x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
23 ივლისიდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, "ოდისევსის სინდრომი" სპეციალურ ფასად არის ხელმისაწვდომი
image


23 ივლისიდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" გამარჯვებულის ნანი მანველიშვილის რომანი "ოდისევსის სინდრომია" ხელმისაწვდომი.


წიგნის სპეციალური ფასია 8.50 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10, 50 ლარი.


ახალგაზრდა ავტორის _ ნანი მანველიშვილის რომანი „ოდისევსის სინდრომი“ მკითხველს სამშობლოსგან შორს მყოფ ადამიანებზე, მათ ტკივილზე მოუთხრობს, ეს წიგნი მათი ცხოვრების შეულამაზებელი ასახვაა, უცხო ქვეყნებში გადახვეწილ ქალებზეა, რომლებიც სხვების შვილებს, დავრდომილ მოხუცებს უვლიან, რათა საკუთარი შვილები და ოჯახის წევრები გამოკვებონ. ეს არის წიგნი მივიწყებულ ოცნებებზე, მახინჯ სტერეოტიპებზე, სიღარიბეზე... წიგნის მთავარი გმირი ახალგაზრდა გოგონა _ კატერინაა, რომელიც ნაადრევად დაოჯახდა, მაგრამ წლების შემდეგ ხვდება, რომ მას სხვა რამ სჭირდება, რაღაცის შეცვლა აუცილებელია, ამიტომ, რთულ არჩევანს აკეთებს და უკეთესის იმედით, სამშობლოდან მიდის...



პროფესიით ისტორიკოსი ნანი მანველიშვილი თავისი პირველი რომანისა და საქმიანობის შესახებ მოგვითხრობს:


– წიგნის დაწერის იდეა მაშინ გამიჩნდა, როდესაც მე თვითონ მომიწია ათენში წასვლამ. იქ სასწავლო პროგრამით მოვხვდი, უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ქართველ ემიგრანტებთან ერთად ვცხოვრობდი, მათი ცხოვრების გაზიარება ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი იყო და მათ ამბებს ხშირად ვისმენდი, რაც ჩემთვისაც საკმაოდ ემოციური იყო. რომანის მთავარი გმირის _ კატერინას პროტოტიპი სწორედ ერთ-ერთი ემიგრანტი გოგონაა და ცხადია, მისი ამბავი ჩემი ფანტაზიით შევალამაზე. ეს ჩემი პირველი რომანია და როცა მისი წერა დავასრულე, ეს კიდევ ცალკე ემოცია იყო ჩემთვის. წიგნი არ არის მხიარული, უფრო სევდიანი და სენტიმენტალურია. ამ ქალბატონებს, განსხვავებული, მაგრამ საერთო ტრაგიკული ბედი აქვთ.


პირველ ნაწილში თხრობა თბილისში მიმდინარეობს, 1990-იან წლებში. კატერინა ადრეულ ასაკში იწყებს ოჯახურ ცხოვრებას, მეუღლე და შვილი ჰყავს, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე ხვდება, რომ დროა სადმე შორს წავიდეს და ახალი ცხოვრება დაიწყოს. ამას აიძულებს როგორც ეკონომიკური, ისე მისი პირადი მდგომარეობა.


კატერინას აფხაზეთის ომის დროს მამა დაეღუპა და როგორც ყველა დევნილი, ისიც იძულებული გახდა, ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად თბილისში გადმოსულიყო და ცხოვრებაში ბევრი არაფერი უნახავს. ერთადერთი ნათელი წერტილი და “თავშესაფარი" სიყვარული გახდა, თუმცა, ის არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც კატერინას წარმოედგინა. შეყვარებულს სრულიად გაუაზრებლად გაჰყვა ცოლად, ფინანსურ პრობლემებს, მეუღლის ხასიათიც დაემატა, წყვილს დაძაბული ურთიერთობა აქვს და კატერინა ხუთი წლის შემდეგ ხვდება, რომ ის ყველაფერი, რაც იყო, თავად გამოიგონა, ამიტომ წასვლაზე ფიქრობს... გარბის იმიტომ, რომ საკუთარი თავი დაიბრუნოს და შვილს უკეთესი მომავალი შეუქმნას. ცხოვრება საზღვარგარეთ ფერადი ჩანს... რეალობა კი სულ სხვაგვარია და კატერინა არაერთ სირთულეს გამოივლის. ახალ სიყვარულსაც შეხვდება და მორიგი დაბრკოლება სწორედ აქ ჩნდება, როდესაც მას საზოგადოებასთან დაპირისპირება მოუწევს, რადგან ან საკუთარი ბედნიერება უნდა აირჩიოს, ან ხალხის ხმას დანებდეს, რომელიც არ მოუწონებს ამ საქციელს. თუ როგორ ვითარდება მოვლენები, ეს წიგნში უფრო კარგად ჩანს.


ეს ამბავი მათ დააინტერესებს, ვისაც სასიყვარულო ისტორიების კითხვა, რომანები მოსწონს. ასევე, იმ ემიგრანტებზეა, ვინც ქვეყნისგან შორს ცხოვრობენ, საკუთარი შვილები ენატრებათ და მათ მხოლოდ ეკრანიდან ხედავდნენ. ასეთ დედა-შვილობაზეა, თუ რამდენად რთულია ეს ყველაფერი.


რაც შეეხება აფხაზეთს, ფაქიზი თემაა, პირადად მე, ამ კუთხესთან შეხება არ მქონია, მაგრამ ეს ადამიანები სოხუმის საოცარ მონატრებას დღემდე განიცდიან და მათი მონაყოლით ვცადე აღმედგინა და გამეცოცხლებინა პერსონაჟები, გარემო, მაგალითად, ამრა, რომელიც სოხუმში შეხვედრების ადგილი იყო. რამდენიმე პერსონაჟი სოხუმიდანაა.


ნანი, თქვენ იყავით „პალიტრა L-ის“ მასშტაბური ლიტერატურული კონკურსის _ „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“-მონაწილე და ხალხის რჩეული. სწორედ ამ პროექტის მეშვეობით შედგა თქვენი ლიტერატრული დებიუტი და თქვენი წიგნი მთელმა საქართველომ გაიცნო. რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში პროექტის შემდეგ?


– ასეთი პროექტები ძალიან დიდი კომფორტია საზოგადოებისთვის. ვისურვებდი, რომ კიდევ დიდხანს იარსებოს. მასში მონაწილეობის მიღება მოულოდნელად გადავწყვიტე და დიდი მოლოდინი არც მქონდა, რადგან ძლიერი კონკურენტები მყავდა. ჩათვალეს, რომ ამ წიგნის დაბეჭდვა ღირდა და ჩემთვის ეს ძალიან სასიხარულო იყო. ამ კონკურსს ჩემს ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით სასიამოვნოა აქტიური შეხვედრები მკითხველებთან, ბოლო დროს, ცოტა შევფერხდით, მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, თუმცა, ვიმედოვნებ, მომავალი წლიდან კვლავ განახლდება პროცესები.


ახლა უკვე მეორე რომანის იდეაც მაქვს და ვიმედოვნებ, მკითხველი მასაც მალე იხილავს. მასაც ისტორიული კონტექსტი ექნება, რადგან პროფესიით ისტორიკოსი ვარ და ეს თემა ძალიან მაინტერესებს. ეს იქნება საბჭოთა კავშირის პერიოდის ცხოვრებაზე, თუმცა, ფაბულაში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს, რადგან ჯერ მხოლოდ დასაწყისია.


თქვენს ძირითად საქმიანობაზეც გვიამბეთ.


– ამჟამად, თსუ-ის დოქტორანტურაში ვსწავლობ, ისტორიის ბაკალავრისა და მაგისტრის წოდება მაქვს. პარალელურად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვმუშაობ და მალე, ისტორიის მიმართულებით ერთ-ერთ კურსსაც წარვუძღვები, ოღონდ ეს უკვე სულხან-საბას უნივერსიტეტში გაგრძელდება. სწავლების პროცესი ძალიან მომწონს, მოსწავლეებიც მყავს და შესაბამისად, მთლიანად ამ პროფესიაში ვარ ჩართული.


სხვათა შორის, ჩემ ირგვლივ თითქმის არავის უნდოდა, რომ ისტორიკოსი ვყოფილიყავი, რადგან საქართველოში წარმატებულად რატომღაც არ ითვლება, მაგრამ მე ძალიან მიყვარს და ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ჩემი პროფესია წერაშიც ძალიან მეხმარება, ბევრი ისტორიული ფაქტი და მოვლენა საინტერესოდ ჯდება პარალელების გავლებისას.


ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგია, დეტალებზე ორიენტირება, მათ შორის, ცხოვრებაში, როდესაც შეგიძლია შეამჩნიო, გამოიცნო ადამიანის ბუნება. ეს ავტორებს გვეხმარება, რომ საკუთარ პერსონაჟებსაც უფრო სრულყოფილი და დასრულებული სახე მივცეთ, მკვეთრად ბოროტი ან მკვეთრად კეთილი სახე კი არა, ორივე თვისებებით გაწონასწორებული. რეალური ადამიანების პერსონაჟებად გარდაქმნა საკმაოდ საინტერესო პროცესია.


როგორც მკითხველს, რა ჟანრის ნაწარმოებები მოგწონდათ, ისტორიულის გარდა?


– რომანებიც ძალიან მიყვარს და დღესაც ხშირად ვკითხულობ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა სულ დროის ნაკლებობას განვიცდით ადამიანები. არ არსებობს წიგნი, რომელიც რაღაცას მაინც არ გვასწავლის, რაიმეს მაინც არ დაგვანახვებს. პირადად ჩემზე, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მიხეილ ბულგაკოვმა, "ოსტატი და მარგარიტა" ჩემი გამორჩეულად საყვარელი წიგნია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და პირველად დამებადა კითხვა, როგორ შეუძლია ადამიანს ასეთი რამ დაწეროს? ნამდვილად განსაკუთრებულ ხელთან და მწერალთან გვაქვს საქმე. ამდენად, ეს წიგნი დღემდე პირველ ადგილს იკავებს ჩემს საყვარელ წიგნებს შორის.


თანამედროვე ავტორებიდან ვის გამოარჩევთ და რამდენად ხშირად ეცნობით თქვენი "ოლეგების", პროექტის "გახდი ბესტსელერის ავტორი" სხვა მონაწილეთა ნაწარმოებებს?


– ამ მიმართულებითაც რამდენიმეს დასახელება შემიძლია, მაგრამ განსაკუთრებით გამოვარჩევდი ნიკოლას მაჩაბელს, რომლის "ჩაინა კონტრასტებიდან" ძალიან საინტერესოდ იკითხება, კარგად ჩანს ავტორის სპეციფიკური იუმორი და სხვა მკითხველებსაც ვურჩევდი გაეცნონ. ასევე ძალიან მომეწონა ელის დოჯსონის `რაფლეზია~.


– "ოდისევსის სინდრომი" ახლა უკვე ჟურნალ "გზა"-სთან ერთად გამოჩნდება პრესის სტენდებზე, როგორ ფიქრობთ, რას მოგიტანთ ეს, როგორც ავტორს?


image


– რა თქმა უნდა, დადებითად ვაფასებ ამ ფაქტს და მოხარული ვარ, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჟურნალის გავრცელება მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და ეს ნიშნავს, რომ მკითხველთა რაოდენობა ორმაგად და სამმაგად მეტი იქნება. ვისაც რომანზე წიგნის მაღაზიაში არ მიუწვდებოდა ხელი, დღეს უკვე შეუძლია ჟურნალთან ერთად შეიძინოს და ვფიქრობ, ეს ჩემი წიგნის მიმართ მკითხველთა ინტერესს გაზრდის და მათი მხრიდან, უფრო აქტიურ გამოხმაურებას ველი.



0
8
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0