x
image
beko777
თენგიზ ოქროპილაშვილი: - ახალი პოლიტიკური პარტია „ქართული ფესვები“, კონკრეტული იდეებით, ინიციატივებით, ბრძოლის და შრომისუნარიანობით, აუცილებლად თავის სათქმელს იტყვის!
თენგიზ ოქროპილაშვილიაშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა, საქართველოში პოლიტიკური მოძრაობა „ქართული ფესვები“ დაარსეს

- ბ-ნო თენგიზ, ჯერ გვინდა მოგვიყევით თქვენი ემიგრანტული ისტორია, საიდან იწყება ის, რა პერიოდიდან, რა მიზეზით გადახვედით ემიგრაციაში და საერთოდ რატომ დადგა იმის აუცილებლობა, რომ საქართველოდან წასულიყავით?

- ემიგრაციაში წასვლა 2003 წელს გადავწყვიტე. საქართველოში მქონდა ჩემი საქმე, მაგრამ ჩავთვალე, რომ ჩემი შესაძლებლობები სხვა ქვეყანაში უნდა მომესინჯა. ამერიკის ვიზა უკვე მქონდა და ამიტომ გადავწყვიტე შტატებში გამგზავრება.

არასოდეს დამავიწყდება ჩემი პატარა შვილების თვალები. შემომეხვივნენ და მეხვეწებოდნენ, რომ არ წავსულიყავი. წარმოიდგინეთ რა ძალისხმევა დამჭირდა ცრემლები, რომ შემეკავებინა, თუმცა ამ ცრემლმა თვითმფრინავში მაინც იპოვა გზა. მაშინ დავდე ჩემს გულში პირობა, რომ დავბრუნდებოდი და დავბრუნდებოდი აუცილებლად წარმატებული. შემდგომში ეს სიტყვები “მე დავბრუნდები” სიმღერისათვის გამოიყენა ჯგუფმა “მეგობრები”, რომელიც ფილადელფიაში დაარსდა ჩემი ხელშეწყობით და ასევე ჩემი დაფინანსებით კლიპიცაა გადაღებული, სადაც აღწერილია ემიგრანტი დედის ცხოვრება, რომელმაც პატარა შვილი დატოვა საქართველოში.


ბევრი დაბრკოლებისა და პრობლემის გადალახვა დამჭირდა უცხო ქვეყანაში. პირველ ხანებში ველოსიპედით დავდიოდი სამსახურში. ზამთარში ეზოებიდან თოვლს ვხვეტდი, რომ ოჯახი მერჩინა საქართველოში. ვმუშაობდი მშენებლობაზე, ტრაილერის მძღოლიც ვიყავი და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ წავედი წინ და ახლა მაქვს საკმაოდ დიდი გადამზიდი კომპანია, რომელიც მთელი ამერიკის მასშტაბით ეზიდება ტვირთებს. ჩემს კომპანიაში დაახლოებით ასი ქართველი მუშაობს და აქედან ეხმარებიან საქართველოში ოჯახის წევრებს და უამრავ ახლობელს. აგრეთვე, ქ.ფილადელფიაში გავხსენი ქართული რესტორანი “ფესვები”, მას ჩემი მეუღლე ხელმძღვანელობს და სადაც ქართული ესტრადის ბევრი ვარსკვლავი გვყოლია სტუმრად. ეს რესტორანი ძირითადად ქართველების თავშეყრის ადგილია, მაგრამ არანაკლებ უყვართ ამერიკელებსაც და სხვა ერის წარმომადგენლებსაც. ვარ კარატის კლუბის გენერალური სპონსორი, რომელიც გახსნილი აქვთ ორ შესანიშნავ ქართველ ახალგაზრდას ქ. ფილადელფიაში და სადაც უამრავი ქართველი ბავშვი ეუფლება ამ სპორტს. საქართველოს კარატის ფედერაციისგან გადმოცემული მაქვს შავი ქამარიც.

ბევრ ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას სადაც საქართველოს სახელი ფიგურირებს. ამერიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ტატო ოქრუაშვილის ინიციატივით და ჩემი სპონსორობით, პირველად აღიმართა ქართული დროშა ქ.ფილადელფიის მერიის შენობის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მონაწილეობა მივიღეთ ღვინის ფესტივალში, რომელიც აგრეთვე აქ ჩატარდა წინა წელს. რელიგიური ადამიანი ვარ და უაღრესად დიდ პატივს ვცემ ეკლესია-ტაძრებს, ამიტომ როგორც საქართველოში, ასევე აქ მოქმედ ეკლესიებში ვეწევი ქველმოქმედებას. მე აქ ვიქნები, თუ საქართველოში, ყოველთვის იქნება ჩემში ქართული სული...

ემიგრანტები- გაგვაცანით თქვენი ოჯახის წევრები, ვინ არიან ისინი, რას საქმიანობენ და რა სულისკვეთებით არიან საქართველოს მიმართ?

- მყავს მეუღლე, ორი შვილი და 3 შვილიშვილი. ოჯახის წამოყვანა 9 წლის შემდეგ მოვახერხე. შვილებმა განათლება აქ მიიღეს. მამუკა ექიმია და პარალელურად სპორტს მისდევდა. დათო იურისტია, მაგრამ ამჟამად ბიზნესის მართვაში მეხმარება. ისინი კომპანიაში სხვადასხვა მიმართულებებს ხელმძღვანელობენ. ჩემი ოჯახის ყოველი გადადგმული ნაბიჯში, მხოლოდ ქართული სულისკვეთებაა და რომ არა მათი მხარდაჭერა, ალბათ გამიჭირდებოდა ისეთ საქმეზე შეჭიდება რასაც პოლიტიკა ჰქვია.

- სწორედ ამ საკითხზე მინდა გკითხოთ, - ცოტახნის წინ დააფუძნეთ პოლიტიკური მოძრაობა „ქართული ფესვები“, რამ განაპირობა მსგავსი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და დაარსების დღიდან დღემდე, რას ფიქრობთ რა დადებითი როლის თამაში შეუძლია ამ მოძრაობას ქართველების ცხოვრებაში? თუნდაც ემიგრანტების და თუნდაც საქართველოში მყოფთათთვის.

- ქართული ოცნება - ეს ორი სიტყვა გაუფასურდა, ადამიანები დაიღალნენ და აღარც ოცნების დრო აღარაა. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ხელისუფლება უნდა იყოს ხალხის მსახური და არა პირიქით. მინდა რომ განთლიანებულ საქართველოში ვიცხოვროთ. ისეთ საქართველოში ემიგრანტს, რომ გაუჩნდება დაბრუნების სურვილი. თუ სამშობლო ცოტა ხნით არ დაგიტოვებია, ვერასოდეს მიხვდები რა სიმძაფრე ჰქონია მის სიყვარულს და მონატრებას.

სამართლიანობა იყო ის იდეა და მამოძრავებელი ძალა, რამაც მიგვაღებინა მე და ჩემს გუნდს პილიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება. გვინდა, რომ ამ ახალი ძალით გავარკვიოთ და ხალხთან ერთად შევიმუშაოთ ქვეყნის მართვის მეთოდი. აღმოვფხვრათ კორუფცია. პრაქტიკულად პერსპექტიული გავხადოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული იურისდიქციის აღდგენა. უნდა მოისპოს ქვეყანაში მონოპოლიზებული ბიზნესი. სრულ ჩამონათვალს საზოგადოება ჩვენი პარტიის პროგრამაში იხილავს მალე.

მეუფე შიოსთან ერთად- ვინ არის პარტიის ნათლია? ვინ მოუფიქრა მას ეს სახელი?

- სახელის შერჩევაზე გუნდთან ერთად ვმუშაობდი. ისეთი სახელი გვინდოდა დაგვერქმია ჩვენი წარმომავლობაც რომ ყოფილიყო და მომავალიც. საბოლოოდ მაინც ჩემს მოფიქრებულ სახელზე შევჯერდით (ეღიმება) და დავარქვით “ქართული ფესვები’’. სისხლხორცეულად უნდა გვქონდეს გამჯდარი ჩვენ და ჩვენს შთამომავლობას სადაა ჩვენი ფესვები.

- რა როლს თამაშობს, პიროვნულად თქვენთვის საქართველოში არსებული მდგომარეობა? გაქვთ თუ არა კავშირები საქართველოში, მოგიყევით თქვენს არსებულ კავშირებზე საქართველოში, გიწევთ ხოლმე ჩამოსვლა, რას განიცდით ხოლმე როცა აქ ხართ, როგორ ურთიერთობთ საქართველოში მყოფ ქართველებთან?

- უპირველეს ყოვლისა ყველა ჩემი სიტყვა და აზრი მხოლოდ და მხოლოდ გულის კარნახითაა. სუფთა, პატრიოტული გრძნობებით განმსჭვალული. მე ჩემი ქვეყნის ბედი და უბედობა მაწუხებს. აქედან დანახულიც იგივეა, რა რეალობაც მანდ არის, ვხედავ უკიდურესად გაჭირვებულ ხალხს. ვხედავ მოხუცებს რომლებსაც არ აქვთ ნორმალური პენსია და ქუჩაში სხედან ლუკმა პურის და წამლის ფულის საშოვნელად. ვხედავ მშიერ ბავშვებს, ყველაფერი რომ ენატრებათ. ვხედავ უმუშევარ ადამიანთა არმიას. ვხედავ უსამართლობას, როდესაც შვილმკვდარ მშობლებს არაფრად აგდებს ხელისუფლება და მე მაქვს პროტესტის განცდა. მუდმივი კონტაქტი მაქვს საქართველოსთან, ბევრ ადამიანს ვეხმარები და ამის შემდეგაც მაქვს იმედი, რომ ჩემი ხალხის მხარდაჭერით და თანადგომით. ვიქნები ჩემი სამშობლოს სამსახურში. მტკივა ჩემი ქვეყანა და იმედს ვიტოვებ, უფალი არ გაგვწირავს და დაგვეხმარება გონს მოვეგოთ და გადავარჩინოთ ქართველობა და საქართველო...

image- პარტია „ქართულმა ფესვებმა“ არსებობის მოკლე ისტორიის მანძილზე უკვე ყურადღება მიიქცია ქართულ პოლტიკურ წრეებში, მოხდა კონკრეტული მოძრაობები, მაგალითად ფოთის საკრებულოს სამი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ახლადშექმნილ ფრაქცია „ქართულ ფესვებში“ გადავიდა, რას იტყვით ამის შესახებ? რა ძვრების დასაწყისია ეს?

- ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა საჭიროებს ახალი ძალის გამოსვლას ასპარეზზე. ხალხს სჭირდება ისეთი ძალა, რომელიც მის საწადელს და გულისწუხილს მიიტანს ქართულ პოლიტიკაში და თავის ენერგიას მოახმარს მას. ჩვენი მოძრაობა არის გზა ახალი პროცესებისთვის და ამ ყევლაფერს აუცილებლად ექნება საინტერესო გაგრძელება.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველოში ალტერნატიულ ძალად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი დაიკაოთ, ვგულისხმობთ ე.წ. მესამე ძალას, რომლებიც ორ დარეკლამირებულ სუბიექტს შორის რომლებიც არიან ე.წ. „ნაცები“ და „ქართული ოცნება“ - იქნებით ახალი სახეებით წარმოდგენილნი, რომლებიც ხალხისთვის იმდენად მისაღებია, რომ დეფიციტის შევსება მოხდება ქართულ პოლიტიკურ ჭადრაკის დაფაზე? რას გვეტყვით ამ თემაზე: - სახეები პარტიაში, მოლაპარაკებები, პარტნიორები....

- დღეს ქართულ პოლიტიკას ორი მთავარი ვექტორი აქვს - ერთი „ქართული ოცნება“, მეორე „ნაციონალური მოძრაობა“. არჩევნების მოახლოებასთან ერთად იცვლება განწყობები და რთული ხდება მოსალოდნელი არჩევანის განსაზღვრა. ასპარეზზე თითქოს არც ჩანს სხვა ე. წ. მესამე ძალა, რომელიც ნდობას იმსახურებს. მაქსიმალურად ვმუშაობთ იმაზე, რომ პარტიამ „ქართული ფესვები“ რეალური ალტერნატივა შექმნას, რომელსაც შეუძლია ხალხის მასობრივი მობილიზაცია მოახდინოს და იქცეს ახალ გზად. ჩვენ ვიქნებით საკმაოდ ბევრი და ამას ახლო მომავალიც გვიჩვენებს. ჩვენთან ერთად იქნებიან ადამიანები, რომლებსაც იცნობთ და ადამიანები, რომლებსაც არც კი ჰქონიათ შეხება პოლიტიკასთან, მაგრამ არიან წარმატებულნი თავიანთ საქმეში.

image- ბ-ნო თენგიზ თქვენთვის სამი პრიორიტეტული მიმდინარეობა რა იქნება, რომელიც გსურთ რომ „ქართული ფესვები“ ერთგვარ იდეოლოგიადაც იქცეს? იმ ფონზე როცა სლოგანად ილიას სიტყვები გაქვთ - „მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა“

- ჩვენი პარტიის პროგრამის ყველა მუხლი პრიორიტეტულია. რთულია განსაკუთრებული მიმდინარეობის გამოყოფა. აუცილებლად ბოლომდე მისაყვანია ის საქმე რასაც საქართველოს გამთლიანება ჰქვია და ეს უნდა მოხდეს არა სამხედრო გზით, არამედ საზოგადოებების გაერთიანებით. ერთ-ერთი პრიორიტეტია კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ჩინოვნიკს არ უნდა ჰქონდეს უფლება კანონის ზევით გამოიყენოს ძალაუფლება. ჩვენ აგრარული ქვეყანა და სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენთან იოლია, მთავარია მონდომება და შრომა. ყველა განვითარებული ქვეყანა ინარჩუნებს სოფლის მეურნეობას. იოლი გასაგებია რა იდეოლოგია დევს ჩემს სლოგანში. ქართველი ემიგრაციის სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ ჯერ-ჯერობით ქვეყანაში არ არსებობს რეპატრიაციის სახელმწიფო პოლიტიკა და მასობრივი რეპატრიაციისათვის ხელშემწყობი შესაბამისი საკანონმდებლო და სოციალური და ეკონომიკური ბაზა. ჩვენ ჩვენი თანამემამულეების ადამიანური პოტენციალი, ჩვენი ქვეყნის მშენებლობისათვის უნდა გამოვიყენოთ. ღმერთის წყალობით გვაქვს ეს მადლიანი, დალოცვილი წალკოტი. მოვლა, მოფერება, შრომა, ლოცვა და ბრძოლა უნდა ამ სამოთხეში ძლიერი სახელმწიფოს აშენებას.

- რას ფიქრობთ სხვა ქვეყნის ქართველ ემიგრანტებზე? თქვენ შტატებში ცხოვრობთ დიდი ხანია, როგორ ფიქრობთ ამ ახალ ემიგრანტულ მოძრაობის, წამოწყებას, განაცხადს „ქართულ ფესვებს“ - ექნება ევროპული ემიგრაციის თანადგომა? თუ, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა სახეები გამოჩნდებიან პარტიის რიგებში?

- ჩვენ გვაქვს ევროპელ ქართველ ემიგრანტებთან აქტიური მოლაპარაკებები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამემამულეთა აქტიურობა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ეკლიანი გზა, რომელსაც ყველა ემიგრაციაში წასულ ქართველს აქვს გასავლელი. იმ ადამიანების თანადგომა, რომლებიც დარწმუნენულები არიან ჩემს კეთილსინდისიერებასა და მამულიშვილობაში დიდი ძალაა, რომლის დამსახურებითაც მივაღწევთ შედეგს. ჩვენი დიდი სურვილია შემოგვიერთდნენ საქართველოში, ევროპაში და ამერიკაში მცხოვრები ახალგაზრდები, რომლებსაც შესანიშნავი იდეები და პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი აქვთ. კარი უნდა გავუღოთ მონდომებულ, ჯანსაღ, ჭკვიან ახალგაზრდებს და უნდა მივცეთ თავიანთი იდეების წამოყენების საშუალება. ისინი პარტიაში დააყენებენ რეალურ პრობლემებს, რომელიც ქვეყანაშია და დაგვეხმარებიან იმ დღის წესრიგის გაუმჯობესებაში, რომელიც ამ პრობლემების გადაწყვეტას სჭირდება საქართველოში.

- ბ-ნო თენგიზ სოციალურ ქსელში ვნახეთ, რომ ქართული კულტურის წარმომადგენლებთან ერთად ხშირად ხართ, როგორც ჩანს ღირსეული დამფასებელი ხართ ქართული ხელოვნების, მოგვიყევით ამის შესახებ.

- განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ქართული ხელოვნების მიმართ. ბავშვობიდან მქონდა ოცნება ახლო შეხება მქონოდა ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან და ეს ოცნება აქ ამიხდა. თამარ გვერდწითელი, ნატო გელაშვილი, ნუგზარ ერგემლიძე, ნუგზარ კვაშალი, ზურა კობეშავიძე, ლაშა ღლონტი, ზურა ხაჩიძე, ზალიკო ბერგერი, დათო არჩვაძე, აჩიკო ნიჟარაძე, „კომედი შოუ“. ეს, ის მცირე ჩამონათვალია ქართული შოუ-ბიზნესის იმ წარმომადგენლების, რომლებიც ჩემი მასპინძლობით და მხარდაჭერით ჩამოვიდნენ ქ.ფილადელფიაში და ჩვენს ემიგრანტებს შეუმსუბუქეს ის გრძნობა, რასაც ნოსტალგია ჰქვია. ბევრ მათგანთან ვმეგობრობ და იმედია, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ თბილ ურთიერთობებს.

დავით ოქროპილაშვილი და ბესო ჩუბინიძე 13 ივნისს- 13 ივნისს „ქართული ფესვების“ ორგანიზებით თბილისში, ახლადგახსნილ „მზიურის“ პარკში მოეწყო 2015 წლის ტრაგედიის დროინდელი ფოტო გამოფენა, რომელსაც ათასობით სხვა ადამიანთან ერთად თბილისის მერი და ქვეყნის პრემიერიც დაესწრნენ, მადლიერება გამოხატეს ამ ღონისძიებისთვის გამოფენაზე, ფოტოების გმირებმა, ახალგაზრდებმა, რომლებმაც ერთობის მასტერკლასი ჩაუტარეს ყველას იმ ტრაგედიის პერიოდში. თქვენ როგორ გაიხსენებდით 2015 წლის 13 ივნისის თბილისურ ტრაგედიას, რომელმაც ქართული ემიგრაციაც შეძრა?

- 13 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. დღე, რომელმაც უამრავი ადამიანის ცხოვრებაში დაღი დატოვა. აქტიურად ვადევნებდი თვალს და ერთადერთი ნათელი წერტილი, ერთ მუშტად შეკრული ქართველობა იყო, რომლებიც ტრაგედიამ გააერთიანა. დაუღალავად, ერთიანი ძალებით იბრძოდნენ თბილისისთვის ჩვეული რითმის დასაბრუნებლად. ეს დღე იყო საქართველოს ისტორიის ის ფურცელი, რომელიც ჩვენთვის შავ წერტილად დარჩება. ჩემი დიდი სურვილი იყო რაღაც წვლილი შემეტანა ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე. ამიტომ როცა გავიგე, ბატონი ბესო ჩუბინიძის ყოველწლიური ინიციატივის შესახებ, გადავწყვიტე მასთან ერთად გამეწია გამოფენისთვის ორგანიზება. მინდა მადლობა გადავუხადო ბესოს, ამ მართლაც შესანიშნავი ღონისძიებისთვის, მისი დაუღალავი შრომისთვის და სიკეთის კეთებისთვის.

- როგორც „ქართული ფესვების“ დამფუძნებელს და პარტიის თავმჯდომარეს, რა ხედვები გაქვთ საქართველოს პოლიტიკურ მომავალზე, ახალ კონსტიტუციურ ცვლილებაზე 120/30-ზე, რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის შესახებ, ეყოლება თუ არა პარტიას თავისი კანდიდატები 31 ოქტომბერს?

- რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკურ მომავალს. რა თქმა უნდა სრულიად პროპორციული სისტემა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ 120/30-ზე ჩვენ კი არა, პირველ რიგში ქართველ ხალხს აძლევს შესაძლებლობას, რომ პარლამენტი დაკომპლექტდეს მათი სურვილების და არჩევანის შესაბამისად. კონსტიტუციური ცვლილებები რომელსაც საარჩევნო სისტემა უნდა შეეცვალა, აუცილებელი იყო. ის ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, იცხოვრონ უფრო დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყანაში. ეს მოხდა ჩვენი ადგილობრივი საზოგადოების სერიოზული მონაწილეობით და ხელშეწყობით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი შესრულდება.“ქართული ფესვებს” მაჟორიტარობის კანდიდატები, ყველა ოლქში ეყოლება. ესენი იქნებიან ძლიერი, ენერგიული, განათლებული და კარგი რეპუტაციის მქონე ადამიანები.

- ბ-ნო თენგიზ, განიხილავთ თუ არა პოლიტიკურ ალიანსს რომელიმე უკვე არსებულ პოლიტიკურ სუბიექტთან? და რა პრიორიტეტების გათვალისწინებით შეიძლება გაერთიანდეთ ან მიღოთ საკუთარ გუნდში სუბიექტები?

- ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით ბლოკი გვექნება თუ პარტია. მოლაპარაკებები გვაქვს პოლიტიკურ სუბიექტებთან, რომელთა პოზიციები გარკვეულ საკითხებში ჩვენსას ემთხვევა და ეს არის შესაძლებლობა, რომ საკუთარი იდეები პოლიტიკურ დონეზე განახორციელონ. ჩვენი პარტიის მოთხოვნები და პრიორიტეტებია - სუფთა წარსული, კონკრეტული ხედვები და ინიციატივები.

imageimageimageimage

0
378
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0