x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
პანიკური აშლილობა და აგორაფობია

image
რა არის პანიკური აშლილობა? რატომ გვემართება ის? უშლის თუ არა ადამიანს ხელს ფუნქციონირებაში? შეუძლია თუ არა ხელი შეუწყოს სხვადასხვა ფობიის ჩამოყალიბებას? როგორ შეგვიძლია დავიხსნათ თავი ჩვენივე ტყვეობიდან?
თუ პანიკური შეტევა ერთხელ მაინც გამოგიცდიათ, ყველა ზემოხსენებული კითხვა აუცილებლად ნაცნობი იქნება თქვენთვის. წინამდებარე სტატია ალბათ გაპოვნინებთ ამ კითხვებზე პასუხს და საკითხის შესწავლა დაგეხმარებათ ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში, იმ შემთხვევაში თუ პანიკური შეტევა თქვენი თანმდევია.
პანიკური აშლილობა განმეორებადი პანიკის შეტევებია, როგორც წესი ის არ არის დაკავშირებული რამე კონკრეტულ სიტუაციასთან და სპონტანურად, მოულოდნელად, რეალური მიზეზის არსებობის გარეშე აღმოცენდება. უმეტესწილად მოზარდებისთვის არის დამახასიათებელი. მისი მთავარი მახასიათებელია არაპროგნოზირებადობა და ადამიანის შიში განმეორებით პანიკურ შეტევაზე. პანიკური შეტევა საკმაოდ ხანმოკლე პროცესია, თუმცა ამ მონაკვეთში შეტევა აღწევს თავის მაქსიმუმს და კიდევ რამდენიმე წუთი გრძელდება. მას ახასიათებს სხეულებრივი პროცესები როგორებიცაა: გახშირებული გულისცემა, თავბრუსხვევა, ჭარბი ოფლიანობა, პირის სიმშრალე, ღებინება, მთელი სხეულის ან სხეულის გარკვეული ნაწილის ტრემორი, სუნთქვის გაძნელება და ასე შემდეგ. სხეულებრივ პროცესებს ემატება დეპერსონალიზაციის, კონტროლის დაკარგვის, გაგიჟების და უკიდურეს შემთხვევაში სიკვდილის შიში, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადამიანის მდგომარეობას.
რაც შეეხება ახსნის მოდელებს, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების ურთიერთზემოქმედებას. პანიკური აშლილობის ფსიქოფიზიოლოგიური მოდელი ყურადღებას ამახვილებს ბიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მოწყვლადობაზე. ბიოლოგიური მოწყვლადობა გულისხმობს გენეტიკურად განპირობებული ტემპერამენტის ტიპს, რომელიც ხასიათდება ემოციების რეგულაციის უნარის ნაკლებობით, სხეულებრივი შეგრძნებების მაღალი მგრძნობელობით და სტრესზე მაღალი რეაქტიულობით. ფსიქოლოგიური მოწყვლადობა კი მნიშვნელოვან პიროვნებასთან არაუსაფრთხო მიჯაჭვულობას გულისხმობს. მნიშვნელოვანია ასევე კოგნიტური ფაქტორებიც, როგორებიცაა შიშის მიმართ მაღალი მგრძნობელობა, რწმენა იმისა, რომ პანიკის შეტევასთან დაკავშირებული სხეულერბრივი სიმპტომები შესაძლოა სიცოცხლისთვის საზიანო აღმოჩნდეს.
გასაკვირი არაა, რომ პანიკური შეტევა ხელს უშლის ადამიანს ყოველდღიურ ფუნქციონირებაში. გამოიყოფა აშლილობის სირთულის ორი ხარისხი. აშლილობა ზომიერია თუ თავს იჩენს კვირაში მხოლოდ ერთხელ, ხოლო მძიმე, როდესაც კვირაში 4 შეტევაზე მეტჯერ. პანიკის შეტევის არაპროგნოზირებადობა ხელს უშლის ადამიანს გააგრძელოს მშვიდი ცხოვრება. ხშირ შემთხვევაში დამოკიდებული ხდება ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ასევე უწევს უარი თქვას სოციალურ ურთიერთობებზე, ამ შემთხვევაში კი ყალიბდება აგორაფობია.
პანიკური აშლილობა ხელს უწყობს აგორაფობიის ჩამოყალიბებას. აგორაფობია ფობიების კატეგორიას განეკუთვნება, ანუ არის არარაციონალური შიში. მაგალითად, ადამიანს უჩნდება საჯარო ადგილების, რიგში დგომის, ტრანსპორტის, მარტო მოგზაურობის და, ზოგადად, სახლიდან შორს ყოფნის შიში. აგორაფობიის მთავარ მახასიათებელს სწორედ რომ უსაფრთხო ადგილის დატოვების (სახლის), სხვა ადგილზე ყოფნის შემთხვევაში საჭირო დახმარების დროულად ვერ მიღების და სიტუციის სამარცხვინოდ დატოვების შიში წარმოადგენს.
რაც შეეხება პანიკური შეტევებისა და აგორაფობიისგან თავის დახსნის საშუალებას, ფსიქოლოგები იყენებენ კოგნიტურ-ქცევით თერაპიას. ამ დროს პაციენტს გადაეცემა მოკლე და მარტივად ახსნილი ინფორმაცია პანიკური აშლილობის შესახებ, მიმდინარეობს კოგნიტური რეკონსტრუირება, ანუ როდესაც სტრესორის ობიექტურად შეცვლა შეუძლებელია პრობლემის დასაძლევად საჭიროა ან გადაფასდეს სტრესორი ან ადამიანმა თავისი ემოციები, დამოკიდებულებები უნდა შეცვალოს სტრესორთან დაკავშირებით. თერაპიის ფარგლებში ფსიქოლოგი ეხმარება პაციენტს, რომ დაუპირისპირდეს შიშის გამომწვევ გამღიზიანებლებს. ასევე იყენებენ ფსიქოფარმაკოთერაპიას, რაც გულისხმობს სისხლში სეროტონინის დონის მომატებას.
თქვენთვის უკვე ცნობილია პანიკური აშლილობისა და აგორაფობიის შესახებ. თუ გაწუხებთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, აუცილებლად დროულად მიმართეთ პროფესიონალებს, რომლებიც დაგეხმარებიან და გამოგიყვანენ სასოწარკვეთილებიდან, დაგიბრუნებენ სიცოცხლის ხალისს. გადადგით ნაბიჯი თქვენი ბედნიერებისათვის და ნუ დაიტანჯავთ თავს, რადგან არც პანიკური აშლილობა და არც მისი თანმდევი პრობლემები, სწორად დასმული აქცენტების შემთხვევაში, გადაულახავ ბარიერს არ წარმოადგენს.

ნინო ბოკუჩავა

0
48
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბოკუჩავა
ნინო ბოკუჩავა
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0