x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ნაგვის გროვაში ცოცხლად დამარხულები - ძმები კოლიერების უცნაური ისტორია
ამ ამბავმა, რომელიც გასული საუკუნის შუა ხანებში მოხდა, თავის დროზე საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია და ბევრის მნახველი ამერიკელი პოლიციელებიც კი სახტად დატოვა. ორი შუახნის მამაკაცი-ძმები კოლიერები, თავისივე სახლში, მათივე მოგროვებული ნაგვის მსხვერპლი გახდნენ. დიახ, დიახ, ჩვეულებრივი, საყოფაცხოვრებო ნაგვისა, რომელიც მათ საცხოვრებელ სახლში იმ რაოდენობით იყო დაგროვებული, რომ კარებიდან შესვლა ბინაში უბრალოდ შეუძლებელი გახდა, თუმცა მოდით, ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.



image




1947 წლის მარტში ჰარლემის (Harlem) პოლიციაში დარეკა უცნობმა ადამიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ მის მეზობლად მდებარე სახლში, სავარაუდოდ, მიცვალებული იყო, რადგან სახლიდან გახრწნილი გვამის სუნი გამოდიოდა. პოლიცია ადგილზე მივიდა, თუმცა სახლში შესვლა არც ისე იოლი აღმოჩნდა, რადგან შესასვლელი ამოვსებული იყო ათასნაირი ხარახურით და კარების გაღება უბრალოდ შეუძლებელი იყო. საკმაოდ მოზრდილი სახლი ძმებს- ლეგლი და ჰომერ კოლიერებს ეკუთვნოდათ.



image



ჰომერ კოლიერი 1881 წელს დაიბადა, ხოლო ლენგლი კოლიერი 1885 წელს. მათი მამა მანჰეტენზე ცნობილი მეან-გინეკოლოგი იყო და ოჯახიც საკმაოდ შეძლებულად ითვლებოდა.

ჰომერმა და ლენგლიმ პრესტიჟული კოლუმბიის უნივერსიტეტი დაამთავრეს. ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ძმებს წინ უზრუნველი ცხოვრება და წარმატებული კარიერა ელოდებოდათ. თუმცა ყველა აღნიშნავდა, რომ ისინი ექსცენტრულობით და უცნაური ხასიათით გამოირჩეოდნენ. ლენგლი გამუდმებით ატარებდა ექსპერიმენტებს ვაკუუმური პიანინოს შესაქმნელად, ხოლო ჰომერი, მოუხედავად მისი ნიჭიერებისა, არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებდა რომელიმე მეცნიერების, კარიერის, ქალების და ზოგადად, ცხოვრების მიმართ.

1919 წელს ჰომერის და ლენგლის მამა ცოლს გაეყარა და სხვა ქალაქში გადასახლდა, ბიჭები დედასთან ერთად ჰარლემში, მათ საკუთრებაში არსებულ კერძო საცხოვრებელ სახლში დასახლდნენ და კარჩაკეტილი ცხოვრება დაიწყეს, ხოლო მას შემდეგ, რაც 1929 წელს დედა გარდაეცვალათ, საბოლოოს მიიხურეს კარები ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და ყოველგვარი კავშირი გაწყვიტეს გარე სამყაროსთან. ისინი ნამდვილ განდეგილებად გადაიქცნენ: არსად არ მუშაობდნენ, არ ჰყავდათ მეგობრები, მათ ბინაში არ იყო ბუნებრივი გაზი, ელექტროდენი, ტელეფონი, გათბობა და ცივილიზაციის სხვა სიკეთენი. ძმებს მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდათ - ნაგავი. ღამით, როცა ჰარლემი (იმ დროისათვის საკმაოდ ფეშენებელური რაიონი) იძინებდა, ძმები სახლიდან გამოდიოდნენ და იწყებდნენ ნადირობას: მოათრევდნენ სახლში ყველაფერს, რასაც კი პოულობდნენ: ძველი წიგნებიდან დაწყებული დამტვრეული ავეჯით დამთავრებული.



image


მალე მეზობლებმა ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება სახლს, რომლიდანაც დღისით ჩამიჩუმი არ ისმოდა და მხოლოდ შუაღამის მერე თუ შეამჩნევდნენ იქედან გამოსულ უცნაურ ძმებს. ჰარლემი წყნარი, ფეშენებელური რაიონიდან ნელ-ნელა გადაიქცა ცხოვრებისათვის არცთუ უსაფრთხო ადგილად. ამან მეტი შიში ჩაუნერგა ძმებს და აიძულა მათ კიდევ უფრო შორს დაეჭირათ თავი ადამიანებისაგან. გარე სამყაროსთან კავშირის ერთადერთი წყარო მათთვის გაზეთები იყო, რომლებსაც ქუჩაში პოულობდნენ, სახლში მოჰქონდათ, კითხულობდნენ და შემდეგ სახლის ერთ კუთხეში აწყობდნენ. სწორედ ძველი გაზეთების არანორმალური რაოდენობა გახდა ლენგლის სიკვდილის მიზეზი: მისი გროვა ლენგლის დაეცა და მან ვერ შეძლო იქედან თავის დაღწევა. თუმცა ეს ცოტა მოგვიანებით მოხდა, ჯერჯერობით კი ძმები ისევ აგრძლებედნენ ღამეულ ცხოვრებას და შიშის ზარს სცემდნენ მეზობლებს თავიანთი კარჩაკეტილობითა და უცნაური საქციელით.



image


ასე გავიდა 20 წელი. ჰომერი, რომელიც უკვე წლებია ავადმყოფობდა, საბოლოოდ ეტლს მიჯაჭვული აღმოჩნდა. თუ აქამდე ძმები ხანდახან მაინც სტუმრობდნენ სუპერმარკეტს საკვების საყიდლად, მარტო დარჩენილმა ლენგლიმ პროდუქტების ყიდვაზე უარი თქვა და მხოლოდ ნაგავსაყრელებზე ნაპოვნი საკვების ნარჩენებით კმაყოფილდებოდა, რომელსაც ძმას უნაწილებდა.

ჰარლემში კრიმინალური წარსულის მქონე სულ უფრო და უფრო მეტი შავკანიანი სახლდებოდა. მათ რამდენჯერმე სცადეს კოლიერების სახლის გაძარცვა, მაგრამ შიგნით შეღწევა ვერაფრით ვერ მოახერხეს : ყველა კარი და ფანჯარა საგულდაგულოდ იყო ამოქოლილი ნაგვის გროვებით.



image


ლენგლიმ სახლის ფანჯრები სამშენებლო ქვებით ამოქოლა, ამოკეტა აგრეთვე სახლში შესასვლელი კარები და კიდევ უფრო ჩაკეტილად დაიწყო ცხოვრება. მძარცველებისაგან თავის დასაცავად მან მოიფიქრა ეშმაკური ხაფანგები და სახლს გაუკეთა საიდუმლო შესასვლელი, რომელსაც დახელოვნებული ქურდიც კი ვერ მიაგნებდა. დროის უმეტეს ნაწილს ლენგლი ძმის მოვლაში ატარებდა - ზრუნავდა მასზე, აჭმევდა, უცვლიდა, უკითხავდა წიგნებს და უკრავდა მისთვის პიანინოზე. ის კვლავინდებურად სახლიდან მხოლოდ ნაშუაღამევს გამოდიოდა.

ლენგლი დაძვრებოდა ნაგვის ურნებში, აგროვებდა გადაყრილ საჭმელს და ათასნაირ ხარახურას, რომელსაც სახლში გამუდმებით ეზიდებოდა. წყალს ის საავტომობილო პარკირებასთან იღებდა ხოლმე. ტელეფონი ლენგლის და მის ძმას ჯერ კიდევ 1921 წელს გამოურთეს გადაუხდელობის გამო, თუმცა ამის საჭიროება მათ არც ჰქონიათ-ძმებს არავინ ჰყავდათ ისეთი, ვისაც დაურეკავდნენ. გაზეთების გარდა, მათი ერთადერთი დამაკავშირებელი გარესამყაროსთან რადიომიმღები იყო, რომელიც ნაგავში ნაპოვნი ნაწილებისაგან თავად ლენგლიმ ააწყო.



image


ჰომერ კოლიერი 1947 წლის 9 მარტს გარდაიცვალა. როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, პოლიციაში უცნობმა დარეკა და განაცხადა, რომ ძმების სახლში გვამი იყო. პირველი, რაც ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა შენიშნეს, იყო ის, რომ სახლში შეღწევა ფაქტიურად შეუძლებელი იყო - მისი შესასვლელი გულდაგულ იყო ამოქოლილი. პოლიციამ გადაწყვიტა შეენგრია სარდაფის ამოქოლილი ფანჯრები და აქედან შესულიყო სახლში. 7 კაცისაგან შემდგარი პოლიციის ბრიგადა გზას იკვლევდა გაზეთების, დამტვრეული ავეჯის, საკერავი მანქანების, ძველმანების და კიდევ ათასნაირი ხარახურის გროვაში. მხოლოდ 5-საათიანი "გათხრების" შემდეგ მიაღწია პოლიციამ ჰომერის სხეულს - ის შიმშილისგან გარდაცვლილიყო.



image


თუ სად გაქრა მეორე ძმა-ეს პოლიციამ მხოლოდ ორი კვირის შემდეგ შეიტყო - მისი გვამიც სახლში იპოვეს. ლენგლი იწვა ვიწრო საიდუმლო გვირაბში, რომელიც მთლიანად ამოვსებული იყო ძველი დამტვრეული ავეჯით და გაზეთებით. მის გვერდით ეგდო ჩანთა, რომელშიც პურის ნატეხები იყო. როგორც ჩანს, ლენგლი ქუჩაში იყო გასული საკვების მოსაპოვებლად და შინ ბრუნდებოდა, როცა მის მიერ დაგებულ ერთ-ერთ ხაფანგში მოყვა. მას თავზე დაემხო ნაგვის უზარმაზარი გროვა, რისი მსხვერპლი გახდა კიდეც.




უცნაური განძეული


image


პოლიციელებმა ძმების სახლიდან სულ 120 ტონა ნაგავი ამოიღეს. აი რა საგნები იყო იქ: საბავშვო და თოჯინების ეტლები, დამტვრეული ველოსიპედები, უსარგებლო დაჟანგული იარაღი და გრამაფონები, შუშის სანათები, ბოულინგის ბურთები, კარეტის გასაშლელი სახურავისამი ხის მანეკენი მკერავებისათვის, 25 000 წიგნი (მათ შორის უმეტესობა სამედიცინო სფეროს განეკუთვნებოდა), გაზეთების გროვა, რომელიც რამდენიმე ტონას იწონიდა, 14 პიანინო, მანქანების ძველი საბურავები (28 ცალი), 2 ორღანი, აკორდეონები, ბანჯო, ვიოლინოები და სხვა მუსიკალური ინსტრუმენტები, ნახევრად დამტვრეული ავეჯი, 8 ცოცხალი კატა და კიდევ უამრავი წვრილმანი. კოლიერების სახლში არსებული ნაგვის უმეტესი ნაწილი სანაგვეზე გადაყარეს, ზოგი ნივთი დაიტოვეს ქალაქის მუზეუმში გამოსაფენად, შედარებით ფასეული ნივთები კი აუქციონზე გაყიდეს.


ძმების სიკვდილის შემდეგ აუხსნელი დარჩა ერთი ამოცანა: რატომ ეზიდებოდნენ ისინი სახლში ათასნაირ ხარახურას და რად იკვებებოდნენ ნარჩენებით? ძმებს ხომ ორი სახლი ჰქონდათ - ჰარლემში და მანჰეტენზე. მათი უძრავი ქონების საერთო ღირებულებამ 91 000 დოლარს გადააჭარბა (2019 წლის გაანგარიშებით ეს თანხა მილიონ დოლარს უდრის).


ძმები კოლიერების გარდაცვალების შემდეგ სახლი მალე დაანგრიეს, რადგან მისი ყიდვა და იქ შესახლება არავინ მოინდომა. ის მიწასთან გაასწორეს და ახლა ამ ადგილზე პატარა პარკია გაშენებული.

თანამედროვე მედიცინა ძმების სინდრომს პათოლოგიურ დაგროვებას უწოდებს და ჯერჯერობით ამ დაავადების ბუნება ბოლომდე არაა შესწავლილი. ექიმთან დროული ვიზიტით და მედიკამენტოზური მკურნალობით მისი განკურნება თუ არა, სიმპტომების საგრძნობლად შემსუბუქება მაინცაა შესაძლებელი, მაგრამ როგორც წესი, კოლიერების მსგავსი ადამიანები ექიმთან არ მიდიან და არ ცდილოენ ამ უჩეულო სენისგან განკურნებას. პირიქით, ისინი თავიანთი თავისთვის მყარად აგებენ ნაგვის აკლდამებს, რომლებიც მათ საიმედოდ იცავს გარე სამყაროსგან.



image



"კოლიერების სახლი" - გახდა მეხანძრეების თანამედროვე ტერმინი და აღნიშნავს ისეთ საცხოვრებელ სახლს ან შენობას, რომელიც სავსეა ათასგვარი ხარახურით და ხანძრის შემთხვევაში დიდ საფრთხეს წარმოადგენს მეხანძრეებისა და მაშველებისათვის.

0
288
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0