x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
მოქალაქის უმთავრესი მოვალეობები ციცერონისა და ავრელიუსის მიხედვით
image

დღევანდელობაში მოქალაქე არის ადამიანი, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს ქვეყანაში არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებით. კარგი მოქალაქეა ის, ვისაც სამშობლო უყვარს, პატივს სცემს და უფრთხილდება საკუთარი ქვეყნის ისტორიასა და წინაპართა მონაპოვარს. კარგი მოქალაქე კანონმორჩილია, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ახმარს თავისი ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობის ზრდას და აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და არჩევნებში. თითოეულ მოქალაქეს გვაქვს სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალური უფლება, რომლის გააზრება და აღიარება უმნიშვნელოვანესია.

ტერმინი მოქალაქე, უპირველეს ყოვლისა, ასოცირდება თავისუფლებასთან, რაც გამოიხატება იმაში, რომ იგი პატივს სცემს საზოგადოებრივ ფასეულობებსა და ღირებულებებს, ამავდროულად შეუძლია სხვებთან მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაცხოვრება.


მარკუს ავრელიუსის შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით ძალზედ საინტერესოა. იგი თავის ნაშრომში „ავრელიუსის ფიქრები“ მოქალაქის მოვალეობა-პასუხისმგებლობის საკითხებს თავისი თანამდებობრივი პოზიციიდან გამომდინარე უყურებს, მისი მოსაზრებები, ასე ვთქვათ, პრაქტიკული ხასიათისაა. მისთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის მთავარი მოვალეობა დანარჩენი მოსახლეობის ყოფის შემსუბუქებაა. მისი აზრით, თუ ერთი ადამიანის ღვაწლი კარგი და სასარგებლოა სამშობლოსათვის, მაშინ ის კარგია მთელი მსოფლიოსთვის. მთელი ნაშრომის განმავლობაში ავრელიუსის ყურადღება „სულის გადარჩენის“ პროცესზეა გამახვილებული. მას მიაჩნდა, რომ ადამიანი უფალმა სიკეთის საკეთებლად მოავლინა ამ სამყაროს, სწორედ ამიტომ იგი გამოირჩეოდა ჰუმანურობით. მისთვის უცხოა ომი, ის ტექსტის არც ერთ მონაკვეთში არ ადიდებს სამხედრო საქმეს და მასზე უფრო პრიორიტეტულ საწყისებს ასახავს. ავრელიუსი გახლდათ ის პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც რომში მონების ოჯახის გარეშე გაყიდვის პრაქტიკა აღმოფხვრა. მისი ნაშრომი ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ მოძღვრებად, რადგან მისივე ფიქრები მუდმივად სულიერი გარდასახვისკენ იყო მიპყრობილი.

რაც შეეხება ციცერონს და მის ნაშრომს „მოვალეობათა შესახებ“, ნაშრომში ცალსახაა, რომ ციცერონისთვის მთავარი ადამიანური მოვალეობა ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობს. მისთვის მთავარი ადამიანური მოვალეობა სამშობლოსთვის თავგანწირვა, მის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობის აღებაა. დიახ, მოქალაქის პატრიოტიზმი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობაა. განსხვავებით ბევრი სხვა ავტორისაგან ციცერონისათვის პატრიოტიზმის გამოვლინება მხოლოდ სამშობლოსათვის თავგანწირვა და ომებში მონაწილეობა არაა, მისი გადმოსახედიდან სამოქალაქო ასპარეზზე მოღვაწეობითაცაა შესაძლებელი, რომ საკუთარ სამშობლოს სიყვარული დაუმტკიცო, რადგან ერთ დღესაც დგება მომენტი, როცა მახვილით სამშობლოს დაცვა შეუძლებელა და ადამიანის მთავარი ძალა ხდება სიტყვა.

ციცერონის ნააზრევიდან გამომდინარე ადამიანმა უნდა გაიაზროს, რომ ის „პოლიტიკური ცხოველია“, რომ მისი, როგორც მოქალაქის ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვეყნის მომავალზე აისახება. ყველა ადამიანს შეუძლია პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად იყოს ჩართული და თუ რა გზით ჩაერთვება ამ პროცესში ეს უკვე მისი პირადი ნებაა. ციცერონის შეხედულებები თანამედროვე გამოწვევებს ესადაგება, მისი შეხედულებები კანონმორჩილების ან თუნდაც ადამიანის უფლება-მოვალეეობების შესახებ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ეს ტრაქტატი არა ძვ.წ I საუკუნეში დაიწერა, არამედ ახლა ჩვენს დროში. ავრელიუსისგან განსხვავებით მისი ნაშრომი პოლიტიკური ხასიათისაა, მიუხედავად მორალური კონცეფციებისა ეს ტრაქტატი პოლიტიკურ გამოვლინებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ავრელიუსისათვის კარგი მოქალაქეობა გაიგივებულია სულის ამაღლების პროცესთან, მისთვის ეს პროცესი ინდივიდუალური ხასიათისაა. იგი ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ ინდივიდებზე. მისთვის მთავარია ადამიანთა სულებმა „ღმერთამდე“ მიაღწიონ, სულიერი სიმშვიდე და სულიერი ამაღლება მოიპოვონ. ციცერონი კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ყურადღებას ამახვილებს სამშობლოს გაძლიერებისკენ, განვითარებისათვის და წინსვლითვის საჭირო პრინციპებზე, მისი პრინციპები არ ემყარება ინდივიდუალურ კონცეფციებს.

0
155
შეფასება არ არის
ავტორი:გომურაშვილი ვანიკო
გომურაშვილი ვანიკო
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0