x
image
ქეთეონე
სიმპტომები, რომლებიც გულის პრობლემებზე მიგვანიშნებს – კარდიოქირურგის რეკომენდაციები
image

ტკივილი გულის არეში, ხშირი დაღლა, წნევა – არის თუ არა ეს სიმპტომები რეალურად კავშირში გულთან?

რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში სწორედ გულთან არის ეს სიმპტომები კავშირში. კერძოდ სიმძიმის შეგრძნება, წვა გულმკერდის არეში, სპაზმური სახის ტკივილები ყელისა და ქვედა ყბის არეში ცივი ოფლის თანხლებით, სტენოკარდიის ექვივალენტად შეიძლება ჩაითვალოს. იმ ადამიანებში, ვისაც დიაბეტი აქვს, ტკივილის ფენომენი ძლიერად არ არის გამოხატული, ამიტომ პაციენტმა ადვილად დაღლისას, ქოშინისას, რაც სტენოკარდიული გამოვლინებაა, სპეციალისტს უნდა მიმართოს და გარკვეული გამოკვლევები ჩაიტაროს. ძალიან ხშირად ბევრი სახის ტკივილს არ აქცევენ ყურადღებას, ფიქრობენ, რომ აქვთ გასტრიტი, კუჭის წყლული, სქოლიოზი, რომელიც შეიძლება მართლაც იყოს, თუმცა უნდა ჩატარდეს კვლვევა, რომ მოხდეს დიფერენცირება. გულის ტკივილი ასაკობრივიც არის, არის ახალგაზრდა ასაკშიც, თუმცა იშვიათად.

გულის პრობლემები მამაკაცებში 35 წლის ზემოთ იწყება, ვისაც ჭარბი წონა, მაღალი არტერიული წნევა და დიაბეტი აქვს, ეს ადამიანები რისკის ჯგუფში შედიან და ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილებისას აუცილებელია პაციენტი ექიმთან.


ტახიკარდიას ქალბატონებში დიეტებიც კი იწვევს, რადგან ისინი ამ დროს არ იღებენ კალიუმის შემცველ პროდუქტს და იწყება გართულებები. ეს პრობლემა მარტივად გვარდება, თუ არის კალიუმის ნაკლებობა, ხდება სწორედ მისი შევსება, მთავარია პაციენტი დროულად მივიდეს სპეციალისტთან.

რა ასაკში მატულობს გულის დაავადებები და როგორია სტატისტიკა საქართვლოში?

ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოსა და პოსტ საბჭოთა ქვეყნებში უფრო ახალგაზრდაა გულის დაავადებები. ამისი მიზეზი კი არის ჭარბი წონა, ცხოვრების არაჯანსაღი წესი, წამლის დროულად არ მიღება, ჭარბი ნიკოტინი და ალკოჰოლი. სტატისტიკის მიხედვით ნაოპერაციები პაციენტების 80% არის მამაკაცი, 20% კი ქალბატონი.

ქართველ მამაკაცებს არ უყვართ მედიკამენტების მიღება, ექიმთან ვიზიტი… თუმცა არიან ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც მისდევენ ცხოვრების ჯანსაღ წესს. განგვიმარტეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ცხოვრების ჯანსაღი წესი?

აუცილებელია ჯანმრთელი ცხოვრების წესი, რადგან ჭარბი წონა, ექიმთან არ მისვლა და ჩივილების უგულვებელყოფა ნიშნავს იმას, რომ ადრე თუ გვიან პაციენტს ექნება პრობლემები გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემის მიმართ. ქირურგიული ჩარევა არ ნიშნავს მიზეზის გამოსწორებას. თუნდაც შუნტირება, რომელიც ოპერაციების 80%-ს შეადგენს, ასწორებს შედეგს, ადამიანს ვუბრუნებთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, თუმცა, რა მიზეზმაც განაპირობა გულზე ჩარევა, მას სჭირდება მკურნალობა.

საჭიროა ქოლესტერინის საწინააღმდეგო დიეტა, ფეხით სიარული და მეტი აქტიური დასვენება.

ადამიანი არ უვლის თავს, ნაოპერაციებ პაციენტს ჰგონია, რომ არის ინვალიდი, ან არის მეორე უკიდურესობა – ოპერაცია გავიკეთე იმიტომ, რომ ბევრი დავლიო, ან ამბობენ, რატომ უნდა დავლიო წამალი, მე ხომ ოპერაცია გავიკეთე. დიდი ენერგიის დახარჯვა გვჭირდება იმისათვის, რომ ავუხსნათ პაციენტებს როგორ უნდა მოიქცნენ.

რა სახისა და სირთულის ოპერაციები ტარდება თქვენს კლინიკაში?

დღესდღეობით ჩვენს კლინიკაში ტარდება ყველა სპექტრის ოპერაცია გარდა გულის ტრანსპლანტაციისა. შუნტირება შეადგენს ოპერაციების 70-80%-ს და ეს ხდება მომუშავე გულზე, მაგრამ არა ხარისხის დავარდნის ხარჯზე. წელიწადში ჩვენთან დაახლოებით 500-მდე ოპერაცია კეთდება. ეს მეთოდი მნიშვნელოვნად ამცირებს პაციენტის რეაბილიტაციის პროცესს, მეორე დღეს პაციენტი ფეხზეა, მეშვიდე-მერვე დღეს სახლში ვწერთ და ნაკლებია გართულება. ოპერაციის ხანგრძლივობა არის 3-4 საათი. რაც შეეხება რთულ ოპერაციებს, გაგიათ ალბათ გამოთქმა, რომ ადამიანს გაუსკდა აორტა. მიზეზი არის ის, რომ დადის მაღალი არტერიული წნევით და არ სვამს წამალს. დაახლოებით ოთხჯერ მეტია სიკვდილიანობის რისკი ამ ოპერაციის დროს, ვიდრე გულის გადანერგვისას და 10-12 საათი გრძელდება ოპერაცია. ასეთი ოპერაცია ხშირად ტარდება და პაციენტების უმეტესობა არის ახალგაზრდა მამაკაცი.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მუშაობისას გუნდს…

ძალიან კარგი კითხვაა. ოპერაციის დროს მე მთავარი არ ვარ. მე ვარ შემსრულებელი, მაგრამ ჩემს უკან დგას ის ხალხი, ვინც ქმნის შედეგს. კარდიოქირურგიულ ოპერაციას ხუთი ექიმი ატარებს, სულ კი 7-8 ადამიანი მონაწილეობს. ჩვენ ერთმანეთი შევარჩიეთ, უკვე ათი წელია ერთად ვართ და ძალიან ბევრი რთული ოპერაცია გვაქვს გაკეთებული, ბევრი უძილო ღამე გვაქვს გატარებული. ეს არის საოპერაციო, თუმცა რა თქმა უნდა, უნდა ავღნიშნო კარდილოგიურ სამსახური. ნებისმიერი ექიმი იმით არის ძლიერი, რომ მის ზურგს უკან კარგი ხალხია. დღევანდელი მედიცინა კოლექტიური მუშაობაა, სხვანაირად არ გამოვა.

ბევრი რამე შეიცვალა მედიცინაში, რა ახალი სტანდარტები, მეთოდიკა შემოვიდა…

აღსანიშნავია აორტის რკალის ენდოპროტეზირება. ეს ძალიან იშვიათი მეთოდია, გაჭრის გარეშე, ფეხიდან შევდივართ. ღია წესით ამის გაკეთება ძალიან რთულია, ხანგრძლივი პროცესია, ხდება პაციენტის 21 გრადუსამდე გაცივება და მოყვება უამრავი გართულება – თავის ტვინის ინსლუტებით, ინფექციებით. აღნიშნული მეთოდით კი პაციენტი მესამე დღეს სახლში გყავს. ვგეგმავთ ასევე დავნერგოთ ენდოვასკულარული გზით სარქველების პროთეზირება ახალი მეთოდით, რომელსაც ევროპასა და ამერიკაში დიდი ხანია აკეთებენ, ამ დროსაც მესამე დღეს ადამიანი სახლშია. ტექნიკურ პროგრესს უსაფრთხოება და კარგი შედეგი მოაქვს. პაციენტი უფრო დაცულია და ხარისხის კონტროლი უფრო მეტია.

ვისაუბროთ პატარებზეც, როდესაც ბავშვი იბადება ღია ოვალური ხვრელით…

ღია ოვალური ხვრელი არ განეკუთვნება თანდაყოლილ პათოლოგიებს, 90%-ში იხურება და 2-3 მმ და თუ დარჩა, არც ვერევით ქირურგიულად. მთავარია განხორციელდეს მონიტორინგი. რაც შეეხება დამატებით ქორდას, ის არსებობს, არის მარცხენა პარკუჭში და როგორც წესი არ წარმოადგენს პათოლოგიას. ის არ ქმნის ე.წ. გასავალი ტრაქტის ობსტრუქციას და არ აკეთებს სარქველის მუშაობის შეზღუდვას. უმჯობესია პაციენტი იყოს ექოსკოპიურ მონიტორინგზე. რაც შეეხება ფუნქციურ შუილს, ამას ბევრი მიზეზი აქვს, გარკვეული ასაკის მერე ეს ქრება.

ძალიან ცოტა რამ ვიცით გულის მანკის შესახებ. რა შეიცვალა დღეს მანკთან მიმართებაში?

ძალიან შეიცვალა მიდგომა, მე როდესაც ვსწავლობდი, სულ სხვაგვარად იყო ყველაფერი. შემოვიდა ფეტალური ექო, ეს ნიშნავს, რომ დედას შეუძლია გაიკეთოს ექოსკოპიური კვლევა ფეხმძიმობის პერიოდში და გაიგოს აქვს თუ არა ნაყოფს გულის მანკი და თუ აქვს, როგორი. თანდაყოლილი მანკი განაჩენი არ არის, უფრო ადრე ხდება ოპერაციული ჩარევა, მაგალითად არსებობს ე. წ. მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიცია, რომლის რადიკალური კორექცია კეთდება ბავშვის დაბადებამდე ერთ კვირით ადრე. ერთ-ერთი ურთულესი ოპერაციაა.

მაშინ, როდესაც პაციენტს სტკივა გული, რა უნდა გააკეთოს მანამ, სანამ მივა ექიმთან?

თუკი გაქვთ გულ-მკერდის არეში ძლიერი ტკივილი, წვის შეგრძნება, ცივი ოფლი ან აქვს მოხრჩობის შეგრძნება, პირველ რიგში გაიზომეთ წნევა, როგორც წესი მაღალია, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო, მიიღეთ წნევის დამწევი, უნდა დაწვეთ, არ იყოთ აქტიური. ექიმი პირველ რიგში იღებს ელექტროკარდიოგრამას და ცდილობს გაარკვიოს, აწუხებს თუ არა პაციენტს გული და იღებს გადაწყვეტილებას გადაიყვანოს თუ არა კლინიკაში. თუკი პაციენტს ტკივილი აქვს დატვირთვაზე, კიბეზე ასვლისას, სიცივეში აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან, არ უნდა დაელოდოს, რომ გაუვლის ტკივილი.

ჯერ კიდევ არ გვაქვს ჩვევად ჩავიტაროთ პროფილაქტიკური შემოწმება… დიაგნოსტიკის მეთოდებზე, რომ გვესაუბროთ და როგორ ხდება ოპერაციისთვის მზადება?

არის რამდენიმე კვლევა, რომელიც გამორიცხავს ან ადასტურებს იგივე კორონალურ პათოლოგიებს. კორონაროგრაფია ზუსტად გაძლევთ ინფორმაციას, სად არის დაზიანება და რა სჭირდება მას. ინიშნება დადასტურებული სტენოკარდიის შემთხვევაში. ჩვენება უნდა იყოს, რომ ეს კვლევა დაინიშნოს. თუ ტკივილია, კეთდება ტროპოლინის ანალიზიც, ეს არის ცილა, რომელიც გულის კუნთის დაზიანების ხარისხს განსაზღვრავს. პროფილაკტიკით შეიძლება გაკეთდეს ექოსკოპია, კარდიოგრამა, მაგრამ არა ინვაზიური ჩარევა. როდესაც პაციეტს ესაჭიროება ოპერაცია, ის დგება აღრიცხვაზე, ვიკვლევთ მას თავიდან ბოლომდე, დაახლოებით დღე ნახევარი გვჭირდება ამისთვის. როდესაც დასრულდება კვლევები, განვიხილავთ პაციენტის რისკებს, როდესაც შევჯერდებით, პაციენტი გადის საოპერაციოში, ის ზედმიწევნით არის ინფორმირებული. ახლობლები მეუბნებიან ხოლმე, რომ დავუმალო და არ ვუთხრა რა სჭირს. გამორიცხულია ადამიანმა არ იცოდეს, რატომ გადის ოპერაციაზე, მან თანხმობა უნდა განაცხადოს. ძალიან რთულია საქართველოში რეაბილიტაციის პროცესი, ძალიან უჭირს პაციენტს გაიგოს რატომ უნდა დალიოს წამალი. თუ სარქვლოვანი პათოლოგიაა, მთელი ცხოვრება სისხლის გამათხელებელი უნდა სვას, უნდა დაიცვას ჯანმრთელი ცხოვრების წესი, რადგან განმეორებითი ოპერაცია ძალიან რთულად მთავრდება ხოლმე. განმეორებითი ოპერაციების უმრავლესობას იწვევს ის, რომ პაციენტი არ სვამს წამალს.

როგორია თქვენი რეკომენდაციები, რა უნდა გავითვალისწინოთ მაშინაც კი როდესაც გული არ გვაწუხებს?

უნდა ვიცხოვროთ ჯანსაღი წესით. ეს ნიშნავს ნაკლებ ცხიმიან საკვებს, არასოდეს არ ნიშნავს წამლის მიღება ინვალიდიზაციას. მეტად მოვუსმინოთ ჩვენს თავს. ორგანიზმი ტყუილად არასოდეს გაძლევთ ნიშანს. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ სირბილსა და ცურვას, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ცხოვრების მჯდომარე წესი აქვს. დღეში 100 გრამი ღვინო კარგია, მაგრამ არა დიდი ოდენობით.

0
92
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0