x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კვებითი დარღვევები

image

კვებითი დარღვევები ადამიანის ქცევასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემებია. მათი უმრავლესობა ნერვული ბუნებისაა. კვებითი აშლილობები სიცოცხლისათვის საშიში დარღვევების რიცხვს მიეკუთვნება, რაც ნამდვილად აქტუალურს ხდის ამ პრობლემას, შემთხვევების შემცირება და მკურნალობის საკითხი კი ნამდვილად მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის. კვების აშლილობებმა შეიძლება ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანოს, რაც მოიცავს ორგანოების დაზიანებას და სიკვდილსაც კი.

კვებითი დარღვევები უფრო მეტად თავს იჩენენ მოზარდობისას. ეს ასაკი უამრავ კარდინალურ ცვლილებასთან არის დაკავშირებული. ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები იწვევს მოზარდში ხასიათის, დამოკიდებულებების, აზროვნების, ქცევების, მათი ანატომიის და ა. შ. შეცვლას. მოზარდები ამ დროს მეტად მგრძნობიარენი არიან. მათ განსაკუთრებით ადარდებთ საზოგადოების აზრი და სურთ რომ იყვნენ მიღებული და მოწონებულები. ამის გამო, მათი უმთავრესი საფიქრალი გარეგნობაა. ისინი მიჰყვებიან საზოგადოებაში აღიარებულ სილამაზის სტანდარტებს და სურთ იყვნენ გამხდრები. ამ სურვილს უამრავი პრობლემა სდევს თან. მოზარდები იწყებენ საკვების კონტროლს. წონაზე მუდმივი ფიქრი ხშირად იწვევს სხეულის ხატის აღქმის დარღვევებს და კვებით აშლილობებს. კვებითი აშლილობა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური დაავადებაა, რომელიც არარეგულარული კვების წესითა და წონის პრობლემებზე სტრესული დამოკიდებულების დროს ყალიბდება. ადამიანებისთვის დამახასიათებელია რამდენიმე ტიპის კვებითი აშლილობები. მათ შორის ორი, ნერვული ანორექსია და ბულემია ყველაზე ხშირად გვხვდება.


ნერვული ანორექსიით დაავადებული ადამიანი თვლის, რომ ჭარბი წონიანია. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ის ძალიან გამხდარი იყოს, მას წონაში მომატების შიში აქვს. მუდმივად აკონტროლებს წონას, ცდილობს მოერიდოს გარკვეული ტიპის საკვებს და ყოველთვის ითვლის კალორიებს. ანორექსიას თავის მხრივ აქვს ორი ქვეტიპი. არსებობს შეზღუდული და გამწმენდი ტიპის ანორექსია. შეზღუდული ტიპით დაავადებული ადამიანი იკლებს მცირე კვებით, დიეტებით. გამწმენდი ტიპის ანორექსის დროს ადამიანი იმ მცირე საჭმელსაც იძულებითი ღებინების, შარდმდენების ან ზედმეტი ვარჯიშის საშუალებით იღებს ორგანიზმიდან. ანორექსიის თანმდევი პროცესებია ძვლების დასუსტება, უშვილობა, მყიფე თმა, ფრჩხილები და თხელი თმის ფენის ზრდა მთელს სხეულზე. მძიმე შემთხვევებში, ანორექსიამ შეიძლება გამოიწვიოს მრავალი ორგანოს დაზიანება და შესაძლოა ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს.


ნერვული ბულემიის მქონე ადამიანები უჩვეულოდ დიდი რაოდენობით საკვებს იღებენ. ჭამენ ძალიან ბევრს და შემდეგ მიღებული საჭმლისგან თავისუფლდებიან იძულებითი ღებინების, წამლების და ინტენსიური ვარჯიშის საშუალებით. ანორექსიისგან განსხვავებით, ბულემიის დროს ადამიანი ინარჩუნებს შედარებით ნორმალურ წონას. მძიმე შემთხვევისას, ბულემიასაც შეუძლია შეუქმნას ადამიანს სერიოზული საფრთხე, დისბალანსი ელოქტროლიტურ დონეზე, როგორიცაა ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი. კბილების შლა, რომელიც გამოწვეულია კუჭის წვენის კბილებთან ურთიერთქმედებით და ა. შ.


მესამე კვებითი აშლილობა, რომელიც მოზარდებსა და მოზრდილებში გვხვდება ჭარბი კვებითი დარღვევაა, რომელიც ასევე ძალიან გავრცელებულია. ჭარბი კვების დარღვევის მქონე პირები არ ზღუდავენ კალორიებს, ისინი იღებენ უჩვეულოდ ბევრ საკვებს ცუდად გახდომამდე. მიუხედავად ამისა ისინი ყოველთვის განიცდიან შიმშილის გრძნობას. ბულემიისგან განსხვავებით, ჭარბი კვების დარღვევით დაავადებული ადამიანი არ თავისუფლდება საკვებით. სავალდებულო არ არის კვების ქცევითი დარღვევის ამ ფორმით დაავადებულ ადამიანი იყოს ჭარბწონიანი. ჭარბი კვებითი დარღვევის მქონე ადამიანებს რცხვენიათ ზედმეტი საკვების მიღების გამო.



ნერვული ანორექსია და ბულემია უფრო მეტად დამახასიათებელია ქალებისთვის ვიდრე მამაკაცებისთვის. რაც შეეხება ჭარბი კვების დარღვევას, ის დამახასიათებელია როგორც ქალებისთვის, ასევე - მამაკაცებისთვის.


ქცევითი აშლილობის კიდევ ერთი ტიპი არის “პიკა”. ამ დროს ადამიანი იმას ჭამს რაც არ განიხილება საჭმელად. მაგალითად: ყინული, მიწა, ცარცი, საპონი, ქაღალდი, თმა, ბამბა, კენჭები, სარეცხი საშუალება. ეს აშლილობა გარდა მოზარდ და ადრეული მოზრდილი ასაკის ადამიანებისა გვხვდება ორსულებ, ბავშვებსა და ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან. ამ ტიპის კვებითი დარღვევის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ მოწამვლის, ინფექციის, ნაწლავის დაზიანებების და კვების ნაკლოვანებების მომატებული რისკი. საკვები ნივთიერებებიდან გამომდინარე აშლილობამ შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს.

image

ექსპერტთა უმრავლესობისთვის კვებითი დარღვევები დამოკიდებულია გენეტიკურ განწყობებზე, ემოციებზე და სხვადასხვა ასაკში განვითარებულ ქცევებზე.

კვების უნარის დარღვევის აღმოჩენა ხშირად გვიან ხდება. განსაკუთრებით ეს მოზარდობის ასაკისთვის არის დამახასიათებელი, რადგან მათ მიერ სხეულის სურათის შეფასება და დიეტა ახალგაზრდებში იმდენად ხშირია, რომ მშობლებმა ან მზრუნველებმა შეიძლება ვერ დაუკავშირონ ეს ფაქტები კვებით დარღვევებს.


კვების დარღვევების აღმოჩენის შემდეგ მკურნალობა ინდივიდის შესაბამისად დაინიშნება და უნდა გათვალისწინდეს ფსიქოსოციალური და კლინიკური ფაქტორები. მკურნალობისას აუცილებელია პაციენტის გამუდმებული კონტროლი. პრაქტიკით ვიგებთ, რომ დარღვევების მკურნალობა კარგად შეკრული გუნდით მოქმედებას მოითხოვს. გუნდის წევრებში მოიაზრებიან: დიეტოლოგი, ოჯახის ექიმი, ფსიქოთერაპევტი და საჭიროების შემთხვევაში ფსიქიატრი. ოჯახის ექიმის კომპეტენციაში არ შედის მკურნალობის დამოუკიდებლად შერჩევა, მედიკამენტების დანიშვნა, მაგრამ ოჯახის ექიმს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პაციენტთან მკურნალობის პროცესში.


როგორც უკვე აღვნიშნე ანორექსია და ბულემია ყველაზე ხშრად გვხვდება კვებით დარღვევებს შორის. ასევე უნდა აღინიშნოს რომ ანორექსიის მკურნალობა უფრო რთულია ვიდრე ბულემიის. არის შემთხვევები, როცა პაციენტს ორივე დარღვევა ერთდროულად აქვს. დიდი ხნის მკურნალობის შემდეგ, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ანორექსიით დაავადებულებს რეციდივი აღენიშნათ. ეს კი მის მკურნალობას ახანგრძლივებს და ართულებს.


უნდა აღინიშნოს ისიც რომ ყოველთვის არ ხდება კვებითი დარღვევებისგან განთავისუფლება და შესაძლებელია უბრალოდ ადამიანმა ზედმეტ-ნაკლებად საკუთარი თავის მართვა და მასთან ერთად ცხოვრება ისწავლოს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კვებით დარღვევას არ ექნება მძიმე ფორმა.


კვებითი დარღვევების მკურნალობის პროცესი რთული, გრძელი და ეტაპობრივია. მასში უამრავი ადამიანი არის ჩართული. მაგრამ უმთავრესი როლი პაციენტს, მის მონდომებას და თვით- კონტროლს ენიჭება. თვითრეგულაცია და განკურნების სურვილი წარმატებული მკურნალობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. მნიშვნელოვანია ასევე ოჯახის წევრების დახმარება. პაციენტისთვის საჭიროა სრული ინფორმაცია ჰქონდეს ჯანსაღი დიეტის და სწორი კვების დაგეგმვის შესახებ. მკურნალობისას დიდი ადგილი ფარმაკოლოგიას უკავია. ასევე მკურნალობის მეთოდს ხელს უწყობს ქცევითი და ოჯახური თერაპია. მკურნალობის ტიპი ეტაპობრივად არის შესარჩევი და ყოველი საფეხური მნიშვნელოვან დეტალებს შეიცავს, რომელსაც მეთვალყურეობა სჭირდება. მკურნალობისას ყურადღება უნდა მიექცეს კვებითი დარღვევების თანმდევ ფსიქოლოგიურ დარღვევებს (დეპრესია, მოუსვენრობა, შფოთვა და ა. შ.) მათი არსებობის შემთხვევაში.

0
44
1-ს მოსწონს
ავტორი:თამარ ლიპარტელიანი
თამარ ლიპარტელიანი
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0