x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
გ. გახარია: «იმოგზაურეთ საქართველოსთვის...». მარტვილის კანიონი

მზე, ზღვა, მთა, შეუდარებელი ბუნება და საუკეთესო მომსახურება. რაღა არის საჭირო სრულფასოვანი დასვენებისთვის. საქართველო ამ ტურისტული სეზონისთვის მთელი წლის მანძილზე ემზადებოდა. სეზონი მოვიდა, მაგრამ ტურისტი, ჯერ-ჯერობით, არსად ჩანს...

ჩვენს ქვეყანაში უამრავი ტურისტული ზონაა, სადაც დასვენებაც შეიძლება და დროის კარგად გატარებაც... და მათ შორის, ერთ-ერთი, — მარტვილის კანიონია.


image


მარტვილის კანიონი არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა საქართველოს ტურისტულ რუკაზე. მართალია, ტურისტებისთვის ის ცოტა ხნის წინ გაიხსნა, მაგრამ მდ. აბაშამ უკვე რა ხანია «გაიყვანა» გზა კირქვიან ქანებს შორის.
ადგილი თავისთავად ძალიან ლამაზია — 20-40 მ. სიმაღლეზე ვერტიკალურად აღმართული თეთრი კლდეები, კამკამა წყალი, რომელშიც თევზები დაცურავენ, ჩანჩქერები, სიმწვანე და თვალწარმტაცი მდინარის კალაპოტი.

რამდენიმე წლის წინ, პალეონტოლოგებმა კანიონში დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინეს, რომელიც მეზოზოური ერის, ზემო ცარცული პერიოდის ქანებში არის განამარხებული. მისი ასაკი, დაახლოებით, 75 მლნ. წელია. ნაკვალევის 90% ბალახისმჭამელ დინოზავრებს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი 10% — მტაცებლებს.


imageimage
მარტვილის, ანუ გაჭედილის კანიონი, არც ისე დიდი ზომის «სველი» კანიონია, რომელიც სოფ. გაჭედილის მახლობლად მდებარეობს და ქ. მარტვილის ცენტრიდან 8 კმ-ით არის დაშორებული.


imageimage
კანიონი, რელიეფის თავისებურების მიხედვით, ორ ნაწილად – ზემო და ქვემო კანიონებად იყოფა. მათ შორის საზღვარი მდინარის თავთხელზე გადის.


image


კანიონი ძალიან კარგი ტემპერატურული რეჟიმით ხასიათდება – მაშინაც კი, როდესაც «გარეთ» ყველაფერი «იწვის», იქ ყოველთვის გრილა და ამის გამო, წყალი ძალიან ცივია.

ზემო კანიონის გაცურვა ნავით შეიძლება, რომელიც იქვე ქირავდება. მის გასაცურად და თან დასათვალიერებლად, დაახლოებით, 30-45 წუთი არის საჭირო. გასეირნება ჯომარდობას ანუ რაფტინგს (RAFTING) მოგაგონებთ, თუმცა, მსუბუქი ფორმით (ძალიან მსუბუქი ფორმის). შეგიძლიათ, თან ფოტოაპარატები და მობილური ტელეფონები წაიღოთ (სელფის ჯოხებიც არ დაივიწყოთ).
მარშრუტი შორეულ ჩანჩქერთან სრულდება, სადაც მდინარის კანიონის მონაკვეთის ყველაზე ღრმა ადგილია. იქიდან უკანა საფეხმავლო გზა იწყება და ექსკურსიის მონაწილეებს კიდევ ერთხელ ეძლევათ, ულამაზესი ხეობის დათვალიერების და სურათების გადაღების საშუალება.


image


იყო დრო, როდესაც მდინარის სანაპიროზე ნავები არ იყო და მისი დათვალიერება მხოლოდ იმას შეეძლო, ვინც ცურვა იცოდა და ცივი წყლის არ ეშინოდა.


image


როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ზემო კანიონის გარდა, არის ქვემო კანიონიც, რომლისკენაც ქვის ბილიკი მიდის. რაც იმას ნიშნავს, რომ იქამდე მისასვლელად, ნავი არ არის საჭირო.



image


2016 წლიდან კანიონი საქართველოს დაცული ტერიტორიების ნუსხაში შევიდა და მდინარის ამ მონაკვეთზე, ბანაობა აიკრძალა.


მარტვილის კანიონის მეზობლად, სამეგრელოს კიდევ სამი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს: მარტვილის (ჭყონდიდის) მონასტერი, სოფ. სალხინო და ნოქალაქევი.

მარტვილის მონასტერი – ქრისტიანული ტაძარი და სამონასტრო კომპლექსია, რომელიც მე-7 საუკუნეში ჭყონდიდის წარმართული რელიგიური ცენტრის ადგილზე აშენდა. მონასტერი მთის თხემზე მდებარეობს და იქიდან არა მარტო სამეგრელი, მთელი იმერეთი მოჩანს.


image


სამეგრელოს ულამაზესი სოფ. სალხინო, სოფ. გაჭედილის გვერდით მდებარეობს. ის 15 კმ. არის დაშორებული მარტვილიდან და რეგიონის კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენს. აქ XIX საუკუნის I ნახევარში, ლევან დადიანმა საზაფხულო რეზიდენცია ააშენა. დღეს სასახლეში მონასტერია. იქ მოღვაწე ბერები ოჯალეშის ჯიშის ვაზს უვლიან და მისგან ღვინოსაც აკეთებენ.


image


კანიონიდან არც ისე შორს, მდებარეობს უძველესი ციხე-ქალაქი ნოქალაქევი. სახელის «ნოქალაქევი» — ნაქალაქევს – მიტოვებულ ქალაქს ნიშნავს, რომელმაც ისტორიული წყაროების მიხედვით, 736 წელს შეწყვიტა თავისი არსებობა. მანამდე ის ეგრისის სამეფოს დედაქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრი იყო, რომელსაც ბერძნები არქეოპოლისი (ძვ. ბერძნ. Αρχαιόπολις, სიტყვასიტყვით ძვ. ქალაქი) ეძახდნენ. ეს სახელი კი იმით დაიმსახურა, რომ როგორც ძვ. ბერძნები თვლიდნენ, აქ ქალაქი ძვ. წ. აღრ. XIII საუკუნეში უკვე არსებობდა და სწორედ აქედან მოხდა, არგონავტების მიერ, ოქროს საწმოსის გატაცება.


image


ყოველივე ამის შემდეგ, მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: კანიონის მონახულების მსურველებს დაუვიწყარი მოგზაურობა და უგემრიელესი მეგრული კერძები ელით.


1
45
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
45
  
2020, 11 ივლისი, 16:59
ყველაფერი კარგი, მაგრამ ისეთი კატასტროფული ფასებია... საზღვარგარეთ დაისვენებ უფრო უკეთ. თან პირადობა არ მქონდა და ორმაგი გადამახდევინეს, იქნებ უცხოელი ტურისტი ხარო, ფასადკლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდებაო. მეუღლესთან და ბავშვთან ერთად ვიყავი, მეთქი თქვენ ხომ არ აფრენთ, ახლა მე რამე მეტყობა უცხოელისთქო, სწორად და გამართულად გესაუბრებით ქართულად და ტიპიური ქართული შეხედულება მაქვს. ჩემი ბარათი ვანახე, პირად ნომერს გეტყვით და მაგ ბაზაში შეამოწმეთთქო და მხოლოდ ფაქტებით ვხელმძღვანელობთ, პირადობა მაჩვენეო. დამპლები და გარეწრები. ნავით გასეირნებაზე საუბარი ზედმეტია, უბრალოდ რომ კანიონს გადმოხედო ზევიდან, იქაც არ შეგაყოფინებენ ცხვირს, ბარიერები ჩახერგეს და სანამ არ გადაიხდი, ცხვირს ვერ შეყოფ. გიდი, ნავით გასეირნება და ა,შ, კიდევ ცალკე, კატასტროფული ფასებია. ნახევარი საქართველო მოვიარე და რაც ის დამიჯდა, ყველას ერთად ფასი მარტო ამ კანიონის ნახვა დაჯდა და ისეთიც არ იყო, როგორადაც არეკლამებენ. ქართველი რომ საქართველოს ვერ ნახავ...!
0 1 1