x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102549
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
2020 წლის ქართული ენის გამოცდის შესწორებული რედაქტირებების ნიმუშები

შენიშვნა: ტექსტის რედაქტირებებში დაშვებული მრავალფეროვანი შეცდომების გამო მოცემული გასწორებული ნიმუშები შესაძლოა არ იყოს 100% -ით იდენტური შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ნიმუშების!

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგები აგვისტოს ბოლო მეოთხედში გახდება ცნობილი!

image-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

I ვარიანტი - 14 შეცდომა
უძველესი საყურე, რომელიც შუამდინარეთში აღმოაჩინეს, დაახლოებით 4500 წლისაა. ვარაუდობენ, რომ საყურე ჯარისკაცს ეკუთვნოდა და მას ჯარების სახეობის განმასხვავებელი ნიშნის ფუნქცია უნდა ჰქონოდა. ძველ ეგვიპტეში საყურე მფლობელის მაღალ სოციალურ სტატუსზე მიანიშნებდა, ხოლო ძველი რომაელები მას მონებისათვის ნიშნის დასადებად იყენებდნენ. სამკაულის ფუნქცია საყურემ ანტიკურ სამყაროშივე შეიძინა. ამ დროიდან, სიმბოლურ დატვირთვასთან ერთად, დიდი ყურადღება ეთმობოდა მის ესთეტიკურ მხარესაც.
ყურის გახვრეტის ტრადიციას, რომელიც აფრიკის ტომებში გავრცელდა, ევროპელი კოლონიზატორები ველურობის გამოხატულებად აღიქვამდნენ. აღსანიშნავია, რომ ევროპელ მეზღვაურებსაც ეკეთათ ყურზე ოქროს რგოლი, რომელსაც მათთვის განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა. მეზღვაურებს სჯეროდათ, რომ, თუკი ზღვაში დაიღუპებოდნენ და გვამს ტალღა ნაპირზე გამორიყავდა, ოქროს საყურის საფასურად გარდაცვლილს ქრისტიანული წესით დაკრძალავდნენ.
XIX საუკუნეში საყურე მხოლოდ სამკაულის დანიშნულებით გამოიყენებოდა და ძირითადად ქალბატონებისთვის იყო განკუთვნილი. XX საუკუნის მეორე ნახევარში საყურემ ახალი ფუნქცია შეიძინა, კერძოდ, ის მეამბოხე ახალგაზრდებისათვის პროტესტის გამოხატულებად და თვითდამკვიდრების ერთგვარ საშუალებად იქცა.

image

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

II ვარიანტი - 14 შეცდომა
სხეულის ამა თუ იმ ნაწილის გახვრეტისა და მასში რგოლის ან სხვა ფორმის ნივთის ჩამაგრების ტრადიცია ძალიან ძველია. ზოგი ამას თავისი სოციალური სტატუსის ხაზგასასმელად აკეთებდა, ზოგს კი სწამდა, რომ ეს ნივთი მას ბოროტი ძალებისაგან იცავდა. ეგვიპტელ დიდგვაროვნებს ყურებში სპეციალური საცობები ეკეთათ, ჭიპის გახვრეტის პატივი კი მხოლოდ ფარაონებს ჰქონდათ. მაიას ტომებსა და აცტეკებში გავრცელებული იყო ენის გახვრეტის რიტუალი. მათი რწმენით, სისხლს, რომელიც ამ დროს ადამიანს ენიდან სდიოდა, ღმერთებთან მისი დაახლოება შეეძლო.
XX საუკუნის ბოლომდე სხეულის სხვადასხვა ნაწილის გახვრეტა დასავლური კულტურისათვის თითქმის უცნობი იყო. მისი პოპულარიზაცია უკავშირდება პანკების მოძრაობას, რომლის მიზანიც საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და პროტესტის გამოხატვა იყო. ახალგაზრდობამ ყურების, წარბების, ტუჩებისა და ცხვირის გახვრეტა დაიწყო.
დღეს ასეთი აქსესუარი თვითგამოხატვის ერთგვარ საშუალებად იქცა და, ამასთანავე, მან სამკაულის ფუნქციაც შეიძინა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამგვარად სხეულის შემკობა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სულაც არ არის, რადგან ამ პროცედურას შესაძლოა გართულებები მოჰყვეს.

image

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

III ვარიანტი - 14 შეცდომა
არქეოლოგებმა ტუტანჰამონის სამარხში აღმოაჩინეს ტილოს ხელთათმანი, რომელსაც ფოთლების ორნამენტები ამშვენებდა და ზონრებით მაჯასთან იკვრებოდა. ეგვიპტურ კულტურაში ის ადამიანის სოციალურ სტატუსზე მიანიშნებდა. ხელთათმანი განსაკუთრებით პოპულარული გახდა შუა საუკუნეებში. მამაკაცებისათვის ეს აქსესუარი წარმატების სიმბოლოდ იქცა. სასულიერო პირებს ეპისკოპოსად კურთხევისას თეთრ ხელთათმანს გადასცემდნენ. აუცილებელი ატრიბუტი იყო ის რაინდებისათვის ფიცის დადების ცერემონიალის დროს. მოსამართლეები პროცესებს უხელთათმნოდ არ წარმართავდნენ. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები მას მხოლოდ განსაკუთრებული პრივილეგიის მინიჭების შემთხვევაში იცვამდნენ.
მოგვიანებით ხელთათმანი მანდილოსნების გარდერობშიც გამოჩნდა. ნაპოლეონი, რომლის პირად კოლექციაში 240 წყვილი ინახებოდა, ხელთათმანების ჩაცმას სამეფო კარის ქალბატონებსაც აიძულებდა. იმ დროს ძალიან პოპულარული იყო აბრეშუმისა და ტილოს ხელთათმანები, თუმცა საუკეთესოდ მაინც ტყავისგან დამზადებული მიიჩნეოდა.
XX საუკუნეში ხელთათმანი სავალდებულო აქსესუარი გახდა. 1961 წელს ნიუ-იორკში გამოცემული ეთიკის სახელმძღვანელოს მიხედვით, არცერთი ქალი საზოგადოებაში უხელთათმნოდ არ უნდა გამოჩენილიყო. მათთვის ასევე დაუშვებელი იყო ამ აქსესუარის გარეშე ცეკვა და ხელის ჩამორთმევა.

image

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

IV ვარიანტი - 14 შეცდომა
უძველეს კულტურებში თავსაბურავს მხოლოდ პრაქტიკული დანიშნულება არ ჰქონია და იგი პატრონის საზოგადოებრივ სტატუსზე მიუთითებდა. ანტიკურ ხანაში ქუდი საზოგადოებრივ იერარქიაში ადამიანის ადგილს შეესაბამებოდა.
შუა საუკუნეების ევროპაში ქალებს, რომლებიც სახლის ზღურბლს თავშიშველი გადააბიჯებდნენ, სასტიკად სჯიდნენ. ინდივიდუალურობის შესანარჩუნებლად ქალებმა ფანტაზია გამოიყენეს და დროთა განმავლობაში ერთფეროვანი ქუდების ნაცვლად ამ თავსაბურავის მრავალი ვარიაცია გაჩნდა. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ფრინველის ფიტულებით, ფოთლებითა თუ ტოტებით მორთული ქუდები შემოვიდა მოდაში, რის შედეგადაც ფრინველის ზოგი სახეობა გადაშენების ზღვარზედაც კი აღმოჩნდა. XX საუკუნის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა კანონმდებლობით ბუმბულით ვაჭრობა აკრძალეს.
მეორე მსოფლიო ომმა საზოგადოებაში ქალის როლი საგრძნობლად შეცვალა, რამაც ჩაცმის სტილზედაც იქონია გავლენა. 50-იანი წლებიდან ქუდი, როგორც სავალდებულო თავსაბურავი, თანდათან სხვადასხვა ფორმის თავსაფარმა ჩაანაცვლა. XX საუკუნის დასასრულს ტანსაცმლის დიზაინერებმა კვლავ შეძლეს ქალების დარწმუნება, რომ ის აუცილებელი აქსესუარი, რომელსაც საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა შეეძლო, სწორედ ქუდი იყო.

image

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

V ვარიანტი -14 შეცდომა
ძველ ეგვიპტესა და ანტიკურ საბერძნეთში მიაჩნდათ, რომ მამაკაცის გარუჯული კანი მის სიძლიერეზე მეტყველებდა, ხოლო ქალების კანი, პირიქით, ღია ფერისა უნდა ყოფილიყო. XX საუკუნემდე მაღალი წრის ყველა ქალბატონი მზისაგან თავის დასაცავად ფართოფარფლებიან ქუდებსა და ქოლგებს იყენებდა. ფერმკრთალი სახე ფუფუნებასა და დახვეწილ გემოვნებაზე მიანიშნებდა, ხოლო გარუჯული კანი ადამიანის დაბალ სოციალურ წარმომავლობას უსვამდა ხაზს.
გარუჯვა მოდური მოგვიანებით გახდა. ეს კოკო შანელის სახელს უკავშირდება. ზღვაზე დასვენების დროს მას მზისაგან კანი ძალიან დასწვია. შანელის მიბაძვით მისმა თაყვანისმცემლებმაც მოინდომეს გარუჯვა. რაკი ეს მომხიბვლელობის მახასიათებლად იქნა მიჩნეული, დაიწყეს გარუჯვის ეფექტის ხელოვნურად მიღების გზების ძიება. სპეციალური საშუალებები, რომელთა სისტემატური მოხმარებისაგან კანი ნარინჯისფერი ხდებოდა, კოსმეტიკური პროდუქციის მწარმოებელი კომპანიებისათვის შემოსავლის წყაროდ იქცა.
XX საუკუნის მიწურულს მოდის მიმდევრები სოლარიუმებში ირუჯებოდნენ ულტრაიისფერი ნათურების მეშვეობით. დღეისათვის გარუჯვის ეფექტის მისაღებად სპეციალურ ნივთიერებას იყენებენ, რადგან უკვე დიდი ინფორმაცია დაგროვდა მზის სხივების ჭარბი ზემოქმედებისა და გამოსხივების მავნებლობის შესახებ.

image

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

VI ვარიანტი -14 შეცდომა
კანქვეშ საღებავის შეყვანის გზით სხეულის მოხატვა ადამიანმა უძველესი დროიდან დაიწყო. პირველყოფილ ხალხებში ეს რელიგიური წარმოდგენების ანარეკლი იყო. სხეულის მოხატვის ხელოვნებამ განსაკუთრებით მაღალ ესთეტიკურ დონეს აზიის ქვეყნებში მიაღწია.
ამგვარი მოხატულობის მიმართ დამოკიდებულება დროთა განმავლობაში იცვლებოდა. მას გვიანდელ რომსა და შუა საუკუნეების ევროპაში იყენებდნენ, რათა სამხედრო ტყვეებისა და დამნაშავეებისათვის საგანგებო ნიშანი დაადეს. XX საუკუნეშიც კი საზოგადოების დიდი ნაწილი არ სწყალობდა ადამიანებს, რომელთაც ტანი ამგვარად ჰქონდათ მოხატული, რადგან ის ცხოვრების გარკვეულ სტილზე მიანიშნებდა. 1990 წლიდან ის ფართოდ გავრცელდა და თანდათან ძალიან მოდური გახდა.
დღეს ეს მოხატულობა სრულებითაც აღარ წარმოადგენს სამარცხვინო „დაღს“, პირიქით, მან ესთეტიკური ფუნქციაც კი შეიძინა, რის გამოც საკუთარი სხეულის ამგვარად დამშვენებას არაერთი ადამიანი ცდილობს. ის გავრცელებულია ტრადიციების მიმდევართა შორისაც. სხეულის ამგვარი მოხატულობა ხშირად სხვებისათვის დაფარულიც კია, მაგრამ ის მაინც თვითგამოხატვის თამამ საშუალებად და ექსტრავაგანტურ აქსესუარად არის მიჩნეული.

image

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დარედაქტირებულია ნუგზარ გოგბერაშვილის მიერ

11.07.2020

0
2140
2-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
2140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0