x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მესამე ძალის მოლოდინში
image


არჩევნები ახლოვდება, ახლა ყველაზე აქტუალურია მესამე ძალის მოვლინების საკითხი. ქართული ოცნებაც კი საუბრობს მესამე ძალის საჭიროებაზე, მაგრამ მხოლოდ ცარიელი სიტყვები მოგეხსენებათ არაფერს ნიშნავს. ერთი რამ ცალსახაა, ორ პოლუსიანობა ოცნებისთვის ძალიანაც ხელსაყრელია, მიუხედავად ხალხის იმედგაცრუებისა, მათ ყოველთვის შეუძლიათ მიუთითონ ნაცმოძრაობის დანაშაულებებზე. მსგავსი ოპოზიციის ყოლა ხელისუფლებისთვის ძალზედ კომფორტულია.

პოლიტიკური პარტიების რიცხვს ნამდვილად არ ვუჩივით, თუმცა ვერცერთი ეს პარტია ახერხებს "მესამე ძალად" ქცევას. იქმნება ახალი პარტიები, ძველი სახეებით. თუმცა მხოლოდ ძველ სახეებშიც არ არის პრობლემა. პირადი და ბიზნეს ინტერესების გამო გამომცხვარი პარტიების ცნობა ხალხს აღარ უჭირს, ამისთვის საკმაო პოლიტიკური გამოცდილება დააგროვა საზოგადოებამ.

მაგრამ მხოლოდ ეს პოლიტიკური გამოცდილება თავისთავად არაფრის მაქნისია, რეალური სახალხო პოლიტიკაა საჭირო, სოციალური პოლიტიკა, ინდუსტრიული პოლიტიკა, რათა ექსპორტზე მუშახელი კი არა პროდუქცია გაგვქონდეს, ხალხს ადგილზე, ნორმალური პირობებით დასაქმება შეეძლოს. ჩვენი პოლიტიკური აქტორები კი კვლავ იმ პირობას აძლევენ ხალხს, რომ საზღვარგარეთ დასაქმების გზებს გამოძებნიან. ყველა მთავრობას მორგებული ეკონომიკის მინისტრი ისევ ტურიზმითაა შეპყრობილი. კოვიდ-19-მა კარგად აჩვენა, რა ემართება ტურიზმზე დამოკიდებულ ეკონომიკას. მხოლოდ ტურიზმით გამდიდრებული ქვეყანა ბუნებაში უბრალოდ არ არსებობს.


ქართული ოცნება, ნულოვანი ტორელანტობისა და საპოლიციო, ძალადობრივი მანქანის- ნაცმოძრაობის მოსაშორებლად აირჩიეს. მაგრამ ამის გარდა არსებობდა ეკონომიკური მოთხოვნები, დასაქმება, სიღარიბის აღმოფხვრა, ქართული ოცნება კი კვლავ აგრძელებს ნაცმოძრაობის ეკონომიკურ პოლიტიკას– რომელიც სახელმწიფო ქონების გასხვისებაში, ხალხის უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლებასა და ნულოვან ინდუსტრიულ პოლიტიკაში გამოიხატება.

საქართველოს მთავრობა ამაყობს თავისი მოწინავე პოზიციებით ბიზნესის კეთების რეიტინგში სადაც 2020 წლის მონაცემებით მე-7 პოზიციაზე ვართ. რეალურად ეს მე-7 ადგილი, ნიშნავს რეგულაციების არ არსებობას, რაც ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა ძირითადად სპეკულაციურ კაპიტალს იზიდავს. გრძელვადიანი მიზნების მქონე ინვესტიციების ნაკლებობა, რომ დაინახო, ამას რეიტინგები არც სჭირდება, ამას ჩვეულებრივი ადამიანები ყოველდღე საკუთარ ტყავზე ვგრძნობთ, მთავრობა კი ამას სამწუხაროდ იუნისეფისგან იგებს.

პოლიტიკურ ამინდს საქართველოში ძირითადად ტელევიზიები ქმნიან. ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ეს სატელიტები, ჩვენ ეთერში არ მიგვიშვებენ და ამაზე ლაპარაკის საშუალებას არ მოგვცემენ, ეს ტელევიზიები 24 საათის განმავლობაში ერთმანეთის ლანძღვით არიან დაკავებული, სახალხო პრობლემებზე დისკუსიაც კი არ მიმდინარეობს. უყურებ მათ და გგონია, რომ სხვა განზომილებიდან გესაუბრებიან, თითქოს უცნაურ სიზმარში იყო, მაგრამ ეს სიზმარი არ არის, პოლიტიკაა, ის აბსურდული პოლიტიკა, რომელშიც ანტისაოკუპაციო აქციაზე ამერიკის დროშებს აფრიალებენ, ჩვენ კი ხელ-ფეხ შეკრულები ვართ. თამაშის წესებს ისინი ადგენენ, როგორმე უნდა მოვახერხოთ თამაშში ჩვენი წესების შემოტანა, სანამ ამას ვერ შევძლებთ ისევ საკუთარ თავზე მოგვიწევს ამ გამრუდებული სინდისისა და აბსურდის პოლიტიკაში ცხოვრება.



0
41
შეფასება არ არის
ავტორი:ამხანაგი გ
ამხანაგი გ
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0