიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება).4 ამგვარ სისტემაში მოსახლეობის ინტერესები შეზღუდულადაა წარმოდგენილი, სამაგიეროდ მთავრობა ძირითადად ერთპარტიულია და აქედან გამომდინარე, გაცილებით ქმედუნარიანი. ამგვარად, დემოკრატიები ერთმანეთისგან შინაარსობრივად განსხვავდებიან წარმომადგენლობითობისა და ეფექტიანობის მიხედვით. ამ სხვაობას, საბოლოო ჯამში, შედეგად მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება მოაქვს.5

ბევრი მკვლევარი ერთმანეთს უპირისპირებს კონტინენტური და ანგლოსაქსონური დემოკრატიების მოდელებს: კონტინენტური დემოკრატიები უფრო კონსენსუალური ტიპის მმართველობის ფორმას წარმოადგენენ, სადაც არამარტო პარტიებს შორის თანამშრომლობა და კომპრომისი, კოალიციური მმართველობა და საარჩევნო ბლოკების შექმნაა გავრცელებული, არამედ სოციალურ ჯგუფებს შორისაც საზოგადოება კომპრომისსა და თანამშრომლობას უფრო მოელის, ვიდრე დაპირისპირებასა და კონკურენციას.6 ე.ი. პოლიტიკური პარტიების რაოდენობა სარწმუნო ინდიკატორს წარმოადგენს დემოკრატიის ტიპის განსაზღვრისას, ვინაიდან როგორც წესი ორპარტიული პოლიტიკური სისტემა კონკურენტულ დემოკრატიასთან, ხოლო მრავალპარტიული სისტემა კონსენსუალურ დემოკრატიასთან არის ასოცირებული.7

ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო სისტემას არამარტო კონკრეტულ არჩევნებზე აქვს გავლენა, არამედ ის მეტნაკლებად განსაზღვრავს კიდეც ქვეყნის პოლიტიკურ კულტურას და დემოკრატიის ხარისხს, როგორც საშუალო, ასევე გრძელვადიან პერიოდშიც.

ზემოთხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, შეგვიძლია მაჟორიტარული არჩევნების ორპარტიულ, ხოლო პროპორციული არჩევნების - მრავალპარტიულ სისტემასთან ასოცირება მოვახდინოთ... - რაც შეეხება შერეულ საარჩევნო სისტემას: გვაქვს ყველანაირი ლოგიკური საფუძველი ჩავთვალოთ, რომ შერეულ სისტემებში - ისეთ სისტემებში, სადაც საკანონმდებლო ორგანოს აირჩევენ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემის კომბინირებით (მაგ, საქართველოს ბოლო 5 მოწვევის პარლამენტები) - პარტიების რაოდენობა, ფარდობითად უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე პროპორციული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში.

ამ ნაწილში, ჩვენი მსჯელობისთვის მთავარი დასაყრდენი, უკვე ზემოთხსენებეული მკვლევრის, დუვერჟეს, შეხედულებები გახლავთ, ამიტომაც, ლოგიკური იქნება, კვლავ მივუბრუნდეთ მის ღრმააზროვან თეზისებს;

დიუვერჟეს კანონის მიხედვით, ორპარტიული სისტემის ჩამოყალიბება ფსიქოლოგიური და მექანიკური ფაქტორებით არის განპირობებული. უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში უნდა მივიღოთ პარტიის მიზანი - მოიპოვოს გამარჯვება არჩევნებში და აქედან გამომდინარე, შეძლოს მთავრობის ჩამოყალიბება და ქვეყნის მართვა. ამის რეალიზაციისთვის, აუცილებელია ხმების უმრავლესობის მოპოვება და ამიტომ, თითოეულ ოლქში პარტიები ცდილობენ იმგვარი პლატფორმის, კანდიდატის, ან კოალიციური ერთობის წარმოდგენას, რომელიც გაზრდის მათი კანდიდატის შანსს მოიპოვოს ყველაზე მეტი ხმა. აქედან გამომდინარე, პარტიები უკვე არჩევნებამდე ცდილობენ მათ რიგებში სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისა და ინტერესების მაქსიმალურ ინკორპორაციას. ამავდროულად, ეს ტენდენცია ვრცელდება საარჩევნო ოლქების მთელ რაოდენობაზე, რადგან თითოეული მოწინააღმდეგე ითვალისწინებს არამარტო მოცემულ ოლქში გამარჯვების მნიშვნელობას, არამედ მანდატების საერთო რაოდენობის უმრავლესობის მოპოვების აუცილებლობას, ვინაიდან სწორედ ეს გახლავთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი დემოკრატიული გზა. ეს მოვლენა იწვევს პარტიების გამსხვილებას, რომელსაც საბოლოო ჯამში ორპარტიულ სისტემამდე მივყავართ.8

ასევე მექანიკურ ფაქტორებს განეკუთვნება მაჟორიტარული სისტემის თავისებურება, რომლის დროსაც უმცირესობის ხმები იკარგება (სხვდასხვა თანაფარდობით, მაჟორიტარული სისტემის ფორმების შესაბამისად) და არ აისახება არჩევნების შედეგებზე. ასე მაგალითად, თუ მოცემულ ქვეყანაში 100 ერთმანდატიან ოლქში უბრალო უმრავლესობით ირჩევენ კანდიდატს, სავსებით შესაძლებელია რომ ყველა ადგილი ერთმა პარტიამ მოიპოვოს იმის მიუხედავად რომ მან საერთო ხმების მხოლოდ 30-40% მიიღოს. ამ შემთხვევაში, სხვა პარტიები მათ მიერ მიღებული ხმების პრაქტიკულ რეალიზაციას საერთოდ ვერ ახერხებენ. ძირითადად კი, ეს სისტემა განსაკუთრებით უარყოფითად სწორედ მესამე და რანგირებით კიდევ უფრო დაბლა მდგომ პარტიებზე მოქმედებს. ეს ეფექტი კიდევ უფრო აძლიერებს პარტიების მოტივაციას, თავიდანვე იზრუნონ მოცემულ ოლქში გამარჯვებაზე და აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად მოიცვან ყველა რელევანტური პოლიტიკური ძალა და ინტერესთა ჯგუფი. ფსიქოლოგიური ეფექტი კი გულისხმობს, უკვე ამომრჩევლის პრეფერენციებში ცვლილებებს, რომელიც მაჟორიტარული სისტემის მექანიკური ეფექტიდან გამომდინარეობს. ამ დროს, ამომრჩეველი, ხედავს რა საერთო ტენდენციას, რომლის დროსაც არჩევნებში დამარცხებული მხარისთვის მიცემული ხმები უბრალოდ იკარგება, მას უჩნდება მოტივაცია ხმა მისცეს არა

მისთვის ყველაზე სასურველ კანდიდატს, არამედ იმ კანდიდატს რომელიც მისთვის ნაკლებად სასურველია, მაგრამ გამარჯვების რეალური შანსი აქვს. ამ ფაქტორთა კომბინაცია კი ორპარტიული სისტემის წარმოშობისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის (Shepsle, 2010).

მე ვიტყოდი, რომ ამავე ტენდენციას აძლიერებს მმართველობის სისტემა ძლიერი პრეზიდენტით. საქმე იმაშია, რომ ამგვარი მმართველობის სისტემა, როგორც წესი, გულისხმობს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას (ხალხის მიერ). ვინაიდან, ძლიერი პრეზიდენტის შემთხვევაში სწორედ ის წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველაზე ძლიერ შტოს ქვეყანაში, ყველა პოლიტიკური ძალის ამოცანა სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაა. აქედან გამომდინარე, პარტიების მთავარი რესურსი სწორედ ამ არჩევნებში გამარჯვებაზე იხარჯება და საქმეში დუვერჟეს კანონის მექანიკური ეფექტი ერთვება, სადაც პარტიები ცდილობენ შეკავშირებას და იმ საერთო კანდიდატზე შეთანხმებას, რომელსაც გამარჯვების რეალური შანსი აქვს. თანდათანობით, ეს სისტემაც აძლიერებს ორპარტიულობის ტენდენციებს, ვინაიდან კოალიციური და ორგანიზაციული ეფექტები შემდგომში ასახვას ჰპოვებს უკვე საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების დროს.

ბუნებრივია, რომ წარმატებული საპრეზიდენტო კამპანია ხელს უწყობს მსხვილი პარტიების გაერთიანებასა და ინსტიტუციონალიზაციას. ამ გაერთიანებების ისევ წვრილ პარტიებად დაშლა, საკანონმდებლო არჩევნების წინარე პერიოდში, კონკურენტი პოლიტიკური ჯგუფებისთვის მეტად წამგებიანია. ამიტომაც ორპარტიული ტენდენციები უფრო მეტად ფიგურირებს იქ, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში პრეზიდენტს დომინანტური ადგილი უჭირავს.

აქვე უნდა გავუსვათ ხაზი იმასაც, რომ მაჟორიტარული არჩევნებისას, პარტიებს არ უწევთ არჩევნების პირველ ტურში კოალიციების შექმნა და გაერთიანება, ვინაიდან წარუმატებლობის შემთხვევაში ამას მეორე ტურშიც შეძლებენ. ფსიქოლოგიური ეფექტი არ მოქმედებს ამომრჩეველზეც, ვინაიდან მანაც იცის, რომ შეუძლია მეორე ტურში მისთვის ყველაზე არასასურველი კანდიდატის წინააღმდეგ მისცეს ხმა. მეორე ტურის შემთხვევაშიც კი, დღის წესრიგში რჩება საკითხი თუ რომელი ორი კანდიდატი გადავა შემდეგ ეტაპზე, ამიტომაც, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პარტიებს აქვთ მოტივაცია შექმნან უფრო ფართო კოალიციები ვიდრე პროპორციული არჩევნების დროს. ამიტომაც, ამ სისტემის ეფექტები არ შეიძლება გავაიგივოთ პროპორციული საარჩევნო სისტემის ეფექტებთან (თუმცა, სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება პარტიებსა და ამომრჩეველს პროპორციული სისტემის შემთხვევაშიც, უბრალოდ ნაკლები ინტენსივობით).

ბაკურ კვაშილავა სავსებით სწორად მიუთითებს, რომ პროპორციული არჩევნები პარტიებს მოქმედების მეტ თავისუფლებას ანიჭებს. ამ შემთხვევაში, პარტიებს მხოლოდ საარჩევნო ბარიერი ზღუდავს, რომელიც ტიპიურად ხმების საერთო რაოდენობის 5%-ს არ აღემატება და ზოგ შემთხვევაში უფრო მცირეცაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ემსახურება ეთნიკურ- რელიგიური ან ლინგვისტური უმცირესობების წარმომადგენლობის უზრუნველყოფას საკანონმდებლო ორგანოში. ამ ბარიერის დაძლევა კი პარტიებს გარანტირებულად აძლევს წარმომადგენლობას ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, შესაბამისად, ამომრჩეველთა ხმების დაკარგვის საფრთხე გაცილებით დაბალია.

მიუხედავად იმისა, რომ პარტიების მიზანი პროპორციულ სისტემაშიც იგივეა, რაც მაჟორიტარული სისტემის დროს - ხელისუფლებაში მოსვლა, ამ შემთხვევაში, პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩეველს აღარ ეშინიათ, რომ მათი ძალისხმევა დაიკარგება, რადგან საარჩევნო ზღვრის გადალახვა ავტომატურად იწვევს პარტიების წარმომადგენლობის უზრუნველყოფას საარჩევნო ორგანოში. პროპორციული საარჩევნო სისტემის დროს პარტიებს აქვთ ყველანაირი შესაძლებლობა, ხელისუფლებისათვის ბრძოლა არჩევის შემდეგაც გააგრძელონ კოალიციებისა და ალიანსების შექმნით, საკანონმდებლო ორგანოში უკვე მოხვედრის შემდეგ.

ასევე, ჩვენ აქ მხედველობაში უნდა მივიღოთ ეპოქალური სხვაობაც - დუვერჟეს ნაშრომის გამოქვეყნებიდან დღემდე, მოგეხსენებათ, დაახლოებით 70 წელიწადი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში მომხდარმა ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა მკვეთრად გააუმჯობესა პარტიების უნარი განსაზღვრონ მომავალ არჩევნებში მოსალოდნელი შედეგები; საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები და მსგავსი ხასიათის კვლევები თანამედროვე მსოფლიოში რეგულარულ და მასშტაბურ ხასიათს ატარებს, დაიხვეწა მეთოდოლოგია და გაიაფდა, როგორც მათი ჩატარების ხარჯები, ასევე სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მოპოვების შესაძლებლობები, ამიტომაც, პარტიებს გაცილებით მეტი სიზუსტით შეუძლიათ განსაზღვრონ საკუთარი შანსები და აქედან გამომდინარე, მეტი ალბათობით იფიქრონ უფრო ფართო კოალიციებისა და ალიანსების შექმნაზე კვალიფიციური მაჟორიტარული არჩევნების დროსაც. მოქმედებაში მოდის ფსიქოლოგიური ეფექტიც და ამომრჩეველმა, გამომდინარე გამოქვეყნებული კვლევების შედეგებიდან, უკვე გაცილებით დიდი ალბათობით იცის, რომელ პოლიტიკურ ძალას აქვს რეალური შანსი იბრძოლოს ხელისუფლებისთვის. უფრო მეტიც, ვინაიდან პოლიტიკური პარტიის მიზანი საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოპოვებაა და მხოლოდ კონკრეტულ ოლქში გამარჯვებას ეს შედეგი არ მოაქვს, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის წინასაარჩევნო შეთანხმების ალბათობა კიდევ უფრო იზრდება...

სარტორის მიდგომა

დღესდღეობით შეინიშნება ასეთი ზოგადი ტენდენცია; გაიზარდა იმ პარტიების რიცხვი, რომლებიც აქტიურდებიან საარჩევნო პერიოდში და სხვა დროს საკუთარი რესურსების დაზოგვას ახდენენ. ამავე მოვლენასთანაა დაკავშირებული ისეთი პარტიების მომრავლება, რომლებიც აქცენტს არა წევრების რაოდენობაზე, არამედ მხარდამჭერების კულტივაციაზე აკეთებენ.

მაგალითად, საქართველოში 200-ზე პარტიაა წარმოდგენილი და მათ ნომინალურად აქტიური ლეგალური სტატუსი გააჩნიათ.9 საქართველოში დარეგისტრირებულ პარტიათა აბსოლუტური უმრავლესობა არამცთუ ვერ ახერხებს არჩევით ორგანოებში საკუთარი წარმომადგენლების გაყვანას, არამედ მათი არსებობაც კი უცნობია მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის; ისინი მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ.

აქ გასათვალისწინებელია არჩევნებში პარტიების ბლოკების სახით მონაწილეობა. ამ შემთხვევაში, რამდენიმე პარტია ერთიანი სიით იყრის კენჭს, როგორც ერთი პოლიტიკური სუბიექტი, მაგრამ ეს წარმოდგენას ვერ მოგვცემს ამგვარი კოალიციის სტაბილურობაზე. მეორე მხრივ, კოალიცია ეფემერული ხასიათის შეიძლება იყოს და მისი ჩათვლა ავტონომიურ პოლიტიკურ სუბიექტად ძნელია, მეორეს მხრივ, შეუძლებელია ამომრჩევლის პრეფერენციების დიფერენცირება, როდესაც ეს უკანასკნელი ვერ ახერხებს კოალიციაში შემავალ კონკრეტულ პარტიას მისცეს ხმა. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება გავლენას ვერ ახდენს კოალიციაში შემავალი კონკრეტული პარტიის მიერ მიღებულ მანდატების რაოდენობაზე. ამ გარემოებამ, დიდი ალბათობით, შეიძლება გამოიწვიოს პარტიების რაოდენობის შემცირება.

იტალიელი, პოლიტიკის მეცნიერის, ჯოვანი სარტორის მიდგომის თანახმად საარჩევნო სისტემის ეფექტები პარტიების რაოდენობაზე მხოლოდ მაშინ იქნება საგრძნობი, როდესაც პარტიები ინსტიტუციურად ძლიერია, სხვა შემთხვევაში, მაჟორიტარული სისტემა ვერ მოახერხებს შეამციროს პარტიების რაოდენობა. ეს განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქებში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი კანდიდატები იქნებიან ლიდერთა შორის და ამიტომაც, საქვეყნო დონეზე ვერ მოხდება ხმების კონცენტრაცია ორი პარტიის ფარგლებში;10 - მე პირადად საკმაოდ ლოგიკურად მიმაჩნია სარტორის ეს შეხედულება; ვფიქრობ, რომ აპრიორი საარჩევნო სისტემის ტიპი, არ და ვერ განსაზღვრავს პოლიტიკურ ველზე პარტიების რაოდენობას, ცალსახად არ შეიძლება ითქვას, რომ მაჟორირატიზმის პირობებში - პარტიათა რაოდენობა საგრძნობლად მცირე იქნება, ვიდრე ეს პროპორციული საარჩევნო სისტემის არსებობისას (თუმცა, ამის ალბათობა, მაინც საკმაოდ დიდია)!..

პარტიები და კომერციული პოლიტიკური რეკლამა

ზემოთ ვახსენეთ - ბლოკები, ამიტომაც ლოგიკური იქნება, შევეხოთ პარტიების თანასწორობის პრინციპს. როგორც პროფესორი ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, პარტიების თანასწორობის პრინციპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-სამართლებრივი მიზანია - პარტიულ-პოლიტიკურ კონკურენციაში გარკვეული ლოგიკა შეიტანოს და შესაბამისად, მას სისტემური ხასიათი შესძინოს. პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების თანასწორი პრივილეგირება აღნიშნული მიზნის მიღწევას, ბუნებრივია, გარკვეულ წინააღმდეგობას უქმნის. სამართალპოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, პარტია კანონმდებლობით პოლიტიკური კონკურენციის ერთადერთ სუბიექტად იყოს განხილული; ავტორის აზრით, აღნიშნული მოთხოვნის რეალიზების საუკეთესო საშუალება საარჩევნო კანონმდებლობიდან საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტის ამოღება გახლავთ.

მართლაც, მოცემულ დასკვნას დამატებითი განამტკიცებს ის ფაქტიც, რომ დროებითი საარჩევნო ბლოკების შექმნის კანონმდებლობით მინიჭებული უფლება ამცირებს პარტიების მოტივაციას, სხვა პარტიებთან მყარ ორგანიზაციულ საწყისებზე გაერთიანდნენ. ცხადია, ეს ხელს უწყობს პარტიული სისტემის უკიდურესად დანაწევრებული მდგომარეობის შენარჩუნებას და ქმნის სერიოზულ საფრთხეს საქართველოში ინსტიტუციონალიზებული პარტიული სისტემის ჩამოყალიბებისათვის.11

პარტიების თანასწორობის პრინციპი - საკმაოდ ფართო ცნებაა და იგი ეხება არაერთ ასპექტს, მათ შორისაა კომერციული პოლიტიკური რეკლამის საკითხიც; საქართველოს კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს ანიჭებს უფლებას, საარჩევნო კამპანია კომერციული პოლიტიკური რეკლამის დახმარებით წარმართონ. კანონმდებლის აღნიშნული გადაწყვეტილების შეფასებისას, ყურადღება უნდა გავამახვილოთ მთელ რიგ ფაქტორებზე, რომლებიც კომერციული პოლიტიკური რეკლამის მიზანშეწონილობის წინააღმდეგ მეტყველებს: ტოტალურ კომერციულ საარჩევნო კამპანიას შეუძლია სპონტანური პოლიტიკური წარმატებისკენ გზა გაუხსნას პოლიტიკური პროცესის დებიუტანტებსაც კი, თუ მათ ზურგს მდიდარი ფინანსური რესურსები უმაგრებს. აქედან გამომდინარე, საარჩევნო კამპანიის ზედმეტი კომერციალიზაცია, ზოგადად, პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის შემაფერხებელ მოვლენად უნდა შევაფასოთ; ამასთან, კომერციული პოლიტიკური რეკლამა ხელს უშლის დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ნების ჩამოყალიბების პროცესს. ფასიანი საარჩევნო კამპანიის წარმოებისას, გადამწყვეტ როლს ასრულებს არა აგიტაციის შინაარსი, არამედ სატელევიზიო ეთერში საარჩევნო სუბიექტის გამოჩენის სიხშირე. საარჩევნო სუბიექტი სარეკლამო კლიპების საშუალებით ამომრჩეველთან ამყარებს არსებითად “უშინაარსო” კომუნიკაციას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მის შესაძლებლობას, ელექტორატის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებაზე შეუსაბამოდ დიდი ზეგავლენა მოახდინოს. მასშტაბური სარეკლამო კამპანია მაყურებელს აიძულებს, იმოქმედოს არა საკუთარი ნების შესაბამისად, არამედ იმ ინსტიქტების საფუძველზე, რომლებსაც მასში რეკლამა აღძრავს; გარდა ამისა, კომერციული პოლიტიკური რეკლამა დამატებით წაახალისებს იმ განწყობას, რომ ფული

პოლიტიკაში შეუსაბამოდ დიდ როლს თამაშობს.12

როგორც ხედავთ, კომერციულ პოლიტიკურ რეკლამას ახლავს მკვეთრი ნეგატიური გამოვლინებები, სწორედ ამიტომაც, საზღვარგარეთის მთელი რიგი ქვეყნების კანონმდებლები მკაცრად ზღუდავენ საარჩევნო სუბიექტების უფლებას, წინასაარჩევნო კამპანია ფასიანი რეკლამის საშუალებით აწარმოონ.

მე ვფიქრობ, უპრიანი იქნებოდა, მომხდარიყო ფასიანი პოლიტიკური რეკლამის შემზღუდავი ნორმების რეცეფცია ქართულ რეალობაშიც.

საარჩევნო სიების სახეები და მათი ფუნქციონალური ეფექტები (პარტიის საარჩევნო შედეგების თვალსაზრისით)

როგორც სამართლის დოქტორი, ლევან ცუცქირიძე, მიუთითებს (და სავსებით სწორადაც), საარჩევნო სიების ფორმირების დემოკრატიზაცია მტკივნეული პროცესია, რადგანაც მაღალ პოლიტიკურ კულტურას და პარტიული ლიდერების მხრიდან პოლიტიკური კონტროლის დაკარგვის რისკის მიღებას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, თუკი პოლიტიკურ ორგანიზაციას სურს რეალურ პარტიად იქცეს, საარჩევნო სიებზე ლიდერთა ვიწრო ჯგუფის აბსოლუტური კონტროლის არ არსებობა ნორმალურ მოვლენას უნდა წარმოადგენდეს. 13

საარჩევნო სიები, ფორმებისდა მიხედვით, შეგვიძლიათ დავყოთ ორ ძირითად ჯგუფად: ხისტი და მოქნილი სიები.

ხისტი სიების გამოყენებისას ამომრჩეველი ხმას აძლევს სასურველ პარტიულ სიას მთლიანობაში. ბიულეტენში უთითებენ მხოლოდ პარტიების დასახელებებს, ემბლემებს, ზოგჯერ კი – მთავარი (ძირითადი) კანდიდატების გარკვეულ რაოდენობას. ამომრჩევლები ხმას აძლევენ სიას და არ გამოხატავენ დამოკიდებულებას ცალკეული კანდიდატის მიმართ. თავის მხრივ, კანდიდატები სიაში განლაგებულნი არიან არა ანბანური თანამიმდევრობით, არამედ პარტიაში მათი მდგომარეობის („წონის“) მიხედვით. შესაბამისად, მანდატები გაიცემა სიაში კანდიდატის ადგილის მიხედვით.

„მოქნილი“ სისტემით კი ამომრჩეველს ეძლევა შესაძლებლობა აირჩიოს როგორც პარტიული სია, ასევე განსაზღვროს პრეფერენციები – ერთი ან რამდენიმე კანდიდატის მითითებით. ბოლო შემთხვევაში, შესაბამისად, მანდატს ის კანდიდატი მიიღებს, რომელსაც ამომრჩეველთა მეტი მხარდაჭერა ექნება. შედეგად დეპუტატი შეიძლება გახდეს ისეთი კანდიდატი, რომელიც პატიული სიის ბოლოში იმყოფებოდა (ეს სისტემა გამოიყენება შვეიცარიაში, ავსტრიაში, იტალიაშ). ანუ, აქ საქმე გვაქვს ერთ ძალზედ საინტერესო მოცემულობასთან: სასწორის ერთ პინაზე დევს - პარტიის ნება (მისი არჩევანი და მისი გადაწყვეტილება), ხოლო მეორე პინაზე - ამომრჩევლის ნება (მისი არჩევანი და გადაწყვეტილება), ამგვარი მიდგომით კი იმარჯვებს სწორედ ეს უკანასკნელი, ე.ი ამომრჩევლის ნება-სურვილს ენიჭება უპირატესობა, პარტიულთან შედარებით!..

აქვე უნდა განიმარტოს, თუ რა არის - პანაშირება (ან პანაშაჟი); ესაა მეთოდი, რომელიც ამომრჩეველს უფლებას აძლევს სხვადასხვა პარტიული სიის კანდიდატებს მისცეს ხმა. ამომრჩეველი, როგორც წინა შემთხვევაში, ხმას აძლევს ინდივიდუალურ კანდიდატებს, მაგრამ მას აქვს არა ერთი ხმის უფლება, არამედ იმდენის, რამდენი დეპუტატიც უნდა აირჩეს მრავალმანდატიან ოლქში… პირადად ჩემში, ეს მიდგომა თავად არჩევანის არსს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ... არჩევნებს ხომ სწორედ ის დატვირთვა აქვს, რომ ჩვენივე ხედვით მოვახდინოთ დიფერენცირება და ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე ავარჩიოთ საუკეთესო ვარიანტი... და ლოგიკურადაც კი: შეუძლებელია რამდენიმე შემოთავაზებულ ალტერნატივას შორის რომელიმე ერთის პრიმატის გამოკვეთა ვერ მოვახდინოთ, ანუ, შეუძლებელია, რომ რაიმე ნიშნით, რაიმე ასპექტით, ერთი მაინც არ აღმოჩნდეს მათგან გამორჩეული!..

რეკომენდაციები

რეკომენდაციების ნაწილში შემოგთავაზებთ ჩემს მოსაზრებას იმის თაობაზე, თუ რომელი საარჩევნო სისტემის პირობებში შეიძლება მივიღოთ პარტიული განვითარების ყველაზე მაღალი ინდექსი და მაშასადამე, შეუქცევადი პოლიტიკური რეალობა. - მე ვიტყოდი, რომ პროპორციული სისტემა ეს არ არის ყველაზე კარგი სისტემა მსოფლიოში, უბრალოდ ეს არის ყველაზე ადექვატური სისტემა ჩვენი სინამდვილისთვის. უფრო კონკრეტულად, მე მოგახსენებთ პროპორციული სისტემის ერთი-ერთი სახესხვაობის შესახებ, რომელიც ყველაზე კონკურენტუნარიანია არსებულ ალტერნატივებს შორის და იგი ყველა შესაძლო ვერსიას წინ უსწრებს, საკუთრივ, მისი ვალიდურობის ხარისხით:

თანამედროვე სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს რეგიონალური პროპორციული საარჩევნო სისტემა. ეს სისტემა აქტიურად გამოიყენება ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ნიდერლანდები, ბელგია, საბერძნეთი, ნორვეგია, შვედეთი...

რეგიონალურ-პროპორციული სისტემა შემუშავებულ იქნა იმ პრობლემების გადასაჭრელად, რაც წარმოქმნა მაჟორიტარულმა სისტემამ! განვიხილოთ, თუ რაში გამოიხატება რეგიონალურ-პროპორციული სისტემის დადებითი მხარეები და როგორ ახერხებს იგი მაჟორიტარიზმის ლაფსუსების აღმოფხვრას;

რეგიონალური პროპორციული სისტემის ფარგლებში არჩევნების ჩატარება ხდება კონკრეტული რეგიონებისათვის განკუთვნილი სიებით. აგრეთვე ამომრჩევლებს შეუძლიათ არა მარტო პარტიული სიმპათიები დააფიქსირონ, არამედ განსაზღვრონ სასურველ პოლიტიკურ გაერთიანებაში შემავალი პირების მათთვის სასურველი რიგითობა. ამ სისტემის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია შეიცვალოს ოლქების გადანაწილება და იგი დაიყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 10-15%-იანი განსხვავებით. ემ ყოველივეს შედეგად: მოხდება ამომრჩეველთა ნების პროპორციულად ასახვა მანდატებში, ამომრჩეველთა დაკარგული ხმების მინიმუმამდე შემცირება და ხმის წონის თანაბრობის უზრუნველყოფა!..

ამავე დროს, ამ სისტემის დანერგვის საფუძველზე მივიღებთ შემდეგ რეალობას: უზრუნველყოფილი იქნება გეოგრაფიული წარმომადგენლობა, რადგან მანდატების გადანაწილება რეგიონალურ დონეზე ხდება და შესაბამისად იზრდება კავშირი ამომრჩეველსა და მის წარმომადგენელს შორის, რაც ერთგვარად წარმოადგენს მაჟორიტარული სისტემის კომპენსირებას. ამასთან, მოხდება მცირე პარტიების წარმომადგენლობის ხელშეწყობაც. - ბუნებრივია, მცირე პარტიებს მეტი შესაძლებლობა ეძლევათ კონკრეტულ რეგიონში ამომრჩევლებთან ინტენსიური მუშაობის შედეგად, გადალახონ მანდატის მისაღებად დაწესებული ბარიერი.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ მართალია არ არსებობს ისეთი სრულყოფილი სისტემა, რომელიც რაიმე უარყოფითი დეტალის გარეშე მოაგვარებს საარჩევნო სამართალში არსებულ პრობლემურ საკითხებს, მაგრამ დღეს არსებული ალტერნატივებიდან რეგიონალურ-პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ყველაზე შესაფერისი, რადგან იგი სხვებთან შედარებით, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს იმ პრინციპების დაცვასა და შესრულებას, რომლებსაც ეფუძნება საარჩევნო სამართალი და ზოგადად სახელმწიფოს შემდეგი სუვერენული განვითარება (და მათ შორის პარტიული განვითარებაც)!..

დღეს არსებული ქართული რეალობის გათვალისწინებით, შესაძლოა, მომავალი პარლამენტი იყოს ძალზედ ფრაგმენტირებული და მასში თავი მოიყაროს არაერთმა პარტიამ, მაგრამ აქვე, ჩნდება ლოგიკური კითხვა: თავად ჩვენი საზოგადოება განა არ არის ფრაგმენტირებული? დიახ, არის! - და ალბათ, უმჯებესი იქნება (და ლოგიკურიც), რომ საზოგადოების კონსოლიდაცია დავიწყოთ სწორედ პარლამენტში მათი რჩეულების ერთად თავმოყრით და ამით ხელი შევუწყოთ მშვიდ და დემოკრატიულ პარტიულ თანაცხოვრებას!

და ბოლოს, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო სისტემები, საპრეზიდენტო და საპარლამენტო მმართველობა, პოლიტიკური პარტიები... - ეს ის თემებია, რომელთა კვლევაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ კუთხით დაგროვილია საკმაოდ მდიდარი ლიტერატურა და რა თქმა უნდა, ეს ნაშრომი ვერ მოიცავდა ყველა იმ თემას, რომელიც აღნიშნულ, ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე, საკითხებთანაა დაკავშირებული. ამდენად, შევეცადეთ განსაკუთრებული ყურადღება დაგვეთმო სწორედ ჩვენი კვლევისთვის ყველაზე მეტად რელევანტური კომპონენტებისთვის!..

სქოლიო:

1. Daalder, H. (2001). The rise of parties in Western democracies. In L. Diamond & G. Gunther (Eds.), Political parties and democracy (pp. 40-52). Johns Hopkins University Press

2. http://www.parliament.ge/files/1055_16721_957521_saarchevno_sistemebi.pdf


3. იქვე, გვ. 6

4. uverger, M. (2012). The Study of Politics. Amsterdam: Springer Press.

5 კვაშილავა ბ., კონსტიტუციური წყობისა და საარჩევნო სისტემის გავლენა პოლიტიკური პარტიების განვითარებაზე პოსტსოციალისტური ევროპის დემოკრატიებში, საარჩევნო სისტემა და პარტიები, თბილისი, 2016, გვ. 7.

6 Lijphart, A. (1996). Constitutional choices for new democracies. In L. Diamond & M. F. Plattner (Eds.), The global resurgence of democracy (pp. 162-174). Johns Hopkins University Press

7. კვაშილავა ბ., კონსტიტუციური წყობისა და საარჩევნო სისტემის გავლენა პოლიტიკური პარტიების განვითარებაზე პოსტსოციალისტური ევროპის დემოკრატიებში, საარჩევნო სისტემა და პარტიები, თბილისი, 2016, გვ. 16

8. Powell, Jr. G. B. (2000). Elections as instruments of democracy: Majoritarian and proportional visions. Yale University Press

9. ბაღდავაძე, ლ. (2012). ერთკაციანი პარტიების პოლიტიკური სისტემა საქართველოში. ბოლო ნახვა 14.11.2016. ინტერნეტ-პორტალი:

https://www.ambebi.ge/article/47928-erthkaciani-partiebis-politikuri-sistema-saqarthveloshi-219-partiaa- daregistrirebuli/

10. Sartori, G. (2003). The influence of electoral laws: Faulty laws or faulty method? In B. Grofman & A. Lijphart (Eds.), Electoral laws and their political consequences (pp. 43-69). New York: Algora Publishing

11. კობახიძე, ი., პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი, თბილისი, 2008, გვ. 140.

12. იქვე, გვ. 157-158.

13. ცუცქირიძე, ლ., ესეები პოლიტიკური პარტიების შესახებ, © აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის.



0
34
შეფასება არ არის
ავტორი:მალანია თეიმურაზი
მალანია თეიმურაზი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0