x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103593
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467973
ჰომო საპიენსები ჩინეთში ბევრად უფრო ადრე სახლობდნენ, ვიდრე მიგვაჩნდა
ჰომო საპიენსები ჩინეთში ბევრად უფრო ადრე სახლობდნენ,  ვიდრე მიგვაჩნდა


უძველესი ჰომო საპიენსის ანუ ანატომიურად თანამედროვე ადამიანის ნაშთები აფრიკაშია აღმოჩენილი, კერძოდ ჩრდილოეთ აფრიკაში, მაროკოში, ესპანეთის საზღვრიდან არც ისე შორს, ჯებელ ირჰუდში. რიგით მეორე უძველესი ნარჩენები აფრიკის ჰომო საპიენსებისა აღმოჩენილია ეთიოპიაში ორ სხვადასხვა ადგილას - ჰერთოში და ომო კიბიშში, აქედან ერთი დათარიღებულია 195, 000 წლით, ხოლო მეორე 160, 000 წლით. 2019 წლის კვლევით დადგინდა, რომ ევრაზიაში უძველესი ჰომო საპიენსები ცხოვრობდნენ უკვე 210, 000 წლის წინ. ეს აღმოჩენა გაკეთდა საბერძნეთში, აპიდიმას გამოქვაბულში. ევრაზიაში რიგით მეორე უძველესი განსახლების ტერიტორია, რაც 2020 წლამდეა აღმოჩენილი, მდებარეობდა ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ისრაელის ტერიტორიაზე, კარმელის მთებში მდებარე მისლიიას გამოქვაბულში. ისრაელში აღმოჩენილი ანატომიურად თანამედროვე ადამიანის ნაშთი, რომელიც მოიცავს ერთი ადამიანის ზედა ყბის ძვალს, რომელზეც შერჩენილია 8 კბილი, დათარიღებულია ძვ.წ. 193, 000 - 158, 000 წლებით. ავსტრალიაში ადამიანები უკვე 65, 000 წლის წინ სახლობდნენ, ხოლო ინდოენზიის კუნძულ სუმატრაზე აღმოჩენამ ცხადყო, რომ ინდონეზიის არქიპელაგის კუნძულებზე ჰომო საპიენსები უკვე ცხოვრობდნენ ძვ.წ. 70, 000 წლიდან.


ჩინეთში პირველი ჰომო საპიენსები როგორც ჩანს სახლობდნენ 120, 000 - 80, 000 წლის წინ. 2015 წელს სამხრეთ ჩინეთში, დაოქსიანის რეგიონის ჰუნანის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ გამოქვაბულში ნაპოვნი იქნა ჰომო საპიენსების 47 კბილი. "ეს უმაღლესი ლიგაა, უდიდესი აღმოჩენაა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი ბოლო ათწლეულში გაკეთებულა აზიის კონტინენტზე" - აცხადებს ოქსფორდის უნივერსიტეტის არქეოლოგი მაიკლ პეტრაგლია. ადამიანთა ამ კბილებთან ერთად ასევე აღმოჩნდა პრეისტორიული აფთრების უკვე გადაშენებული გიგანტური პანდების, და ათეულობით სხვა ცხოველის ნაშთები. ამ ადგილას არქეოლოგებმა ვერ აღმოაჩინეს ქვის იარაღები, რაც მათ იმის ფიქრის მიზეზს აძლევს, რომ პერმანენტულად ამ გამოქვაბულში ადამიანები არ ცხოვრობდნენ და მათი ძვლები მტაცებელთა მიერაა აქ მოტანილი. "აღმოჩენილი კბილები ეკუთვნის ჰომო საპიენსს, ეს შეგვიძლია სრულიად დარწმუნებით ვთქვათ" - განაცხადა მარია მარტინონ-ტორესმა, ლონდონის უნივერსიტეტის პალეოანთროპოლოგმა, რომელმაც იკვლია ეს არტეფაქტები პეკინის ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის და პალეოანთროპოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტებთან ვუ ლიუსა და ქსიუ-ჯი ვუსთან ერთად. მათი მცირე ზომა, თხელი ფესვები და ბრტყელი კბილის გვირგვინები არის ტიპიური ჰომო საპიენსისთვის დამახასიათებელი და არ განსხვავდება დღევანდელი ადმიანების კბილებისგან. აღიშნულ არტეფაქტებზე არ ჩაუტარებიათ რადიონახშირბადული დათარიღება, ვინაიდან ამისთვის ისინი ზედმეტად ძველი იყო (უფრო ძველი, ვიდრე 50, 000 წელი). ამგვარად მკვლევართა ჯგუფმა კალციტის დეპოზიტების და ცხოველთა ნაშთების ასაკი დაადგინეს და ამგვარად განსაზღვრეს იქ აღმოჩენილ ადამიანთა ძვლების ასაკი საშუალოდ 100, 000 წლით. ამ კბილებიდან დნმ-ანალიზის გარეშე არ შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ ცხოვრობენ თუ არა მათი პირდაპირი შთამომავლები დღევანდელ ჩინეთში, ამბობს ჟან-ჟან ჰუბლინი, ლაიფციგის მაქს პლანკის ინსტიტუტის პალეოანთროპოლოგი, დღევანდელი მონაცემებით დაზუსტებით მხოლოდ ის ვიცით, რომ დღევანდელი ჩინელები დაახ. 60, 000 წლის წინ ნეანდერტალელებთან შერეული ჰომო საპიენსების პოპულაციის შთამომავლები არიან.



წყარო: nature.com


კრებულები:



1. პროტო-ქართული ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
29
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0