x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102556
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
პუბერტაციის პერიოდი და მისი გავლენა მოზარდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე
გამოსახულება

დღესდღეობით ცნობილია, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, მაგრამ ის ფაქტი, თუ რანაირად არის დაკავშირებული ადამიანის ცვლილების პროცესში მყოფი სხეული მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დიდი ხანია აოცებს ფილოსოფოსებსა და მეცნიერებს. ისინი ამ საკითხს, ძირითადად, პუბერტაციის პერიოდის გათვალისწინებით და მასთან მიმართებაში იკვლევენ.


პუბერტაციის, იგივე სიმწიფის ხანა, განისაზღვრება, როგორც სწრაფი ფიზიკური მომწიფების პერიოდი, რომელიც მოიცავს ჰორმონალურ და სხეულის ცვლილებებს. ამ ხანაში მომხდარი ცვლილებები ადამიანის ორგანიზმს რეპროდუქციის უნარს აძლევს. აღსანიშნავია, რომ პუბერტაციის ხანა და მოზარდობის ასაკი განსხვავებული ცნებებია. ადამიანთა უმრავლესობა პუბერტაციის ხანის დასრულების შემდეგ მოზარდობის ასაკში კიდევ დიდხანს დაჰყოფს. მომწიფება, უმეტესად, ადრეული მოზარდობის ასაკში ხდება. ჩვეულებრივ, პუბერტაციის ხანის დასაწყისი და ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და ვარირებს გარკვეულ ფარგლებში რასობრივი, სქესობრივი, გენეტიკური და ფიზიოლოგიური თავისებურებებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. ბიჭების ნაწილისთვის სიმწიფის ხანა შეიძლება 10 წლის ასაკში დაიწყოს, ხოლო ბიჭების უმრავლესობისთვის სიმწიფის ხანა 13 წლიდან იწყება. გოგონებში ყველაზე ადრე 9 წლის ასაკში და ყველაზე გვიან 15 წლის ასაკში შეიძლება დაიწყოს. ჩვეულებრივ, პუბერტატიულ განვითარებას 4 წელი სჭირდება, მაგრამ ზოგიერთი მოზადი მას 2 წელში ასრულებს, სხვებს კი 5-6 წელი სჭირდებათ.


პუბერტაციის პერიოდი ზრდის მკვეთრი მატებით და მძაფრად გამოხატული ფიზიოლოგიური ცვლილებებით გამოირჩევა. უპირველესად, ეს არის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები. სიმწიფის ხანა ხასიათდება ჰორმონების მოზღვავებით. ჰორმონები არის ძლიერი ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ენდოკრინული ჯირკვლების მიერ გამოიყოფა და მთელ სხეულს სისხლის საშუალებით გადაეცემა. ამ დროს იწყება ზრდის ჰორმონის (ჰიპოფიზარული სეკრეტი, რომელიც იწარმოება მუდმივად, მთელი სიცოცხლის განმავლობაში), თიროიდული ჰორმონის (აუცილებელია ტვინის განვითარებისთვის და იმისათვის, რომ ზრდის ჰორმონმა სრულიად მოახდინოს ზეგავლენა სხეულის ზრდაზე) და სქესობრივი ჰორმონების ძლიერი აქტივაცია, რომელთა გააქტივებას ჰიპოთალამუსი და ჰიპოფიზი აკონტროლებს. ეს გავლენას ახდენს მოზარდთა ორგანიზმის ფუნქციონირებაზე.



სექსუალურ სიმწიფეს აკონტროლების ჰიპოფიზის სეკრეცია, რომელიც ახდენს სქესის ჰორმონების გამოთავისუფლებას. ტესტოსტერონი არის ჰორმონი, რომელიც ბიჭებში ასოცირდება სასქესო ორგანოების განვითარებასთან, სიმაღლეში ზრდასთან, ხმის შეცვლასთან (დაბოხებასთან), სხეულსა და სახეზე თმის ზრდასთან. ესტრადიოლი არის ჰორმონი, რომელიც გოგონებში ასოცირდება მკერდის, საშვილოსნოს და ჩონჩხის განვითარებასთან. აღსანიშნავია, რომ ორივე ჰორმონი, ტესტოსტერონი და ესტრადიოლი, როგორც გოგონების, აგრეთვე ბიჭების ჰორმონალური შემადგენლობის ნაწილია, თუმცა ტესტოსტერონი დომინირებს ბიჭების, ხოლო ესტრადიოლი კი - გოგონების მომწიფებაში.


პუბერტაციას სწრაფი აქსელერაცია ანუ ზრდის დაჩქარება შემოაქვს. გოგონები სწრაფად ზრდას, საშუალოდ 9 წლის ასაკში, ხოლო ბიჭები 11 წლის ასაკში იწყებენ. გოგონები სიმაღლეში, დაახლოებით, წელიწადში 8-9 სანტიმეტრით, ხოლო ბიჭები კი 10 სანტიმეტრით იზრდებიან. ამ პერიოდის დასაწყისში გოგონების სიმაღლე, ჩვეულებრივ, უტოლდება ან აღემატება ბიჭების სიმაღლეს. თუმცა, დაახლოებით 14 წლის ასაკში ბიჭების სიმაღლე უკვე უტოლდება და, ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტია გოგონების სიმაღლეზე. სქესობრივი მომწიფების პროცესის დასრულების შემდეგ, გოგონების სიმაღლეში ზრდის ტემპი იკლებს, ბიჭების კი დაახლოებით 20 წლამდე გრძელდება. სიმაღლეში ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად იმატებს კუნთის მასა. ბიჭებს უვითარდებათ უფრო დიდი კუნთები, გული და ფილტვები. ბიჭები გოგონებზე გაცილებით უფრო მეტ კუნთის ძალას იძენენ, რის გამოც მათ უფრო სპორტული აღნაგობა აქვთ. ამასთანავე, წონაში მატებაც ისეთივე თავისებურებებით ხასიათდება, როგორიც სიმაღლეში მატება. გოგონებიც და ბიჭებიც ყველაზე სწრაფად სიმწიფის ასაკის დაწყებისთანავე იწყებენ წონაში მატებას. ადრეულ სიმწიფის ასაკში გოგონების წონა, ჩვეულებრივ, აღემატება ბიჭებისას, მაგრამ, დაახლოებით 14 წლის ასაკში ბიჭები უკვე გოგონებზე მეტს იწონიან.

გამოსახულება

პუბერტაციის პერიოდში ტრანსფორმირდება სხეულის ზოგადი პროპორციები - ბიჭებს მხრები უფართოვდება თეძოებთან შედარებით, გოგონების თეძოები კი წელთან შედარებით უფრო განიერი ხდება. აგრეთვე, ჯერ ხელები, ფეხები და ტერფები იზრდება, შემდეგ ტორსი, რაც განაპირობებს მოზარდის სიმაღლეში მატებას. განვითარების ეს ნიმუში ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ არიან მოზარდები მოუხერხბელები და არაპროპორციულები - გრძელფეხა, დიდი ტერფებითა და ხელებით. ამავე დროს, მკვეთრად იზრდება ცხვირი, ყურები ნიკაპი. ასევე, იცვლება კანის ზედაპირი.


პუბერტაციის ხანაში მიმდინარე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა სქესობრივი მომწიფება, რომელიც დამოკიდებულია თავის ტვინში მიმდინარე რთულ ფიზიკურ და ქიმიურ პროცესებზე. გოგონების პუბერტაცია იწყება ძუძუს კერტის განვითარებასთან ერთად, მას მოსდევს ზრდის ნახტომი და გათმიანება. ჩვეულებრივ, პუბერტაციის ბოლო ნიშანი გოგონებში არის მენარქე, რაც პირველი მენსტრუაციის მეცნიერული სახელწოდებაა. პუბერტაციის პირველი ნიშანი ბიჭებში არის სათესლე ჯირკვლების გადიდება, რასაც სასქესო ორგანოების ზრდა მოსდევს. ასევე, მათ ეზრდებათ კუნთების მასა და მალევე უჩნდებათ თმა. სახესა და სხეულზე თმა ჩნდება სხეულის ზრდის პიკის შემდეგ და თანდათანობით იმატებს რამდენიმე წლის განმავლობაში. ბიჭების ფიზიკური მოწიფულობის მეორე ნიშანი არის ხმის დაბოხება, რადგან ხორხი დიდდება და სახმო სიმები გრძელდება.


პუბერტაციის ხანაში მიმდინარე მკვეთრ ფიზიკურ ცვლილებებს ფსიქოლოგიური ასპექტიც ახლავს თან. მოზარდები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ თავიანთ სხეულს. სიმწიფის ხანაში, ზოგადად, გოგონები უფრო ნაკლებად კმაყოფილნი არიან თავიანთი გარეგნობით და უფრო ნეგატიურად აღიქვამენ საკუთარ სხეულს, ვიდრე ბიჭები. გარდა ამისა, როდესაც ადამიანი პუბერტაციას აღწევს ეცვლება გრძნობები საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. მოზარდს მძაფრი რეაქციები აქვს იმ ცვლილებებზე, რომელიც მას თანატოლებისგან გამოარჩევს. სწორედ გარკვეული ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები ხდება ძლიერი ნეგატიური ემოციების ჩამოყალიბების საფუძველი, რაც შემდგომში ინდივიდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე აისახება.გამოსახულება

ზოგადად, არაერთი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ პუბერტაციის პერიოდში მიმდინარე ცვლილებები მოზარდთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც აისახება. ერთი მხრივ ასეთი მტკიცებულება არის ის, რომ ჰორმონები არა მხოლოდ ფიზიკურ ცვლილებებს იწვევს, არამედ მოზარდის ფსიქოლოგიურ განვითარებასაც უწყობს ხელს. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ბიჭებს, რომლებსაც უფრო მაღალი წარმოდგენა ჰქონდათ საკუთარ კომპეტენტურობაზე, ტესტოსტერონის უფრო მაღალი კონცენტრაცია ჰქონდათ. სხვა კვლევამ აჩვენა, რომ გოგონები, რომლებშიც ესტრადიოლის რაოდენობა უფრო დიდი იყო, უფრო მეტ გაბრაზებას და აგრესიას ავლენდნენ.


პუბერტაციის პერიოდის განმავლობაში მოზარდში მომხდარი ცვლილებები განაპირობებს მოზარდის გუნება-განწყობილების ცვლილებას, რაც, თავის მხრივ, მოზარდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე აისახება. ამ პერიოდში მოზარდის გუნება-განწყობილების ცვლილების ერთ-ერთი მიზეზია ძილის გრაფიკში დარღვევა. სიმწიფის ხანაში მიმდინარე ბიოლოგიურმა ცვლილებებმა შესაძლოა განაპირობოს ძილის „ფაზის გადავადება“, რადგან ის ძლიერდება პუბერტატიული მოწიფულობის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ მოზარდებს იმდენივე ძილი სჭირდებათ (9 საათი), რაც ბავშვობის შუა პერიოდში, ისინი გაცილებით უფრო გვიან წვებიან დასაძინებლად, ვიდრე ბავშვობაში. იმის გამო, რომ არასაკმარისი ძილი იწვევს ყურადღების კონცენტრაციის, ემოციისა და ქცევის დარღვევას, ძილნაკლული მოზარდები, სხვა ასპექტებთან ერთად, უფრო მეტად იტანჯებიან დეპრესიისგან.


მნიშვნელოვან ფიზიკურ ცვლილებებთან ერთად, მოზარდთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, აგრეთვე, ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს პუბერტაციის დროს. რამდენიმე გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ორივე, როგორც უფროსები, ისე თანატოლები, ადრე მოწიფულ ბიჭებს განიხილავენ რელაქსირებულებად და თვითდარწმუნებულებად. ისინი პოპულარულები არიან თანატოლებში, ლიდერობენ სკოლაში და სპორტში მიღწევები აქვთ. და პირიქით, გვიან ჩამოყალიბებული ბიჭები არ სარგებლობენ დიდი მოწონებით. თანატოლები და უფროსები მათ მიიჩნევენ მშფოთვარეებად და ყურადღების მაძიებლებად. მიუხედავად იმისა, რომ ადრე მოწიფული ბიჭები კარგად ადაპტირებულებად ითვლებიან, მათ უფრო მეტი ფსიქოლოგიური სტრესი აქვთ, ვიდრე უფრო გვიან ჩამოყალიბებულ თანატოლებს. ადრე მოწიფული გოგონები კი არაპოპულარულები არიან, გამოირჩევიან მორიდებულობით, აკლიათ თვითდარწმუნებულობა და მშფოთვარენი არიან. ეს გოგონები ჩართულები არიან დევიანტურ ქცევაში (თვრებიან, აქვთ ადრეული სქესობრივი კავშირები) და ნაკლები წარმატება აქვთ სკოლაში. მათი გვიან მოწიფული თანატოლები კი უფრო წარმატებულები არიან, გამოირჩევიან ფიზიკური მიმზიდველობით, არიან ენერგიულები და სოციალურები. შესაბამისად, გვიან მოწიფული გოგონები ნაკლებად განიცდიან ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას, ადრე მოწიფულ გოგონებთან შედარებით, რომლებიც განსაკუთრებით არიან მიდრეკილები შემდგომი ხანგრძლივი ფსიქოლოგიური (და არა მხოლოდ ფსიქოლოგიური) სირთულეებისკენ.


ამასთანავე, რაც უფრო უახლოვდება გოგონა მოზარდობის პერიოდს, მით უფრო ნეგატიური ხდება მისი წარმოდგენა და დამოკიდებულება საკუთარი ფიზიკური გარეგნობის მიმართ. ადრე მოწიფული გოგონები უფრო უკმაყოფილონი არიან თავიანთი სხეულით, ვიდრე დროულად და გვიან მოწიფული თანატოლები. ბიჭებში საპირისპირო მდგომარეობაა: ადრეული პუბერტაცია დაკავშირებულია სხეულის პოზიტიურ იმიჯთან, მაშინ როდესაც გვიანდელი მოწიფულობა წინასწარმეტყველებს უკმაყოფილებას ფიზიკური „მე“-თი. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავება ადრე და გვიან მოწიფულ ბიჭებს შორის ქრება, რადგან გვიან ჩამოყალიბებულებიც აღწევენ პუბერტაციას, ადრე მოწიფული გოგონების სხეულის ნეგატიური იმიჯი უარესდება. მოზარდების კმაყოფილება-უკმაყოფილება თავიანთი გარეგნობით ძლიერ ზეგავლენას ახდენს მათ თვითშეფასებასა და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე.გამოსახულება

ნაადრევი და გვიანი პუბერტაციით იხსნება მეგობრებთან შეთავსების განსხვავებულობაც, რაზეც მოზარდთა უმეტესობას მძაფრი რეაქცია აქვს და რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. აღნიშნული თვალსაზრისით, ადრე მოწიფულ გოგონებს და გვიან მოწიფულ ბიჭებს სირთულეები აქვთ, რადგან ისინი ფიზიკური განვითარების უკიდურესობის მსხვერპლნი არიან. ამრიგად, არ არის გასაკვირი, რომ მოზარდები თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ იმ მეგობრებთან, ვისი ფიზიკური მოწიფულობის ხარისხი მათსას მიესადაგება. იმის გამო, რომ ძალიან ცოტა მეგობარს პოულობენ, რომელიც მათ ფიზიკურ სტატუსს მიესადაგება, ორივე სქესის ადრე მოწიფული მოზარდები ეძებენ უფროს კომპანიონებს და ამას ზოგჯერ არასასურველი შედეგი აქვს. უფროსი მეგობრები წაახალისებენ მათ, ჩაერთონ ისეთ აქტივობაში, რომლისთვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ მზაობა გამომუშავებული და ემოციურად ვერ გაუმკლავდებიან ამას. ამიტომაც არის, რომ ორივე სქესის ადრე მოწიფულ მოზარდებს დეპრესიის განცდა უღრმავდებათ და მათი აკადემიური მოსწრება უარესდება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.


საბოლოოდ, პუბერტაციის პერიოდი, თავისი ცვლილებებითა თუ დაწყების დროით, გავლენას ახდენს მოზარდთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. პუბერტაციის შედეგად გამოწვეული სწრაფი და რთული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ცვლილებები კი თავს იჩენს დეპრესიაში, სუიციდში, ნარკოტიკების მიღებასა და სკოლაში წარუმატებლობაში. შედეგად, პუბერტაციის პერიოდში მოზარდები უპირისპირდებიან ფსიქოლოგიურ გამოწვევათა მთელ სპექტრს, რომლებიც მოზარდობას აქცევს ღრმა დაბლობებისა და მაღალი მწვერვალების ემოციურ გამოცდილებად. და მაინც, უნდა ითქვას, რომ მოზარდობა არ არის მხოლოდ რისკის ხანა. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობების პერიოდი. ოჯახმა, სკოლამ, საზოგადოებამ და ქვეყანამ უნდა შექმნან პირობები, რომლებიც საშუალებას მისცემს მოზარდებს გაიუმჯობესონ ფსიქოლოგიური მდგომარეობა და გაივარჯიშონ უნარი ჯანსაღი გამოცდილებისთვის.

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ კოტრიკაძე
მარიამ კოტრიკაძე
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0