x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რა სიმპტომები ახასითებს ფარისებრ ჯირკვალს
image

"არსებობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონალური და სტრუქტურული ცვლილებები. ფუნქციონალური (ანუ ჰორმონალური) ცვლილება ეს არის მდგომარეობა, როდესაც იცვლება ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე, ხოლო მეორე არის სტრუქტურული

მდგომარეობის ცვალებადობა, როდესაც ხდება ფარისებრი ჯირკვლის ზომაში გადიდება ან მასში კვანძოვანი წარმონაქმის გაჩენა"- განმარტა ენდოკრინოლოგმა და აღნიშნა, რომ თავად ჩიყვის სახეებიც განსხვავდება.


"ტერმინი "ჩიყვი" აღნიშნავს ფარისებრი ჯირკვლის დიფუზურად გადიდებას, ასევე გვხვდება კვანძოვანი ჩიყვი, როდესაც ფარისებრ ჯირკვალში კვანძოვანი წარმონაქმნებია დაფიქსირებული, გარდა აღნიშნულისა ასევე შესაძლებელია განვითარდეს "ენდემური ჩიყვი" -ეს არის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება იოდის დეფიციტის გამო, ძირითადად იოდის დეფიციტის მქონე რეგიონებში, სადაც წყალში, ნიადაგსა და საკვებ პროდუქტებში იოდის საკმარისი რაოდენობა არ არის", - აღნიშნა მედიკოსმა.


აღსანიშნავია, რომ არსებობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური ცვლილების ორი სახეობა. ერთ შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვალი გაძლიერებულად მუშაობს - მას ტოქსიურ ჩიყვს უწოდებენ, ხოლო მეორე შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია შემცირებულია, ანუ ამ დროს ფარისებრი ჯირკვალი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას - მედიკოსები მას ჰიპოთეოზს ანუ ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობას უწოდებენ.

შოთა ჯანჯღავას განმარტებით მკურნალობა თითოეულ შემთხვევაში აბსოლუტურად განსხვავებულია და დიაგნოზზეა დამოკიდებული.

"თუ არის პათოლოგიური ცვლილება, როდესაც დიდი რაოდენობით ჰორმონებს გამოყოფს ფარისებრი ჯირკვალი, ამ შემთხვევაში ხდება ფარისებრი ჯირკვლის ბლოკირება და მკურნალობა, შესაძლოა, წელიწადნახევრის განმავლობაში გაგრძელდეს თუ ეფექტს არ იძლევა ტაბლეტოთერაპია, მაშინ ქირურგიული ჩარევა ან რადიაქტიული იოდით აბლაცია ხდება აუცილებელი.

თუ პირიქით არ გამოყოფს ფარისებრი ჯირკვალი იმ რაოდენობის ჰორმონებს, რაც საჭიროა, ამ შემთხვევაში ჩანაცვლებითი ანუ ჰორმონოთერაპია ინიშნება. მკურნალობამ კი სამი თვიდან მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება გასტანოს. რაც შეეხება ენდემური ჩიყვის მდგომარეობას აქ მკურნალობა ძირითადად არის პროფილაქტიკური. საკვებსა და მარილში ხდება იოდის დამატება, მარილის იოდიზირება და ამ იოდიზირებული მარილით ხდება იოდის უკმარისობის შევსება. კვანძოვან ჩიყვს რაც შეეხება, აქ თავიდან შესაძლებელია დაინიშნოს სუპრესიული თერაპია – ჰორმონით, მაგრამ თუ შედეგს არ იძლევა და კვანძი კვლავ პროგრესირებას აგრძელებს, მაშინ უკვე ქირურგიულ მკურნალობაზე გადავდივართ. ყველაფერი დამოკიდებულია ფორმაზე, მაგრამ ისეც არ არის რომ ენდოკრინოლოგთან ერთხელ მიხვალ და ამით მოგვარდება პრობლემა, ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელმაც რეციდივები ახასიათებს, ამიტომ აქტიური კონტაქტია საჭირო ენდოკლრინოლოგთან", - აღნიშნა ენდოკრინოლოგმა.

ექიმის თქმით, ფარისებრი ჯირკვალი ერთ-ერთი წამყვანი ჯირკვალია, რომელიც ორგანიზმში მთელ მეტაბოლურ ცვლაზე ანუ მეტაბოლურ რეგულაციაზეა პასუხისმგებელი. მოქმედებს ცილებისა და ცხიმების სინთეზზე, ნაწილობრივ ნახშირწყლების სინთეზშიც მონაწილეობს, ის არის პასუხისმგებელი განწყობაზე, ორგანიზმის ტემპერატურაზე, თმის, კანის ფრჩხილების სტრუქტურაზე და ა.შ.

"თითქმის არ არსებობს ორგანო, რომელზეც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს გავლენა არ ჰქონდეთ.

ამიტომ არის რომ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დროს სხვადსახვა ორგანოში სხვადასხვა პათოლოგიები გვხდება"- აღნიშნა შოთა ჯანჯღავამ.

ჩვენს მკითხველს ყველაზე მეტად ალბათ ჩიყვის სიმპტომები აინტერესებთ, როგორ მივხვდეთ რომ შეიძლება ჩიყვი გვქონდეს ენდოკრინოლოგს ამ კითხვითაც მივმართეთ, რაზეც შემდეგ პასუხი მივიღეთ:

"გააჩნია რომელ ჩიყვზე გვაქვს საუბარი. თუ ტოქსიურ ჩიყვზეა საუბარი, პაციენტები ჩვეულებრივი კვების მიუხედავად წონაში იკლებენ, უფრო ნერვულები ხდებიან, შენიშნავენ რომ თვალი ოდნავ წინ არის წამოწეული, აღენიშნებათ ტაქიკარდია, გულის ფრიალი, მოუსვენრობა, აღგზნებადობა, უძილობა ეს სიმპტომები ახასიათებს ტოქსიურ ჩიყვს.

თუ ჰიპოთირეოზული მდგომარეობ ფიქსირდება მაშინ პირიქით, ძილიანობა, მოდუნება, ადინამია, ლაბილურობა, მეტყველების და აზროვნების შეფერხება, წონის მატებისკენ მიდრეკილება, შეშუპებები ახასიათებს. რაც შეეხება კვანძოვან ჩიყვს - აქ ცოტა სხვანაირი მდგომარეობაა, რადგან ხანდახან კვანძოვანი ჩიყვი ჰორმონალური ცვლილებებით არ მიმდინარეობს ხოლმე და ერთადერთი სიმპტომი, რაც პაციენტს შეიძლება, ჰქონდეს, ეს არის მოხრჩობის შეგრძნება, ჰაერის უკმარისობა, თითქოს რაღაც გადასცდა ყლაპვის დროს. ენდემური ჩიყვის შემთხვევაში თვალით ჩანს ფარისებრი ჯირკვლის ზომაში მატება, რასაც ადასტურებს ულტრაბგერითი კვლევა. კისრის წინა ზედაპირზე ენდემური ჩიყვის დროს ძალიან წამოწეულია ფარისებრი ჯირკვალი, საკმაოდ გადიდებულია ზომაში-განგვიმარტა ენდოკრინოლოგმა.

ექიმის განმარტებით, პრევენციის პირველი საშუალება ორგანიზმში იოდის დეფიციტის შევსებაა. აუცილებელია იოდიზირებული მარილის გამოყენება რომელიც აუმჯობესებს ორგანიზმის მდგომარეობას. თუმცა, შოთა ჯანჯღავას განმარტებით, პროფილაქტიკა იოდის პრეპარატებითაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამის წინასწარ განსაზღვრა არ შეიძლება, რადგან თუ რაიმე სტრუქტურული პათოლოგიაა ფარისებრ ჯირკვალში მაშინ იოდის პრეპარატის დანიშვნა შედარებით შეზღუდულია, ასევე მოზარდ ასაკში იოდით პროფილაქტიკური თერაპია არ ტარდება. ენდოკრინოლოგის რჩევით ყოველთვის უმჯობესია სწორი ჯანსაღი კვების პრინციპებით მცირე ასაკიდან ვიხელმძღვანელოთ, რათა ორგანიზმის შევსება ყველა მიკრო- და მაკროელემენტით, მათ შორის იოდით მოხდეს.

0
89
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0