x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მედლის მეორე მხარე: კონფლიქტის როლი ინტერპერსონალური ურთიერთობის გაუმჯობესებაში
ინტერპერსონალური ურთიერთობის დროს ორი ადამიანი ურთიერთდამოკიდებულია და ზეგავლენას ახდენს ერთმანეთზე, ეს იქნება ცოლქმრული, დედაშვილური, მეგობრული თუ თანამშრომული ურთიერთობა. ასეთი ურთიერთობა ხასიათდება ხანგრძლივი პერიოდით, სხვადასხვა სახის აქტივობითა და მოვლენით და ერთმანეთზე ზეგავლენის ძლიერი ხარისხით (ტეილორი, პეპლოუ და სირსი; 2005). სწორედ ამიტომ, ინტერპერსონალური ურთიერთობა ძალზე მრავალფეროვანი და კომპლექსური ფენომენია. მისი გაანალიზების დროს რთულია, ვისაუბროთ კონკრეტულად, თუმცა მკვლევრები ცდილობენ იმ ზოგადი კანონზომიერების დანახვასა და აღწერას, რომელიც ურთიერთობათა უმრავლეს შემთხვევაში გვხვდება.

ზოგადი ფენომენია კონფლიქტიც, რომელიც ნებისმიერი სახის ინტერპერსონალური ურთიერთობის დროს იჩენს თავს. ის აღმოცენდება მაშინ, როცა ერთმანეთთან დაკავშირებული ინდივიდები საკუთარ მიზნებს, სურვილებსა თუ ქმედებებს ერთმანეთთან შეუთავსებლად აღიქვამენ, ხელს უშლიან ერთმანეთს. რაც უფრო დამოკიდებულია ორი ადამიანი ერთმანეთზე, მით უფრო სავარაუდოა მათ შორის კონფლიქტის წარმოშობა მრავალ საკითხთან დაკავშირებით, ასევე მით უფრო ძლიერია კონფლიქტის ზეგავლენა მათ ურთიერთობაზე (სუმბაძე და მახარაძე; 2010). კონფლიქტთან დაკავშირებული თემები თუ პრობლემები სამ ძირითად კატეგორიაში თავსდება: სპეციფიკური ქცევები, როცა კონკრეტული ქცევა მოდის კონფლიქტში მეორე ადამიანთან; ნორმები და როლები, როცა კონფლიქტი ეხება პარტნიორთა უფლებებს, პასუხისმგებლობებსა თუ დაპირებებს; პიროვნული განწყობები, როცა კონფლიქტი ფოკუსირებულია პარტნიორების მოტივებსა და პიროვნულ თვისებებზე (ტეილორი, პეპლოუ და სირსი; 2005). ამ ჩამონათვალზე დაყრდნობითაც და ზოგადადაც იკვეთება, რომ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ კონფლიქტში მყოფ ადამიანებს თავად კონფლიქტის მიმართ. ამაზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება კონფლიქტი, რა სახეს მიიღებს, გადაიზრდება თუ არა კონფრონტაციაში, ეცდება, თუ არა წყვილი მის მოგვარებას და, ამ უკანასკნელის შემთხვევაში, როგორ სტრატეგიას მიმართავს.

კონფლიქტზე საუბრისას ხშირად შევხვდებით მოსაზრებას, რომ მას აუცილებლად უნდა ჰყავდეს წაგებული და მოგებული, რადგან მიზნები შეუთავსებელია; განხილულია უარყოფით კონტექსტში; ბევრი გაურბის კიდეც მას, იმდენად ეშინია და ჰგონია, რომ ამას აუცილებლად ურთიერთობის დასრულება მოჰყვება; ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ კონფლიქტის წარმოშობა საკუთარი პიროვნების უარყოფით თვისებებს წარმოაჩენს. ასეთი ცრურწმენების არსებობა იწვევს კონფლიქტის უარყოფით შედეგებს, რაც ყველაზე ხშირად უარყოფითი ემოციების კიდევ უფრო გამძაფრებას უწყობს ხელს. ის, ხშირ შემთხვევაში, მოიაზრებს პარტნიორისთვის ზიანის მიყენებას და „ბრძოლის“ უსამართლო მეთოდებს (სუმბაძე და მახარაძე; 2010). კონფლიქტში მყოფი ადამიანი იცლება ენერგიისგან და ნაკლები რესურსი რჩება სხვა საქმეებისთვის, ამის გამო განაწყენებამ კი შეიძლება გამოიწვიოს ღიაობისა და გულწრფელობის დაკარგვა ურთიერთობაში. ასეთი ადამიანი სხვა ურთიერთობებში ეძებს ხსნას.

კონფლიქტის მიერ წარმოქმნილი უარყოფითი შედეგების ერთ-ერთი მაგალითია ფსიქოლოგიაში ახლად დამკვიდრებული ფენომენი ე.წ. gaslighting, რომელიც მოიაზრებს ადამიანით მანიპულირებას იმგვარად, რომ დააეჭვო საკუთარ მოსაზრებაში, ქცევაში, განწყობაში, საბოლოოდ კი ამით შეაცვლევინო ის ისე, როგორც თავად გაწყობს. როცა ურთიერთობაში მყოფი ორი პიროვნებიდან ერთ-ერთი უფრო ძლიერია, დომინანტია, მუდმივად ცდილობს საკუთარი პოზიციის დანერგვას და უცებ მეორე პიროვნება წინააღმდეგობას გაუწევს, მოვა მასთან კონფლიქტში, ის შეეცდება უფრო მკაცრი ზომებით მიაღწიოს საკუთარ მიზანს. ამ დროს იყენებს gaslighting-ის ტექნიკას. მაგ.: აკეთებს იმის საპირისპიროს, რასაც ამბობს და ამით პარტნიორს ატყუებს; ამბობს ისეთ ტყუილებს, რომლებიც აშკარად იცის პარტნიორმა, რომ ტყუილია, თუმცა ამბობს ძალიან სერიოზულად და თავდაჯერებულად; აბრალებს პარტნიორს ისეთ ქცევას, რომელიც მას არ ჩაუდენია, თუმცა ამას ისე ოსტატურად და ისეთი სიხშირით აკეთებს, რომ პარტნიორი ეჭვდება საკუთარ სისწორეში. თითქოს მარტივი შესამჩნევია ეს ფაქტები, თუმცა ასეც არაა. როცა ადამიანს ასე მკაცრად და თან ხშირად უტევენ, ის უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდება და ვეღარ განსჯის სიტუაციას რაციონალურად. სწორედ ამიტომ, ეს ტექნიკა მიჩნეულია ძალადობის ქვესახეობად და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში აქვს ადგილი. შეიძლება ითქვას, რომ მისი წარმოშობის დროს ურთიერთობა უკვე განწირულია და არც ღირს კონფლიქტსა და კონსტრუქციულ ურთიერთობაზე საუბარი.


რეალურად თუ შევხედავთ, კონფლიქტში ერთვებიან ადამიანები მაშინ, როცა ურთიერთობა მათთვის მნიშვნელოვანია, ძვირფასია, ცდილობენ მის შენარჩუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტურ სიტუაციას უბრალოდ განერიდებოდნენ (სუმბაძე და მახარაძე; 2010). ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი, მასზე დაყრდნობით შეიძლება გამოინახოს კონფლიქტის მოგვარების სწორი სტრატეგია და ჩამოყალიბდეს კონსტრუქციული ურთიერთობა. ურთიერთობის გასაუმჯობესებლად შერჩეული კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიის ეფექტურობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, ურთიერთობის მიმართ პარტნიორთა მიზნებზე (გრძელვადიანია თუ მოკლევადიანი), პარტნიორთა ემოციურ მდგომარეობაზე (გაბრაზებული ადამიანი სხვა სტრატეგიას აირჩევს, დამწუხრებული - სხვას), იმაზე, თუ როგორ აფასებს თითოეული მათგანი სიტუაციას, ასევე პარტნიორთა პიროვნულ მახასიათებლებსა თუ კომუნიკაციურ უნარებზე (თუ ადამიანი მორცხვია, თავს არიდებს დაპირისპირებას, თუ ექსტრავერტია და უყვარს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, აქტიურადაა კონფლიქტში ჩართული) (სუმბაძე და მახარაძე; 2010).

როდესაც ურთიერთობა მნიშვნელოვანია, პარტნიორები ირჩევენ სტრატეგიას, რომლის შედეგადაც ორივე „მოგებული“ დარჩება. ამის მიღწევა ბევრი გზით შეიძლება, ყველაზე ეფექტური კი მოლაპარაკებაა. ისინი განიხილავენ ორივე მხარის პოზიციას, აყალიბებენ ალტერნატივებს და ირჩევენ ისეთს, რომელიც ორივესთვის მისაღებია (შეიძლება ნაკლებად, თუმცა მაინც აქვთ კმაყოფილების გრძნობა იმიტომ, რომ მათი აზრი გათვალისწინებულია და მნიშვნელოვანია ურთიერთობაში). მაგ.: სასიყვარულო ურთიერთობაში გოგო ძალიან ყურადღებიანია და ხშირად კითხულობს, ურეკავს ბიჭს, ბიჭი კი - პირიქით, უყურადღებოა და ხშირი დარეკვითაც არ გამოირჩევა (არა იმიტომ, რომ ურთიერთობა მისთვის უმნიშვნელოა, არამედ იმიტომ, რომ ინტროვერტია და უყვარს სახლში მარტო, საკუთარ თავთან ყოფნა). წარმოიშვა კონფლიქტი - გოგოს უნდა მეტი ყურადღება ბიჭისგან, ბიჭი კი ეუბნება, რომ ამისი გაკეთება მისთვის რთულია. ისინი მოლაპარაკების გზით მივლენ კომპრომისამდე - ბიჭს ყოველთვის ემახსოვრება მათთვის მნიშვნელოვანი თარიღები და ის მიულოცავს ხოლმე პირველი. ამით გოგოც კმაყოფილია, მოიმატებს ბიჭის ყურადღების გამოხატვის სიხშირე, და ბიჭიც, გოგოს გაახარებს ისე, რომ არ დაირღვევა მისი კომფორტის ზონა. ეს სტრატეგია ასევე ხელს უწყობს, რომ წყვილმა კონფლიქტი დაინახოს, როგორც „პრობლემის გადაწყვეტა“ და არა „ჩხუბი“ (სუმბაძე და მახარაძე; 2010) ანუ შეხედონ მას დადებითად და დაივიწყონ ის უმნიშვნელო უარყოფითი რეაქცია თუ ქცევა, რომელიც პროცესის დროს წარმოიშვა. გამოდის, კონფლიქტი ადამიანს დააფიქრებს პრობლემაზე და აიძულებს მოძებნოს მისი გადაწყვეტის კონსტრუქციული, პროდუქტული გზები, ამით კი კონფლიქტის შემდეგ ურთიერთობა გამოსწორდება და უფრო გაჯანსაღდება.

კონფლიქტი ადამიანს ეხმარება, შეამოწმოს საკუთარი და პარტნიორის დამოკიდებულება ურთიერთობის მიმართ, გადააფასოს ღირებულებები, გრძნობებისა და ემოციების გამოხატვით დაინახოს და აღმოაჩინოს საკუთარი და პარტნიორის ახალი დადებითი თვისებები (ტეილორი, პეპლოუ და სირსი; 2005). ასეთი სიტუაციის დროს დიდ როლს თამაშობს ემპათია - პარტნიორის თვალთახედვის, მისი ემოციური მდგომარეობის გაგება და გაზიარება, თანაგანცდა. თუ ადამიანი საკუთარ თავს წარმოიდგენს პარტნიორის ადგილას, შეხედავს სიტუაციას მისი პოზიციიდან, განიცდის იმავე ემოციებს, შეიძლება მისი გამოთქმული პრეტენზიები და შენიშვნები სამართლიანადაც მოეჩვენოს. მაგ.: დედას უნდა, რომ ნინომ პატარა და გაასეირნოს, რადგან თავად ლექციას ატარებს, ნინოს კი ეს არ უნდა. ნინო თუ იქნება ემპათიური, შეიძლება დაინახოს, რომ დედა მართალია, თუმცა არ გაიზიაროს მისი პოზიცია და ზრდილობიანად გასცეს პასუხი: „მართალი ხარ, არ უნდა ვყოფილიყავი ასეთი კატეგორიული, თუმცა დაიკოს მაინც არ გავასეირნებ იმიტომ, რომ მგონია, ეს არაა ჩემი მოვალეობა“.

ემპათიის ხსენებით აღმოცენდება ახალი ტერმინი ასერტიულობა, რომელიც მოიაზრებს საკუთარი ემოციების, საჭიროებებისა და სურვილების ისე გამოხატვას, საკუთარი უფლებების ისე დაცვას, რომ გათვალისწინებული იყოს პარტნიორის საჭიროებები, სურვილები და არც მისი უფლებები დაირღვეს. ეს განიხილავს ისევ მოლაპარაკების სიტუაციას, როცა ადამიანი ღიაა კომპრომისისადმი, თუმცა არა საკუთარი სურვილების დათმობის ხარჯზე (სუმბაძე და მახარაძე; 2010). ამ დროს ადამიანის სიძლიერე და ემპათიის უნარი ერთად ვლინდება. ის ბოლომდე გახსნილი და გულწრფელია ურთიერთობის დროს, თუმცა ამავდროულად სიმშვიდესა და სიმტკიცესაც ავლენს. კონფლიქტის დროს ასერტიულობა იწვევს პარტნიორებს შორის თვითპატივისცემისა და აღიარებულობის გრძნობის გაღვივებას, იმის განცდას, რომ მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, რაც საბოლოოდ ურთიერთნდობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ასერტიული, კეთილგანწყობილი ადამიანი პარტნიორს თვითშეფასებას უმაღლებს, ეხმარება საკუთარი თავის ღირებულების გაზრდაში, შედეგად პარტნიორიც ყურადღებითა და პატივისცემით ეპყრობა, რაც, თავისთავად, აუმჯობესებს ურთიერთობას.

ორგანიზაციული ურთიერთობების დროს კონფლიქტის მთავარი დადებითი მხარეა შანსი, რომ რაღაცები ახლებურად დაინახო. კონფლიქტის დროს მიმდინარეობს აზრთა გაცვლა-გამოცვლა, პარტნიორები უკეთ იცნობენ ერთმანეთს, ისინი სწავლობენ ერთმანეთის პატივისცემასა და გაგებას, რაც მომავალში მათ თანამშრომულ, პარტნიორულ ურთიერთობას გააუმჯობესებს და ასევე ერთად შექმნიან ძლიერ ორგანიზაციას.

კონფლიქტით ურთიერთობის გაუმჯობესების საუკეთესო მაგალითად მიმაჩნია სერიალ „This is US“ - ის ორი პერსონაჟის, ძმების - რენდალისა და კევინის ურთიერთობა. პატარაობიდან ძალიან კარგად და მეგობრულად იყვნენ ერთმანეთის მიმართ განწყობილები, ერთ ოთახში ეძინათ, თუმცა მოზარდობის ასაკში ღირებულებებს შორის განსვლა დააფიქსირეს, კევინისთვის სხვა რამე იყო მნიშვნელოვანი ოჯახური ურთიერთობისას, რენდალისთვის - სხვა. სერიოზული კონფლიქტი წარმოიშვა მათ შორის, როგორც მოზარდებს სჩვევიათ, წაიჩხუბეს კიდეც, თუმცა საბოლოოდ მოლაპარაკების გზით მივიდნენ დასკვნამდე, რომ ერთ შაბათ-კვირას წავიდოდნენ აუზზე, მეორე შაბათ-კვირას - გოლფის სათამაშოდ. ამან საგრძნობლად გააუმჯობესა და გაზარდა მათი ურთიერთობა.

არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ არსებობს ურთიერთობა კონფლიქტის გარეშე და არც კონფლიქტის უარმყოფ ცრურწმენებს უნდა დავუჯეროთ. რა თქმა უნდა, კონფლიქტი მოიცავს უარყოფით ემოციებსა და რეაქციებს, თუმცა უნდა გადავწონოთ ისინი იმ დადებითით, რომელიც უფრო ღირებული, ძვირფასია და ვისწავლოთ მის ხარჯზე ურთიერთობის გაჯანსაღება. არც იმის ილუზია უნდა შევიქმნათ, რომ ერთი კონფლიქტით ამოიწურება ყველაფერი. ასე ნამდვილად არაა. ინტერპერსონალური ურთიერთობა ხანგრძლივია, ადამიანები იცვლებიან, ეცვლებათ ღირებულებები, ემოციის გამოხატვის ფორმები, იცვლება და ემატება როლები, განსხვავებულია სოციალური თემები და საჭიროებები, რომლებიც მუდმივად წარმოშობს ახალ კონფლიქტს. ამისი ნათლად ნახვაც შეგვიძლია “This is US“ - ში - მუდმივად კამათობენ კევინი და რენდალი, თუმცა მათზე მყარი და ახლო ურთიერთობა სერიალში არავის აქვს. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, „დავამყაროთ არა კონფლიქტისგან თავისუფალი ურთიერთობები, არამედ ვისწავლოთ კონფლიქტის ეფექტურად მოგვარების გზები“ (სუმბაძე და მახარაძე, 2010, გვ. 70).

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:ვიკა ალაფიშვილი
ვიკა ალაფიშვილი
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0