x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
როგორი იყო მედეა ჩახავას ბოლო სპექტაკლი- ნიკოლოზ წულუკიძის გახსენება
image




"თავიდანვე მივხვდი, რომ ჩემი სფერო, სადაც უნდა მეტრიალა, ეს თეატრი იყო. რასაკვირველია, ვისაც ასეთი წარმოდგენა აქვს თავის მომავალზე, ფიქრობს, რომ გახდება მსახიობი და იგუგუნებს სცენაზე, მაგრამ, მე დროულად მივხვდი, რომ მსახიობობა არ უნდა ამერჩია.




თეატრი ეს ერთადერთი დარგია, რომელიც შემოქმედთან ერთად კვდება. რეჟისორი, მსახიობი რომ კვდება, გენიალური სპექტაკლებიც კვდება. თეატრის „შენახვის“ იდეა ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემაა. ამიტომ, ძალიან რთულია, რეალურად აღწერო იმ ადამიანების შემოქმედება, რომლებიც გარდაცვალების შემდეგ არაფერს ტოვებენ. ამქვეყნიდან რომ მიდიან, თან მიჰყვებათ როლებიც.




ეროსი მანჯგალაძე რომ გარდაიცვალა, აღარავის უნახავს მისი ოიდიპოსი, ზიმზიმოვი, აზდაკი... ამიტომ, თეატრის კრიტიკოსობა და თეატრმცოდნეობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. შთამომავლობას უნდა დაუტოვო ზუსტი შეფასება იმისა, თუ რა ხდება თეატრში. თეატრში საოცრად საინტერესო სამყაროა კულისები. ადამიანები, აბსოლუტურად არასტანდარტული რიტმით ცხოვრობენ. შუაღამემდე მუშაობენ, თეატრში ცხოვრობენ.





როდესაც მუშაობა დავიწყე, ჩემთვის ყველაზე საინტერესო უფროსი თაობის მსახიობებთან ურთიერთობა იყო. მათგან ადამიანი მეტს სწავლობს, რადგან უკვე გავლილი აქვთ როგორც შემოქმედებითი, ისე ცხოვრების გზა. კახი კავსაძე, გურამ საღარაძე, ჯემალ ღაღანიძე, ზინა კვერენჩხილაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია, ქეთინო კიკნაძე და სხვა – მათთან ყოფნა უდიდესი ბედნიერებაა.





მედეა ჩახავასთან მე პირადად მოვასწარი ურთიერთობა. მე ვიყავი იმ დღეს თეატრში, როდესაც მედეა ჩახავამ ბოლო სპექტაკლი, გარდაცვალებამდე თვე-ნახევრით ადრე, ითამაშა. დიდ სცენაზე კონცერტის რეპეტიცია მიმდინარეობდა, მედეა ერთ-ერთ რიგში დაჯდა. ეტყობოდა, რომ უამრავი მოგონება შემოსწოლოდა.




შორიდან ვიდექი და ახლოს მისვლას ვერ ვბედავდი. მართალი გითხრა, მაშინვე ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გავაცნობიერე, რომ ის საკუთარ თეატრს ემშვიდობებოდა. უცებ წამოდგა ფეხზე და ჩქარი ნაბიჯებით დატოვა პარტერი.




როდესაც მცირე სცენისკენ ამავალ კიბეებს დავადექით, მითხრა, დასანანია, რეპეტიცია რომ მიდიოდა, თორემ სცენაზეც მინდოდა, ავსულიყავიო. შევაცილე საგრიმიოროში და პარტერში დავჯექი. დაიწყო სპექტაკლი, გამოვიდა სცენაზე და მაყურებელი მქუხარე ოვაციებით შეეგება ლეგენდარულ მსახიობს. იმ დღეს ისე ითამაშა, როგორც არასდროს, საოცარი ენერგიითა და მონდომებით. „პაკლონზე“ ცრემლები წამოსცვივდა, რაც აქამდე მისთვის არასდროს შემიმჩნევია.




ფარდა დაიხურა თუ არა, მაშინვე შევედი კულისებში. კაცების საგრიმიოროში დამხვდა, ყველა ულოცავდა, მაგრამ რატომღაც სევდიანი თვალები ჰქონდა. კახი კავსაძემ უთხრა, მედიკო ყველას გადაგვიჯოკრეო. ქალბატონმა მედეამ ეს ფრაზა ვითომ ვერ გაიგო და თითქოს უმნიშვნელოდ, თავისთვის ჩაილაპარაკა: ეს ჩემი ბოლო სპექტაკლი იყო, დავიღალე, ძალიან დავიღალეო. ასეთი იყო მედეა ჩახავას ბოლო სპექტაკლი." - იხსენებს ნიკოლოზ წულუკიძე

0
53
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0