x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102421
  • ვიდეო:347175
  • სურათი:466290
დამოუკიდებელი, კონკურენტული და თანამშრომლობითი სწავლება
image


მოსწავლეები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავიანთი შესაძლებლობებით, ბიოგრაფიით, მზაობით, გახსნილობით, სწავლისა და აღქმის ტემპით, სწავლის სტილით. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ აუცილებლობას წარმოადგენს სასწავლო პრაქტიკის მრავალფეროვნება, განსხვავებული ხერხების, მეთოდების, საშუალებების დანერგვა. აუცილებელია თითოეული მოსწავლის ჩართვა მრავალფეროვან აქტივობებში და ეს მრავალფეროვნება მათ პედაგოგმა უნდა შესთავაზოს. შესაძლოა ზოგი მოსწავლისთვის დამოუკიდებელი სწავლება იყოს ყველაზე ნაყოფიერი, ზოგს თანამშრომლობით სწავლა უფრო ეადვილებოდეს, სხვისთვის კი კონკურენციის პირობები იყოს უფრო ეფექტიანი. აქედან გამომდინარე, ყველა მოსწავლესთან სწავლების სამივე სახის გამოყენებისას, მოსწავლეებს შეიძლება გაუჭირდეთ გარკვეული სიძნელეების დაძლევა, მაგრამ დროთა განმავლობაში უნარ-ჩვევები ვითარდება, მათ მეტი შესაძლებლობები გამოუმუშავდებათ და ცოდნის მიღების პროცესიც ბევრად უფრო მრავალფეროვანი გახდება.

მოსწავლე ყველაზე უკეთ მაშინ სწავლობს, როდესაც იგი აქტიური და ქმედითია, და არა მაშინ, როდესაც მხოლოდ აქტიურ და ქმედით მასწავლებელს უყურებს . ამ თვალსაზრისით, სალექციო ტიპის გაკვეთილები და მასწავლებლის მიერ ახალი მასალის მოყოლით ახსნა ნაკლებად სასურველია.


დამოუკიდებელი, კონკურენტული და თანამშრომლობითი სწავლების გზით მოსწავლეთა ინტერაქციის ორგანიზება, მათი მიზანმიმართული ვარირებით სასწავლო პროცესის დაგეგმვა განაპირობებს მოტივაციის ამაღლებას, ცოდნის ათვისების ეფექტიანობას და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას. ამასთან ერთად, სასწავლო პროცესის დაგეგმვაც უფრო მრავალფეროვნად, სახალისოდ, საინტერესოდ და მრავლისმომცველად შეიძლება.



დამოუკიდებელი სწავლება

მასწავლებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად თითოეული მოსწავლე დამოუკიდებლად მუშაობს, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთი მოსწავლის მიღწევა სრულებით არ არის დამოკიდებული სხვა მოსწავლეების წარმატება-წარუმატებლობაზე. მოსწავლეები კონკრენტული მიზნის მიღწევის პროცესში არ თანამშრომლობენ. ამ დროს ერთი მოსწავლის მიზანი არ არის დაკავშირებული თანაკლასელის მიზანთან, სამუშაოს შემსრულებელი პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარ თავთან და პედაგოგთან.


კონკურენტული სწავლება

აქ მოსწავლე აცნობიერებს, რომ მასწავლებლის მიერ დასახულ მიზანს იგი წარმატებით მიაღწევს და გაიმარჯვებს მხოლოდდამხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი სხვა მოსწავლეებზე უკეთ შეძლებს ამოცანის გადაჭრას და თუ სხვა მოსწავლეები მასთან კონკურენციაში დამარცხდებიან, რაც ნიშნავს, რომ თითოეული მოსწავლე დაინტერესებულია სხვა მოსწავლეზე უკეთ შეასრულოს დავალება. ასეთი მუშაობისას ერთის წარმატება მეორეს წარუმატებლობაშია, მისი წარმატების საფუძველი სამუშაოს სხვაზე უკეთესად და მასზე სწრაფად შესრულებაა, მას არ ადარდებს თანაკლასელის ინტერესები და კონცენტრირებულია მხოლოდ საკუთარ თავზე.



თანამშრომლობითი სწავლება

თანამშრომლობითი სწავლების შემთხვევაში თითოეული მოსწავლე აცნობიერებს, რომ მასწავლებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა თანაკლასელებთან თანამშრომლობაა. ერთის გამარჯვება ნიშნავს ყველას გამარჯვებას, რაც გულისხმობს გუნდური პასუხისმგებლობის გრძნობის გამძაფრებას და, ამავდროულად, ხელს უწყობს ნაკლებად სტრესული, უფრო ჯანსაღი, თანამშრომლობაზე ორიენტირებული სასწავლო ატმოსფეროს ჩამოყალიბებას. აქ მოსწავლე აღწევს დასახულ მიზანს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მისი თანაგუნდელიც მასავით წარმატებულია, რადგანაც გუნდის/ჯგუფის წარმატება მისი თითოეული წევრის წარმატებას გულისხმობს. ჯგუფის წევრები არამხოლოდ უშუალოდ უკავშირდებიან ერთმანეთს, არამედ დამოკიდებულნიც არიან ერთმანეთზე.


დამოუკიდებელი, კონკურენტული და თანამშრომლობითი სწავლების დანერგვა ხელს შეუწყობს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას. მათი სისტემური და მიზანმიმართული გამოყენება მასწავლებელს სასურველი შედეგის მიღწევაში დაეხმარება.


0
0
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქვათაძე
ნინო ქვათაძე
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0