x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102427
  • ვიდეო:347174
  • სურათი:466318
სასწავლო და ფიზიკური გარემო
image

საკლასო გარემოზე საუბრისას მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ სასკოლო გარემოც, რადგან ისინი მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. თუ სხვა გაკვეთილებზე მოსწავლეები იშვიათად გამოთქვამენ საკუთარ შეხედულებებს და საკმარისად არ ეძლევათ დისკუსიის შესაძლებლობა, ერთი მასწავლებლისთვის არ იქნება ადვილი მათი გააქტიურება, დისკუსიაში ჩართვა და სკოლაში დამკვიდრებული წესების შეცვლა. მასწავლებელი, რომელიც თავის გაკვეთილზე ცდილობს, შეცვალოს სკოლაში დამკვიდრებული რადიკალურად განსხვავებული ატმოსფერო, იგი მეტად დიდ წინააღმდეგობებს აწყდება და უჭირს მოსწავლეთა ჩვევების შეცვლა.

მეგობრული და სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად სკოლას მრავალი აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება შეუძლია. შეიძლება მოსწავლეთა ნამუშევრების სკოლის შენობის სხვადასხვა ნაწილში, მაგალითად, სასადილოში ან დერეფნებში გამოფენა. სასკოლო გარემოს შექმნის თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სკოლის მხრიდან უსაფრთხო გარემოს არსებობას და თანატოლების მიერ ერთმანეთის დაჩაგვრის შემთხვევების აღკვეთას. ამგვარი შემთხვევების აღმოსაფხვრელად მკაცრი წესები უნდა დაწესდეს. სკოლის შენობაში აგრეთვე მეტად აუცილებელია სისუფთავის დაცვა და ხმაურის მინიმუმამდე დაყვანა.

პოზიტიური საკლასო ატმოსფეროს შესაქმნელად მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ფიზიკური გარემოს მოწყობას, მაგალითად, მიმზიდველი და სასიამოვნო სურათების, პლაკატების და სხვა თვალსაჩინოებების გამოყენებას. მასწავლებელს შეუძლია, სასწავლო მასალა კედელზე გააკრას, რაც სწავლების ეფექტური ფორმაა და ხელს უწყობს მოსწავლეთა მხრიდან მასალის ადვილად დამახსოვრებას. საკლასო გარემოს გასაუმჯობესებლად კედელზე მოსწავლეების ნაშრომების გაკვრაცაა შესაძლებელი. შედეგად მოსწავლეებს სიამაყის გრძნობა დაეუფლებათ, რაც დადებითად იმოქმედებს სწავლის მოტივაციაზე.


საკლასო ატმოსფეროს შექმნაში მნიშვნელობა ენიჭება ისეთ მცირე დეტალებსაც კი, როგორიცაა, მაგალითად: მერხების მდებარეობა, დაფის, წიგნების თაროსა და სხვა ნივთების განლაგება. აუცილებელია პედაგოგმა შექმნას ისეთი სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები კომფორტულად იგრძნობენ თავს და გაუჩნდებათ მასწავლებლის, საკუთარი თავისა და თანატოლების პატივისცემის განცდა.

სკოლაში სისუფთავისა და სანიტარული ნორმების დაცვა პოზიტიური გარემოს აუცილებელი კომპონენტია. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ სასადილოსა და დერეფნებში ზომაზე მეტმა ხმაურმა და კლასში მოსწავლეთა რაოდენობამ, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს საკლასო ატმოსფეროზე. შედარებით მცირერიცხოვან კლასებში კი უფრო თბილი და მყუდრო ატმოსფერო იქმნება, ვიდრე გადაჭედილ კლასებში. მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო და საკლასო გარემოს გაუმჯობესებაში მოსწავლეებმაც მიიღონ მონაწილეობა. ეს გამოიწვევს სასკოლო პროცესებში მათ ჩართულობასა და საკუთრების განცდას, რაც, თავის მხრივ, გარემოსა და მოსწავლეთა განწყობებს გააუმჯობესებს. მოსწავლეებისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებების მინიჭება, აქტივობებში ჩართვა, უპირველესად, ხელს შეუწყობს სასკოლო და საკლასო გარემოს მიმართ მათი პასუხისმგებლობის გრძნობის გაღრმავებას.

მაშასადამე, პოზიტიური, საინტერესო და მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და ინტერესებზე მორგებული სასწავლო, ფიზიკური გარემო ხელს უწყობს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულებას.

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:გურაბანიძე სოფიო
გურაბანიძე სოფიო
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0