x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103593
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467973
მრავალცოლიანობა და სიკვდილი ცრურწმენის გავლენით - პიგმეების ტომის პირველყოფილი რეალობა
image


ერთი შეხედვით გვეჩვენება, რომ თანამედროვე სამყაროში აღარ დარჩა ადგილი ველური ტრადიციებისა და ცრურწმენებისათვის, თუმცა სამწუხაროდ, ასე სულაც არ არის. მსოფლიოს ბევრ კუთხეში, იქნება ეს ამაზონის ჯუნგლები თუ აფრიკის მიყრუებული, ცივილიზაციისაგან მოწყვეტილი ადგილები, ჯერ კიდევ ცხოვრობენ ველური ტომები, რომლებშიც უცნაური ტრადიციები და ადათ-წესებია შემორჩენილი, ასე მაგალითად, კონგოში მცხოვრები პიგმეების ტომების ცხოვრება ტკივილითა და პირველყოფილი საშიშროებითაა სავსე.


აფრიკის კონტინენტზე, ტყეთა სიღრმეში, იქ, სადაც იზრდება დედამიწაზე ყველაზე მაღალი ხეები და ბინადრობენ ყველაზე დიდი ცხოველები - სპილოები, ცხოვრობენ დედამიწის ყველაზე პატარა ადამიანები - პიგმეები (მამაკაცის სიმაღლე არ აღემატება 140 სანტიმეტრს, ქალისა კი გაცილებით ნაკლებია). ისინი იძულებული არიან უკიდურესად მკაცრ პირობებსა და სისასტიკეში იბრძოლონ არსებობისათვის, მისდიონ საშინელ ტრადიციებს და ცრურწმენის ზეგავლენით შეასრულონ შოკისმომგვრელი რიტუალები. სიკვდილიანობის მაღალი პროცენტი, კუსტარული აბორტები და არსებობისათვის ბრძოლა-აი რის გადატანა უწევთ ყოველდღიურად ამ უბედურ ადამიანებს.

მოდით, უფრო ახლოს გავეცნოთ აფრიკელი პიგმეების ერთ-ერთი ტომის ყოფა-ცხოვრებას.


მწუხარებისაგან განადგურებული 17 წლის პიგმეი გოგონა აკა ტკივილით დაჰყურებს თავის მომრგვალებულ მუცელს - ის უკვე 4 თვის ფეხმძიმეა, მაგრამ ქმარმა გამოუცხადა, რომ მასთან ცხოვრებას აღარ აპირებს და ახალი ცოლი უნდა შეირთოს, 19 წლის გოგონა, რომელიც ასევე ფეხმძიმედაა მისგან.


image


იმედდდაკარგულ აკას აბორტის გარდა, სხვა გზა არ დარჩენია: მან უნდა დალიოს ტომის შამანის მიერ ნოანგას ხის ფესვებისაგან დამზადებული წამალი, რათა მუცელი მოიშალოს. აკას ძალიან ეშინია, რადგან ეს პროცედურა მას შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს: ნაყენი სისხლდენას იწევევს და შეიძლება მისი მიღება ფატალური შედეგით დამთავრდეს, თუმცა გოგონას სხვა გზა არა აქვს: მისი ბედი ძალიან ჰგავს იმ ათასობით გოგონას ბედს პიგმეების ტომიდან, რომელთა უფლებები ნულის ტოლია. სოფელში ექიმებს არ ენდობიან და ხალხური მედიცინის და წინაპრების გამოცდილების უფრო სჯერათ, ვიდრე თეთრხალათიანი, დიპლომიანი ექიმისა.


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, აფრიკაში აბორტების 97% სიცოცხლისათვის სახიფათო პირობებში კეთდება. შედარებოთ განვითარებულ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ეს მაჩვენებელი 58% - მდეა შემცირებული, ხოლო ტანზანიასა და კონგოში კი პირიქით-უფრო მაღალია.



image


აკას მეუღლე ეკვამბეს ახალი ცოლიც ფეხმძიმედაა. მას არ სურს ორი ქალი არჩინოს, ამიტომ მამაკაცმა გადაწყვიტა აკას მიტოვება და მეორე ცოლთან დარჩენა, რომელიც დღე-დღეზე გაუჩენს ვაჟს. სასიყვარულო სამკუთხედები და მრავალცოლიანობა პიგმეებში საუკუნეების მანძილზე შენარჩუნდა, თუმცა ხშირია შემთხვევები, რომ მამაკაცები რამდენიმე ცოლის ყოლას თავს არიდებენ იმ მოტივით, რომ მათ მოუწევთ უფრო მეტი მუშაობა ორი-სამი ცოლისგან გაჩენილი ბავშვების სარჩენად. აკამ დასახმარებლად ტომის უფროსს მიმართა, მან კი ეკვამბეს უბრძანა, არ მიეტოვებინა გოგონა და ერთდროულად ორივე ცოლისთვის ეპატრონა. მამაკაცი და მისი მეორე ცოლი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან, მაგრამ აკას ძალიან უხარია-ის არასასურველ აბორტს გადარჩა და ქმარიც შეინარჩუნა, მერე რა, რომ მისი გაყოფა მოუწევს.



image


პირველყოფილი ტომური წყობილება პიგმეებში ისე მყარადა ფეხგადგმული, რომ ისინი ძალიან შორს არიან ცივილიზაციის სიკეთეებისაგან. სულ ცოტა ხნის აკას სოფელში 24 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ის მუცლის და წელის ტკივილს უჩიოდა და სიარული უჭირდა, მაგრამ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ექიმთან წაყვანის მაგვრად, მას ჯადოქრობაში დასდეს ბრალი. საბრალო ქალი სახლიდან გამოაგდეს და ბედის ანაბარად დააგდეს წვიმასა და მზეში. გოგონამ ორიოდე დღე იცოცხლა და ტანჯვაში დალია სული.


პიგმეების სოფლები ტყის სიღრმეშია. ისინი ხშირად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს. მათი საცხოვრებლები პალმის ფოთლებისგან აგებული ფაცხებია, რომლებიც მწვანე გორაკებს ჰგვანან. ფაცხებს ქალები ამგვარად აშენებენ: მიწაში არჭობენ ტოტებს და ზედა ნაწილებს კრავენ ლიანებით ისე, რომ წარმოიქმნება თაღი. თაღების რიგი ქმნის საცხოვრებლის ჩონჩხს, რაზეც აწყობენ პალმების დიდ ფოთლებს და ამაგრებენ. ასეთი საცხოვრებლის აშენებას პიგმეები 2-3 საათს ანდომებენ. მასში გამართულია საწოლი - ორი ერთმანეთის გვერდზე მიწყობილი ფიცარი, რომლის ქვემოდან იდება ხის ჯოხი მათ დასაკავებლად.



image



საწოლზე არაფერია გადაფარებული, ბალიშის მაგივრად იყენებენ საკუთარ ხელს. ბალიშისა და საბნის არსებობაზე პიგმეებს წარმოდგენაც არ აქვთ. ფაცხები გამძლეა, მყარადაა შეკრული და მშვენიერი თავშესაფარია ტროპიკული თავსხმების დროს. ავეჯსა და ჭურჭელს პიგმეები მხოლოდ მცენარეული მასალისგან - ხის ფოთლებისა და ქერქისგან ამზადებენ, ძირითადად "ერთჯერადი" დანიშნულებისას.



image



პიგმეების ძირითადი საქმიანობა ნადირობა და შემგროვებლობაა. ისინი არ თესავენ, არ ჰყავთ შინაური ცხოველები და მხოლოდ იმით ირჩენენ თავს, რასაც ბუნება აძლევთ. პირველყოფილი იარაღით მამაკაცები თამამად მიდიან ყველაზე დიდ ცხოველებზე სანადიროდ. მონადირეები ტყეში გვიან გადიან - მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მზე ააორთქლებს ფოთლებზე არსებულ ნამს, რადგან მათ ეშინიათ ჩამოცვენილი ცივი წვეთებისა. პიგმეებმა იციან ლიანებისგან ბადეების დაწნა. ასეთი ბადის სიგრძე ცხრა მეტრამდეა, სიგანე ერთ მეტრამდე.



image


ისინი ერთმანეთს გადააბამენ 10-20 ასეთ ბადეს და ასობით მეტრზე გადაჭიმავენ. ბავშვები მიდიან შორს და ყვირილით, ხმაურით დევნიან ნადირს, რომლებიც თავის გადასარჩენად მიექანებიან და ბადეში ებმებიან. ფართხალებენ, იბრძვიან თავის დასახსნელად და უფრო მეტად იხლართებიან შიგ.


მონადირეებს გამოჰყავთ ბადიდან ცხოველები, ლიანებით უკრავენ ფეხებს და მიჰყავთ სახლში, დაკლავენ და მოსამზადებლად ქალებს გადაულოცავენ. ამის მერე მამაკაცები ისვენებენ, ქალები კი საჭმელს ამზადებენ. ნანადირევი მთელი თემის საკუთრებაა.

შემგროვებლობას ქალები და ბავშვები ეწევიან. ისინი არჩევენ საკვებად ვარგის ფესვებს, ბალახს, ხის ფოთლებსა და ქერქს. მთელი "მოსავალი" თანაბრად იყოფა ოჯახებს შორის. შეგროვილ პროდუქტებს საკვებად უმად იყენებენ ან ხარშავენ და სხვადასხვა კერძს ამზადებენ.



image



ზოგჯერ პიგმეები მაიმუნებზეც ნადირობენ. ადამიანებსა და მაიმუნებს შორის ნამდვილი ბრძოლა იმართება. მაიმუნები ზემოდან ისვრიან ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებათ - გირჩებს, ნაყოფს, ტოტებს. პიგმეები მათ ისრებს უშენენ. თუ დედალი მაიმუნი მოკლეს, მაშინ შვილი, ხშირ შემთხვევაში, თვითონ ვარდება ქვემოთ, ეკვრება მკვდარ დედას და ხელთ უვარდება მონადირეებს.

პიგმეები თაყვანს სცემენ სულებს, სჯერათ ჯადოქრობის. მუსიკალურებიც არიან - უყვართ ცეკვა-თამაში, ადიდებენ წინაპრებსა და მითურ გმირებს.

პიგმეებს მეტად უბრალო დასაფლავების წესი გააჩნიათ: როცა ვინმე კვდება, ის უბრალოდ მიაქვთ ტყეში და იქ ტოვებენ. უკან დაბრუნდებისას ტომის ბელადი ხმამაღლა გაჰყვირის : " აფთრებო, წაიღეთ ის".

მიუხედავად იმისა, რომ პიგმეებს გამუდმებით უწევთ არსებობისათვის სასტიკი ბრძოლა, ისინი მეტად მხიარული და ხალისიანი ხალხია: ძალიან უყვართ სიმღერა და ცეკვა.



image



სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულების მანძილზე პიგმეების რაოდენობა ძალიან შემცირდა. XIX-XX საუკუნეებში მათ გამუდმებით ხოცავდნენ და ანადგურებდნენ ევროპელები, ახლა კი ისინი სიღარიბისაგან კვდებიან. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ პიგმეი ოტა ბენგას ისტორია, რომელიც როგორც ცხოველი, ისე იყო გამომწყვდეული ეგრეთ წოდებულ "ადამიანის ზოოპარკში".

1906 წელს ნიუ-იორკის ზოოლოგიურმა საზოგადოებამ მოაწყო გამოფენა ''ნაკლული რგოლი'' და ერთ გალიაში შიმპანზესა და ორანგუტანგთან ერთად კონგოელი პიგმეი ოტა ბენგაც მოათავსეს. ბელგიელმა კოლონიზატორებმა ბენგის ოჯახი ამოწყვიტეს, ოტა კი ამერიკაში ჩაიყვანეს წარმოდგენებში აფრიკელი კაციჭამიის როლის შესასრულებლად. ამ ამბავმა აღაშფოთა ქრისტიანი მღვდლები და ხელისუფალთ წარმოდგენების აკრძალვა მოსთხოვეს, მაგრამ ნიუ-იორკის მერიაში მათი მოსმენაც კი არ სურდათ. სასოწარკვეთილმა ოტამ 1916 წელს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.



image

0
428
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
428
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0