x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102556
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
ქართული ანბანის სომხურიდან წარმომავლობის თეორია
image

მსოფლიოში არსებული თოთხმეტი დამწერლობიდან ერთ-ერთი უძველესია ქართული ანბანი, რომლის წარმოშობის შესახებაც ხუთი თეორია არსებობს, ამ სტატიაში განვიხილოთ სომხურიდან წარმომავლობის თეორია.

ქართული ანბანის სომხურიდან წარმომავლობის თეორია დაკავშირებულია V საუკუნის მოღვაწე მესროპ მაშთოცთან, მისი ცხოვრება და მოღვაწეობა აღწერა მისმა თანამედროვე ისტორიკოსმა კორიუნმა.

კორიუნის თხზულებაში აღწერილია, თუ რაოდენ ხანგრძლივი რუდუნების შედეგად შეიქმნა სომხური ანბანი, ამ სასიქადულო საქმის შესრულებაში მაშთოცს სხვებიც ეხმარებოდნენ, რაც შეეხება ქართულ და ალბანურ ანბანს მაშთოცმა ორივე დამწერლობა უცბად და სახელდახელოდ შექმნა. კორიუნის თხსულებიდან ირკვევა, რომ ქართულის არმცოდნე მაშთოცს ქართული ანბანი ღვთის წყალობით იქვე სომხეთში შეუქმნია და ამის შემდეგ გამომგზავრებულა საქართველოში, სადაც მას სახელმწიფო მესვეურები დახვედრიან.


ცნობა მაშთოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის შესახებ გვხვდება აგრეთვე "ეპისტოლეთა წიგნში" აბრაამმ სომეხთა კათალიკოსის კირიონ ქართველთა კათალიკოსისადმი მიმართულ მესამე წერილში, სადაც ვკითხულობთ: "მაგრამ ახლა ნუ დავიზარებთ, რომ განვაახლოთ სულიერი სიყვარული, რომელიც ორივე ხალხს შორის იყო, ის მოძღვრება, რომელიც ერთი წყაროდან მიგვიღია, ..... საერთო ღვთისმსახურება დაგვითესეს ჯერ ნეტარმა წმ. გრიგოლმა და შემდეგ მაშტოცმა და წიგნი ცოდნა სარწმუნოების განსამტკიცებლად."

აბრაამ სომეხთა კათალიკოსის ეს ეპისტოლე 607 წელს არის დაწერილი, მაგრამ როგორც ეს ზაზა ალექსიძემ გამოარკვია "ეპისტოლეთა წიგნის" თავდაპირველ რედაქციაში ანუ თავდაპირველ ტექსტში ცნობა მაშტოცის მიერ სომხური დამწერლობის შექმნის შესახებ არ ყოფილა და იგი მოგვიანებით ჩაურთავთ ეპისტოლეში.

სომხურიდან ქართული ანბანის შექმნის თეორიის მომხრეა მარი ბროსეც რომლის აზრითაც ფარნავაზმა შექმნა მხედრული ანბანი, ხოლო როდესაც ქრისტიანობა შემოვიდა ქართლში სამღვდელოებამ უარყო ეს ანბანი, ხოლო ქართული ანბანი ბაქარ მეორის დროს შექმნა მაშტოცმა ქართველებისთვისო, "თარჯიმან ჯაყის (ჯაყელის) დახმარებით მან (მაშტოცმა) გამოიგონა აქ ხუცური სასულიერო ანბანი-ძლიერ მიმსგავსებული ახლად გამოგონილ სომხურ ანბანზე-თუმცა ნამდვილად განსხვავდებოდა მხედრულ ფარნავაზის ანბანისაგან, მხოლოდ მარტო სწორს და ოთხ-კუთხივ მოხაზულობით." ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად მარი ბროსე აშკარად არ არის გარკვეული ქართული ანბანის წარმოშობაში და ძალზედ არაკომპეტენტურ შთაბეჭდილებას ტოვებს, დავიწყოთ იქედან რომ მხედრული ანბანი, რომელსაც დღესდღეობით ვიყენებთ ფარნავაზს არ შეუქმნია, ის ქართული ანბანის განვითარების მესამე ეტაპია და გაცილებით გვიან შეიქმნა, (შუა საუკუნეებში) რაც შეეხება ნუსხურს, ისიც ასომთავრულის გაუმჯობესებული ვარიანტია, რომელიც ეკლესია მონასტრებში ჩამოყალიბდა სწრაფი წერის გამო, სწორედ აქედან მიიღო დასახელება ნუსხა-ხუცური, გარდა ამისა როგორც ავღნიშნე ხუცური არ არის სხვა დამოუკიდებელი ანბანი, მისი ძირი როგორც მხედრულისა, ასომთავრული ანბანია.

ამ თეორიის მიმდევიარია ქართველი მეცნიერი კორნელი კეკელიძე, იგი წერს: "ქართველებს არამც თუ გაქრისტიანებამდე, გაქრისტიანების შემდეგაც ერთი საუკუნის განმავლობაში მწერლობა არ ჰქონდათო, მეოთხე საუკუნეში მწერლობა არ ჰქონდათ არა თუ ქართველებს არამედ სომხებსაც, ეს ნათლად ჩანს იაონე ოქროპირის ქადაგებიდან, კონსტანტინეპოლში 398-399 წლებში, იოანე ასახელებს რამოდენიმე ერს სადაც დამწერლობა იყო და არ ასახელებს ქართველებს, "ასურთა და ეგვიპტელთა, ჰინდოთა და სპარსთა, ეთიოპიელთა და სხვა მრავალთა უგუნურთა იწყეს სიბრძნისმეტყველება და სთარგმნეს რა საკუთარითა ენითა გამოცემული მის მიერ მოძღვრებაო."

აქ მეტად მნიშვნელოვანია სიტყვა რომელსაც იოანე ამბონს "სხუათა მრავალთაო" სრულიად შესაძლებელია აქ ქართლის სამეფოც იგულისხმებოდეს, კორნელი კეკელიძე კი უფრო მეტი სიცხადით ამყარებს თავის "არგუმენტს" და ამბობს"აესა ქართველებს ქრისტიანობამდე მწერლობა არ ჰქონიათ და მაშასადამე ქართული ანბანიც არ ყოფილა, ამრიგად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ასომთავრული ხუცურად უნდა ჩაითვალოს, ჩვენი უძველესი ანბანი შემოღებულია მხოლოდ ქრისტიანობის დამყარების შემდეგ."

კეკელიძე კართული ანბანის შექმნას მაშტოცს უკავშირებს, მაგრამ იმასსაც აღნიშნავს, რომ მაშტოცი უშუალოდ არ მონაწილეობდა და არ ქმნიდა ქართულ ანბანს, ის იყო იმ კომისიის მრჩეველი, რომელიც ანბანს ქმნიდა. მისი ვარაუდით ქართული ანაბნი შეიქმნა სომხური და ბრძნული ანბანის მეშვეობით.

თავისთავად არ ვიზიარებ კეკელიძის მოსაზრებას, ყველაფერს, რომ თავი დავანაბოთ პირველი ანბანი ასომთავრულია და არა ნუსხური, როგორც ამას კეკელიძე ამტკიცებს. ასომთავრული ორ საწერი ბადეშია მოთავსებული როცა ნუსხურს ოთხი ჭირდება.

სომეხ ისტორიკოსთა თქმით ქართული ანბანის გამოგონებას ადგილი ჰქონდა, თეოდოს მცირის გამეფების და სომხური ანბანის შექმნის პერიოდში.

ამრიგად "სომხურიდან წარმომავლობის თეორიის" მიხედვით, ქართული ანბანის გამოგონება უნდა დავდოთ მეხუთე საუკუნის პირველ ნახევარში არა უადრეს 412წ როდესაც სომხური ანბანი შეიქმნა და არა უგვიანეს 429 წ. ეოდესაც, არჩილ მეფე ჩანს იბერიის ტახტზე. მაშასადამე ამ დროიდან უნდა დავიწყოთ ჩვენ ქართული მწერლობის ისტორიაც.

ყველაზე საფუძველმოკლებული "ქართული ანბანის წარმოშობასთან" დაკავშირებით, სომხურიდან წარმომავლობის თეორია არის:

1) როგორ უნდა შეექმნა მესროპ მაშტოცს ქართული ანბანი როდესაც მან ელემენტარულად ქართულიც არ იცოდა.

2) ქართული წერილობითი ძეგლებიდან უძველესი პალესტინის მონასტრის წარწერაა, რომელიც V ს. 30-იანი წლებით თარიღდება, მესროპს რომ ქართული ანბანი Vს. 20-იან წლებში შეექმნა, მაშინ პალესტინის მონასტერზე ქართული წარწერა არ გვექნებოდა დროის სიმცირის გამო.

3) არც სომხური ასოთა რიგი მისდევს ქართულს.

4) არც სომხური ანბანი ჰგავს მოხაზულობით ქართულს.

5) არც მხედრული შექმნილა პირველი და არც ნუსხა-ხუცური, ეს ორივე ანბანი ასომთავრულიდან წარმოდგა, ანუ ასომთავრულიდან ნუსხური, ნუსხურიდან მხედრული.

ამდენი შეუსაბამობიდან გამომდინარე რაც ამ თეორიის მიმდევარ ისტორიკოსებს აქვთ მოყვანილიმ შეგვიძლიათ დავასკვნათ, რომ ქართული ანბანის სომხურიდან წარმომავლობის თეორია ერთი დიდი სიცრუეა და სხვა არაფერი.





ავტორი: გიორგი ნეფარიძე, ისტორიის დოქტორანტი

0
185
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ნეფარიძე 7
გიორგი ნეფარიძე 7
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0