x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
საკლასო ორგანიზაციის მოდელები: საერთო საკლასო მუშაობა და ინდივიდუალური მუშაობა

image

არსებობს საკლასო ორგანიზაციის სხვადასხვა მოდელი. მნიშვნელოვანია რომ მასწავლებლმა იცოდეს სხვადასხვა მოდელის ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა საჭირო დროს შეძლოს მათი გამოყენება. ძირითადად განიხილავენ მოსწავლეთა დაჯგუფების შემდეგ ვარიანტებს:

ა) საერთო საკლასო მუშაობა;

ბ) ინდივიდუალური მუშაობა;


გ) ჯგუფური მუშაობა.

ამ სტატიაში საუბარი იქნება საერთო საკლასო მუშაობასა და ინდივიდუალური მუშაობაზე. განვიხილავ მათ უპირატესობებსა და მნიშვნელობას სასწავლო პროცესში.

საერთო საკლასო მუშაობის დროს მასწავლებელი მუშაობს ერთდროულად მთელ კლასთან, მაგალითად, კითხვების საშუალებით ამოწმებს მათ ცოდნას. ამ დროს მასწავლებლის მიერ თითოეულ დასმულ შეკითხვას ერთი მოსწავლე პასუხობს და მის პასუხს მთელი კლასი ისმენს. ასეთი მუშაობა ითვლება საერთო საკლასო მუშაობად.

საკლასო ორგანიზაციის ეს მოდელი ტრადიციულია. მას ბევრი დადებითი მხარე აქვს. პირველ რიგში, მასწავლებელს აქვს საშუალება ერთიანად მიმართოს მთელ კლასს და მიაწოდოს ინფორმაცია მცირე დროსის მონაკვეთში. ამ მოდელს ხშირად იყენებენ, როცა მასწავლებელი:

  • ხსნის ახალ მასალას;
  • აძლევს მოსწავლეებს მითითებებს;
  • საუბრობს საორგანიზაციო საკითხებზე;
  • აჩვენებს სურათს, თვალსაჩინოებას;
  • ასმენინებს მოსწავლეებს აუდიოჩანაწერს;
  • უკითხავს კლასს მოთხრობას;
  • მოსწავლე ან მასწავლებელი მუშაობს დაფასთან.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი საერთო საკლასო მუშაობისა, არის ის, რომ ამ დროს ყალიბდება კლასის ერთიანობის შეგრძნება. მოსწავლეებს უჩნდებათ განცდა, რომ ისინი ერთი დიდი გუნდის წევრები არიან და ერთნაირად არიან ჩაბმული სასწავლო პროცესში. მოსწავლეებს აქვთ საერთო ინტერესები და პრობლემები. მასწავლებელი ამ მოდელის საშუალებით ხვდება კლასის განწყობასა და დამოკიდებულებას საგნის, სასწავლო მასალისა და სიტუაციის მიმართ.

დამოუკიდებელი მუშაობა გულისხმობს იმას, რომ მოსწავლე გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობს მარტო, მასწავლებლის ან სხვა მოსწავლის უშუალო მეთვალყურეობის გარეშე. დამოუკიდებელი მუშაობის მაგალითებია, როცა მოსწავლე კლასში ან შინ დამოუკიდებლად:

  • ასრულებს რაიმე სავარჯიშოს;
  • წერს თხზულებას;
  • ხსნის მაგალითს;
  • კითხულობა ტექსტს;
  • მუშაობს პროექტზე;
  • მოიძიებს სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებულ დამატებით მასალებს.
ზემოთ ჩამოთვლილ დამოუკიდებელი მუშაობის ამ ფორმებში განსხვავებულია მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხი. კლასში მაგალითის ან ამოცანის ამოხსნისას მასწავლებლის კონტროლო საკმაოდ მაღალია, რადგან იგი არამარტო ადგენს დავალების შინაარსს, არამედ განსაზღვრავს საჭირო დროის ხანგრძლივობას, საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მოსწავლეებს და ბოლოს ასწორებს მოსწავლეების დაწერილ პასუხებს. ხოლო მასწავლებლის კონტრლოლი მინიმალურია, როცა მოსწავლე მუშაობს დამოუკიდებელ პროექტზე. მაშინაც კი, როცა პროექტი შინაარსობრივად დაკავშირებულია შესასწავლ თემასთან, მოსწავლეს აქვს საშუალება, თავად განსაზღვროს შინაარსის დეტალები, მათი პრეზენტაციის ფორმა და დაგეგმოს თავისი მუშაობის გრაფიკი.

დამოუკიდებელი სწავლების ყველა ფორმას აქვს საერთო უპირატესობები:

  • ნაკლებ სტრეს იწვევს მოსწავლეებში საკლასო ორგანიზაციის ეს მოდელი, რადგან დამოუკიდებლად მუსაობის პროცესში დაცულია სხვათა კრიტიკისა და შეფასებისაგან;
  • მასწავლებელს მეტი საშუალება აქვს, შეამჩნიოს მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებები, მისი სწავლის ტემპი, სტილი, სუსტი და ძლიერი მხარეები;
  • ეს მოდელი მოსწავლეებში ავითარებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარს, საკუთარი ძალების რწმენას და ავტონომიურობას.
საკლასო ორგანიზაციის ამ ორ მოდელს აქვს თავისი უპირატესობები. ეფექტური სასწავლო გარემოს შესაქმნელად, საჭიროა, დავიცვათ მათ შორის გარკვეული ბალანსი, რათა არ მოხდეს ერთ-ერთი მათგანის დომინირება და მეორეს უგულვებელყოფა.

0
226
შეფასება არ არის
ავტორი:როინიშვილი რუსუდანი
როინიშვილი რუსუდანი
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0