x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102556
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
რატომ არ ვართ უკვდავები?
ამქვეყნად შეუძლებელი არაფერია, მათ შორის კი არც უკვდავება. ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ გენეტიკური მანიპულაციების შედეგად ადამიანის სიცოცხლის განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივება შესაძლებელია, რადგან ბევრი ცხოველის შემთხვევაში უკვე მოხერხდა სიცოცხლის ძალიან მკვეთრი გაზრდა.


პირველი სერიოზული დამამტკიცებელი საბუთი იმის, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის შეცვლა შესაძლებელია, მოიპოვა ასაკის ამერიკელმა მკვლევარმა მაიკლ როუზმა 1991 წელს. მან მოახერხა გასაოცრად დღეგრძელი ბუზების გამოყვანა და დაამტკიცა, რომ დაბერების პროცესის გაკონტროლება შესაძლებელია, რითაც სათავე დაუდო აღნიშნული პროცესის გენეტიკური მეთოდით კვლევას. მას შემდეგ კი მეცნიერებმა უამრავი დღეგრძელი ცხოველი გამოიყვანეს ლაბორატორიულ პირობებში (მაგ. თაგვები, რომლებმაც თვისტომებზე საშუალოდ 26 %-ით უფრო დიდხანს იცოცხლეს).


ნიშანდობლივია, რომ გენეტიკური მანიპულაციების გარეშეც მოხერხდა ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება საშუალოდ 40 წლით ბოლო 170 წლის მანძილზე, მედიცინის განვითარების და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების კვალდაკვალ. ადამიანის სიცოცხლე ყოველ 10 წელიწადში საშუალოდ 2, 5 წლით ხანგრძლივდება, რასაც ჯერჯერობით დასასრული არ უჩანს.


მიუხედავად ამისა, დღემდე ჯერჯერობით გამოცანად რჩება, თუ როგორ მუშაობს ადამიანის “ბიოლოგიური საათი” და როგორ ურთიერთქმედებენ გარემო და გენები ერთმანეთთან. რატომ ცოცხლობს ზოგიერთი ადამიანი 120 წელზე უფრო დიდხანს, ხოლო ზოგიერთი 30 წლის ასაკსაც ვერ აღწევს და რატომ ცოცხლობენ ზოგიერთი სახეობის ხეები 4000 წლის ასაკამდე? ამ კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს.



რატომ არ ვართ უკვდავები, არ ვიცით, თუმცა კარგად ვიცით, თუ რატომ ვკვდებით. ამის მიზეზი ევოლუციაა. ის აუცილებელია სახეობათა განვითარებისთვის. რომ არა ევოლუცია და სიკვდილი, ჩვენ განვითარების დღევანდელ დონეს ვერ მივაღწევდით.


ალბერტ აინშტაინი ამბობდა, ღმერთი კამათელს არ აგორებსო, რაც ხატოვანი ენით იმას ნიშნავს, რომ ბუნება იშვიათად ცდება თავის ანგარიშში. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ჩვენ რომ განვითარების უმაღლეს საფეხურზე ვიყოთ, როცა ბუნებრივი გადარჩევა, ევოლუცია და სიკვდილი საჭირო აღარ იქნებოდა, საკუთარ გენებს გავშიფრავდით, წავიკითხავდით და მათში უკვდავების მისაღწევად შესაბამის შესწორებებსაც შევიტანდით. რადგან ამ დონეზე ჯერჯერობით არ ვიმყოფებით, ამიტომ სიკვდილი გარდაუვალია. მაგრამ მეორეს მხრივ, სიკვდილი ევოლუციის მექანიზმიც არის, რომლის ძალითაც ოდესმე აუცილებლად მივაღწევთ განვითარების უმაღლეს დონეს და მოვიპოვებთ უკვდავებას.


უკვდავება

0
324
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0