x
რატომ უჩნდებათ ადამიანებს ტატუს გაკეთების სურვილი?
image
ვინ და რატომ იკეთებს ტატუს? ოჰაიოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოკითხულ ადამიანთა 88% იცნობს მინიმუმ ერთ ადამიანს, ვისაც აქვს ტატუ. ამერიკისა და მსოფლიო ცნობებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1997 წელს ყველაზე მზარდ ბიზნესებს შორის ტატუირება მეექვსე ადგილს იკავებდა.

რამ გამოიწვია ტატუს მზარდი პოპულარობა? მილან კენგი და კატერინა ჯონასი თვლიან, რომ ადამიანები ტატუში ხედავენ მათი პიროვნების უნიკალურ ასპექტებს. სოციოლოგები, რომლებიც ტატუირების საკითხს სწავლობენ ყურადღებას ამახვილებენ ჯგუფურ ნიმუშებსა და ტენდენციებზე. ისინი შეისწავლიან რასის, სქესისა და კლასის გავლენას ე. წ “სხეულის პოლიტიკაზე’’. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანები ტატუს იყენებენ იმისთვის, რომ გამოხატონ თუ ვინ არიან და როგორ ხედავენ საკუთარ თავს სხვებთან ურთიერთობასა და სოციალურ სამყაროში. კვლევებით ასევე დასტურდება, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ სრული კონტროლი გაუწიონ მათი ტატუირებული სხეულის მნიშვნელობას.

ტატუირება განსაკუთრებით პოპულარულია თინეიჯერებსა და უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის. მაშინ, როცა ახალგაზრდები ცდილობენ, რომ დაამტკიცონ თავიანთი დამოუკიდებლობა, ტატუ ხდება საკუთარი თავის შეგრძნების ერთგვარი საშუალება ცვალებად სამყაროში.

მირნა ამსტრონგმა თავის გუნდთან ერთად შეისწავლა ტატუირების გავრცელება დღევანდელ თინეიჯერებს შორის. დადგინდა, რომ იმ მოსწავლეთა უმრავლესობას, რომლთაც აქვთ ტატუ გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით და ნაკლებად აქვთ შეხება კრიმინალურ სამყაროსთან.


ახალგაზრდებზე დაკვირვების შედეგად დგინდება, რომ ტატუ აქვს განსაკუთრებული დატვირთვა, რომლის მეშვეობითაც ახალი თაობა ამტკიცებს თავის დამოუკიდებლობას და დასამახსოვრებელს ხდის ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს, დაწყებული კოლეჯში წასვლიდან, დამთავრებული მარტო ცხოვრებამდე და ქორწინებამდე. ზოგი ტატუს უყურებს როგორც ამბოხს ავტორიტარული ფიგურებისა და ძირითადი ღირებულებების წანააღმდეგ, ზოგისთვის კი ტატუ უფრო მეტი ნიუანსის გამომხატველია და მისი მეშვეობით ამტკიცებენ საკუთარ ავტონომიასა და სიმწიფეს. ყველა შემთხვევაში, ტატუ არის სრულწლოვანებაზე ხაზგასმის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება.

1960-იანი წლებიდან იზრდება ქალების ინტერესი ტატუირების მიმართ. დღესდღეობით ტატუირებულ ადამიანთა დაახლოებით ნახევარს წარმოადგენენ ქალები. 2003 წელს ჰარისის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქალების 15%-ს ხოლო მამაკაცების 16%-ს აქვს ტატუ.

მიუხედავად იმისა, რომ ტატუ დიდი პოპულარობით სარგებლობს, მას დისკრიმინაციის პროვოცირება შეუძლია. კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში ჩატარდა ბიზნეს ჩაცმულობის კვლევა, რომლის მეშვეობითაც დადგინდა, რომ კამპუსის რეკრუტების 90% უარყოფითად იყო განწყობილი ტატუს მიმართ. ამსტრონგისა და მაკრონელის კვლევამ კი აჩვენა, რომ ხშირად რასობრივი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებიც ატარებენ ტატუს აღიქმებიან, როგროც კრიმინალურ საქმიანობაში ჩართულები. ამავდროულად, ადვოკატები ხშირად ურჩევენ მათ დაცვის ქვეშ მყოფებს, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დაიფარონ ტატუ, რადგან ამას შესაძლოა, რომ უარყოფითი გავლენა მოახდინოს მაგალითად ნაფიც მსაჯულებსა თუ მოსამართლეებზე.

საკითხი უფრო მწვავედ დგას, როცა საქმე გვაქვს ე. წ სრულ ტატუირებასთან. ესაა შემთხვევა, როცა ადამიანს თითქმის სრულად აქვს დაფარული თავისი სხეული ტატუებით. მას შეუძლია გამოიწვიოს ძლიერი სტიგმატიზაცია და გავლენა იქონიოს სოციალურ მიმღებლობასა და დასაქმებაზე. ამავდროულად, ტატუს შეუძლია, რომ შექმნას დაძაბულობა ინტერპერსონალურ კომუნიკაციებში.

ტატუ ადამიანებს აძლევს საშუალებას, რომ გამოხატონ თავიანთი თავი სხეულის მეშვეობით. ტატუ წარმოადგენს ბრძოლის ცენტრს შესაბამისობასა და წინააღმდეგობას, ძალასა და ვიქტიმიზაციას, ინდივიდუალიზმსა და ჯგუფის წევარდ ყოფნას შორის.

ტატუს პოპულარობა ადასტურებს, რომ მას აქვს ძალა დაეხმაროს ადამიანებს თვითგამოხატვაში, მათთვის მნიშვნელოვანი მოვლენების სამახსოვრო სიმბოლოებით გადმოცემასა და სოციალური კომენტარის გაკეთებაში.

ელენე ნამორაძე


0
62
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე ნამორაძე
ელენე ნამორაძე
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0