x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რა არის ოჯახის, კულტურის საფუძველი და როგორ ჩნდება დანაშაულის გრძნობა?
image

მინდა ორიოდე სიტყვით აღვნიშნო, რომ ფროიდის ფსიქოანალიტიკური კონცეფცია 2 ძირითად პრინციპს ეყრდნობა. ესენია:

  • ფსიქიკურ მოვლენებს აქვთ საზრისი. ისინი არ ხდება შემთხვევით, მექანიკურად - თუ შეცდომით ვამბობ სახელს, არასწორად ვწერ სიტყვას, გასაღბი მრჩება სახლში ან აბსურდულ სიზმარს ვხედავ, ყოველივე ამას აქვს საზრისი.
  • ჩვენი ფსიქიკური ცხოვრების უდიდესი ნაწილი მიმდინარეობს არაცნობიერად: ძალიან ხშირად არ ვიცით, რა გვამოძრავებს, რატომ განვიცდით ამა თუ იმ ემოციას და სხვა... იმიტომ, რომ ცნობიერება ჩვენი ფსიქიკის მხოლოდ მცირე ნაწილია და ჩვენს ფსიქიკურ ცხოვრებაში განმსაზღვრელ როლს არაცნობიერი ასრულებს. როგორც ფროიდი აჯამებს, „ ჩვენ არ ვართ ბატონ-პატრონები საკუთარ სახლში“.
  • ფროიდის კონცეფციამ უზარმაზარი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ მე-20 საუკუნის ფსიქოლოგიასა და ზოგადად თეორიულ აზროვნებაზე, არამედ ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაზე. შესაბამისად, ძალიან საინტერესოა ის თემა, თუ რამ მისძა ბიძგი კულტურის განვითარებას, როგორ წარმოიშვა ის და რა წარმართავს მას.

    ჯერ კიდევ უძველეს დროში პირველყოფილმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ ის თავად იყო ქვეყნად თავისი ბედის გამგებელი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით და ამიტომ მისთვის სულ ერთი ვერ იქნებოდა მასთან ერთად იმუშავებდა სხვა ადამიანი თუ მის წინააღმდეგ. ამ „სხვამ“ ადამიანისთვის თანამშრომლის მნიშვნელობა შეიძინა და მასთან ერთად ცხოვრება მისთვის სარგებლის მომტანი გახდა. ვინაიდან ოჯახური ცხოვრების ჩვეულება ჯერ კიდევ ანთროპოიდობის პერიოდში დამკვიდრდა, ალბათ, სწორედ ოჯახის წევრები იყვნენ ადამიანის პირველი დამხმარეები.


    სავარაუდოა, რომ ოჯახის ჩამოყალიბება დაკავშირებულია გენიტალური დაკმაყოფილების მოთხოვნილებასთან. მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი მოულოდნელი სტუმრიდან, რომელიც წასვლის მერე დიდი ხნით იკარგება, მუდმივ ბინადრად იქცა, მამრს გაუჩნდა მდედრის, სექსუალური ობიექტის, თავისთან ყოლის მოტივაცია. მდედრი კი, რომელსაც არ სურდა თავის უსუსურ ჩვილებთან განშორება, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, იძულებული იყო მასზე ძლიერ მამრთან დარჩენილიყო. ამ პრიმიტიულ ოჯახს ჯერ კიდევ აკლია კულტურის ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი. აქ, ოჯახის უფროსის და მამის ძალაუფლება შეუზღუდავია. მას შემდეგ, რაც ვაჟიშვილები მამას მოერივნენ, ისინი მიხვდნენ, რომ ძალა ერთობაშია და ტოტემური კულტურა იმ შეზღუდვების საფუძველზე აღმოცენდა, რომელიც მათ ამ ახალი მდგომარეობის შესანარჩუნებლად შემოიღეს. ტაბუ კი ყველაზე ადრეული, პირველი „ კანონია“. აქედან გამომდინარე, ადამიანების ერთობლივი თანაცხოვრების საფუძველი, ერთი მხრივ, გარემოს იძულებით განსაზღვრულმა შრომის აუციებლობამ, მეორე მხრივ კი, სიყვარულის ძალამ შეადგინა. როგორც წეღან აღვნიშნეთ, მამრისა და მდედრის ინტერესებიდან გამომდინარე.

    კულტურის წინაპრები ეროსი და ანანკე გახდნენ. კულტურის ყველაზე დიდი წარმატება ის იყო, რომ ადამიანების სულ უფრო მეტ რაოდენობას შეეძლო საზოგადოებებში გაერთიანება და ბედნიერების მინიჭება.

    კულტურის საფუძვლად ჩვენ სიყვარული მივიჩნიეთ და ვთქვით, რომ გენიტალური სიყვარული ადამიანს უდიდეს დაკმაყოფილებას ანიჭებს, რომლიც თავისთავად ყოველგვარი ბედნიერების პირველსახეა. ანუ, ბედნიერებასქესობრივ ურთიერთობაში უნდა ვეძიოთ. ასევე, ადამიანი გარე სამყაროს გარკვეულ ნაწილზე, არჩეულ სიყავრულის ობიექტზე, დამოკიდებული ხდება და საშინელ ტანჯვას განიცდის ამ ობიექტის მიერ უგულვებელყოფისა თუ დაკარგვის შემთხვევაში.(ღალატი, სიკვდილი...) აღსანიშნავია, რომ, ამის მიუხედავად, ეს გზა თავის მიმზიდველობას მაინც არ კარგავს.

    კონსტიტუცია ადამიანებს ეხმარება, რომ ბედნიერება სიყვარულის გზით მოიპოვონ. ეს ადამიანები სიყვარულის ობიექტის დაკარგვისგან თავს იმით იცავენ, რომ საკუთარ სიყვარულს ცალკეული ობიექტის მაგივრად ყველა ადამიანისაკენ თანაბრად წარმართავენ, ხოლო გენიტალური სიყვარულის ცვალებადობასა და იმედგაცრუებას, სექსუალური მიზნიდან ყურადღების გადატანით იცილებენ თავიდან. საკუთარ ლტოლვებს მიზანშეკავებულ ლტოლვებად გადაქცევენ და ღებულობენ გაწონასწორებულ და შეურყეველ გრძნობას, რომელიც გარეგნულად საერთოდ აღარ არის ამ სქეოსობრივი სიყვარულის მშფოთვარე ცხოვრების მსგავსი, თუმცა მისგან წარმოსდგება.

    ეთიკური თვალსაზრისით, ყველაზე ამაღლებულ განცდას, რომელსაც ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს, სწორედ კაცთმოყვარეობისა და სამყაროს სიყვარულისათვის მზაობა წარმოადგენს, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ განურჩევლად ყველაფრის სიყვარული უსამართლოა ობიექტთან მიმართებაში და ის თავისი ღირებულების გარკვეულ ნაწილს კარგავს- უფრო მეტის, ყველა ადამიანი ხომ არც არის სიყვარულის ღირსი.

    სიყვარულმა ოჯახის ინსტიტუს ჩაუყარა საფუძველი, კვლავ განაგრძობს არსებობას და უშუალო სექსუალურ დაკმაყოფილებაზე უარს არ ამბობს. მაგრამ თავდაპირველი ფორმისგან განსხვავებით დროდადრო იგი მიზანშეკავებულ გრძნობადაც მოდიფიცირდა და ორგვარი ფუნქციის მატარებელი გახდა. ორივე ფუნქციით იგი ცდილობს ადამიანების შეკავშირებას იმაზე მეტად, ვიდრე ამას შრომითი გაერთიანებების პირობებში წარმოქმნილი ინტერესი ახერხებს. სიტყვა „ სიყვარულის“ დაუდევარ გამოყენებას თავისი გენეტიკური საფუძველი გააჩნია. მას უწოდებენ მამაკაცსა და ქალს შორის ურთიერთობას, რომლებიც სქესობრივი მოთხოვნილების საფუძველზე აარსებენ ოჯახს, მაგრამ ჩვენ სიყვარულს მშობლებსა და შვილებს და და-ძმებს შორის არსებულ დადებით გრძნობებსაც ვუწოდებთ ხოლმე, ამ ურთიერთობებს კი - მიზანშეკავებულ სიყვარულს ვარქმევთ. მიზანშეკავებული სიყვარული თავდაპირველად სავსებით გრძნობადი იყო და ადამიანის არაცნობიერში ის დღესაც ასეთად რჩება. ორივე სახის(გრძნობადი და მიზანშეკავებული) სიყვარული სცილდება ოჯახის ფარგლებს და ახალ კავშირებს ამყარებს ადრე ერთმანეთისათვის უცხო დამიანებს შორის. სქესობრივ სიყვარულს ოჯახურ კავშირებამდე მივყავართ, მიზანშეკავებულ სიყვარულს კი „მეგობრობამდე“, რომელიც კულტურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. მაგრამ განვითარების პროცესში კულტურის მიმართ სიყვარულის დამოკიდებულება თავის ერთმნიშვნელოვნობას კარგავს. ერთი მხრივ, სიყვარული კულტურის ინტერესების წინააღმდეგ მოდის, მეორე მხრივ კი, კულტურა სიყვარულს მნიშვნელოვანი შეზღუდვებით ემუქრება.

    ჩვენ კულტურის მთავარ მიზნად ადამიანების უფრო დიდ საზოგადოებებში გაერთიანება ვივარაუდეთ, მაგრამ ოჯახს ინდივიდის გაშვება არ სურს. რაც უფრო ძლიერია ოჯახის წევრებს შორის შინაგანი კავშირი, მით უფრო მიდრეკილნი არიან ისინი სხვებისაგან თავის შემოზღუდვისკენ და მით უფრო ძნელია მათთვის საზოგადოების უფრო ფართო წრეში შესვლა. ყოველი ახალგაზრდისათვის ოჯახისგან გამოყოფა ისეთ ამოცანას წარმოადგენს, რომლის გადაჭრაშიც მას საზოგადოება ხშირად სქესობრივი მომწიფებისა და უფროსების წრეში მიღების რიტუალებით ეხმარება. თითქოს, ეს სიძნელეები ფსიქიკური და ყოველგვარი ორგანული განვითარებისთვის არის დამახასიათებელი.

    შემდგომ უკვე ქალები გადაეღობნენ კულტურას სწორედ იმ ძალების მეშვეობით, რომელთაც სიყვარულის მოთხოვნით საფუძველი ჩაუყარეს კულტურას. ქალები ოჯახისა და სექსუალური ცხოვრების ინტერესებს წარმოადგენენ, კულტურული საქმიანობა კი კაცების საქმე გახდა. მუდმივად მამაკაცების წრეში ტრიალი და მათთან ურთიერთობაზე დამოკიდებულება მეუღლის და მამის მოვალეობისადმი გაუცხოებასაც კი იწვევს. შედეგადმ ქალი ხედავს, რომ კულტურის მოთხოვნის გამო მისი მნიშვნლობა იჩქმალება და ამიტომ მტრულად განეწყობა მის მიმართ.

    საზოგადოების მოთხოვნების თანახმად, მოწიფული ინდივიდის მიერ არჩეული ობიექტი აუცილებლად საწინააღმდგეო სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს. ასევე, საზოგადოება სექსუალური ტკბობის მნიშვნელოვან ნაწილს ართმევს ადამიანს, რადგან რაღაცებს გარყვნილად და მიუღებლად მიიჩნევს. ამ აკრძალვების და ნორმების წარმატებულობა მხოლოდ ის არის, რომ ისინი ნორმალური და ხელსაყრელი კონსტიტუციის მქონე ინდივიდების მთელ სექსუალურ ინტერესს, დანაკლისის გარეშე წარმართავენ მისაღები მიმართულებით. დასაშვებად კი, მხოლოდ ჰეტეროსექსუალური გენიტალური სიყვარულია მიჩნეული და აქაც მისი ლეგიტიმურობისა და მონოგამიის შეზღუდვები იჩენს თავს. კულტურა ამას მხოლოდ გამრავლების შეუცვლელ საშუალებად განიხილავს. პიროვნების სექსუალურ ცხოვრებაში ასეთ უხეშ ჩარევას მხოლოდ სუსტები დაემორჩილნენ, ძლიერები კი ამგვარ ჩარევას მხოლოდ გარკვეული კომპენსაციის პირობებში იტანს. თუმცა ფაქტია, კულტურული ადამიანის სექსუალურ ცხოვრებას სერიოზული ზიანი აქვს მიყენებული. კულტურის მხრიდან სექსუალური ცხოვრების შეზღუდვის ტენდენცია ჯერ კიდევ ინცესტუოზური არჩევის დროს გამოვლინდა ტოტემისტულ ეტაპზე, რაც უდიდესი დარტყმაა იყო ადამიანის სასიყვარულო ცხოვრებისადმი. თითქოს საქმე არა მხოლოდ კულტურის ზეწოლას ეხებოდეს, არამედ სრული დაკმაყოფილებისათვის ხელისშემშლელი პირობა თავად ამ ფუქნციის არსში იყოს წარმოდგენილი.

    საინტერესოა, რა საშუალებებით ახერხებს კულტურა მის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის შეკავებას/აღმოფხვრას?! ხდება აგრესიის ინტროეცირებს და შიგნით მიმართვა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის უბრუნდება იმ ადგილას, სადაც პირველად წარმოიშვა და თვითონ „ეგო“-ზე მიიმართება. აქ მას ეგოს ის ნაწილი მიიტაცებს, რომელიც სხვა ნაწილებს უპირისპირდება, როგორც „ სუპერ ეგო“ და ახლა უკვე სინდისის სახით ის ისეთივე მზადყოფნას ამჟღავნებს „ეგო“-ს წინააღმდეგ აგრესიისათვის, როგორც სხვა მისთვის უცნობი ინდივიდების წინააღმდეგ მიმართვისას. გაძლიერებულ სუპერ ეგოს და მისადმი დაქვემდებარებულ ეგოს შორის დაძაბულობას, რომელიც დასჯის მოთხოვნილებაში ვლინდება, დანაშაულის გრძნობას ვუწოდებთ. ამგვარად, ინდივიდების საშიში აგრესიული მისწრაფებების დაძლევას კულტურა მათი დასუსტებით, განიარაღებითა და შინაგანი ინსტანციის მეთვალყურეობის ქვეშ გადაცემით ახერხებს.

    როგორ ჩნდება დანაშაულის გრძნობა? დამნაშავედ ხომ ის ადამიანი გრძნობს თავს, ვინც რამე ჩაიდინა. მაგრამ შეიძლება იმ ადამიანმაც იგრძნოას დამნაშავედ თავი, ვისაც ბოროტება არ ჩაუდენია, მაგრამ ამის განზრახვა კი ჰქონდა. რატომ არის გათანაბრებული განზრახვა და განხორცილება? ბოროტება სიყვარულის დაკარგვის საშიშროებაა და ჩვენ თავი უნდა ავარიდოთ მას, როგორც, ასეთი დანაკარგის საფრთხეს. ორივე შემთხვევაში( განზრახვისა და განხორციელების დროს) ავტორიტეტულმა ინსტანციამ ის შეიძლება გამოავლინოს და მაშინ ეს ინსტანცია ოროვე შემთხვევაში ერთნაირად დამსჯელად იმოქმედებს. ამ მდგომარეობას ჩვენ „სინდისის ქენჯნას“ ვუწოდებთ, მაგრამ ეს მხოლოდ გასოციალურებულ შიშად წარმოდგენილი სიყვარულის დაკარგვის შიშია. ადამიანები ხშირადნ თავს უფლებას აძლევენ ბოროტება ჩაიდინონ, თუ ამის შესახებ ავტორიტეტი ვერაფერს შეიტყობს ან არ დაისჯებიან ამისათვის და ეს შიში მხოლოდ მხილების შიში იქნება.

    სუპერ ეგოს ვერაფერი, თვით ფიქრიც კი, ვერ დაემალება. ადამიანი კი მას უგულვებელყოფს ბედნიერების ჟამს. სუპერ ეგო კი, თავის მხრივ, ცოდვილ ეგოს შიშებით ტანჯავს და ხელსაყრელ შემთხვევას ელოდება, რათა მას გარე სამყაროსგან სასჯელი მოუვლინოს.

    ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დანაშაულის გრძნობის 2 წყაროა ჩვენთვის ცნობილი: ავტორიტეტის წინაშე შიში და სუპერ ეგოს წინაშე შიში. პირველი აიძულებს ადამიანს, უარი თქვას ლტოლვების დაკმაყოფილებაზე, მეორე კი სჯის მას, რადგან აკრძალული სურვილების ასრულება მას ვერ ემალება. სუპერ ეგოს სიმკაცრე ანუ სინდისის მოთხოვნები ავტორიტეტის სიმკაცრის გაგრძელებაა, რომელსაც სინდისი ჩაენაცვლა. ვხედავთ რა დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან ლტოლვების უარყოფა და დანაშაულის გრძნობა. ავტორიტეტისადმი შიშის დროს თუ დანაშაულის გრძნობა თუ თითქმის აღარ რჩებოდა ვალის მოხდის შემდეგ, სუერ ეგოსადმი შიშის დროს დანაშაულის გრძნობა მაინც აღმოცენდება დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიუხედავად.

    0
    30
    შეფასება არ არის
    ავტორი:ნოზაძე ანი
    ნოზაძე ანი
    30
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0