x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102425
  • ვიდეო:347174
  • სურათი:466314
შეუძლია თუ არა საშინელებათა ჟანრს, დაგვეხმაროს პანდემიის დროს?
ალბათ, არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ჩემზე არანაკლებ უყვარს საშინელებათა ჟანრის ფილმები. საშინელებათა ჟანრის ფანი ვარ ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან - ჩემი ბავშვობის ასაკიდან მოყოლებული, როცა უდიდესი ინტერესით ვუყურებდი ვამპირების, ზომბების და მაქციების შესახებ ფილმებს, ვკითხულობდი საშინელებათა ჟანრის წიგნებს და მერე საბნის ქვეშ შიშისგან გაოფლილი ვკანკალებდი. რა მათქმევინებდა, რომ ფილმის ან წიგნის მეშინოდა! მაგრამ შეუძლია თუ არა საშინელებათა ჟანრის ლიტერატურას და კინოს, შეგვამზადოს რეალური კატასტროფებისთვის? ცხოვრებაც ხომ უამრავი ცუდი ამბით და არასასიამოვნო სიურპრიზით არის სავსე.


როგორც მეცნიერებმა ახლახანს დაადგინეს, თურმე საშინელებათა ჟანრის ფილმების ყურება მხოლოდ სასიამოვნო კი არ არის, არამედ ძალიან სასარგებლოც გახლავთ, რადგან ამ პროცესს შეუძლია ფსიქოლოგიურად და თქვენ წარმოიდგინეთ, ფიზიკურადაც კი შეგვამზადოს იმისათვის, რასაც რეალობაში შეიძლება წავაწყდეთ. “თუ ეს წარმატებული ფილმია, მას შეუძლია, ჩაგითრიოთ და სიტუაციისთვის მოქმედი პერსონაჟების თვალით შეგახედოთ, რის მეშვეობითაც თქვენ საკუთარ თავს ფილმის მოქმედ პირებთან აიგივებთ და ახდენთ თქვენი შესაძლო ქმედებების რეპეტირებას”, - ამბობს უახლესი კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, კოლტენ სკრივნერი, რომლის სპეციალიზაცია ადამიანის ტკივილიანი (მორბიდული) ცნობისმოყვარეობაა.


კვლევის ავტორების განცხადებით, აპოკალიფსის ჟანრის ფილმებმა ფსიქოლოგიურად შეამზადეს ადამიანები კოვიდ-19-ის პანდემიისთვის და პარალელურად მისცეს მათ ცოდნა იმ აუცილებელი ნივთების შესახებ, რაც მათ უნდა შეეძინათ, რათა ფიზიკურად გადარჩენილიყვნენ (საპირფარეშოს ქაღალდი ამ ნივთებში არ იგულისხმება).


მეცნიერებმა 300 მოხალისეზე მეტი გამოკითხეს. მკვლევარები დაინტერესდნენ, თუ რა ჟანრის ფილმებს ანიჭებდნენ უპირატესობას ეს ადამიანები და გაარკვიეს, რომ საშინელებათა ჟანრის მოყვარულებმა ბევრად უფრო იოლად გადაიტანეს პანდემია და უკეთესადაც იყვნენ მომზადებულები კოვიდ-19-თან საბრძოლველად.



ამასთან ერთად, მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ბევრი აპოკალიფტური ჟანრის ნაწარმოების ავტორის მიზანი ადამიანების დაშინებაა და არა მათში ცნობისწადილის აღძვრა, რასაც შეუძლია გრძელვადიან პერსპექტივაში გააუარესოს აღნიშნული ფილმების მაყურებლების ფსიქოლოგიური მდგომარეობა.


მაგრამ ზემოთქმულის მიუხედავად ავტორები დაჟინებით აცხადებენ, რომ “მხატვრულ ნაწარმოებს შეუძლია იქცეს სასარგებლო რეპეტიციად როგორც კონკრეტულად პანდემიისთვის, ასევე მთლიანობაში სხვადასხვა კოშმარული სცენარისთვის”.


უმჯობესია, დავუჯეროთ მეცნიერებს, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, დიდი ხალისი ვინმეს ჰქონდეს, რომ პრაქტიკაში გამოსცადოს მათი კვლევის შედეგები.


აპოკალიფსი

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0